მთავარი,სიახლეები

მე კაპიტულაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მას სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი – დანილოვი

07.06.2022 • 1871
მე კაპიტულაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მას სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის ძალებისგან დროებით უკან დახევა და  ტერიტორიების დროებით დაკარგვა ტრაგედია არ არის, მთავარი – ქვეყნის შენარჩუნებაა.

ამის შესახებ დანილოვმა ექსკლუზიურად 24-ე არხთან ისაუბრა. მან ასევე ილაპარაკა იმაზე, რა ხდება ახლა ლუგანსკის ოლქში, რა პირობებში არიან „აზოვსტალის“ ტყვეები და რა იციან უკრაინაში პუტინის აგენტებზე.

ვითარება ლუგანსკის ოლქში

„ლუგანსკის ოლქი – ახლა ყველაზე ცხელი წერტილია უკრაინის ფრონტზე. სასტიკი ბრძოლები მიდის სევეროდონეცკში. იქ ვითარება რთულია და ძალიან სწრაფად იცვლება. მტერს დიდი რაოდენობით არტილერია, ავიაცია და ძლიერი სამხედრო არსენალი აქვს და ამ ყველაფერს ერთდროულად იყენებს ჩვენი პოზიციების წინააღმდეგ.“

ოლექსი დანილოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფრონტზე უკრაინა ყოველდღიურად განიცდის დანაკარგებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა მთავარია, არ დავკარგოთ ქვეყანა. თუ ჩვენ დავკარგავთ რომელიმე ტერიტორიის ნაწილს, მას აუცილებლად დავიბრუნებთ. ამაზე ლაპარაკობენ ჩვენი პრეზიდენტიც და ჩვენი სამხედროებიც. მთავარია, სტრატეგიულად არ დავმარცხდეთ“.

აზოვისმებრძოლების ტყვეობაზე

„მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც გმირულად იცავდნენ პოზიციებს „აზოვსტალში“ და ახლა ოკუპანტების ტყვეობაში არიან, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან.

დღეს ისინი კომფორტულ პირობებში არ იმყოფებიან, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, აქვთ წყალი და საკვები.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მებრძოლები მტრის ხელში არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ისინი ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდებიან. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული. ბევრი ინფორმაცია ახლა გასაიდუმლოებულია, რათა ეს პროცესი არ ჩავარდეს“.

24-ე არხის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთის ტყვეობაში მარიუპოლის 2 439 დამცველი იმყოფება.

იქნება თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, უბიძგებენ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ, თუმცა მოლაპარაკებები – ეს რთული პროცესია. აზრი ჯერ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ.“

პუტინის მუქარაზე

უკრაინისთვის შორსმოქმედი საარტილერიო და სარაკეტო სისტემების მიწოდების გამო, ვლადიმერ პუტინი იმუქრება სარაკეტო თავდასხმით – „იქ, სადაც მანამდე არ დაურტყამს“.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის აზრით, კრემლის მეთაური უკრაინას „სთავაზობს“ არ მიიღოს იარაღი, ესე იგი, დანებდეს და ხელი მოაწეროს კაპიტულაციას.

„მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ კაპიტულაციას სულ სხვა ქვეყანამ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ჩემი საჯარო პოზიციაა. ხოლო ის, რომ პუტინს შეუძლია თავისი რაკეტებით ჩვენი ნებისმიერი ქალაქი დაანგრიოს და დააზიანოს, სამწუხაროდ, ეს ფაქტია“.

დანილოვის თქმით, უკრაინას რომ იმდენი თავდაცვის საშუალება ჰქონდეს, რამდენიც საჭიროა, საკუთარი ტერიტორიებიდან მტრის განდევნას უკეთ მოახერხებდა.

ბელარუსიდან შეტევის საფრთხეზე

„რუსეთს უკვე დიდი ხანია ოკუპირებული აქვს ბელარუსის ტერიტორია. შესაბამისად, აგრესორ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა“.

პუტინის აგენტებზე უკრაინაში

რუსეთი წლების განმავლობაში ქმნიდა და აფინანსებდა პრორუსული ძალების არაერთ ქსელს უკრაინაში.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეგვეძლება ბევრი საინტერესო დეტალი გავიგოთ, როგორ იქმნებოდა ეს ჯგუფები“, – ამბობს დანილოვი და დასძენს, რომ თუკი ვინმე ფიქრობს, კვლავაც გააგრძელოს უკრაინაში პუტინის დავალებების შესრულება, მათ უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვა „მიხედავს“.

კარგ რუსებზე

„ყველა უნდა ჩამოყალიბებულიყო თავის პოზიციაზე ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში. ის ადამიანები, ვინც ეს მოახერხა და 24-27 თებერვლის პერიოდში გამოხატა თავისი პროტესტი – ისინი პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა ზოგმა დაინახა, რომ „არ გამოუვიდათ“ და მერე დაიწყო გადასხვაფერება – აი, ეს არ მუშაობს“.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/Kyiv Post

გადაბეჭდვის წესი


ასევე: