ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული ორსართულიანი შენობა ქალაქის ისტორიის ნაწილია, გამორჩეული და ღირებულია მისი არქიტექტურაც. შენობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოვლილი და დაცული უნდა იყოს, ამას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს კანონი ავალდებულებს.
„ეს დიდებული შენობა დღესაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს და მნახველის დიდ ყურადღებას იპყრობს“, – წერია მერიის ვებგვერდზე. ეს წესით იმას უნდა ნიშნავს, რომ ძეგლების დამცველებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ძალისხმევა არც სჭირდებათ შენობის დასაცავად – ბოლოს და ბოლოს მისი „პატრონი“ ხომ თავად მერიაა და ამავე შენობაშია ქალაქის საკრებულოც.
უვლის თუ არა მერია შენობას ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს?
ქალაქისთვის მნიშვნელოვან შენობაში უკვე ექვს თვეზე მეტია სხდომათა დარბაზი დაკეტილია. წინა მოწვევის საკრებულომ ბოლო რამდენიმე სხდომა უმაღლესი საბჭოს დარბაზში გამართა, ახალი საკრებულო კი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა.
მერიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათქაში ჩამოვარდა: „პრეზიდიუმი“ და „პრეზიდიუმზე განთავსებული ავეჯი“ დააზიანა. შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.
დოკუმენტების მიხედვით, სახურავში წვიმამ გაჟონა, რაც დაზიანების მიზეზი გახდა.
შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგაც დარბაზი იგივე მდგომარეობაშია და საკრებულო აქ სხდომებს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვერ გამართავს. ხელშეკრულება დარბაზის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე 3 მაისს არის გაფორმებული. ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადეს.
რამდენიმე კვირის წინ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის წამოსაღებად მერიის კანცელარიას მივაკითხეთ, პირველ სართულზე კანცელარიის ოთახში კარის შეღებისთანავე ნესტის მძაფრი სუნი იგრძნობა: ერთი შეხედვით ეს შეიძლება იქვე დასაწყობებული უამრავი დოკუმენტის მიზეზით აიხსნას, თუმცა ფანჯრების მხარეს გამავალ კედელს თუ შეეხებით მიხვდებით, რომ ის სველია.
არ ვიცით რა ვითარებაა სხვა ოთახებში, რადგან იქ შესვლის საშუალება ბოლო პერიოდში არ გვქონია.
როგორ შეიცვლება სხდომათა დარბაზი ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება