Batumelebi | რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს

სკოლის პედაგოგები პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებს ელიან. წელს პედაგოგები პირველად ჩააბარებენ გამოცდას წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. აქამდე პედაგოგები სტატუსს  კრედიტქულებითა და საგნობრივი გამოცდაში მიღებული ქულებით იმაღლებდნენ.

წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველმა პედაგოგებმა უკვე დაწერეს პრეტესტები. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი 45 ქულაზე ბევრად ნაკლები.

დათო ჩხაიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც პრეტესტი დაწერა. ის წამყვანი მასწავლებელია და ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის,  გეგმავს მენტორი გახდეს.

დათო ჩხაიძეს ტესტის სირთულეზე ვკითხეთ. მისი თქმით, ტესტი საკმაოდ რთული იყო.

„არ ვფიქრობ, რომ მარტივი ტესტებია. სინამდვილეში, ტესტები მოითხოვს იმის ცოდნას, რაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს. იქნება ეს თანამედროვე მიდგომები, ინკლუზიასთან დაკავშირებული დიფერენცირებული მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ამ სტრატეგიების ცოდნა და ასე შემდეგ. ეს მეთოდები ჯერ კიდევ არ არის ყველა სკოლაში დანერგილი, ყველა მასწავლებლისთვის კარგად გააზრებული, მათ შორის, ჩემთვისაც უცხოა. ამიტომ, ამის ცოდნა და შემდეგ ამ ცოდნის გამოყენება კითხვებზე პასუხის გაცემისას, ადვილი არ არის“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

დათო ჩხაიძე, მასწავლებელი.

პედაგოგის თქმით, ტესტში კითხვები და შემოსახაზი პასუხების შინაარსი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

„კითხვებს სწორად რომ გასცე პასუხი, ამ მიდგომებს მასწავლებელი პრაქტიკაში უნდა ახორციელებდეს აქტიურად, რადგან თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ისაუბროს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა პასუხის გაცემაც. ახლა კი, ფაქტობრივად, მასწავლებელს ჯერ თეორიების გაცნობა უწევს და არა იმის, რაც პრაქტიკაში გამოიყენა“, – გვეუბნება დათო ჩხაიძე.

მას სიტუაციის ახსნის მიზნით, მარტივი მაგალითი მოჰყავს.

„მაგალითად, თითს თუ ღუმელთან მიიტან და დაიწვავ, ხომ გექნება გამოცდილება და როცა გეკითხებიან მტკივნეულია თუ არა ცხელ ღუმელთან თითის მიტანა, ადვილად პასუხობთ ხომ? მაგრამ თუ ეს მხოლოდ რომელიმე ტექსტში გაქვთ წაკითხული და პრაქტიკულ სამუშაოებში არ დაგინერგავთ, ვერ ისაუბრებთ. გამოდის, რომ დაზეპირებული მასალა უნდა გქონდეთ და იმის მიხედვით იძლეოდეთ პასუხებს. აი, ეს პრობლემაა ამ ტესტების წერის დროს“.

მისი თქმით, ვინც აქამდე გახდა მენტორი, მათ ასეთი გამოცდები არ ჩაუბარებიათ და მათაც ისეთივე მარტივი აქტივობებით მიენიჭათ სტატუსი, როგორც უფროს და წამყვან მასწავლებლებს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ მათ გაუმართლა, ვინც მაშინ გახდა წამყვანი და მენტორი. 1-2 კრედიტქულიანებიც კი გახდნენ უფროსი მასწავლებლები და, ბუნებრივია, შედეგი ცუდია. თავიდან რომ ყოფილიყო ასეთი მიდგომა, არ გადაიყრებოდა ამდენი ფული და მასწავლებლების მოტივაციაც იქნებოდა უფრო მაღალი. როგორც მოქმედი მასწავლებლების, ასევე იმ ახალგაზრდების, რომლებიც გარეთ დარჩნენ და შეეძლოთ ახალი მიდგომებით და ცოდნით ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა წამყვანის ან მენტორის სტატუსი მიიღოს, საჭიროა ჩააბაროს პროფესიული უნარების გამოცდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად არ არის გამოცხადებული გამოცდის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. თუმცა ადრე ითქვა, რომ მენტორის შემთხვევაში ეს ზღვარი შესაძლოა 70 პროცენტი იყოს. მენტორი მასწავლებლის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ იმ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაში 50 პროცენტზე მეტი აქვთ მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მენტორის გამოცდას ვერ ჩააბარებს.

„70 პროცენტი საკმაოდ მაღალი ბარიერია. თუ პრეტესტების შედეგებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 მასწავლებელი გადალახავს ბარიერს, რაც დაახლოებით 0,1 პროცენტიც არ გამოდის.

მენტორობა მაღალი სტატუსია და მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ იყოს მაღალი ბარიერი. ვფიქრობ, მასწავლებელს, ვისაც მაღალი სტატუსი სურს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია. კარგიცაა, რომ ასეთი სირთულეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას გამოცდილება და პრაქტიკაში დანერგვა სჭირდება.

ვის აწყობს შვილისთვის ისეთი მასწავლებელი, ვინც მხოლოდ თეორია იცის და პრაქტიკაში არ იყენებს სიახლეებს.

რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ეროვნული სასწავლო გემა, რომელიც არის ჩვენი ძირითადი დოკუმენტი, უნდა იცნობდეს საგნობრივ სტანდარტს, რა საგანს ასწავლის და როგორ, რა შედეგზე უნდა გავიდეს. იყენებს თუ არა მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომებს კლასში, სადაც სხვადასხვა მოსწრების მოსწავლეები ჰყავს. გაკვეთილზე არ უნდა დაგრჩეს არც ერთი მოსწავლე, რომ მისი უნარის და შესაძლებლობის შესაბამისად არ აუხსნა გაკვეთილი, არ გააგებინო და არ ჩართო გაკვეთილებში. ამას უნდა ძალიან ღრმა ცოდნა და გამოცდილება. იშვიათად, რომ ჩვენთან მასწავლებელი ამ უნარებს ფლობდეს.

მაგრამ ამაზე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ჩვენს სკოლებში კარგად დანერგილი“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის დანერგვა დამოკიდებულია როგორც მასწავლებელზე, ასევე მშობელზე და განათლების სისტემამაც უნდა შეგიწყოს ხელი.

„თუ აქტიურია მშობელი, მას ხომ შეუძლია შევიდეს სკოლაში, წაიკითხოს შინაგანაწესი, რა უფლებები და მოვალეობები აქვს მის შვილს, რა – მასწავლებელს, გადახედოს სტანდარტს, სადაც სიტყვა-სიტყვით გაწერილია, რა კომპეტენციები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ეს საფეხური დახუროს, შემდეგ შეამოწმოს, მისმა შვილმა საფეხური რომ დახურა, რატომ არ აქვს ეს კომპეტენციები, მიუხედავად იმისა, რომ ნიშანი მიიღო და დაამთავრა საფეხური.

მასწავლებელს შინაგანი მოთხოვნა უნდა ჰქონდეს, რომ გაიზარდოს პროფესიულად, სახელმწიფომ კი სწორად უნდა შეაფასოს მასწავლებელი, შეუქმნას მოტივაცია და არა ისე, ყველას რომ მიანიჭეს სტატუსი. 10-ზე ვერ აბარებ? კარგი, მაშინ 7-ზე ჩააბარე, 7-ზე ვერ აბარებ? მოდი, მაშინ 4-ზე და ბოლოს 1 კრედიტზე ჩააბარა ყველამ.

ყველანაირად მოშვებულია კონტროლი მშობლისგან, სახელმწიფოსგან და მასწავლებელი სულელი ხომ არაა, თავის თავს მოსთხოვოს? გამოცდას იმიტომ ვაბარებ, რომ ხელფასი გამეზარდოს?“ – ამბობს დათო ჩხაიძე.

მისი თქმით, ძალიან რთულია მასწავლებლის შეფასებაც და კარგია, რომ გამოცდით აფასებენ, თუმცა ასეთი მიდგომა უნდა ყოფილიყო თავიდან, რადგან ახალგაზრდების სკოლაში შესვლის გზა ამ მიდგომით სამინისტრომ, ფაქტობრივად, გადაკეტა.

„აწ უკვე ადგილებს ვეღარავინ გამოათავისუფლებს, დამთავრებულია ეს პროცესი – მასწავლებელს უფლება აქვს იყოს უფროსი მასწავლებელი სიკვდილამდე. თავიდან რომ ყოფილიყო ასეთი მიდგომა, რაც ახლა ინერგება, ასე აღარ იქნებოდა.

როგორ ფიქრობთ, რომელი მასწავლებლები გავიდოდნენ პრეტესტზე? ვინც მოტივირებულია არა, ვისაც თავისი იმედი აქვს, ვინც კარგ მასწავლებლად მიიჩნევა და შედეგი როგორი მივიღეთ? საშუალო შედეგი არის ძალიან დაბალი. ყველაზე დაბალი იყო 3 ქულა.

მეც, ჩავაბარებ, ხომ კარგი, ვერ ჩავაბარებ – რას ვიზამ, უნდა ვისწავლო. თუ არადა, 56 წლის ვარ უკვე, მოვიდნენ ახალგაზრდები მათ ჩაატარონ და გააკეთონ უკეთესად“, – ამბობს დათო ჩხაიძე.

მირანდა გაბრიჭიძე, მასწავლებელი.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მე-16 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, მირანდა გაბრიჭიძესაც ესაუბრა. მისი თქმით, პროფესიული უნარების გამოცდა განსხვავდება საგნობრივი გამოცდისგან, რადგან იქ სხვა სპეციფიკაა. უნარების ტესტებში კი მოცემულია სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც სხვადასხვა საგანთან მოდის შესაბამისობაში.

„ვფიქრობ, ტესტი საშუალო სირთულის იყო, ღიაბოლოებიანი დავალებები საკმაოდ საინტერესოა, კარგად შეიძლებოდა მსჯელობა, კარგად ჩანდა მასწავლებლის ან მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომები. თემატურად იყო კვლევაც, რომელიც უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა საკუთარი პრაქტიკის განმავლობაში და იყო იქაც კითხვები.

ვფიქრობ, ასეთი დავალებები უმჯობესია, რადგან უკეთ ჩანს, რას ვფიქრობთ, ვიდრე ის დავალებები, სადაც უბრალოდ შემოსახაზია პასუხი და ფაქტობრივ ცოდნას უფრო ემყარება. ღიაპასუხიან დავალებაში კი ჩვენ თვითონ ვწერთ ჩვენს შეხედულებებს.

შესაძლოა დავალებაში რამდენიმე სწორი პასუხი იყოს და შენ ის დაწერო, რაც შენ შეიძლება ჩათვალო დადებითად და დასაბუთების დროს საინტერესოა ეს პროცესი“, – გვეუბნება მირანდა.

მისი თქმით, ტესტებში მისთვის სირთულე იყო ბევრი უცხო ტერმინის შემოტანა, რომელიც ჯერ ყველა მასწავლებელს არ აქვს გათავისებული.

ტესტები ძირითადად ითხოვს პრაქტიკულ ცოდნას, თუმცა თეორიული ცოდნაც შეგიძლია აჩვენო.

„არის სიტუაციური ამოცანა და შემდეგ შეკითხვა, – როგორ დაეხმარებოდი მასწავლებელს, მაგალითად, კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში? ვთქვათ, როგორ დაეხმარებოდი მასწავლებელს კვლევის ჩატარებაში, რას ურჩევდი, რა მეთოდების გამოყენებას ურჩევდი გაკვეთილზე. შესაბამისად, ეს რჩევები ნამდვილად პირადი პრაქტიკიდან შეგიძლია მიაწოდო და ასევე შესაძლებელია, თუკი ლიტერატურას, მეთოდებს კარგად იცნობ, მაგრამ არ გამოგიყენებია კონკრეტულ კლასში, რჩევის სახით მაინც მისცე მასწავლებელს. ლოგიკურად, ძალიან კარგად შეიძლება კითხვებზე პასუხი გასცე“, – ამბობს მირანდა.

მისი თქმით, პრეტესტში არ შეხვედრია ისეთი საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა შესაძლოა არ იცოდეს ან არ არის მისი სფერო.

„ძირითადი ტესტი არ ვიცი, რა იქნება, რადგან პრეტესტი არ იყო სრული ფორმატით, იქ ასევე იქნება ანალიტიკური წერა, როგორც გვითხრეს, ასევე იქნება საკითხები, რომლებიც ეხება როგორც კოდექსებს, ასევე სხვადასხვა კანონს. თუმცა ეს პრეტესტში ნაკლებად იყო“.

მირანდა გაბრიჭიძის თქმით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ მენტორის სტატუსი მაშინვე არ ენიჭება პედაგოგს, პროცესი ითვალისწინებს მასწავლებლის დაკვირვებას კლასში, შემდეგ იქნება გასაუბრება, პორტფოლიოს შემოწმება და კვლევა, რომელიც მასწავლებელმა უნდა ჩაატაროს. ამ ყველაფრისთვის მასწავლებელს ეძლევა მაქსიმუმ სამი წელი, თუმცა როგორც მირანდა ამბობს, შეიძლება ეს მოთხოვნები ერთ წელშიც შეასრულო.

პროფესიული უნარების გამოცდა ზაფხულში უნდა ჩატარდეს. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, დარჩენილ დროში მოემზადონ გამოცდებისთვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com