მთავარი,სიახლეები

ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

29.12.2021 • 6258
ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს.

შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება.

ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების შედეგად ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, არის აღნიშნული პირის საკუთრება და უბრუნდება მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“.

ახალი კანონი განსაზღვრავს აკრძალულ პირს, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში [გარდა წამახალისებელი გათამაშებისა] მონაწილეობა, მათ შორის, თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში.

კანონით აკრძალული პირი არის:

[crosslist]

  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი);
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი;
  • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი;

[/crosslist]

ახალი კანონი ასევე განსაზღვრავს თამაშზე დამოკიდებულ პირს და ასეთი პირების სიასაც:

[checklist]

  • თამაშზე დამოკიდებული პირი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის შესახებ მონაცემები შეტანილია დამოკიდებულ პირთა სიაში;
  • დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.“

[/checklist]

ახალი კანონით:

დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:

ა) თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.

დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები აღნიშნულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა.

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით. აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი კი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის 1-ლი მარტისა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.

2022 წლის პირველი მარტიდან:

[crosslist]

  • „აკრძალულია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა.
  • თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პირის ვინაობისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი სხვა, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის ასლი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და ამ დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილზე შესული პირის ასაკის შემოწმება.
  • აკრძალულია დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება“.

[/crosslist]

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: