მთავარი,სიახლეები

კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა

07.06.2022 • 1332
კობახიძემ პარლამენტში ძმებ ბერძენიშვილებზე სიძულვილის ენით ისაუბრა

დღეს, 7 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას ძმებზე, ლევან და დავით ბერძენიშვილებზე თქვა, რომ ისინი ისტორიული პიროვნებების კრიტიკით „ეროვნულ იდენტობას ებრძვიან“.

„მათ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობის დაკნინებას. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილების აღზრდას.

ძმები ბერძენიშვილები ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ, რომელთაც გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. არ ვიცით, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი.

ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ, რადგან ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის – უსამშობლო და უღმერთო ადამიანის, ზიზღით გამსჭვალული კაცის რაღაც გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში.

მათ კარგად იციან, რომ იმისათვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და რა თქმა უნდა, ეს არის ამ ერის დიდი წინაპრები. ისინი ებრძვიან ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ფესვებს და ყველანი ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური დოქსოპულო, გოგლა ბერბიჭაშვილი“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ბერძენიშვილებთან ერთად ასევე კოლექტიურ კონტექსტში მოიხსენია – „ბერბიჭაშვილები, ბოკერიები სააკაშვილები“, რომელთაც ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა. „ესენი ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი წინაპარი ბოლშევიკები უროთი ასი წლის წინ ანგრევდნენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი“- თქვა კობახიძემ.

ლევან ბერძენიშვილმა კრიტიკულად ისაუბრა რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. მისი აზრით, ერეკლე მეორემ არ მიიღო პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამ ტრაქტატის დადებით საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.

ამ შეფასების შემდეგ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გარკვეულმა ჯგუფებმა, მისი დისკრედიტაციის მიზნით, კამპანია წამოიწყეს და მოითხოვდნენ, ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა.

გუშინ, 6 ივნისს კი, პარლამენტის წევრ ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები იმავე დღეს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მიიჭრნენ და ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. აქციაზე 7 პირი დააკავეს.

იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ორივე ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიდასავლური, პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ქვეყნის იმიჯის საზიანოდ მოქმედებს.

„სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე? “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტის წევრები ფეისბუქზე გამოეხმაურნენ. თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძის თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლა ძალადობისკენ წახალისებაა. „ესაა ზუსტად, რაც უარეს აგრესიას გააღვივებს, უარეს ძალადობას გამოიწვევს“ – ამბობს პარლამენტარი ხათუნა სამნიძე.

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გუშინ ვინც ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს დაესხა თავს, ეს იყო კოლექტიური ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“.

„მე არ ვიცი გუშინ ვის ჰქონდა ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა, და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, ვინ დაარტყა ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს, მაგრამ ვიცი, რომ  მათ ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე, ივანიშვილი, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“.

თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა, რადგან იმის ნაცვლად, რომ დღეს ვესაუბროთ ადამიანებს რეალურ პრობლემებზე, თქვენ წამოიწყეთ ეს ბინძური ძალადობის კამპანიაც.

იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როცა ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივადაც, ქვეყანაში ძალადობრივი გარემოს შექმნის გამო,“- უთხრა სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

მიმდინარე კვირას ევროკავშირმა უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდასაჭერად, „ამის ნაცვლად იძულებულია, რომ მიიღოს რეზოლუცია, სადაც საუბარი იქნება მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე,“- განაცხადა სამადაშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: