ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევში მოსახლეობის იდეებს დააფინანსებენ – პროექტების მიღების ბოლო ვადა 21 ივნისია

07.06.2022 • 1806
შუახევში მოსახლეობის იდეებს დააფინანსებენ – პროექტების მიღების ბოლო ვადა 21 ივნისია

„მაქვს იდეა, დაბა შუახევში მერიის დაფინანსებით მონიტორი დაამონტაჟონ. იდეის შესახებ განაცხადს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარვადგენ მერიაში. როგორც გავიგე, თანხა ყოფილა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლითაც იდეებს აფინანსებენ. მართალია, ჯერ იდეამ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა უკვე ვესაუბრე ახალგაზრდებს დაბაში, მოეწონათ და იმედი მაქვს, მის განხორციელებასაც მხარს დაუჭერენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის… რაღაც შემეცნებითი, გასართობი უნდა იყოს – საღამოს, თავისუფალ დროს, გახვიდე, უყურო თუნდაც ფილმებს. ეს არა მარტო ახალგაზრდებისთვის იქნება კარგი, არამედ ბავშვებისა და დიდებისთვისაც,“ – ამბობს 23 წლის დათო ხალაძე, რომელიც დაბა შუახევში ცხოვრობს.

დათო ხალაძე

დათო ფიქრობს, რომ უმჯობესია მონიტორი დაბის კულტურის სახლთან დაამონტაჟონ. პროექტის შესახებ კი, რომლითაც შუახევში იდეების დაფინანსება და რეალობად ქცევაა შესაძლებელი, მან დაბაში იმ საინფორმაციო შეხვედრებიდან გაიგო, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და მერიის წარმომადგენლები მართავდნენ.

„დაბაში იყვნენ და მაშინ გავიგე ამ პროექტის შესახებ. წელს პირველად ხორციელდება პროგრამა. ჩვენ ამჯერად ამ იდეით დავიწყებთ და თუ გაგრძელდება კიდევ, მეტი იდეა გვექნება და კიდევ მეტ რამეს თუ გავაკეთებთ, კარგი იქნება,“ – ამბობს დათო ხალაძე.

იდეების [შემდგომში ამ იდეების საფუძველზე შესაბამისი პროექტების] დაფინანსება დაბა შუახევში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან ან საინიციატივო ჯგუფს, საშუალება აქვთ წარადგინონ იდეა, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. რომელი იდეა გაიმარჯვებს, ამას დაბაში რეგისტრირებული საარჩევნო უფლებების მქონე მოქალაქეები კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ.

იდეების წარდგენა შუახევში დაწყებულია და 2022 წლის 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შემდგომ ჩატარდება კენჭისყრა, რომლის თარიღსაც დაბის ამომრჩევლებს წინასწარ შეატყობინებენ. კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ პროექტებს კი მუნიციპალიტეტი 2022 წელს განახორციელებს.

შეხვედრა დაბა შუახევში

შუახევის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია; საინფორმაციო მხარდამჭერი კი – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს ანალოგიური პროექტების მხარდაჭერის კარგი გამოცდილება დაუგროვდა. გასულ წელს ქედის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას გავუწიეთ საინფორმაციო მხარდაჭერა. ამჯერად საინფორმაციო მხარდამჭერები ვართ შუახევსა და ხულოში.

ასლან ჭანიძე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებთან ერთად / კარდაკარი შუახევში

შუახევში წელს პროგრამა საპილოტეა და ის მხოლოდ დაბაში ხორციელდება. ჩვენმა ორგანიზაციამ, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა დაბაში უბნების მიხედვით. მოქალაქეებს შევხვდით ასევე კარდაკარის პრინციპით.

ამ პერიოდში მათ მივაწოდეთ ინფორმაცია პროგრამის შესახებ, დავურიგეთ საინფორმაციო ფლაერები, იდეის განაცხადის ფორმები. პროგრამის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კლიპიც, რომელიც გადის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შეიქმნა ასევე ფეისბუქგვერდი – უფლება შესაძლებლობაა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძის თქმით, კენჭისყრა დაბაში სამდღიანი იქნება და თარიღი წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.

კარდაკარი დაბა შუახევში

შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფელი წყვეტს, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვინაიდან ამ პროგრამით ვერ სარგებლობს დაბა შუახევი, ამიტომ გადაწყდა, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა, როგორც საპილოტე, წელს დაბაში განხორციელებულიყო.

მირიან აბაშიძე [შუაში] / კარდაკარი დაბა შუახევში

„წელს გამოყოფილია 60 ათასი ლარი. ამ თანხის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს იმდენი პროექტი, რამდენსაც ეს თანხა ეყოფა. თუ, მაგალითად, პირველ ადგილზე გასული პროექტის ღირებულება 60 ათასია, მხოლოდ ის განხორციელდება. თუ პირველ ადგილზე გასული პროექტი, ვთქვათ, 30 ათასი ლარია, დარჩენილი 30 ათასის ფარგლებში მომდევნო, მეორე-მესამე და ა.შ ადგილზე გასული პროექტები დაფინანსდება“, – ამბობს მირიან აბაშიძე.

მისივე თქმით, წელს დააკვირდებიან, როგორი იქნება მოსახლეობის ჩართულობა, რა ინტერესს გამოიწვევს ეს პროგრამა და ამის შემდეგ გადაწყდება, მომავალ წელში გაგრძელებენ თუ არა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დაფინანსებას.

„ჩვენ 21 ივნისამდე ველოდებით იდეების შემოტანას, ამის შემდეგ ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება, დარეგისტრირდება და შემდეგ კენჭისყრით მოსახლეობა გადაწყვეტს, რომელ პროექტებს მიანიჭებენ უპირატესობას…

მერიაში შექმნილია ასევე მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში  არიან როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭო განიხილავს მხოლოდ იმას, წარმოდგენილი იდეა შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. ამასთან, თუ იდეის ღირებულება აღემატება 60 ათას ლარს – საბჭო ავტორს შესთავაზებს, ან დააკორექტიროს პროექტი, ან უარს ეტყვის“, – ამბობს მირიან აბაშიძე, რომელიც აღნიშნულ საბჭოს ხელმძღვანელობს.

კარდაკარი დაბა შუახევში

პროგრამის მიზანი: მონაწილეობითი ბიუჯეტი [თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება] ხელს უწყობს პირდაპირი დემოკრატიის პროცესს, რომლის საშუალებითაც ხალხი აწარმოებს დიალოგს და იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტისა და სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. იწვევს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდას მოსახლეობის წინაშე და უზრუნველყოფს მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტონ, რა პროექტი განხორციელდეს დაბაში.

შედგენილი განაცხადის ფორმის საშუალებით, საპროექტო იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია:

  • შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში
  • ელექტრონულ ფოსტაზე: shuakhevibudget@gmail.com;
  • ოფიციალურ ვებგვერდზე: shuakhevi.gov.ge;
  • Facebook-ის გვერდზე: უფლება შესაძლებლობაა;

საპროექტო იდეები მიიღება 2021 წლის 3 ივნისიდან  21 ივნისის ჩათვლით.

კარდაკარი დაბა შუახევში

გაითვალისწინეთ:

  • თითოეული საპროექტო იდეის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს.
  • საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.
  • პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
  • პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის ან ბიზნესინტერესებზე.
  • მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო განახორციელებს საპროექტო იდეების  ტექნიკურ შერჩევას  [სამართლებრივი და ფინანსური შეფასება], რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობება გადაწყვეტილება.

მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, იდეის ავტორს შესაძლებლობა ექნება, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

  • თქვენ წარადგენთ მხოლოდ საპროექტო იდეას და არა პროექტს;
  • თქვენ არ გევალებათ ზუსტი პროექტის შედგენა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა;
  • საპროექტო იდეის წარდგენის შემდეგ, მისი დაზუსტების მიზნით, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოში.

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა. ანუ გამარჯვებული საპროექტო იდეა კენჭისყრის მეშვეობით გამოვლინდება:

  • ხმის მიცემის პროცესში დაბაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა მისცენ მხოლოდ ერთ საპროექტო იდეას.
  • იდეების შესარჩევი კენჭისყრა გაიმართება საარჩევნო უბნებში. საარჩევნო თარიღები მოსახლეობას ეცნობება წინასწარ.
  • იდეის გამარჯვების შემთხვევაში, შეგეძლებათ, სრულად გააკონტროლოთ პროექტის განხორციელების პროცესი!

შეხვედრა შუახევში


პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: