მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

24.05.2022 • 4947
როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების,  დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“. ლუდომანიასთან გამკლავების გზებზე ცენტრის ფსიქოლოგი, ადიქტოლოგი მარიამ რაზმაძე გვესაუბრება. 

  • ქალბატონო მარიამ, როგორ ეჩვევა ადამიანი გემბლინგს, რა იწვევს დამოკიდებულებას?

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სირთულე არის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი. ეს მოიცავს ჩვენს ბიოლოგიურ მონაცემებს, ფსიქოლოგიური ფაქტორებსა და გარემოს, რომელშიც თანავარსებობთ სხვა ადამიანებთან და მოვლენებთან ერთად, ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ჯანმრთელები ვიქნებით.

აზარტული თამაშები დღეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში კლასიფიცირებულია როგორც დამოკიდებულება, ანუ იმპულსის მართვასთან დაკავშირებული სირთულე.

ეს იმიტომ, რომ ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესები, მაგალითად დაჯილდოების მექანიზმი, ძალიან ჰგავს იმ პროცესებს, რაც [ნარკოტიკული] ნივთიერებების მოხმარების დროს ხდება, სწორედ ამიტომ არის კატეგორიზებული შესაბამის ჯგუფში, რადგან მექანიზმი მსგავსია – ამ დროს ხდება ენდორფინების ძლიერი გამოყოფა. 

მარიამ რაზმაძე

  • როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას გემბლინგზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს, რა არის ლუდომანიის ნიშნები?

პირველ რიგში ეს არის თამაშის გაძლიერებული სურვილი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი დროით და მეტი თანხით თამაში იმისთვის, რომ იმ ეიფორიას მიაღწიოს, რასაც ადრე აღწევდა. ანუ ტოლერანტობა იზრდება, ადამიანს უფრო მეტი და მეტი სჭირდება. 

კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ ადამიანი აგრძელებს თამაშს სოციალურ, ფინანსურ, ჯანმრთელობასთან არსებული სირთულეების მიუხედავად, უგულებელყოფს მოვალეობებს სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ოჯახში და ა.შ. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს შფოთვა, უძილობა, დათრგუნული გუნება-განწყობა.

ლუდომანიას ახასიათებს გაუთავებელი ფიქრები თამაშის შესახებ.

  • რამდენად რეალურია ამ პრობლემის მოგვარება სპეციალისტის გარეშე?

ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტი გაძლევს სწორ მიმართულებებს და მისი ჩართულობა ბევრ რამეს ამარტივებს ამ პროცესში, თუნდაც იმ ნაწილში, როცა ადამიანს უზიარებ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ  ამ ჩვევას გაუმკლავდეს და საბოლოოდ თავი დააღწიოს გემბლინგს.

შესაძლოა ადამიანმა დამოუკიდებლადაც მიაგნოს ამ გზებს, მაგრამ სპეციალისტისგან იმის მოსმენა, რომ ეს არის სწორი და მუშა გზები, რომ მათი ეფექტურობა კვლევებით არის დადასტურებული – დამატებით  ძალის მომცემია. 

  • როგორია ამ პროცესში ოჯახის წევრების როლი, რა შეიძლება იყოს მათი თანამონაწილეობა?

პირველ რიგში ეს არის ემოციური მხარდაჭერა. ისევე, როგორც ნებისმიერის სხვა სირთულის დროს, მხარდაჭერა არის ყველაზე დიდი ძალა ახლობლებისგან.

ოჯახის წევრებს შეიძლება უფრო კონკრეტული როლიც ჰქონდეთ ამ პროცესში. იმ პროგრამების მიხედვით, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და რომლებითაც ვმუშაობთ, არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურებიც.

კერძოდ, გემბლინგზე დამოკიდებულების მქონე პირმა, ფინანსების მართვა შეიძლება ჩააბაროს მისთვის სანდო სხვა ადამიანს, ეს კი ძალიან დიდ ჩართულობას და მხარდაჭერას მოითხოვს. იმის გამო, რომ ამ ადამიანებს უჭირთ თანხით ხელში თავის კონტროლი, ისინი ოჯახის წევრს აძლევენ ხელფასზე კონტროლს და ეუბნებიან – „აი, ჩემი ხელფასი და დღიურად მომეცი თანხა, რომელიც დამჭირდება მგზავრობისთვის, ლანჩისთვის და სხვა ასეთი ხარჯებისთვის, დიდი თანხა ხელში არასოდეს მეჭიროს“. 

  • რას მოიცავს თერაპია და რამდენად ეფექტურია ის?

შედეგი ძალიან ინდივიდუალურია – შემთხვევის სირთულიდან, მხარდაჭერის წრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.

ჩვენ გემბლინგზე კონცენტრირებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის მეთოდით ვმუშაობთ. ოფიციალურად, სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამაში 8-12 სესიაა ხოლმე გაწერილი, თუმცა, შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო ნაკლები ან მეტი დროც დაეთმოს. საქმე ის არის, რომ ვადას, თუ რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა, დაზუსტებით ვერ იტყვი, პრინციპი ასეთია, რომ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ ადამიანი უკვე შესაბამისი უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი დამოუკიდებლად აგრძელებს ამ სირთულესთან გამკლავებას.

არსებობს, ასევე, ჯგუფური თერაპიული პროგრამები და უბრალოდ მხარდამჭერი შეხვედრებიც (ეს უკანასკნელი უფრო დასავლეთშია პოპულარული), სადაც ადამიანები სასურველი სიხშირით მიდიან და ამავე პრობლემის მქონე ადამიანებთან ერთად მხარდამჭერ სივრცეს ქმნიან, უზიარებენ ერთმანეთს სირთულეებს, წარმატების შემთხვევებს, თუ რა ეხმარებათ პრობლემის დაძლევაში და ა.შ.

პროცესი იწყება დიაგნოსტირებითა და შემთხვევის შეფასებით. განვსაზღვრავთ რამდენად მძიმეა შემთხვევა.

შემდეგ  არის კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები – როგორ გავუმკლავდეთ გემბლინგით გამოწვეული პრობლემების შედეგებს, ვარკვევთ რა შეცდომები არის ჩართული ამ პროცესში. მოგეხსენებათ, აზრები ჩვენს ემოციასა და ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მაგალითად, გარკვეული ცრურწმენების [მაპროვოცირებელი] აზრები, რაც გვიბიძგებს  გემბლინგისკენ და მასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ემოციებისკენ.

განვიხილავთ რა ტექნიკებით გავუმკლავდეთ თამაშისადმი ლტოლვას, როგორ გავუმკლავდეთ ზოგადად სტრესს ცხოვრებაში, რადგან გემბლინგის გარდა სხვა სტრესორებიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და მათთან გამკლავების უნარებიც მნიშვნელოვანია. ანუ თერაპიის პროცესში ვცდილობთ იმ პრობლემების მოგვარებასაც სოციალურ თუ ემოციურ საკითხებში, რაც უშუალოდ გემბლინგთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავგეგმოთ თამაშიდან გამოთავისუფლებული დრო ისე, რომ იგი ნაყოფიერად დაიხარჯოს.

  • რამდენად ხშირია სეანსების შემდეგ თამაშთან მიბრუნება და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აქამდე გაწეული შრომა და მიღწევები დაიკარგა?

პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთხელ ფეხის დაცდენა არ ნიშნავს მთელი გაწეული შრომის წყალში ჩაყრას; ამ ტიპის თანამშრომლობის პროცესში ერთ-ერთი ნაბიჯია ე.წ. ფეხის დაცურებასთან გამკლავება, რადგანაც ამ ტიპის, ანუ ადიქტურ ქცევებთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის დროს, მოსალოდნელია, რომ ადამიანი რაღაც მომენტში მიუბრუნდეს ამ ქცევას –  ერთჯერადად ან რაღაც პერიოდის მანძილზე.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ამისთვის მოემზადოს. კერძოდ, საჭიროა იცოდეს ე.წ. ცხელი წერტილები ანუ ის სიტუაციები, სადაც მაღალი ალბათობაა, რომ ფეხი დაუცდეს, თუ იგრძნობს ამ ლტოლვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს, ასევე, თუ თუ „ფეხი დაუცდა“, მერე როგორ მოიქცეს და ა.შ.

  • რა შეიძლება იყოს ეს ცხელი წერტილები?

ეს ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ცხელი წერტილი შეიძლება იყოს ხელში რაღაც თანხის ჩავარდნა, მაგალითად ხელფასის აღება, ადამიანების ნაწილი ხშირად სწორედ ამ დღეს თამაშობს, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაცია, როცა სტრესს გაექცევა ამ გზით, ზოგისთვის შეიძლება კაზინოსთან ჩავლაც კი ტრიგერი აღმოჩნდეს.

  • როგორ შეიძლება თამაშის სურვილთან გამკლავება?

პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ცხელი წერტილები და ტრიგერები [გამღიზიანებლები], რადგან წინასწარი მომზადება ძალიან სასარგებლოა ამ პროცესში. საამისოდ შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი აზრებისა და ემოციების ჩანაწერები, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს დააკვირდეს რა პერიოდში უჩნდება გემბლინგის სურვილი – ეს ხდება ხელფასის დღეს, დილას, საღამოს ან სხვა დროს, რათა საკუთარი მაღალი რისკის სიტუაციები იყოს მისთვის ცნობილი და შეეძლოს განსაზღვრა, რა ფიქრებმა შეიძლება მიიყვანოს თამაშთან.

არის ასეთი ტექნიკა – გაითამაშო გონებაში სცენარი, თითქოს თამაშობ და წააგე. ამას თანმიმდევრულად ინტენსიურად აკეთებ, რომ თამაშის სურვილი ასოცირდებოდეს წაგებასთან და არა რაღაც სასიამოვნო შეგრძნებებთან. 

ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გადადება – აი, 10 წუთი არ ვიზამ, 30 წუთი არ ვიზამ, დღეს არ ვიზამ; 

აქვე შეიძლება გამოვიყენოთ სანდო ადამიანების მხარდაჭერა – თუ გამიჩნდა თამაშის სურვილი,  შემიძლია ვინმეს დავურეკო, ვინც ყურადღების გადატანაში დამეხმარება, იქნება ეს სადმე ერთად წასვლა თუ უბრალოდ დალაპარაკება და იმის თქმა, რომ  „აქამდე ამხელა გზა გამოიარე და არ ღირს“.

კიდევ ერთი მეთოდია ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რაც უკვე ვახსენეთ.

ასევე, ონლაინ კაზინოებიდან საკუთარი თავის გამორიცხვა, როცა მივდივარ და კაზინოს ჩემი ნებით ვასმევინებ თავს შავ სიაში, რათა არ შევიდე, რომც მომინდეს.

ხშირად, თუ ადამიანს უჭირს ქცევის მართვა, შესაძლოა ეფექტური გზა იყოს იმ ადამიანებთან გატარებული დროის შეზღუდვა, ვინც ასევე თამაშობს. ეს ერთ-ერთი რთული ნაწილია ამ პროცესის, მაგრამ სამწუხაროდ, ასეც შეიძლება მოხდეს, რადგან ძალიან ძნელია ასეთ გარემოში თავის შეკავება და  ადამიანებს უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება.

კვლევებით დასტურდება, რომ თერაპიის კურსის დასრულებისა და მკურნალობაში დარჩენის შემთხვევაში (ნასწავლი ტექნიკების, მხარდაჭერის გამოყენება, ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობა), პრობლემური მოთამაშეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საკუთარი ცხოვრების ხარისხს. თერაპიული პროგრამების ეფექტურობა 40-60%-ია, როდესაც ადამიანი მთლიანად წყვეტს თამაშს.

_________________________

MayoClinic: ლუდომანიის ნიშნები

  • მზარდი თანხებით აზარტული თამაშების საჭიროება; 
  • წარუმატებელი მცდელობა გააკონტროლოთ, შეამციროთ ან შეაჩეროთ თამაშის სურვილი;
  • მოუსვენრობის ან გაღიზიანების შეგრძნება, როცა აზარტული თამაში არ შეგიძლიათ;
  • აზარტული თამაშების გამოყენება პრობლემებისგან თავის დასაღწევად ან უარყოფითი ემოციების მოსახსნელად; 
  • დაკარგული ფულის დაბრუნების მცდელობა მეტი აზარტული თამაშებით;  
  • ატყუებთ ოჯახის წევრებს ან სხვებს თქვენი აზარტული თამაშების მასშტაბის დასამალად.
  • აზარტული თამაშების გამო მნიშვნელოვანი ურთიერთობების, სამსახურის, სკოლის ან სამუშაო შესაძლებლობების საფრთხე ან დაკარგვა.
  • მიმართავს ქურდობას ან თაღლითობას აზარტული თამაშების ფულის მისაღებად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: