მთავარი,სიახლეები

როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან

06.06.2022 • 14472
როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან

წყარო: Ukraynska Pravda (შემოკლებული ვერსია)

პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, ეკატერინა, მშვიდობიან ცხოვრებაში ნიჭიერი ილუსტრატორია, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, როგორც ყველა უკრაინელის, ისე მისი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა.

„უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკო ჰყვება, როდის ელაპარაკა ბოლოს ქმარს და ვინ არის მისთვის დენის პროკოპენკო, მეთაური „რედისი“, რომელსაც მთელი უკრაინა და მსოფლიო „აზოვსტალის“ გმირად იცნობს.

  • დავიწყებ იმით, რაც, ალბათ, დღეს ყველას გვაწუხებს – სად და როგორ არიან „აზოვსტალის“ მებრძოლები, ბოლოს როდის ელაპარაკეთ დენისს?

ერთი კვირის წინ დამირეკა. კვირა საღამოს. უცხო ნომერი იყო. თავიდან მეგონა, რომ ისევ ვიღაც რუსი „ჰეითერი“ იქნებოდა. ვპასუხობ და მესმის დენისის ხმა. „კატია, სულ 30 წამი მაქვს, მითხარი, როგორ ხართ მანდ?“ ვუპასუხე – „ყველაფერი კარგადაა, შენ როგორ ხარ?“. ამის მერე კავშირი გაფუჭდა. ვეკითხებოდი – მას არ ესმოდა, რაღაცას მეუბნებოდა – მე არ მესმოდა. პრინციპში, მხოლოდ ხმა გავიგონე მისი, მეტი ვერც ვერაფერი.

მერე უკვე ჩემით ვცადე სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება იმ ადამიანებისგან, ვინც მის გვერდით იმყოფება. როგორღაც დაკავშირება მოხერხდა. მათ გვითხრეს, რომ პირობები დამაკმაყოფილებელია და ყველანი გაცვლას ელოდებიან.

ახლა, „აზოვსტალის“ ოჯახების წევრთა ასოციაციასთან ერთად, ვცდილობთ წითელ ჯვართან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რომ პირობების გაუმჯობესება მოხერხდეს. ვიცით, რომ იზოლატორი გადავსებულია და ბუნებრივია, რესურსების ნაკლებობაა – საკვები, წყალი. გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე გადავჭრათ.

  • როგორ რეაგირებს წითელი ჯვრი და ხელისუფლების მხრიდან ვინ მონაწილეობს მარიუპოლის გარნიზონის გათავისუფლების პროცესში?

ხელისუფლებისგან უკვე იყო ინფორმაცია, რომ გაცვლაზე დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს. კონკრეტულად ვინ – მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, რადგან გასაიდუმლოებულია. ვიცი, რომ მესამე მხარე – ადამიანის უფლებებზე, სამხედრო ტყვეთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ცდილობენ, თვალი მიადევნონ ჟენევის კონვენციის შესრულებას.

ახლა გვინდა, რომ მესამე მხარემ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს, რადგან ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არაა.

  • არიან ოლენოვკაში წითელი ჯვრის წარმომადგენლები?

როგორც ვიცით, მესამე მხარე იქ მხოლოდ ევაკუაციის დასაწყისში იყო. ჯერ კიდევ ვცდილობთ ამის გარკვევას, პასუხი არ მაქვს. მე თავადაც არ ვიცი, არიან თუ არა იქ მათი წარმომადგენლები. მათგან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ფოტო ან ვიდეომტკიცებულებები იმის დასანახად, თუ რეალურად რა პირობებში არიან იქ ჩვენები. მხოლოდ რუსული მხარის გადაღებული ფოტო და ვიდეო გვაქვს. ამ მასალებიდან ვხვდებით, რომ იქ მხოლოდ რუსული მხარეა. ჩვენ კი დამოუკიდებელი მხარე გვჭირდება, რომელიც რეალობას გვიჩვენებს.

“აზოვის” მეთაური დენის პროკოპენკო

  • მთელი ამ ხნის განმავლობაში, თქვენ მიმართავდით საერთაშორისო საზოგადოებას, ერდოღანს, ჩინეთის ლიდერს, ვატიკანშიც კი ჩახვედით. როგორ ფიქრობთ, საკმარისი გააკეთა მსოფლიომ ამ ადამიანების გადასარჩენად, რომ დღეს ისინი ტყვეობაში არ აღმოჩენილიყვნენ?

ჩვენ მართლა ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო, თუმცა ვითარება მარიუპოლში ყოველდღიურად რთულდება. ჩვენც გვქონდა იმედი და მებრძოლებსაც, რომ ექსტრაქციის პროცედურა შესაძლებელი იქნებოდა, რომ ამ სამყაროში შეუძლებელი არაფერია, სასწაულები ხდება, რომ რომელიმე მესამე მხარე შეძლებდა მათ უსაფრთხო ზონაში გადაყვანას, მესამე ქვეყანაში. მაგრამ ისიც გვესმის, როგორ მტერთან გვაქვს საქმე. ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ მესამე მხარის ინიციატივა. ვიცით, რომ ერდოღანმა შესთავაზა პუტინს ეს პროცედურა, სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმაც, რომის პაპმაც, მაგრამ მან უარი თქვა.

ვიცი, რომ რუსული მხარე ყველა პროცესს წყვეტდა. ერთადერთი, რაზეც ისინი დათანხმდნენ, იყო ის, რომ ჩვენები თავის ტერიტორიაზე გაეყვანათ, იქ, სადაც მათგან, ასე ვთქვათ, „ინფორმაციის ამოღება“ შეეძლებოდათ. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ტყვეობაში ყოფნა ნიშნავს დაკითხვებს და რუსეთს ეს აწყობს.

  • როგორ მიიღო დენისმა სიახლე, როდესაც მარიუპოლის დამცველებს იარაღის დაყრა შესთავაზეს? ალბათ, გქონდათ საუბარი ამაზე. სულ ცოტათი მაინც ვიცნობ დენისს და მგონია, რომ ეს მისთვის ძალიან რთული არჩევანი იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ, მებრძოლებსაც და ჩემს ქმარსაც კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ ბოლომდე იდგებოდნენ, ბოლომდე დაიცავდნენ იმ ადგილს, სადაც იმყოფებოდნენ.

მაგრამ, ცხადია, როდესაც არის ბრძანება, ბრძანება გენშტაბიდან, უმაღლესი ხელმძღვანელობიდან, მას, როგორც სამხედროს, ამ ბრძანების საბოტაჟი არ შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა დაჰპირდა ჩემს ქმარს, რომ მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა და ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ტყვეობაში ყოფნის განმავლობაში ჟენევის კონვენციის შესრულებაც გაეკონტროლებინათ.

რა თქმა უნდა, მორალურად ძალიან რთულია, მაგრამ გვესმის, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ექსტრაქციისთვის მათ შესაძლოა კიდევ ძალიან დიდხანს ეცადათ და კიდევ ბევრი თანამებრძოლი დაეკარგათ. დენისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია პირადი შემადგენლობის, მათი სიცოცხლის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ სწორადაც მოიქცა, როდესაც ევაკუაციას დათანხმდა.

  • გიყვებოდათ დენისი „აზოვსტალის“ უკანასკნელ კვირებზე?

ვხდებოდი, რომ იყო გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში, მიმოწერაში, ურთიერთობაში. რასაკვირველია, ის მე საიდუმლოს არაფერს მიყვებოდა, რადგან ის მეთაურია. ყოველთვის მშრალად მპასუხობდა „აზოვსტალის“ თემებზე. სხვა წყაროებიდან უფრო ვიგებდი იქაურ სიტუაციაზე და უკვე ვიცოდი, რომ ყოველდღიურად იზრდებოდა მსხვერპლი. რუსებს უკვე ყველა კარტი ხელში ჰქონდათ, იცოდნენ, ვინ სად იყო და მათ განადგურებაზე მუშაობდნენ.

  • ომი უკვე 100 დღეა გრძელდება, მარიუპოლი თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. თქვენ, პირადად, როგორ უძლებთ ამ ყველაფერს, რა გეხმარებათ?

ძალიან ვამაყობ ჩემი ქმრით. ვხედავდი, რა პირობებში იმყოფებოდა ეს სამი თვე, როგორ ეჭირა თავი. ვცდილობ, მის მაგალითს მივყვე. ტირილს და ცუდზე ფიქრს ვუკრძალავ საკუთარ თავს.

  • როდესაც უკრაინის გმირის წოდება მიიღო, როგორ შეხვდა ამ ამბავს?

ის ჩემთვის ყოველთვის გმირი იყო. ეს სიახლე არ ყოფილა.

მისთვის კი… ვფიქრობ, მან იცოდა, რომ მთელი მისი პირადი შემადგენლობა, მის გვერდით მყოფი მებრძოლები, ყველანი გმირები არიან, მთელი „აზოვი“. თითოეული, ვინც იქ დარჩა, ფიცი არ გატეხა, არ გაიქცა, ბოლომდე იდგა, იბრძოდა, თავი გადადო – გმირები არიან, მარიუპოლის ყველა დამცველი.

  • როგორც ვიცი, დენისი რომ გაიცანით, ის უკვე „აზოვში“ იყო.

დიახ, 2015 წელს, სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის „ის“ იყო და მანაც მითხრა, რომ თავადაც იგივე იგრძნო ჩემ მიმართ.

ეკატერინა და დენისი/ფოტო pravda.com.ua

  • ხშირად იყავით მარიუპოლში? რამდენადაც ვხვდები, დენისი თითქმის სულ იქ იყო.

დიახ, სულ იქ იყო. ერთად ცხოვრების ნორმალური შესაძლებლობა არ გვქონია. მე მესმოდა, რომ ის იქ მუშაობს, სერიოზული მოვალეობები, სერიოზული საქმე აქვს და არასდროს მითხოვია, მიეტოვებინა ეს ყველაფერი, კარიერაზე უარი ეთქვა და კიევში წამოსულიყო.

მესმოდა, რომ ეს მისი საქმეა და ძალიან ვამაყობდი იმით, რომ მან სწორედ სამხედრო კარიერა აირჩია.

მე კიევში ვმუშაობდი. თვეში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად ჩავდიოდი მასთან, მარიუპოლში. ვხდებოდით, ვატარებდით დროს ერთად, დავდიოდით მთაში. ეს ჩვენი საერთო ჰობია – ალპინიზმი და ჰაიკინგი.

  • ბოლოს როდის ნახეთ? ალბათ, ომამდე.

დიახ, ომის დაწყებამდე ზუსტად 10 დღით ადრე, 14 თებერვალს. მარიუპოლში ვისხედით პიცერიაში. მოსალოდნელ ომზე ვლაპარაკობდით. მახსოვს, რომ მან ტელეფონში რუკა გახსნა და მიყვებოდა, სად იყვნენ კონცენტრირებული რუსეთის ძალები. მიყვებოდა თავდასხმის შესაძლო გეგმაზე. მიყვებოდა მარიუპოლის დაცვის შესაძლო სცენარებზეც, სწორედ ამ გეგმებზე მუშაობდა.

  • ესე იგი, უკვე ელოდა ომის დაწყებას, სწორად გავიგე?

დიახ, ვფიქრობ, ასეა. იმ დღეებში, უკვე ბევრი ადამიანი ცხოვრობდა ამ მოლოდინით.

  • ომს კიევში შეხვდით?

დიახ და პირველი აზრი, რომელმაც თავში გამიელვა, იყო ის, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალებში ჩავწერილიყავი.

24 თებერვალს საერთოდ ვერ დავიძინე, მოუსვენრად ვიყავი. ახალ ამბებს ვათვალიერებდი და პუტინის გამოსვლა შემხვდა. დასრულდა და ეგრევე ორი აფეთქება კიევში.

დენისს დავურეკე – „ომი დაიწყო“ – გავაღვიძე. ფონზე ტელეფონის ზარის ხმა მესმოდა, ურეკავდნენ.

დენისმა მთხოვა კიევში დავრჩენილიყავი, მშვიდად ვყოფილიყავი, არანაირი თავდაცვის ძალები. ცხადია, ძალიან ძნელი იყო ასე ჯდომა, მოხალისეობა დავიწყე, ვაგროვებდით ფულსა და ნივთებს სამხედროებისთვის.

  • არ შემიძლია არ გკითხოთ. ჩვენ ვიცნობთ დენის პროკოპენკოს მისი მიმართვებიდან და ყველა აღფრთოვანებული ვართ მისი სიმამაცით, გამბედაობით და ზოგჯერ სისასტიკითაც კი. მასთან 15-წუთიანი ინტერვიუს გამოცდილებითაც ვიცი, რომ ის უფრო საქმის ადამიანია და არა ემოციების. თქვენ როგორ დენისს იცნობთ?

ის, მშვიდობიან, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ეგეთია. თუ ამბობს – გეგმავს, აკეთებს, ასრულებს. მოვალეობის კაცია, არავის დააღალატებს. ყოველთვის ასეა – თქვა-გააკეთა.

ძალიან მგრძნობიარეა ხანდაზმული ადამიანების მიმართ. ყოველთვის დაეხმარება, მოუსმენს. ბებიებსა და ბაბუებს ძალიან უყვართ.

ყველა ამბობს, რომ ის თითქოს უხეშია, რადგან ყოველთვის სერიოზულად, მტკიცედ, ვაჟკაცურად ლაპარაკობს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან მკაცრი და უხეშია. ასე არაა. ცხოვრებაში ძალიან რბილია.

როდესაც კიევში ჩამოდიოდა, პირველ დღეს ნივთებს ვაგროვებდით და მეორე დღეს უკვე სადმე მთაში ვიყავით. არ უყვარს ერთ ადგილას ჯდომა, არ შეუძლია რომ არაფერი აკეთოს.

დენისი და ეკატერინა/ფოტო pravda.com.ua

  • ამას ყველას ვეკითხები, ვისთანაც ინტერვიუს ვწერ. გამარჯვების შემდეგ, პირველივე დღეს, რას გააკეთებთ?

კარგად ვაჭმევ, პირველ რიგში. ძალიან კარგად ვაჭმევ.

მერე, რა თქმა უნდა – რეაბილიტაცია. ბუნებაში ყოფნა და ცხოველები – ჩვენ ძალიან გვიყვარს თიკნები, ხბოები, შინაური და მთის ცხოველები.

ვიცით, რომ ეს სამი თვე ჯოჯოხეთში იყვნენ, მაგრამ მაინც იბრძოდნენ. ხომ ნახეთ, როგორი შედეგიც ჰქონდათ პირობების მიუხედავად.

და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ, რადგან ეს მნიშვნელოვანია, ისინი საკუთარი ქვეყნის განვითარებას უნდა ემსახურონ. მათ დაიმსახურეს, რომ იყვნენ თავიანთ ცოლებთან, შვილებთან, ოჯახებთან.

თუ რამე ისე არ წავა (იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება), ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან საშინელი ფურცელი.

მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა შეასრულებს შეთანხმებას და ხელისუფლებაც ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მიატოვოს ისინი და მალე დააბრუნოს სახლებში.

მათ ყველაფერი გააკეთეს – შეასრულეს ბრძანება, უკრაინას ბოლომდე იცავდნენ. ახლა ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი დაპირება და მათი სიცოცხლე გადაარჩინოს.

___

ავტორი: სევგილ მუსაიევა

თარგმნა: თამარ რუხაძემ

მთავარი ფოტო: დენის პროკოპენკო/ფოტო pravda.com.ua

გადაბეჭდვის წესი


ასევე: