მთავარი,სიახლეები

ბათუმელი გოგო ჩიკაგოში მოლეკულურ ინჟინერიას 100%-იანი გრანტით ისწავლის

07.06.2022 • 11212
ბათუმელი გოგო ჩიკაგოში მოლეკულურ ინჟინერიას 100%-იანი გრანტით ისწავლის

18 წლის ბათუმელმა მარიამ კაცაძემ წელს ამერიკაში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში, 100%-იანი გრანტით, მოლეკულური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

მარიამმა წელს დაამთავრა სომხეთში United World Colleges Dilijan-ის სკოლა, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა.

4 თებერვალს, როცა სამი უცხოური უმაღლესი სასწავლებლიდან ერთდროულად მიიღო ჩარიცხვის თანხმობა, იგი დილიჟანში, სკოლის კამპუსში იყო.

„პასუხები ჩარიცხვასთან დაკავშირებით დილის 6 საათზე გავხსენი.

მაგ დღეს უნდა გამეგო ვაშინგტონისა და  Lee-ის უნივერსიტეტის პასუხები. ზუსტად ვიცოდი, როდის მომივიდოდა მეილი, ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან წერილს ცოტა მოგვიანებით, 15 თებერვალს ველოდებოდი.

დილით რომ ავდექი, ჯერ ვაშინგტონისა და Lee-ის პასუხები გავხსენი, იმიტომ, რომ უფრო დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვხვდებოდი, არც დამწყდებოდა გული უარის შემთხვევაში.

შემდეგ გავხსენი პასუხი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან. სათვალეების გაკეთებამდე ბოლომდე მეგონა, რომ რაღაც არასწორად წავიკითხე. როგორც კი დავრწმუნდი, რომ სიმართლე იყო,  მაშინვე გავაღვიძე ოთახის მეზობლები და დავურეკე მშობლებს,“ – გვიყვება მარიამი.

იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოლეკულურ ინჟინერიას ისწავლის. ამბობს, რომ ეს მიმართულება ქიმია-ბიოლოგიის სიყვარულმა აარჩევინა.

„სულ მაინტერესებდა ინჟინერია.

სპაიდერმენს რომ ვუყურებდი, ყველაზე მეტად ის მინდოდა გამეგო, როგორ დაასინთეზეს ასეთი რადიოაქტიური ობობა. სომხეთში სწავლისას კი ლაბორატორიაში მუშაობაც ძალიან შემიყვარდა,“ – ამბობს მარიამი.

იგი თავის წარმატებას უკავშირებს სკოლას სომხეთში, სადაც ბოლო ორი წელია სწავლობდა და თავის ფრანგულის მასწავლებელს ბათუმში.

„ჩემი წარმატება ნინო გურგენიძის, ჩემი ფრანგულის მასწავლებლის  საკლასო ოთახიდან დაიწყო. ნინო ფრანგულს მასწავლიდა მეორე კლასიდან და მისი დახმარებით გავიგე პირველად ჩემი სკოლის შესახებ სომხეთში, სადაც გასული 2 წელი გავატარე და გავიარე დამამთავრებელი კლასები. ამ  სკოლაში გავიგე ჩიკაგოს უნივერსიტეტის შესახებ.

United World Colleges Dilijan-ის სკოლაში აპლიკაცია 16 წლის ასაკში გავაგზავნე. მიმიღეს და დაფინანსებაც მოვიპოვე. კოლეჯმა და UWC-ის ქართულმა კომიტეტმა მომიძებნეს დონორი, რომელიც იხდიდა ჩემი სკოლის საფასურს 2 წლის განმავლობაში.

დამამთავრებელ კლასებში, სკოლაში, უნივერსიტეტის მრჩეველი და მენტორი მყავდა, რომელთა დახმარებითაც გავიარე ყველა ეტაპი ჩიკაგომდე. ძალიან ბევრი ბავშვი მოხვდა ჩემი სკოლიდან კარგ უნივერსიტეტში,“ – გვიამბობს მარიამი.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. მარიამი მიიჩნევს, რომ ეს მისთვის საუკეთესო შანსია და უნივერსიტეტის რეიტინგის გარდა მისთვის მნიშვნელოვანი იყო გარემოც:

„პირველ რიგში, კამპუსმა შემაყვარა თავი. ულამაზესი ქალაქია  ჩიკაგოც. შემდეგ მისი რეიტინგი, ჩემი ფაკულტეტის რეიტინგი და როცა მოვხვდი, დაფინანსებაც დაემატა ჩემს მიზეზთა სიას. ყველაზე კარგი პაკეტი შემომთავაზა ამ უნივერსიტეტმა.

მომწონს, რომ თავისუფალი  სასწავლო გეგმა აქვთ. შემიძლია პირველი ორი წელი საერთოდ არ დავასახელო ფაკულტეტი და შემდგომში, როდესაც ჩამოვყალიბდები, ზუსტად ავირჩიო ის მიმართულება, რომელიც მინდა“.

მარიამი ამბობს, რომ ამ შედეგისთვის, მას ბევრი შრომა დასჭირდა.

„ამ ყველაფრისთვის რომ მიმეღწია, ძალიან ბევრი ვიშრომე.

იყო დღეები, როცა ოთახში ჩაკეტილი ვიყავი. ფიზიკურად დრო არ მრჩებოდა არც სოციალიზაციისთვის და არც გართობისთვის. დაახლოებით 12-13 საათი შეიძლება მემეცადინა შეუჩერებლად.

ვფიქრობ, უბრალოდ შრომისმოყვარე ვარ, მაგრამ მაინც დიდი დრო მჭირდება სწავლისთვის. მყავდა მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნაკლებს სწავლობდნენ და იმავე შედეგზე გადიოდნენ, რისთვისაც მე ორმაგი დრო მჭირდებოდა. ძალიან რთულია, როცა არ გაქვს დრო იმისთვის, რასაც შენი თანატოლები აკეთებენ.

მაგრამ ჩემს სკოლაში, სომხეთში, ყველა ბავშვი აპლიკაციის შედეგად იყო არჩეული, შესაბამისად ყველას ერთი რუტინა გვქონდა და არც გვეცალა ერთმანეთისთვის. ზოგჯერ ბიბლიოთეკაში ადგილის პოვნა მიჭირდა, დილით მივდიოდი ადრე და გამოცდების პერიოდში ერთად ვსწავლობდით ყველა, ამით ვივსებდით სოციალიზაციის დანაკლისს,“ – გვიყვება მარიამი.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ შეარჩიეს ჩიკაგოს უნივერსიტეტში, მარიამი ხუმრობს, რომ ამაში მცირე „წვლილი“ ხაჭაპურსაც მიუძღვის:

„სომხეთის UWC Dilijan-ის სკოლიდან რომ ჩიკაგოში მოვხვედრილიყავი, დამჭირდა Common App-ი, თვითონ უნივერსიტეტის დამატებითი აპლიკაცია, ორი რეკომენდაცია მასწავლებლებისგან, ხოლო ერთი – მენტორისგან. ასევე, მთხოვდნენ მიმდინარე ნიშნების გაგზავნას.

ჩიკაგოს დამატებითი აპლიკაცია მოითხოვდა ორი ესეს დაწერას, დაახლოებით 1-2 გვერდის მოცულობის. მათგან ერთ-ერთი ხაჭაპურზე დავწერე და თან დავპირდი, რომ გამოვუცხობდი.

რთულია კონკრეტული მიზეზის დასახელება, თუ რატომ ამარჩიეს. ნიშნები კარგი მქონდა, რეკომენდაციების წაკითხვის უფლება არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ქიმიის მასწავლებელი კარგ რეკომენდაციას მომცემდა; კლასგარეშე აქტივობებიც მქონდა და თან ხაჭაპურის გაკეთებას დავპირდი, რაზეც უარს არავინ იტყოდა,“ – ამბობს მარიამი.

იგი იმ მოსწავლეებს, რომელთაც საზღვარგარეთ სურთ სწავლა, თავის რჩევასაც უზიარებს:

„კარგი იქნება, თუ IB-ის [International Baccalaureate] დაამთავრებენ. მართალია, ეს გადამწყვეტი არ არის, მაგრამ უფრო მეტი შანსის მომცემია. დიდი ყურადღება მიაქციონ კლასგარეშე აქტივობებს და აპლიკაციებს, რომლებსაც სასურველ უნივერსიტეტებში მოსახვედრად მოამზადებენ. ააწყონ როგორც პაზლი, მთელი გულისყურითა და კონცენტრაციით ერთი მიზნისკენ და ყველაფერს შეძლებენ“.

სწავლას ჩიკაგოში მარიამი სექტემბრიდან შეუდგება. ფიქრობს, რომ პირველი სემესტრი იოლი არ იქნება, იმის მიუხედავად, რომ სახლიდან შორს, უცხო ქვეყანაში, კამპუსში ცხოვრების გამოცდილება უკვე აქვს.

„კამპუსი ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ სომხეთში სკოლის კამპუსთან შედარებით ჩიკაგოს კამპუსი ათასჯერ დიდია.

როდესაც პატარა სკოლაში ხარ, მეგობრების პოვნა ძალიან ადვილია. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი და განსხვავებული სტუდენტია.

მოგზაურობა მინდა, თუ მექნება შანსი. ამერიკა ჩემთვის სახლს ნიშნავს შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში ყოფნა ჩემთვის ასოცირდება დაუმთავრებელ ღამეებთან ბიბლიოთეკაში, მეგობრებთან ერთად ყავის რიგში დგომასთან ყოველ დილით და შაბათ-კვირას ჩიკაგოში სეირნობასთან,“ – გვითხრა მან.

კითხვას, სად წარმოუდგენია საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ, მარიამი ასე პასუხობს:

„10 წლის შემდეგ საკუთარ თავს წარმოვიდგენ ლაბორატორიაში, თეთრი ხალათით, სადაც საკუთარ ნაშრომზე ვიმუშავებ. უნივერსიტეტი მაძლევს უსაზღვრო შანსსა და შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ვიყო და გავხდე ის, ვინც მინდა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: