მთავარი,სიახლეები

კახას ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში

07.06.2022 • 2661
კახას ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში

Rethelstraße 100 40237 Düsseldorf – ამ მისამართზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ქართული ღვინის ბარი, „Kakhaber“ ბევრ სტუმარს მასპინძლობს.

ბარის მეპატრონე 41 წლის კახაბერ გაბელაიაა. გერმანიაში 14 წლის წინ გადასახლდა და ღვინის ბარის იდეა პანდემიის დაწყებამდე გაუჩნდა. ამისთვის შესაფერისი ადგილი იქირავა, მზადება დაიწყო და პანდემიამაც იფეთქა. დაიკეტა ბარები და რესტორნები. კახას გეგმა შეიცვალა.

რახან ბარები დაიკეტა მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა. თუ ბარში მცირე რაოდენობის ღვინო იყო საკმარისი: თითო დასახელების ღვინის 10 ბოთლი მაგალითად,  ღვინის მაღაზიას დიდი რესურსი სჭირდებოდა – ხალხის მისაზიდად მაღაზიაში ღვინის დიდი არჩევანი უნდა ჰქონოდა. ასე გაჩნდა კახას ღვინის ბარად ჩაფიქრებულ მაღაზიაში 120, 130 სხვადასხვა დასახელების ღვინო – სხვადასხვა დიდი თუ პატარა მარნის.

მაღაზიის რემონტის დროს მეგობრები დაეხმარნენ. მეგობრები დაეხმარნენ პანდემიის დასასრულს ბარის ამუშავებაშიც.

„მთელ გერმანიაში ჩემი ბარი ერთადერთია, სადაც მხოლოდ ქართული ღვინო და პროდუქტები იყიდება, მეტი არაფერი. ეს საქართველოდან გერმანიაში ღვინის ყველაზე დიდმა ექსპორტიორმა,  პაატა ბოლოთაშვილმა მითხრა. პაატაც და საქართველოდან ღვინის სხვა ექსპორტიორებიც ძალიან დამეხმარნენ, პანდემიის დროს ღვინით მამარაგებდნენ და დიდი შეღავათი გამიწიეს.

ქართული ღვინის ბარი – Kakhaber-ი

მერე ბარები და რესტორნები გაიხსნა. მანამდე კი წელიწად-ნახევარი მხოლოდ ღვინის მაღაზია მქონდა. ღვინო მაღაზიაში ბოთლებით იყიდებოდა და დასხმის უფლება არ მქონდა, ბარს სხვა ლიცენზია სჭირდება. 2021 წლის სექტემბერში მივიღე ალკოჰოლური სასმელების დასხმის ლიცენზია რესტორნის გარეშე: ჩაქაფული და ხინკალი ჩემთან არ არის. ჩემს ბარში მინდოდა მხოლოდ მცირე ხემსი და ღვინო ყოფილიყო, შემოსულიყვნენ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და არა სადილისთვის.

ბარის ლიცენზიის მიღება გერმანიაში ძალიან რთულია, ბიუროკრატულ პროცესს დიდი დრო სჭირდება. 13, 14 თვე ველოდი.

რვა თვეა უკვე ბარი მაქვს და სტუმრებით ივსება როგორც  შიდა სივრცე, ასევე ტერასა. კვირა-ორშაბათს დაკეტილია, სხვა დროს სულ ვმუშაობთ.

თავიდან ყოველდღე მარტო ვიდექი დახლთან. მერე დახმარება დამჭირდა და მეგობარი, გიორგი შეყილაძე და მისი მეგობარი გოგო, იზაბელი დამეხმარნენ. ისინი ახლაც ჩემთან ერთად მუშაობენ, მეგობრები ვართ, თან ერთად ვმუშაობთ. გიორგი დირიჟორი და კომპოზიტორია,  ძალიან დაინტერესებულია ღვინით. მაღაზია რომ მქონდა ჩემგან ბევრ ღვინოს ყიდულობდა, ისე ხშირად იყო აქ, რომ ბოლოს აქვე დაიწყო მუშობა.

ღვინო კარგად ესმის, ვმუშაობთ, თან ვერთობით.

ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი გოგო, ჟულიეტ ადროვერიჟ, მეგობრები, აბესალომ დაბახიშვილი, მიშა ჩიხლაძე, ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ, ძალიან გამიჭირდებოდა.

ჩემი ბარის ლოგოც ასეთია: ნახატზე მე ვარ, მაგრამ გვერდით  ერთ მხარეს ბესო მიდგას, მეორე მხარეს მიშა”, – ამბობს კახა.

ღვინოსთან იდეალურად შეხამებული მცირე ხემსისთვის კახა ყოველთვის საუკეთესო ყველს იყენებს და გამომშრალ პურთან ერთად ამატებს ჯონჯოლს, ეკალას, ლეღვის ან კაკლის მურაბას, ჩირს, აქვთ სხვადასხვანაირი ტყემალი მომცრო ჯამებით, ყოველგვარი ხემსი, რაც საქართველოდან გერმანიაში მზა სახით ჩადის.

„ძალიან მინდა ცივი სამზარეულოს პრინციპით შევთავაზო მალე ჩვენი ბარის სტუმრებს ფხალი და ბოსტნეული: მხოლოდ მოწალული, შეწვის გარეშე და მხოლოდ ქვიჯაში დანაყილი, გატარებული ან გახეხილი, მოწალული ფხალი თუ ბოსტნეული – ვეგანური, ხორცის გარეშე. შესაძლებელია მხოლოდ პატარა მჭადები გამოვაცხოთ ფხალეულისთვის“, – ამბობს კახა.

ქართული ღვინის ბარი Kakhaber-ი

დიუსელდორფში აქამდე სახელოვნებო სალონ Salon des Amateurs-ში მუშაობდა, სადაც ფოტოგრაფების, მხატვრებისა თუ მუსიკოსების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, როცა კახამ ქართული ღვინის ბარი გახსნა, პირველ სტუმრებად სწორედ სალონიდან ეწვივნენ ბარში – ქართული ღვინის დასაგემოვნებლად.

გატაცებულია ფოტოგრაფიით და ძველი, ფირის აპარატით, ზენიტით იღებს. ცოტა ხნის წინ დიუსელდორფში გამოფენაზე სახელწოდებით KÖ106 კახას რამდენიმე ფოტო გამოიფინა.

მაისის დასაწყისში, დიუსელდორფში ექსპერიმენტული მუსიკის ფესტივალზე Hombroich Racketenfestival  ქართული ღვინის ბარს „Kakhaber“ სთხოვეს ქართული ღვინით გამასპინძლებოდნენ ფესტივალის სტუმრებს. ღვინის სტენდთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და ღვინოს აგემოვნებდა.

მეორე კვირას, ფესტივალის დამსწრეებმა, რომლებსაც ქართული ღვინო მოეწონათ, კახას სხვა ქართული ღვინოების გასასინჯად უკვე ბარში მიაკითხეს.

კახა გვიყვება, რომ ღვინის პოპულარიზაციისთვის მთავარი პირობა ღვინის ხარისხია, თუმცა მნიშვნელოვანია ურთიერთობები და პირადი კონტაქტებიც:

აქ ძალიან ცნობილ გალერეაში Max Mayer-ში, სადაც ბევრს ვიცნობ, უკვე თითქმის ყოველი ახალი გამოფენის გახსნისას მოთხოვნაა ქართულ, ქვევრის ღვინოსა და ხემსზე.

„ახლახან მთხოვეს ამ გალერეაში გამოფენაზე ღვინოსთან ერთად ხემსიც გამეკეთებინა. მე და ჟულიეტი მთელი ღამე ვეგანურ ქართულ ფხალს ვაკეთებდით, ძალიან ლამაზი გამოვიდა ყველაფერი.

მთავარ კერძად სოკოს ჩაქაფული გავაკეთეთ, იქვე შევათბეთ და ყველას ძალიან მოეწონა. ვიცი რა იყო სოკოს ჩაქაფულის საიდუმლო: მწვანე ტყემალიც კი, რომელიც გამოვიყენეთ, საქართველოდან იყო ჩამოტანილი, დაკონსერვებულ მარცვლებად“, – გვიყვება ბარის მეპატრონე.

ცდილობს ბარს მყუდრო ატმოსფერო შეუნარჩუნოს, მუსიკა ბარში ოთხიდან შვიდ, რვა საათამდე უკრავს. ქართული ღვინის ბარი დიუსელდორფში მალევე იქცა მეგობრების შეხვედრის ადგილად.

ღვინის ბარის მეპატრონე ამბობს, რომ ქართული ღვინის მომავალი პატარა მარნებისაა, რომლებიც მცირე რაოდენობით, იშვიათი ჯიშის ყურძნისგან აყენებენ ღვინოს:

„ბევრს ვკითხულობ ღვინოზე, ვცდილობ ამ თემაზე ყოველთვის მეტი გავიგო, ვიდრე ვიცი. მაქვს დიდი მარნების ქართული ღვინოც და პატარა მარნებიც. ვფიქრობ, ქართული ღვინის მომავალს დიდი მარნები ვერ განსაზღვრავს და ვიტყვი რატომაც: მხოლოდ გერმანიაში უამრავი სხვადასხვა დასახელების ძალიან კარგი, ადგილობრივი ღვინოა, გაცილებით იაფი, ჩვენი დიდი მარნების ღვინოსთან შედარებით. რეალობა არის ის, რომ ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ.

უნიკალური და ხელშესაწყობია პატარა მარნები, მეღვინეები, რომლებიც 1000, 2000 ბოთლ ღვინოს აყენებენ წელიწადში. ასეთ ღვინო ძვირიცაა და მომხმარებელმა იცის მისი ფასი.

ჩემი მიზანი პატარა მარნების ღვინის პოპულარიზაციაა, იმ ხალხის მხარდაჭერა,  ვინც ძველებური წესით ქვევრში აყენებს ღვინოს. მაქვს 40, 50 სხვადასხვა პატარა ქართული მარნის ღვინო. ეს მთელი გერმანული ბაზრისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩემი პატარა ბარისთვის დიდი რესურსია. სწორედ ასეთ ღვინოს აქვს ხასიათი და ინდივიდუალობა.

როცა ერთნაირი ქვევრები ორი მეტრის დაშორებითაა მიწაში ჩაფლული, ორივეში ერთი და იმავე წლის მოსავალი რომ ესხას, ღვინო მაინც სხვადასხვანაირი გამოდის: ორივე ქვევრს გარშემო მიწის სხვადასხვანაირი მინერალები აქვს და ეს გემოზეც აისახება“, – ამბობს კახა მცირე მარნებზე საუბრისას და აგრძელებს:

Kakhaber-ი – ქართული ღვინის ბარი

„უამრავი ყურძნის ძველი ქართული ჯიშია, რომლის ღვინოც თუ არ გაიყიდა, ვერც ეს ვენახი მომრავლდება, მეღვინეებსაც ღვინის დაყენების ინტერესი აღარ ექნებათ და თუ მხოლოდ დიდი მარნები იქნებიან დომინანტები, იქნება ის, რაც საბჭოთა დროს იყო: მილიონობით ბოთლი ისხმებოდა რქაწითელასა და საფერავის. მსოფლიოს ეგონა, რომ ეს იყო ქართული ღვინო, მაგრამ არ არის. უამრავი სხვა ჯიშია, რომელიც უნდა გადარჩეს და თუნდაც ერთი ჰექტარი ჰქონდეს პატრონს, მაინც უნდა უღირდეს დააყენოს ღვინო, რომ დაუფასდეს“.

დიუსელდორფში ბევრი იაპონელი ცხოვრობს, ქვევრის ღვინო ძალიან მოსწონთ. ერთხელ Kakhaber-ში იყიდეს ბევრი კარგი ღვინო, ქვევრის ქარვისფერი და მეორე დღეს დაბრუნდნენ, ძალიან გაბრაზებულები ვართ შენზეო, ბარის მეპატრონეს უთხრეს იაპონელებმა. კახა შეცბა და იფიქრა, რომ სტუმრებს ღვინო არ მოეწონათ, მობოდიშებას აპირებდა და ღვინის შეცვლის შეთავაზებას, მაგრამ იაპონელებმა დაასწრეს: ძალიან გაბრაზებულები ვართ, უზომოდ მოგვწონს ქვევრის ღვინო და ყოველდღე მოსვლა და ყიდვა გვინდებაო. კახამ ამოისუნთქა.

ახლა აგვისტო-სექტემბრისთვის ემზადება, აგვისტოში ქართული სთრით-ფუდის საღამოს გამრავალფეროვნებას გეგმავს ქვევრის ღვინით, სექტემბერში კი ბარი Kakhaber-ი დიუსელდორფში ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტზე მისცემს მსმენელს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: