მთავარი,სიახლეები

დაპყრობილ ხერსონში უკრაინამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

08.06.2022
დაპყრობილ ხერსონში უკრაინამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთი ეცდება წარმოაჩინოს ისე, თითქოს ოკუპირებული ხერსონის ოლქში მოსახლეობის ცხოვრების პირობები უმჯობესდება.

„ოკუპირებულ ხერსონში რუსეთს იძულებით შეჰყავს თავისი ადმინისტრაცია, შეაქვს რუბლი და ქირაობს რუს მასწავლებლებს, რათა სკოლებში რუსული სასწავლო პროგრამა და ენა დაამკვიდროს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 8 ივნისის განახლებაში, ტვიტერზე.

უწყების ცნობით, რუსეთი სამი მიმართულებით განაგრძობს შეტევებს სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინელები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. დაზვერვის ვარაუდით, ნაკლებად რეალურია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რომელიმე მხარეს სერიოზული უპირატესობა მოეპოვებინა.

„უკრანულმა ძალებმა, კონტრშეტევებით, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხერსონის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზეც გამაგრდნენ. ვიდრე რუსეთის შეტევა კონცენტრირებულია დონბასის ცენტრალურ სექტორზე, ფრონტის სხვა ფლანგებზე ის თავდაცვის რეჟიმშია“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ოკუპირებულ ზონაში ფრონტის ხაზი მთელ 500 კილომეტრზეა გადაჭიმული, რუსეთიცა და უკრაინაც მსგავს პრობლემას აწყდებიან – მათ, ერთი მხრივ, უნდა შეინარჩუნონ თავდაცვა, ხოლო მეორე მხრივ, შეტევისთვის უნდა გამოათავისუფლონ ბრძოლისუნარიანი სამხედრო ნაწილები.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება სადაზვერვო ცნობარს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ, 7 ივნისის, მიმოხილვაში, ბრიტანეთის დაზვერვა წერდა, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობამ პოპასნაიას მიმართულებით რუსეთის შეტევა შეაჩერა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: