31 დეკემბერს ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ

31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №1, №1ა, №3, №11 და №13 სამარშრუტო ხაზებზე მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში ღამის 2 საათამდე იმოძრავებენ.

„გარდა ამისა, 18:00-დან 02:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება“, – აცხადებს კომპანია.

31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება.

ასეთი გრაფიკით საქალაქო ავტობუსები მოძრაობდნენ 25 დეკემბერსაც, როცა ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებების გრაფიკი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

ბათუმის მერი ამბობს, რომ მილიონად ნაყიდი ნაძვის ხე 25 დეკემბერს ლამაზი იქნება

 

ბრაზილიაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა – ქვეყანა ფეხბურთის ლეგენდას ემშვიდობება

ბრაზილიაში პელეს გარდაცვალების გამო 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა 29 დეკემბერს. მას 2 იანვარს დაკრძალავენ.

პელე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ფეხბურთელს სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა.

პელე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. ის ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (1958, 1962 და 1970 წლებში).

_______________

მთავარ ფოტოზე: პელე. ფოტო: EPA-EFE/WALTER BIERI

„შუახევი ჰესმა“ წელს საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

„შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულიდან ოპერირებს და უკვე მესამე წელია უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას საქართველოს მოსახლეობას.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს „შუახევი ჰესმა“ 444 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ჰესმა მოსალოდნელ მაჩვენებელს 44 მილიონზე მეტი კილოვატსაათით გადააჭარბა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რაკეშ ნაიკი, აღნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი – ეს არის მაღალპროფესიული გუნდის მუშაობა, რომელიც მუდმივად ცდილობს გამომუშავებული ელექტროენერგიით ქსელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე და მეორე ფაქტორია ჰიდროელექტროსადგურის მაღალი ხარისხის აღჭურვილობა, რომელსაც ტექნიკურად შესაბამისი გუნდი უზრუნველყოფს.

„ყოველივე ამან მოგვცა შესაძლებლობა, მიგვეღო მაქსიმალური სარგებელი გაზრდილი მოდინებიდან და გამოგვემუშავებინა მეტი ელექტროენერგია,“ – ამბობს რაკეშ ნაიკი.

როცა ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოება ჭარბია, ჰესის მიერ გამომუშავებული რესურსი ექსპორტზე გადის, რითაც ქვეყნის შიდა საექსპორტო პოტენციალი იზრდება.

2022 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში „შუახევი ჰესმა“ ექსპორტზე პირველად გაიტანა 115 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია.

სეზონური ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა განპირობებულია კარგი ჰიდროლოგიითა და გახანგრძლივებული ზამთრით – თოვლითა და წვიმით.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ გუნდის მთავარი პრიორიტეტი კომპანიის მდგრადი განვითარებაა.

„ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად ჩვენი პრიორიტეტია  უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. თითოეული რგოლის წარმატებული საქმიანობა, ჩართულობა და მოტივაცია საშუალებას გვაძლევს, მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს – ჩვენი კომპანიის მდგრად განვითარებას“, – ამბობს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორი.

მნიშვნელოვანია ის რეალობა, რომ ადგილზე გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდის პარალელურად მცირდება იმპორტი. ანუ საქართველოში რაც უფრო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდება, მით უფრო ნაკლებ დენს ყიდულობს ქვეყანა.

მაგალითად, ესკოს [ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი] მონაცემებით, 2022 წლის განმვლობაში საქართველოში რუსეთიდან შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

„გალტ & თაგარტი“  საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვისას აღნიშნავს, რომ „ 2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელქტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5-ჯერ 1.0 ტვტ.სთ-მდე. გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით“.

ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე „გალტ & თაგარტის“  ანალიზის მიხედვით, 2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის მთავარი მიზეზად კი დასახელებულია ელექტროენერგიის მიწოდებაში ჰიდროგენერაციის მაღალი წილი და იმპორტის ფასების შედარებით ზომიერი ზრდა.

„შუახევი ჰესის“ წილი ქართულ ენერგოსექტორში დაახლოებით 5%-ია. სხვა ჰესებისგან განსხვავებით, რომლებიც მოდინებაზე არიან დამოკიდებულები, მის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს რეზერვუარი, რომლის საშუალებითაც „შუახევი ჰესს“ 12-საათიანი გენერაცია შეუძლია, რითაც ეხმარება ქსელს ძაბვისა და სიხშირის რეგულირებაში.

რუსეთის დასავლეთის ძალების სარდლობა მეოთხედ იცვლება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 30 დეკემბრის ანგარიში უკრაინაში რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების (WGF) სარდლობის შეცვლის შესახებ იუწყება. ანგარიშის მიხედვით, ამჯერად ამ დაჯგუფების მეთაურობას გენერალ-ლეიტენანტ ევგენი ნიკიფოროვს გადასცემენ.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ნიკოფოროვი სულ მცირე მეოთხე სარდალი იქნება, რომელიც აღნიშნულ ჯგუფში უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ შეიცვალა. იგი გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევს შეცვლის, რომელიც სულ რაღაც სამი თვის წინ დაინიშნა ამ პოსტზე.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიში შეგვახსენებს, ნიკიფოროვი უკრაინაში შეჭრის პირველ კვირებში რუსეთის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის (EGF) შტაბის უფროსის პოზიციას იკავებდა. აღნიშნული ჯგუფი, რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებთან ერთად, მიიწევდა ჩრდილო-დასავლეთიდან კიევისკენ, ჩერნობილის ტერიტორიის გავლით. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ნიკიფოროვი აქტიურად იქნებოდა ჩართული ამ კატასტროფული მოქმედებების დაგეგმვაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, თითქმის დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ WGF-ს ამ დროისთვის ევალება რუსეთის მარჯვენა ფლანგის გამაგრება. ეს ფლანგი მოიცავს ლუგანსკის ოლქის ტერიტორიას კრემენაიასა და სვატოვოს ირგვლივ. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რადგანაც ამ სექტორში თავდასხმითი მოქმედებების ინიცირების შესაძლებლობა ორივე მხარეს თანაბრად, ნიკიფოროვი საკუთარ თავზე მნიშვნელოვან ოპერატიულ როლს იღებს კონფლიქტში.

უფროსი რუსი ოფიცრების მუდმივი გადანაცვლება, სავარაუდოდ ასახავს შიდა განხეთქილებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ომის წარმართვის სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ახალ წელს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში 30 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა პირველ-ორ იანვარს 12-15 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში წვიმა 5 იანვრამდე არ არის მოსალოდნელი.

______________

ფოტო ბათუმის მერია

წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა

29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევსა და რეგიონში რუსების მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

წუხელ, ღამით, კიევის ოლქზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა. თუმცა კიევში საბრძოლო მასალა ჩამოვარდა გოლოსეევსკის რაიონის ადმინისტრაციულ შენობაში. შენობის ნაწილი დანგრეულია.

კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლექსი კულებას თქმით, თავდასხმა შაჰიდი დრონებით განხორციელდა.

„რუსეთმა კვლავ შეუტია ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ“, – წერს კულება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, გოლოსეევსკის ნახევრად დანგრეული ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე კორპუსის მინები ჩამსხვრეულია, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, ღამით რუსული მხარე მასობრივ საჰაერო თავდასხმას განაგრძობდა უკრაინის დედაქალაქზე, თუმცა უშედეგოდ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევმა უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას გაუძლო. კიევის  საჰაერო სივრცეში რუსული მხარის 5 დრონი დაფიქსირდა.

განგაში გვიან ღამით, 02:13 საათზე გამოცხადდა.

გარდა კიევზე მიმართული დრონების მოგერიებისა, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებშიც ჩამოაგდეს შაჰიდის და მარლინის ტიპის 10 დრონი.

რუსული მხარე აქტიურად იყენებს შაჰიდის ტიპის ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ქალაქებზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, იყენებს ასევე ასევე Mohajer 6-ის ტიპის სადაზვერვო-თავდამსხმელ საფრენ აპარატს.

მედიის ცნობით, რუსეთი და ირანი რუსეთში დრონების წარმოებაზე შეთანხმდნენ. ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია რუსეთს 2022 წლის ზაფხულში მიჰყიდა.

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთი პარტია, კერძოდ, 250 ერთეული შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო  ირანისგან.

აშშ 45 მილიარდს გამოუყოფს უკრაინას – ბაიდენმა ბიუჯეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტს 2023 წლის ფისკალური წლისთვის, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

„ბიუჯეტი მოიცავს რესურსებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტს მხარი ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ დაუჭირა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისა და კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი სამხედრო შეიარაღებას მოხმარდება.

აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქების გაყინული ქონებაც უკრაინას გადაეცემა.

2023 წელს უკრაინის დასახმარებლად განაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც – ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად 2,3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა გამოაცხადა.

აღმოაჩინე სილქნეტის საახალწლო შეთავაზებებში სასურველი აქცია

სილქნეტში ახალი წლის დადგომა უკვე იგრძნობა.  მრავალფეროვანი შეთავაზებებიდან შეძლებთ სასურველი აქციის აღმოჩენას. 

მობილური და ფიქსირებული ქსელის მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას  საგანგებოდ შერჩეული საჩუქრები და პაკეტები უქმნის:   

საახალწლო სილქფესტი განსაკუთრებულია!

  • 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით  აკრიფე *202# და გაიაქტიურე ან გაუაქტიურე სხვას:
  • 400 ადგილობრივი წუთი – 7 ;
  • 150 ადგილობრივი წუთი  და 5 000 MB – 10 ;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ;
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 23 ;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და ულიმიტო მობილური ინტერნეტი – 33 ;
  • პაკეტების ვადა 30 დღე.

საახალწლოდ, ციფრული პორტალიდან MySilknet გააქტიურების შემთხვევაში, წუთობრივ (*205#) და ინტერნეტ (*135#) პაკეტებზე 23%-ით მეტ სასაუბრო დროსა და მეგაბაიტებს მიიღებთ. პაკეტის „მეტი“  ნებისმიერი ვერსიის შეძენისას კი ავტომატურად საჩუქრად გაგიაქტიურდება „ღამის ულიმიტო“ 30-დღიანი პაკეტი.

*ვადის გასვლის შემდეგ კი ისარგებლებ სტანდარტული ტარიფით

ზამთრის 90 დღიანი პაკეტები ბრუნდება!

3 თვით ყველაზე პოპულარული და შენთვის სასურველი პირობის ჩართვა ახალი წლის დადგომამდე შეგიძლია. აირჩიე პაკეტი და #გამოიზამთრე სილქნეტთან ერთად

  • 1000 ადგილობრივი წუთი – 24₾
  • 25 000MB ინტერნეტი – 24₾
  • 50 000MB ინტერნეტი – 45₾
  • ულიმიტო ინტერნეტი – 79₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და  ულიმიტო სმს – 54₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო, ულიმიტო სმს და ულიმიტო ინტერნეტი – 129₾

პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია 31 მარტის ჩათვლით, კოდით: *022#

შეხვდი ახალ წელს ახალი სმარტფონით და მიიღე საახალწლო საჩუქრები

უკვე 16 დეკემბრიდან – 1 იანვრის ჩათვლით შეძენილ მოდელებს საჩუქრები მოყვება – ულიმიტო ან მაღალი მოცულობის ინტერნეტ პაკეტები, სილქ კოსმოს შეთავაზებები.

შეარჩიე  iPhone-ის , Samsung-ის და Xiaomi- სმარტფონები სადღესასწაულო ფასად, მხოლოდ 279 ლარიან https://silknet.com/ge/shop. ტელეფონების შეძენა განვადებითაც არის შესაძლებელი.

სასურველი ტელეფონის შეძენას შეძლებ:

თბილისი: ცინცაძის . #2;

ბათუმი: . გორგილაძის (ერას) . #54/62

ყველა არხი ტელევიზიაზე, მომატებული სიჩქარე ინტერნეტზე და YouTube სერვისი საახალწლოდ!

27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ოპტიკური ქსელის ტვ და გლობალ ტვ-ს აბონენტებს საჩუქრად ჩაერთოთ ყველა არხი, (აქციაში არ მონაწილეობს არხი CNBC)
ხოლო  თბილისში იმ მომხმარებელებს ვისაც სერვისთან თავსებადი დეკოდერი გააჩნია, YouTube გაუაქტიურდათ.  

ამავე დღეებში, მსურველს შეეძლება   „ბუსტის“ აქციით ისარგებლოს და არჩეულ პაკეტზე (Formula 1-ის გარდა) ერთი თვით უფასოდ გაზარდოს სახლის ინტერნეტის სიჩქარე 15მბ/წმ-ით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონენტს შეეძლება გააგრძელოს მომატებული სიჩქარით სარგებლობა სტანდარტული ტარიფით – დღეში 0.20 ლარად.

შეხვდით 2023 წელს მეტი სატელევიზიო არხით, მეტი ინტერნეტით, მეტი სასაუბრო დროით, სმარტფონების უახლესი მოდელებით და საჩუქრებით!

აშშ-ში ზელენსკიმ უშედეგოდ ითხოვა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტები – Politico

ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამერიკულმა მხარემ  ამაზე კვლავ უარი განაცხადა – იუწყება „პოლიტიკო“.

გამოცემის წყაროს ცნობით, ვაშინგტონის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.

„უნიანის“ ცნობით, ახალი, შორი დისტანციის რაკეტები უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსულმა მხარემ მოახერხა „ჰაიმარსთან“ ადაპტირება და კრიტიკული ობიექტები არსებული რაკეტების მოქმედების ზონის იქით განათავსა.

„ჰაიმარსი გარდამტეხი მომენტი იყო იქამდე, სანამ რუსეთმა მასთან ადაპტირება მოახერხა. ახლა, შეიძლება ითქვას, მივაღწიეთ მაქსიმუმს, რაც ამ იარაღით შეგვეძლო. შემდეგი ეტაპისთვის უფრო შორი დისტანციის იარაღი გვჭირდება, რათა მივაღწიოთ ოთხი თვის წინ მიღებულ შედეგებს, როცა ჰაიმარსი პირველად მივიღეთ. ახლაც შეგვიძლია იგივე, მაგრამ დისტანცია უფრო დიდი უნდა იყოს“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილიუკმა.

უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის საჭიროებაზე ისაუბრა აშშ-ის ჯარების ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმაც. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ზუსტად ეს სჭირდებათ“ – იარაღი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, დარტყმები მიიტანონ რუსეთის უმთავრეს პოზიციებზე, მაგალითად, ყირიმის ხიდზე, ნახევარკუნძულზე მდებარე ავიაბაზებსა და მომარაგების ხაზებზე.


ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც „ჰაიმარსი“ და M270 MLRS სისტემები ისვრის 310 კილომეტრ მანძილზე.

ჯერ კიდევ აგვისტოში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ მიაწვდიდა ATACMS რაკეტებს, რადგან მათი სროლა შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც შესაძლოა ომის დამატებითი ესკალაცია გამოიწვიოს.

გაიაქტიურე ულიმიტო პირობები და სილქფესტის სხვადასხვა შეთავაზება საახალწლოდ

სილქფესტი ყველა ულიმიტო პირობას და სხვადასხვა პაკეტს  ახალი წლის დადგომამდე შემოგთავაზებთ.   

სასურველი პაკეტი შეგიძლიათ გაიაქტიუროთ 31 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით, კომბინაციით  *202# , აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან და მთელი თვე ისარგებლოთ არჩეული პირობით.

 პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვის USSD კომბინაციით  – *202#:

  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
  • ულმიტო მობილური იტერნეტი – 23₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო და ულიმიტო ინტერნეტი – 33 ₾
  • 400 ადგილობრივი წუთი – 7 ₾
  • 150 ადგილობრივი წუთი და 5000 MB – 10 ₾

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

ნახეთ, სილქნეტის საახალწლო სხვა შეთავაზებები!

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 105 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 026 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 059 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 2 010 ერთეული [+6]
  • MLRS – 423 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 268 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 740 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 711 ერთეული [+58]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 683 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 180 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 355 თვითმფრინავი
  • 196 ვერტმფრენი
  • 2 756 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 313 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 954 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 746 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 827 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]წუხელ კიევის თავზე მფრინავი ყველა ირანული დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ბუდანოვის თქმით, ომი უკრაინაში ჩიხში შევიდა

მასწავლებელი ხულოდან ამბობს, რომ დირექტორი არ ელაპარაკება, დირექტორი – არ ადასტურებს

ვარლამ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას და სპორტს ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებსა და ადმინისტრაციასთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს.

ვარლამ ხოზრევანიძის თქმით, დირექტორსა და მას შორის ურთიერთობა თითქმის ათი წელია დაძაბულია და დღემდე გრძელდება.

„2012 წელს ჩემს შვილს და მის მეგობარს სპორტის მასწავლებელმა სცემა. დირექტორს ვუთხარი, რომ შესაბამისი ზომები მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მივმართავ ზომებს-მეთქი.

დირექტორმა აგდებით მიპასუხა, ვერაფერსაც ვერ მიზამო და მასწავლებელი არც სკოლიდან გაუშვა და არც სხვა რაიმე ზომა მიიღო.

ამის შემდეგ მე მივმართე პოლიციას და პროკურატურასაც. ის მასწავლებელი წლების შემდეგ გაუშვეს სკოლიდან, როცა გამოცდები ვერ ჩააბარა“, – ამბობს ვარლამ ხოზრევანიძე.

მისი თქმით, ამ დროიდან მოყოლებული სკოლის დირექტორი მას მუშაობაში დისკომფორტს უქმნის.

„მე, როგორც მასწავლებელს, ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, რამდენია სკოლის ბიუჯეტი და რაში იხარჯება. შარშან რესურსცენტრის ჩარევა დამჭირდა, რომ ბიუჯეტის პროექტი მოეცათ. გაბრაზებით და მთელი ამბით მომაწოდეს. წელსაც ვთხოვ და არ მაძლევენ. აი, აქ, საჯაროდ ვითხოვ ახლა, რომ მომაწოდოს დირექტორმა მომავალი წლის ბიუჯეტი.

დახურულია პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს სხდომები: ან არ ტარდება, ან მე მიმალავენ, რადგან ვერც ერთხელ ვერ დავესწარი ამ სხდომებს. თუ ეს სკოლა საჯაროა, მაშინ ბიუჯეტი საჯარო უნდა იყოს და ყველა სხვა პროცესიც.

გასულ წელს სკოლების შეფასების ახალი სისტემა დაინერგა – „დავიწყოთ ნულიდან“. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა შეფასდეს სკოლაში არსებული გარემო, რესურსები, საჭიროებები და საწყისი წერტილიდან დაიწყოს სკოლის განვითარებაზე ზრუნვა.

მინდოდა, გამეგო რა შეფასება მიიღო ჩვენმა სკოლამ, მაგრამ არ მომაწოდეს ინფორმაცია. ალბათ, არც სხვა პედაგოგებმა იციან, როგორი შედეგი გვაქვს.

სამეურვეო საბჭოს წევრებს მივმართე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესაც, მაგრამ ყველა მხარე გახდა, ვერ ბედავენ ხმამაღლა საუბარს“, – ამბობს ხოზრევანიძე.

მისი თქმით, დირექტორს სკოლაში ერთპიროვნული მმართველობა აქვს შექმნილი და წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ უბედავს.

„ამ კაცს სკოლა მისი საკუთრება ჰგონია, რაღაც ფეოდალური გარემო შექმნა, თვითონაც ვიღაცის ვასალია და სხვებიც ვასალებად აქცია.

ჩემი კოლეგები პირად საუბრებში მეუბნებიან, მართალი ხარო, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობენ. ეშინიათ. მე კი მარგინალად მაქციეს. ვერ ვეგუები ასეთ გარემოს.

დირექტორმა სკოლაში თავისი ძალაუფლება ბოროტად არ უნდა გამოიყენოს და თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს“, – ამბობს ის.

პედაგოგის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აუცილებელია სკოლის დირექტორის ჩართვა პროცესებში, იქნება ეს პროექტებზე თანხმობა თუ სხვა, პედაგოგს დირექტორის მხარდაჭერა სჭირდება, რასაც, ამ შემთხვევაში, თვითონ მოკლებულია.

„გარდა იმისა, რომ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, მაქვს სკოლის ძალოსანთა კლუბიც და ბავშვები სხვადასხვა შეჯიბრზე დამყავს. საქართველოს რეკორდსმენიც მყავს გაზრდილი, პრიზიორები და ჩემპიონიც.

სამოქალაქო განათლების კლუბიც მაქვს – ორჯერ მაქვს მოგებული განათლების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი, 2000-2000 ლარი მოვიგეთ და სხვადასხვა პროექტი განვახორციელეთ.

ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, თუმცა დირექცია არ აღიარებს ჩემს მიღწევებს და არც ხელს მიწყობს“, – ამბობს ხოზრევანიძე.

მისი თქმით, საერთოდ არ მუშაობს სკოლის სამეურვეო საბჭოც, რაც ასევე პრობლემურია.

„თუ რაიმე არასწორად გაკეთდა სკოლაში, მაშინვე სამეურვეო საბჭოს აბრალებენ, შემდეგ კი სასკოლო საზოგადოებას. საბჭოს წევრმა მშობლებმა არც კი იციან, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან“.

სკოლის ერთ-ერთი ვალდებულებაა ბავშვებს კონფლიქტების მართვა და კრიზისების დაძლევა ასწავლოს. რამდენად მოახერხებს სკოლა ამას იმ სიტუაციაში, როგორსაც პედაგოგი აღწერს?

„მე ვცადე ამ პრობლემის ცივილურად მოგვარება, ვთხოვე რესურსცენტრს მასთან შეხვედრა, ურთიერთობა რომ დაგველაგებინა. დირექტორი არ წამოვიდა ამაზე“.

მისი თქმით, ამ საკითხებზე ღიად საუბარი მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ დარჩა.

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს, არსენ შავაძეს დაუკავშირდა და სცადა მისგან მოესმინა იმ პრობლემებზე დირექტორის შეფასება, რაზეც სკოლის მასწავლებელი საუბრობს.

არსენ შავაძე პედაგოგთან დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის, უბრალოდ, „თავისებური კაცია“.

„არანაირი კონფლიქტი, რაზეა ლაპარაკი. თავისებურია რა, პირადი ინტერესებია“, – გვითხრა მან და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარესთან გადაგვამისამართა.

„ბათუმელები“ ხულოს რესურსცენტრსაც დაუკავშირდა ამ საკითხზე. რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ ხოზრევანიძემ რამდენიმე წლის წინ ნამდვილად მიმართა მათ განცხადებით და სკოლაშიც გავიდნენ ამ განცხადების საფუძველზე.

„ითხოვდა ოქმებს და სხვა მარტივ რაღაცებს. ჩვენ რეკომენდაცია მივეცით სკოლას, რომ მიეღო ამ ადამიანს ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. რვა წლის წინ კი იყო მათ შორის დაძაბულობა. სასამართლოშიც იყო საქმე, მაგრამ დამატებითი კონფლიქტების შესახებ ბოლო პერიოდში არაფერი მსმენია“, – ამბობს ედუარდ მიქელაძე.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი სიტუაცია ნებისმიერ გარემოში არასასურველია: „მე რამდენადაც ვიცი, მათ არ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, უკმაყოფილო კი, ნებისმიერი შეიძლება იყოს რაღაც საკითხებით. კარგი სკოლაა და წარმატებებიც აქვთ, განსაკუთრებით სპორტის მიმართულებით“.

ჩაბნელებული ქუჩები და გადათხრილი გზები ბათუმში – ვინაა პასუხისმგებელი

„თქვენ ღამით ნახეთ, მაგრამ ვერ დაინახავთ გზაზე შუქებიც აღარ არის“, – ასე ეხმიანება მოქალაქე „ბათუმელების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ ვითარებას ასახავს. ჩაბნელებული ქუჩები და ორმოები ბათუმში სოციალურ ქსელში ხშირად არის მწვავე დისკუსიის საგანი, ზოგჯერ კი შესაბამისი უწყებების [ვისაც ქალაქის მოვლა-პატრონობა ევალება] კრიტიკის და დაცინვის მიზეზიც ხდება.

„ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით ჩაბნელებულია: სოხუმის ქუჩის ერთი მონაკვეთი #50 – დან 58 – ის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩა, მაჭავარიანის ქუჩის ნაწილი, ბაგრატიონის ქუჩა, წერეთლის ქუჩის ნაწილი, 9 მარტის ქუჩის ნაწილი, გოგოლის ქუჩა, სკვერი გოგებაშვილზე, ანგისის პირველი შესახვევი, ინასარიძის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის დიდი ნაწილი, სვიმონ კანანელის ქუჩა გონიოში, გოთუას ქუჩა, ივანე მესხის ჩიხი, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი – კვლევითი ინსტიტუტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ევგენი მიქელაძის ქუჩა.

ამას ემატება ისიც, რომ ბევრი ქუჩა ამორტიზებულია და გადაადგილება, როგორც მანქანით, ასევე ქვეითებისთვის არ არის უსაფრთხო. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის, მით უმეტეს თუ ქუჩაზე განათებაც გამორთულია. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა ბაგრატიონისა და ფრიდონ ხალვაშის ქუჩებზე, სადაც გზის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების გაყვანისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს.

ბაგრატიონის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია:

ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ბაგრატიონის ქუჩა დაუსრულებლად რეაბილიტირდება. 2014 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 23 მილიონ ლარი და 16 მილიონ ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.

ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაცია კი ისე დაიგეგმა, რომ გადაადგილების შეზღუდვა გათვალისწინებული არ ყოფილა – ამ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა ორი ხიდსაც აფართოებენ. ეს კი, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა მოქალაქეების სამსახურებში მიდიან და საღამოს სამსახურების, სკოლებისა და ბაღების მუშაობის დასრულების დროს, რამდენიმესაათიან საცობს ქმნის. სიტუაციის განსამუხტად აქ რამდენიმეჯერ მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის გამოძახებაც კი დასჭირდათ.

ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

ღამის საათებში ამ ქუჩას განათების პრობლემაც ემატება, ქუჩის გრძელ მონაკვეთზე განათების ბოძებზე არცერთი ნათურა არ ანთია. მძღოლები უჩივიან დაბალი განათების პრობლემასაც, ისინი ამბობენ, რომ ზოგიერთ მონაკვეთში, სადაც თითქოს ქუჩა განათებულია – „განათება ძალიან დაბალია“.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი

„ღამით კომპანიის ხალხი მიდის – ტოვებენ ამოთხრილ ორმოებს, ტექნიკას, ქვეითებისთვის აქ გადაადგილება ღამით ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის“, – ამბობს ნანა შარაშიძე. ის ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს და ამ ქუჩაზე ქვეითად მოძრაობა ყოველდღე უწევს.

ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთი მონაკვეთი სარიტუალო დარბაზ „დავითის“ მიმდებარედ

ხელვაჩაურის გზის პრობლემებზე [ფრიდონ ხალვაშის გამზირი] გვწერს გიორგი ასამბაძეც: „ფრიდონ ხალვაშის გამზირი ჩაბნელებულია. როცა დაბნელდება და გზაზე გადადიხარ, ფეხით სახიფათოა“.

მოქალაქეები გვწერენ, რომ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და სიბნელის გამო მატერიალური ზიანიც კი ადგებათ: „მიწევს ადრე დავკეტო სამსახური და მაყენებს დიდ ზიანს მატერიალურად“, – გვწერენ ჯავახიშვილის ქუჩიდან.

ცხრა მარტის ქუჩაზე მცხოვრები ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, ელექტროენერგიის კაბელი გასულ წელს მშენებლობის გამო დაზიანდა და დღემდე არ გაუკეთებიათ.

გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები ესმა აბაშიძე გვწერს, რომ ჩაბნელებული ქუჩის გამო მას ავტომანქანა დაუზიანდა:გოგოლის ქუჩაზე ჯერ ხო ფილების აღება და ასფალტი გვახვეწნინეს, ახლა ჩაბნელებულია და ხან რომელ კალოდეცის იამას ვურტყამ ხან რომელს, ბაბონი მაქ საბურავზე და ამ საბურავს მერიას შევაცვლევინებ.“

წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის, ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას ბევრჯერ დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ: „თითქმის ყოველ დღე ვრეკავთ – პასუხი ვაკეთებთ და ჩაირთვებაო; 9 მარტზე მშენებლობა მიდის, კაბელი დაზიანდა და არ ვიცით როდის გაკეთდებაო; არავის ცალია ეგ რომ აკეთოსო; შარშან საახალწლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დრო ამოეწურა და ახალ ტენდერს ველოდებითო…“

„ბათუმელებმა“ ქალაქის  მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ჰკითხა, თუ განახლდა გარეგანათება იმ მისამართებზე მაინც, რისი პირობაც მერიამ წლის დასაწყისში დადო.

„თებერვალში თქვენს მიერ მოწოდებულ მისამართებზე განხორციელდა ტექნიკური სამუშაოები და აღდგენილი იყო ელექტროენერგია, განათების პრობლემა მოგვარებული იყო თუ ისევ გაინტერესებთ რა ხდება კონკრეტულ მისამართებზე, მოგვმართეთ წერილობით“, – ასე უპასუხეს ჩვენს კითხვას სამმართველოში.

___

მთავარი ფოტო: რამაზ ჯინჭარაძე და არჩილ ჩიქოვანი

რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს.

– თქვენთვის არაფერი გინდათ?

– მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი.

ბათუმის სათნოების სავანეში გვითხრეს, რომ საახალწლოდ ძირითადად თბილი რეიტუზები, ხალათები და შარვლები გაუხარდებოდათ, ზოგს პატარა რადიო, ზოგსაც „აბადოკი“ უნდა, ზოგიერთს საჩუქრები – სხვისთვის საჩუქებლად.

ანატოლი

„პატარა რადიო შეიძლება? მე უსინათლო ვარ, მეტი არაფერი მინდა“ – გვეუბნება 65 წლის ირინა რისენკო, რომელიც ბათუმის სათნოების სავანეში ცხოვრობს. „კიდევ შეიძლება? კიდევ პუდრი, ღია ფერის“, – ამატებს გაღიმებული.

65 წლის ირინა ბათუმის სათნოების სავანეში უკვე მეოთხე წელია ცხოვრობს.

„ტელევიზორს ვუსმენ ხოლმე, საინფორმაციოს, ევრონიუსი ძალიან მიყვარს. რატომ?! მინდა ყველაფერი ვიცოდე, ვერ ვხედავ, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ, მინდა ვიცოდე რა ხდება იქ, რა ხდება ჩვენთან…“

ირინა ჰყვება, რომ მხედველობა 25 წლის წინ, ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა. მას შემდეგ სამსახური ვეღარ დაიწყო. ირინას შვილი ემიგრაციაშია და იქიდან ეხმარება თავის ორ შვილს.

„საქართველოში დავიბადე, ძალიან მიყვარს საქართველო. დედამ და მამამ ნოვოროსიისკში დაამთავრეს საზღვაო აკადემია და აქ გამოგზავნეს სამუშაოდ საზღვაო სანაოსნოში. მერე გავჩნდი მე. ადრე ვმუშაობდი, შეფ-მზარეული ვიყავი, ჩემი ქმარი დირექტორი იყო. კარგი ცხოვრება მქონდა, მაგრამ… სტამბულში წავედით მანქანით, იქეთ გზაზე მე ვიჯექი საჭესთან, აქეთ ჩემი ქმარი დაჯდა, ავარიაში მოვყევით, ჩემი ქმარი დაიღუპა, მე მხედველობა დავკარგე. 

ამის მერე ერთი წელი ლოგინად ვიყავი, დედა ცოცხალი იყო, ჩემმა დამ გაყიდა ბინა თბილისში და ბათუმში იყიდა, რომ ჩემთან ყოფილიყო. ყველა გვერდში მყავდა. ვერაფერს ვხედავდი, ერთი წელი ვიწექი. კი, დედა სულ ფეხებთან მეჯდა, მთხოვდა ავმდგარიყავი, მერე ავდექი. დიდი ტრაგედია იყო.

მე საერთოდ ვერ ვხედავ, ვერც მზეს“.

ირინა ამბობს, რომ როცა საქმე აქვს, ქალაქში მიჰყვებიან.

„მე თვითონ არ დავდივარ, უფრო პანდემიის გამო. მაგრამ, თუ გასეირნება გინდა, ეუბნები და წაგიყვანენ, ზღვაზეც, მათ შორის. ზაფხულში სულ გადიან. მე ვერ დავდივარ, რადგან ვერ ვხედავ. ძალიან კარგი გოგოები არიან აქ, ძალიან თბილები, ეს ჩემი მეორე სახლია“. 

ირინა რისენკო

ამჟამად, ბათუმის სათნოების სავანეში სულ 122 ადამიანი ცხოვრობს – მზრუნველობამოკლებული ხანდაზმულები ან/და შშმ ადამიანები. „ისინი, ვინც ზრუნვას საჭიროებენ, მაგრამ მომვლელი არ ჰყავთ ან უჭირთ მოვლა ოჯახში“, – განმარტავს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის დირექტორის მოადგილე, დეკანოზი გიორგი შაინიძე.

სათნოების სავანეს ბათუმის მერია და საპატრიარქო აფინანსებს. პერიოდულად სავანის ბენეფიციარებს ცალკეული შემომწირველებიც ეხმარებიან.

შემოწირულობები რომ არა, გაგვიჭირდებოდა. ზოგიერთი გულისხმიერი ადამიანი გამოჩნდება, ვისაც მაგალითად აქვს სალონი და სურს, რომ ერთი დღე გაულამაზოს ჩვენს ბენეფიციარებს. არიან რესტორნები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ ერთი დღე მოუწყოს მათ სადილი და ა.შ.“ – ამბობს დეკანოზი გიორგი შაინიძე.

სავანეში ამბობენ, რომ ბენეფიციარების მიმართ ყურადღება, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში მატულობს.

ახლა ბევრი კონცერტი გვქონდა. სარვამარტოდ, საშობაოდ, საახალწლოდ, ასეთ დღეებში უფრო მეტი აქტიურობა იგრძნობა მოსახლეობისგან. ძირითადად სემინარიის სტუდენტები და სასულიერო გიმნაზიელები მოდიან ხოლმე. დგამენ მათთვის კონცერტებს და საჩუქრებსაც ჩუქნიან“, – ამბობს დეკანოზი გიორგი შაინიძე.

ლიდია ავაკოვა 73 წლისაა, სავანეში 16 წლის წინ მოვიდა.

„ხელი არ მიმუშავებს, ფეხითაც ვკოჭლობ, ჟოფრეი დე პეირაკი ვარ“, – ამბობს მკაცრი ღიმილით. – „მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხელი მიმუშავებს, მაინც ყველაფერს ვაკეთებ, სისუფთავე, მოწესრიგება, ჩაცმა“, და იქვე მდგომ მედდას იმოწმებს – „აი ანა, ხომ ასეა?“ ანაც ადასტურებს, რომ ლიდიას ლოგინი ყოველთვის უზადოდ გასწორებულია.

ლიდიას საახალწლოდ თვალის ტუში, წითელი პომადა, ღია ფერის ტონალური, თმის საღებავი და საღამური უნდა – „ზომა? მაღალი ქალი ვარ, მაგრამ ვკოჭლობ“, – ამბობს ღიმილით.

ლიდია გვიყვება, რომ ხელის და ფეხის გაჩერება ინსულტის ბრალია.

„17 წლის წინ დამემართა, როცა მომიკვდა ორი ბიჭი – 28 და 33 წლის, იმის მერე ინსულტმა დამარტყა. საკუთარი სახლი მქონდა, მერე გავყიდე, გოგო დამრჩა ერთი უფროსი ბიჭის ტყუპისცალი, ორი შვილიშვილი მყავს. გოგო ყოველ შაბათ-კვირას მოდის, როცა მინდა, სახლშიც მივყავარ“, – ამბობს ლიდია.

მისი ყოველი დილა 06:30 სთ-ზე იწყება, ორი ჭიქა ყავითა და მაკიაჟის კეთებით.

„აქ დავიბადე და გავიზარდე, ნახევად აჭარელი ვარ. ახალგაზრდობაში ვმუშაობდი უფროს ეკონომისტად, პუშკინზე იყო თევზის მაცივარი, ერთ ადგილზე ვიმუშავე 25 წელი, შემდეგ დახურეს ეს საწყობი და დავრჩი უმუშევარი. მერე ასე განვითარდა მოვლენები“, – ჰყვება ის.

ლიდია

სავანეში არის ბიბლიოთეკა და თიხაზე მუშაობის ოთახი, წელიწადში ერთ-ორჯერ ჯგუფურადაც გადიან გარეთ, ოღონდ მხოლოდ ისინი, ვისაც გადაადგილება შეუძლია.

სავანის ბენეფიციარებს სტუმრების, ძირითადად ოჯახის წევრების მიღება თავიანთ ოთახებშიც შეუძლიათ, რაც პანდემიის პერიოდში აკრძალული ჰქონდათ. აქ ამბობენ, რომ გარეთ გასვლის საშუალება ყველას აქვს, ვისაც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უწყობს ხელს.

ოღონდ დაცვის თანამშრომელი გაფრთხილებულია, ინიშნავენ, ვინ რა დროს მოვა, ან იტოვებენ ნომერს, სადაც უნდა მოვიკითხოთ“, – ამბობს მამა გიორგი. მისივე თქმით, სავანიდან ყველაზე ხშირად ზღვაზე გადიან.

სავანეში თითო ოთახში რამდენიმე ბენეფიციარი ცხოვრობს, ტელევიზორი თითქმის ყველგან არის, სამ ოთახში გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მათთან ტელევიზორი გაფუჭდა ან ხარვეზები აქვს. „იქნებ ვინმეს ჰქონდეს, თუნდაც მეორადი, იაფიანი, რატომაც არა, ახალი კი არ გვინდა, ძალიან გამოგვადგებოდა“, – ამბობს 36 წლის მაია ფეოდოროვა.

ერთი წელიც არ არის, რაც მაია აქ ცხოვრობს. ის თბილისში, ბავშვთა სახლში გაიზარდა, ბავშვთა სახლის შემდეგ ერთ ხანს მუშაობდა, ბინაც კი იქირავა, მაგრამ ბოლოს ქუჩაში აღმოჩნდა, ქუჩიდან კი – საავადმყოფოში.

„წარმოშობით უკრაინელი ვარ, ჩერნობილიდან, ჩემი მშობლები იქაურები იყვნენ. დედა რომ გადმოიყვანეს საქართველოში, ორსულად იყო, აქ იმშობიარა და გარდაიცვალა ეგრევე. მე გამზარდა საქართველომ. ბავშვთა სახლის მერე მთავრობა არ უზრუნველყოფს დახმარებას, ცოტა ხანი ბინაც კი ვიქირავე, მერე გამიჭირდა, პრობლემები ყოველთვის მქონდა. აქ გამაცოცხლეს ფაქტობრივად, ფსიქოლოგიც არის აქ და ვესაუბრები. წინა ცხოვრება უკან მოვიტოვე. დამღალა ქუჩამ“, – ჰყვება მაია.

მაია ამბობს, რომ საახალწლოდ მწვანე ფერის საცურაო კოსტიუმი, მწვანე ფერის ჩუსტი და ყავის მადუღარა გაუხარდებოდა.

„ცურვა ვიცი, რომელია… ცურვა ვისწავლე ურეკში, ადრე იქ დავყავდი მთავრობას ბავშვთა სახლიდან, ხერხემლის გამრუდება მქონდა. მინდოდა ზაფხულშიც, მაგრამ ვერ მოვახერხე, იცით, პანდემია დაემთხვა რომ მოვედი, აქ ხომ ხანდაზმულები არიან, ჩაკეტილი იყო ყველაფერი, ზღვა კი სავსეა ხალხით, იქ დისტანციას ვერ დაიცავ. ბატი რომ დასვა დაგუბებულ წყალში, ისე ვარ ახლა, ზღვა ძალიან მიყვარს, ზაფხულში დღეში ორჯერ შევდივარ – დღე და ღამე“, – ჰყვება მაია. 

მაია ფეოდოროვა

ეს მარინა ქამაშიძეა, 54 წლის. პირველი საჩუქარი თავისი თუთიყუშისთვის გოგო მეწყვილე ახსენდება. „აი, ამას უნდა გოგო, ეს არის კუში ქამაშიძე“, – ამბობს მარინა და გვეუბნება, კიდევ რა უნდა: „ბამბის მაისური გრძელმკლავიანი, ქვედაბოლო და სუნამო“.

მარინა და კუში

მაგული სურმანიძე 76 წლისაა, უყვარს სამკაულები, საახალწლოდ გაუხარდებოდა აბადოკი-სამკაული, საღამური და ნაჭრის ლიფი. მისი მეზობლის თხოვნით, სურვილებში ვამატებთ კიდევ ერთ თოჯინას.

მაგული სურმანიძე
სავანეში

ირინა 40 წლისაა. ის მწოლიარე პაციენტია. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ისეთი ტელეფონი გაუხარდებოდა, რომელშიც ვიდეოზარით დარეკვა არის შესაძლებელი.

„ძმისშვილიშვილები მენატრება, სახეზე რომ დავინახო დარეკვის დროს“, – ამბობ ის, – „კიდევ შოკოლადები“.

ბათუმის სათნოების სავანეში მაცხოვრებელთა უმრავლესობა გამოვკითხეთ მათთვის სასურველი საჩუქრების შესახებ,

რა საჩუქრებზე ოცნებობენ სავანეს ბინადრები – სია 

  • იზოლდა, 80 წლის: ქვედაბოლო (წითელი არა); სათვალე +5 ზომა; უფეხო რეიტუზი შავი (40 ზომა)
  • მზიური, 64 წლის: საღამური, ნატურალური ცრემლი; ტელევიზორი თუ მოხერხდება ჩვენს ოთახში
  • ლარისა, 70 წლის: საღამური; 2 რეიტუზი
  • სვეტლანა, 42 წლის: საქსოვი ძაფები (ღია ფერები); ალოეს გელი (სახის); 2 რეიტუზი (L ზომა); საგარეო ჩანთა;
  • ლიდია, 73 წლის: შავი ტუში თვალის; კრემი ბალეტი (ღია ფერის); წითელი პომადა; საღამური; მუქი წაბლისფერი ფერის თმის საღებავი (პრესტიჟი 232)
  • ინგა, 37 წლის: თმის საღებავი 205 ნომერი (პრესტიჟი); ხელის საათი; ჩუსტები (36 ზომა)
  • მარინა, 54 წლის: თუთიყუში კუში ქამაშიძისთვის გოგო თუთიყუში; ოთახში ტელევიზორი; ბამბის გრძელმკლავიანი მაისური (M); ქვედაბოლო; სუნამო
  • სვეტლანა, 61 წლის: სპორტული შარვალი თბილი, მუქი ფერის (48); თხელი წინდები მუქი ფერის (2 წყვილი); „ბეზრუკავკა“ შავი; ბოტასი (37 ზომა)
  • რუსუდან, 71 წლის: რეიტუზი თბილი; გეტრი თბილი; ხელთათმანები (S); სუნამო
  • თამრიკო, 58 წლის: ქალის პატარა საათი; ხელის რადიო; ქვედაბოლო გოფრე (s ზომა); თმის საღებავი (შავი)
  • მაია, 36 წლის: ტელევიზორი ოთახისთვის; საცურაო კოსტიუმი (მწვანე); ოთახის ჩუსტი მწვანე, 39 ზომა; ყავის მადუღარა
  • ცისანა (81 წლის): თბილი ჩუსტები (39 ზომა); რეიტუზი თბილი (50 ზომა); კოფთა ყელიანი, საშუალოდ თბილი (მუქი ფერის); სუნამო
  • გული, 75 წლის: ტელეფონი ინტერნეტი რომ ჰქონდეს, ვიდეოზარისთვის
  • იზოლდა, 64 წლის: კარგი სუნამო; სარეცხი საპონი (5 ცალი)
  • გუგული, 88 წლის: სახის მოვლის კრემი; ხალათი
  • ირინა, 65 წლის: პატარა რადიო; პუდრი (ღია ფერის)
  • მედიკო (70 წლის): რეიტუზი (XL); „ბეზრუკავკა“; კოფთა თბილი; ქვედა ბოლო (XL)
  • ზინა, 77 წლის: ჩუსტი 36-37 ზომა; ხალათი (46 ზომა)
  • ციური, 76 წლის: კოფთა; ხალათი; კარგი სუნამო
  • ინეზა, 77 წლის: კოფთა შავი, თბილი; ფეხსაცმელი (37-38 ზომა); ქვედაბოლო, შავი (M)
  • თალიკო, 65 წლის: სუნამო; პომადა იასამნისფერი; ფრჩხილის ლაქი იასამნისფერი; ხალათი (XXXL)
  • ირინა, 40 წლის: სმარტფონი უბრალო – ახლობლებთან ვიდეოზარებისთვის; შოკოლადები
  • ენძელა, 80 წლის: ხალათი M ზომა
  • მაგული, 76 წლის: საღამური (M); აბადოკი-სამკაული; თოჯინა
  • თინა, 83 წლის: მაისური წვრილ ბრეტელებზე; ჟაკეტი
  • თინიკო, 66 წლის: კურდღლის ფიგურა; პომადა ტუჩისფერი, მბზინვარე; ტუში
  • ელენა, 64 წლის: აბადოკი
  • ზინა, +70 წლის: სუნამო; ფეხსაცმელი 36 ზომა
  • კატია, 76 წლის: გეტრი 2 წყვილი; ქვედაბოლო (L); კოფთა (L)
  • მადონა, 63 წლის: ვერცხლის სამაჯური
  • თამარ, 66 წლის: სახის კრემი, დილის და ღამის
  • ლუბა, +70 წლის: სულერთია რა იქნება (L ზომა)
  • ნათელა, 76 წლის: სმარტფონი, იაფიანი, ვიდეოზარისთვის; გრძელმკლავიანი კოფთა ბამბის (მუქი ფერის); რეიტუზი უფეხო (მაიჩნი)
  • ეთერ, 72 წლის: +2.5 სათვალე; მშვიდობა და ჯანმრთელობა
  • ლილი, 71 წლის: რეიტუზი (L)
  • მარიამ, 37 წლის: ჯინსის შარვალი (27 ზომა); სუნამო; თმის სამაგრები; ბოტასები ოდნავ მაღალი (36 ზომა)
  • ქეთო, 82 წლის: ტელეფონი სენსორით; სათვალე +4
  • ნანი 60: სათვალე -7 ნომერი
  • გიორგი, 34 წლის: ჩუსტი, 41 ზომა
  • ოთარი, 70 წლის: ყველაფერი გვაქვს, თუ მოხერხდება ფეხსაცმელი 43-44-მდე ზომა; თქვენი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა
  • თამაზი, 63 წლის: თბილი სპორტული შარვალი გრძელი (M)
  • ირაკლი, 36 წლის: ტკბილეული
  • ასლან, 52 წლის: შარვალი სპორტული (L); პერანგი თბილი; ტელეფონში 10 ლარის სალაპარაკო
  • გელა, 57 წლის: „კატუშკა“ და ჯოხი – ანკესის
  • გარიკ, 67 წლის: თეთრი ან/და შავი მაიკა (M)
  • არამ, 84 წლის: ჩუსტი (41 ზომა)
  • ანატოლი, 75: ვარდების პატარა ბუკეტი და ერთი ბამბანერკა, „ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“
  • ვლადიმერი, 61 წლის: კონიაკი
  • ირაკლი, 48 წლის: ხაში და ხინკალი მენატრება; სპორტული შარვალი ელვაზე შესაკრავი ჯიბით (M)
  • ვახტანგი, 68 წლის: იაფიანი სმარტფონი; გიტარის სიმები – 1, 2, 3 (რკინის)
  • საშა, 71 წლის: სერვილადი
  • ავთო, 67 წლის: ტკბილეული
  • ტარიელ, 70 წლის: ბიჭი შვილისთვის რაიმე საჩუქარი
  • რამაზი, 60 წლის: შარვალი სპორტული M-L
  • მუხამედი, 56 წლის: შარვალ – კოსტიუმი გაზაფხულისთვის, 46 ზომა
  • ალექსანდრე, 86 წლის: ჟაკეტი თბილი (XL) ან ყველაფერი გამიხარდება
  • ალექსანდრე, 87 წლის: მეტი კონცერტები ბავშვებისგან
  • ნოდარი, 44 წლის: შარვალი სპორტული (L); წინდები; ბოტასი 43 ზომა
  • ზურა, 44 წლის: სპორტული ზედა და ქვედა (S) ზომა
  • ზურაბ, 64 წლის: კაპიუშონიანი ზედა ქვედა (48 ზომა)
  • ფილიპე, 42 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • გენადი, 59 წლის: ეტლი, სტანდარტული, შავი ფერის
  • ილო, 42 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • ჯონი, +80 წლის: სპორტული ტანსაცმელი S-M
  • ონისე, 63 წლის: ეტლი [შშმ პირისთვის]
  • ბესო, 55 წლის: ტელეფონი უბრალო

გარდა ამისა:

სპორტული ლიფი S და L ზომები; ლიფი 3 ზომა; ტრუსები L ზომა; დეოდორანტი. 

ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე მდებარეობს შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 39 ნომერში.
———————————————————————————————————–

„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს

ირა 14 წლისაა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში ლვოვიდან. მალე უკან უნდა დაბრუნდეს. ირას დედა ექიმია, მამა – სამხედრო პირი. ომის დაწყებიდანვე ირას მამა უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ახლა უკრაინის საზღვარს იცავს ბელარუსის მხარეს, საიდანაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი თავდასხმა.

„ჩემს ქვეყანაში ახლა რთული დრო დგას. რუსეთის აგრესიას უამრავი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში თავს კარგად ვგრძნობ. ვისვენებ განგაშისა და დაბომბვების ხმებისგან.

აქ არის ის, რაც უკრაინელ ბავშვებს 11 თვეა აღარ ჰქონიათ – სიმშვიდე.

მართალია, გამიმართლა და ლვოვში არ არის დიდი სამხედრო შეტაკებები, მაგრამ დაბომბვების ხმები და განგაშის სიგნალი ჩვენი ყოველდღიურობაა“, – ამბობს ირა.

ირა, 14 წლის

ირას მსგავსად 24 დეკემბერს უკრაინელი ჯარისკაცების 25 შვილი ჩამოიყვანეს საქართველოში 10 დღით – ლვოვის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებიდან.

პროგრამის –  „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე 170 უკრაინელი ბავშვი ჩამოიყვანეს საქართველოში – ჯარისკაცების შვილები. პროგრამის მიზანი საქართველო-უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.

ამ პროგრამით 2022 წლის ზაფხულში საქართველოს ესტუმრნენ ბავშვები ბუჩიდან და მარიუპოლიდანაც, სადაც მათ თვეობით უწევდათ ბუნკერებში დამალვა:

„ზაფხულის ჯგუფის ბავშვებს განსაკუთრებულად მძიმე გამოცდილება ჰქონდათ, ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ და საქართველოში ათდღიანი ვიზიტისას ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს გადიოდნენ.

ყველის დანახვისას მარიუპოლელი ბავშვები ცუდად ხდებოდნენ…. ვერ ვხვდებოდით რაში იყო საქმე. მერე აგვიხსნეს, რომ სარდაფებში ძირითადად ყველი ჰქონდათ მომარაგებული და თვეების განმავლობაში ბავშვების საკვები მხოლოდ ყველი იყო “, – ამბობს ზიმლარ ბერიძე, საქველმოქმედო ფონდ „ალილო 2015“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროგრამის თანაპარტნიორი.

ფსიქორეაბილიტაციის მიზნით მეომართა შვილების საქართველოში ჩამოყვანის იდეა ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდ „ალილო-2015″-ის ხელმძღვანელს, გენო თებიძეს და უკრაინული „შავი ზღვის ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელს ლილია გრიჩულევიჩს.

გაცვლითი პროგრამა მათ ერთად დაგეგმეს. პროგრამას სხვადასხვა მოხალისე-ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს.

ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სასტუმროთი, კვებით, ფინანსური მხარდაჭერით, ესწრებიან კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს, ეცნობიან ქართულ კულინარიას, ათვალიერებენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და ა.შ.

სოფია მელნიკი 16 წლისაა, ლვოვიდან. წელს აბიტურიენტია და რეპეტიტორებთან დადის. ლვოვში არ არის შუქი, წყალი და გათბობა. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ  ლვოვში შედარებით სიმშვიდეა, რახან ინტენსიური სარაკეტო თავდასხმები არ არის. სოფია გვიყვება, რომ მის ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ცენტრია, რომელიც იღებს ომით დაზარალებულებს უკრაინის აღმოსავლეთიდან, ცხელი წერტილებიდან: ვისაც სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა, ვინც ყველაფერი დაკარგა, ყველა დაეღუპა და სჭირდება თავშესაფარი, საკვები, სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა.

„ჩემი ორივე მშობელი სამხედრო პირია. დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის… ჩვენ მასთან იშვიათად ვახერხებთ დაკავშირებას. ეს მუდმივ შიშში ცხოვრებას ნიშნავს…

დილით გავდივარ სახლიდან და მხოლოდ საჭმელად, დასაძინებლად თუ მივდივარ. მთელ დღეს რეპეტიტორებთან ვატარებ. ვმეცადინეობთ სანთლების, ფანრების შუქზე. არ გვაქვს ინტერნეტი. თუ განგაშია, სამალავებში ჩავდივართ, სადაც ძალიან ცივა.

რა თქმა უნდა, სახიფათოა რეპეტიტორებთან სიარული. შეიძლება გზაზე მიდიოდე და თავზე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაგიფრინოს ან განგაში ატყდეს. მაგრამ ამ შიშით რომ ვიცხოვროთ, ცხოვრება უნდა შევწყვიტოთ. ამიტომ უკრაინამ გადაწყვიტა, არაფრის ფასად არ შეწყვიტოს ცხოვრება, თუნდაც საფრთხის ქვეშ.

მე ვისწავლი, ჩავაბარებ და ჟურნალისტი გავხდები. ვაკვირდები დედას რამდენ ადამიანთან ურთიერთობს, სულ ომის თემაზე წერს, ყველაფრის საქმის კურსშია, რასაც ჩვენი ჯარი აკეთებს. ეს საქმე ძალიან მომწონს“, – ამბობს სოფია.

სოფია, 16 წლის

15 წლის ტატიანა ვინიციდანაა. ის ამბობს, რომ მის ოლქში არ იცნობს ბავშვს, ვისი მამაც ფრონტზე არ იბრძვის. ტატიანას მამაც ომშია:

„არ მაქვს უფლება მის კონკრეტულ საქმიანობაზე ვისაუბრო. ის იბრძვის. ძალიან რთულია, როცა იცი, რომ მამა მუდმივი აფეთქებების და სროლების გარემოცვაშია, როცა ისე იძინებ, რომ არ იცი როგორაა, სადაა, რა ხდება მის თავს… ასე ვცხოვრობთ თითქმის ერთი წელია.

შემოდგომაზე ჩვენი ელექტროსადგური დაბომბეს, სიკვდილს ვინც გადავრჩით, უნდათ, რომ სიცივით და დეპრესიით ამოგვხოცონ, მაგრამ ჩვენ ვუძლებთ: სიცივესაც, უშუქობასაც, ყველაფერს… ძლიერები ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია გენერატორები უკრაინისთვის, ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ეს არაა საკმარისი. განათებულია მხოლოდ საავადმყოფოები, მობილური ოპერატორების ანძები და სამხედრო კომისარიატები გენერატორებით. ხალხი ძირითადად სიბნელესა და სიცივეში ზის“, – ამბობს ტატიანა.

ტატიანა, 15 წლის

პროგრამის ინიციატორი, ლილია გრიჩულევიჩი ამბობს, რომ მას საქართველოსთან რუსეთ-უკრაინის ომამდეც მჭიდრო კავშირი ჰქონდა. უკრაინელ მეომართა შვილების საქართველოში რეაბილიტაციის პროგრამა კი, მისი თქმით, იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ორ ქვეყანას რუსეთთან ომების მსგავსი ისტორიები აქვთ.

„საქართველომაც და უკრაინამაც მწარედ გამოსცადა რუსული აგრესია. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი წლები, როცა საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და ოსეთი. ასევე იბრძვის ახლა უკრაინაც. ჩვენ, ორივე ქვეყანას, აგრესორისგან თავისუფლება გვსურს. საერთო მიზნები გვაქვს და ამ ფონზე ქართველი და უკრაინელი ბავშვების დამეგობრება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ბევრი ქვეყნის ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ, მაგრამ არსად მიგრძნია ისეთი მორალური მხარდაჭერა, როგორც საქართველოში.

უკრაინაში ახლა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ბედი წყდება. მებრძოლების შვილები ცოტა ხნით, თუნდაც სიმბოლურად, 10 დღით, ამ პროგრამის დახმარებით წყდებიან მძიმე რეალობას და ეცნობიან საქართველოს.

როცა ადამიანი ფრონტზეა და იცის, რომ სადღაც მისი შვილი ცოტა ხნით მაინც საიმედო გარემოშია, ცოტა ხნით მაინც გაიხარებს, ეს მათთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს „შავი ზღვის ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი.

უკრაინელ მეომართა შვილები საქართველოს 3 იანვარს დატოვებენ. 2022 წელს უკრაინელი 55 ბავშვი ესტუმრა საქართველოს პროგრამით – „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“.

მოქალაქე შიმშილობს და ითხოვს ბავშვები სკოლებში უფასოდ კვებონ, მას პოლიციამ კარავი წაართვა

„პოლიციაში მითხრეს, რომ კარავი ჩემი ნებით დამეშალა, არ არის ლამაზი, ახალი წელიაო… მე კი ვამბობ, რომ მხოლოდ ახალ წელს გვახსენდება ბავშვები, სულ სხვა კუთხით: უფასოდ მიგვყავს ატრაქციონებზე, თეატრში, თითქოს კომპენსაციას ვახდენთ. ჩვენ ახალი წლის გარდა მთელი წელი საერთოდ არ გვახსოვს ათასობით მშიერი ბავშვი სკოლებში,“ – ამბობს მოქალაქე ზურაბ ქარჩავა, რომელიც პოლიციელებმა გუშინ, 28 დეკემბერს, კარვის გაშლისთვის დააკავეს.

ზურაბ ქარჩავას გუშინ კარავი წაართვა პოლიციამ. შესაბამისად, ის ახლა ეძებს კარავს, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ სკვერში გაშალოს და გააგრძელოს თავისი პროტესტი – მოითხოვოს საჯარო სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების სისტემის ამოქმედება. მოქალაქის თქმით, ის ამ მოთხოვნით შიმშილობას კარვის გარეშე აგრძელებს მემედ აბაშიძის ძეგლთან.

„უპრეცედენტო შემთხვევაა – ხელწერილის გარეშე გათავისუფლება. მას ხელწერილით უშვებდნენ იმ პირობით, რომ კარავს აღარ გაშლიდა, მაგრამ ამაზე ხელი არ მოაწერა, ხელწერილის გარეშე გამოუშვეს საბოლოოდ, მაგრამ კარავი არ დაუბრუნეს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არღვევს და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას დემონსტრაციულად თავზე გვახევს.

აპირებს თუ არა უჩივლოს შსს-ს მოქალაქემ, რომელსაც პროტესტის გამოხატვა შეუზღუდეს და კარავი ჩამოართვეს? – ზურაბ ქარჩავამ გვითხრა, რომ, პირველ რიგში, ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვების სისტემის გააქტიურება სურს. ის კლინიკური ფსიქოლოგია და ამბობს, რომ ყოველდღიურად აქვს შეხება მოზარდების პრობლემებთან, რომლის საფუძველიც შესაძლოა მხოლოდ ეს იყოს: მოსწავლეს შია.

„ფსიქოლოგთან მომართვიანობის 40 % უკავშირდება იმას, რომ ბავშვი მშიერია. მე ყოველდღიური შეხება მაქვს ბავშვებთან და ეს კარგად ვიცი.

ეს არის საბაზისო მოთხოვნა, ბავშვს არ შიოდეს… როცა ვსაუბრობთ გაღიზიანებაზე, ბავშვებში ემოციების მართვის პრობლემაზე, შეუძლებელია, ვისაუბროთ მაღალ მატერიებზე, როცა ბავშვს შია. მე არ ვითხოვ რამე განსაკუთრებულს, დღეში დაახლოებით 2 ლარია საკმარისი.

ისედაც იმდენი გამოწვევაა სკოლაში: კომპეტენციის პრობლემა, ბულინგი, ძალადობა… მშიერი ბავშვის შემთხვევაში ბავშვის განვითარება პირდაპირ ფერხდება და იგი ხდება არაჯანსაღი, თუ პირველადი მოთხოვნილება, როგორიცაა: ძილი, კვება, დაკმაყოფილებული არ არის,“ – გვითხრა ზურაბ ქარჩავამ.

ზურაბ ქარჩავა

მოქალაქე ზურაბ ქარჩავა ამბობს, რომ უკანონობის გარდა, პოლიციელები განყოფილებაში მას დასცინოდნენ კიდეც. ზურაბ ქარჩავა ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებამ დააკავა. „ბათუმელებმა“ გუშინ გაავრცელა ვიდეოკადრი, სადაც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილების უფროსი, ბაჩო ხაჟომია მოქალაქეს საახალწლო ღონისძიებების მოტივით უკრძალავს კარვის გაშლას. პოლიციელი ვერ ასახელებს სამართლებრივ საფუძველს, რატომ უზღუდავს მოქალაქეს საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვას.

„კარავი გახდა საშიში ობიექტი, სამარცხვინოა ამაზე საუბარი… კიდევ კარგი, რომ კარავი არ განიხილეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღი. მეუბნებოდნენ, დაუმორჩილებლობის გამო დაგაკავეთო და რას უნდა დავმორჩილებოდი, როცა არაფერი დამირღვევია?

თავდაპირველად პოლიციელებმა მითხრეს, რომ ჩვენ დავუკავშირდებით ამ უწყებებს, რასაც თქვენ ითხოვთ, ოღონდაც კარავი აიღეო. არ ვიცი, რატომ იღებენ ამდენს პოლიციელები საკუთარ თავზე. ვუთხარი, თქვენ დაუკავშირდებით პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, ამის გარანტიას მაძლევთ-მეთქი?

დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადავსულიყავით ისევ. არ განუმარტავთ, რატომ იყო საჭირო ეს. ვიფიქრე, ალბათ სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს-მეთქი.

პოლიციის განყოფილებაში ჯერ მალოდინეს, მერე მითხრეს, ხელწერილით გაგიშვებთო… ვუთხარი, რომ აღარ ვენდობი და ადვოკატის გარეშე ხელს არაფერზე მოვუწერდი, არაჯანსაღად იქცევით და უსამართლოდ, რატომ უნდა გენდოთ-მეთქი. მერე მოვიდა ადვოკატი. გაირკვა, რომ მართლაც არ უნდა მომეწერა ხელი.

ხელს თუ არ მოგვიწერ, კარავს არ მოგცემთ მაშინო, მითხრეს და გამომიშვეს,“ – გვითხრა ზურაბ ქარჩავამ.

საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, მოქალაქეს კარავი არ დაუბრუნოს.

„ეს არ იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, შესაბამისად, პოლიციელებს ამის უფლება არ ჰქონდათ. პოლიცია არც საქმის მასალებს გვაწვდის, გენინსპექციასაც გუშინ ოთხჯერ დავურეკე, რომ რეაგირება მოეხდინა, ამ დრომდე არავინ დამკავშირებია. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე „ბათუმელებთან“ და ყურადღებას ამახვილებს პოლიციის დამოკიდებულებაზე, როცა დაკავებული პირი ხელწერილის გარეშე გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის გამართვამდე.

ვინაიდან ალბათობა მაღალია, რომ სასამართლო ზურაბ ქარჩავას გაამართლებდა და ის ისევ გაშლიდა კარავს მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ არჩია სასამართლო სხდომის გამართვის გაჭიანურება – თუ ზურაბ ქარჩავას ახლა არ გაათავისუფლებდნენ, დაკავებიდან მაქსიმუმ 48 საათის შემდეგ სასამართლო პროცესი უნდა შემდგარიყო.

„ეს არის მანიპულაცია, რომ გახანგრძლივდეს, როგორც სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, ისე მიმართვის შემდეგ სხდომის ჩატარება, ვინაიდან, როცა ვინმე დაკავებული არ არის, სასამართლო არ ჩქარობს სხდომის ჩატარებას… ამიტომაც, მოიფიქრეს ხელწერილით გათავისუფლება.

ეს აბსურდის თეატრია,“ – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

———————

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს უკვე საქართველოში კარვის გაშლისთვის აკავებენ. ისევ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლისთვის 24 ოპოზიციონერი დააკავეს, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები.

ბოლო ტენდენცია ასეთია: პროტესტის გამოხატვის დროს პოლიციელების მიერ უკანონოდ დაკავებულთაგან ზოგიერთს სასამართლო ამართლებს, თუმცა სასამართლო პროცესამდე დაკავებულს თითქმის 48 საათით ტოვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მოქალაქეს უკანონო დაკავებისთვის უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია. ამის პრაქტიკაც გვაქვს, თუმცა, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა სასამართლო დავა შსს-ს მოუგო და მას ხუთწლიანი სასამართლო დავის შემდეგ კომპენსაციის სახით 100 ლარი გადაუხადეს.

ამ თემაზე:

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

რატომ ებრძვის ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

მიმდინარე წელს ხელისუფლებამ და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია განსაკუთრებით გაააქტიურეს. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რა ფორმებით და რატომ ებრძვის მმართველი პარტია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ.

რა ხდება?

თუ წინა წლებში ხელისუფლება უმეტესწილად არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეულ წარმომადგენლებს ესხმოდა თავს, მიმდინარე წელს მთლიანად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაუპირისპირდა. სამიზნე წერტილად კი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება აირჩია, ისევე როგორც ეს ხდება რუსეთში, ბელარუსში და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებში.

„მდიდარი ენჯეოების კლანი“ — ასე ჰქვია მიმდინარე წლის 11 სექტემბერს „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც „იმედის კვირამ“ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI), „სამართლიანი არჩევნებისა“(ISFED) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ მოამზადა (საია). აღნიშნულ სიუჟეტის მიხედვით, სამივე ორგანიზაციას „აერთიანებს ის, რომ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ საკმაოდ მწირია“.

დაფინანსების წყაროებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ საუბარი აღნიშნული სიუჟეტის შემდეგ გაააქტიურა ხელისუფლებამ. ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამბობდა, რომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების „მორალური ვალდებულება“ აქვთ, რადგან ეს ორგანიზაციები „პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან და პოლიტიკურ ამბიციებს აჩვენებენ“.

17 ნოემბერს სენატორმა ჯინ შაჰინმა აქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის მიმართულებით უზარმაზარ უკუსვლას აქვს ადგილი. მისი თქმით, აშშ-მს საქართველოს ფინანსური დახმარების წესს უნდა გადახედოს.

კობახიძემ არც ამჯერად გაუშვა შანსი ხელიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს დასხმოდა თავს და აღნიშნა, რომ ამერიკული დახმარების უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მოდის, რაც დეზინფორმაციაა. 

უკვე 18 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ფორმალურად გამოეყვნენ და „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, გამოვიდნენ ინიციატივით,არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“.

საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საკითხი სოზარ სუბარმა გაახმოვანა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს, – და ამას, მათ შორის, სწორედ დასავლური დაფინანსებით აკეთებდა და ისეთივე თავდასხმების ობიექტი იყო, როგორსაც ახლა თავად ახორციელებს „ხალხის ძალა“, – ამჟამად თავად არის თავდამსხმელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ამ ორგანიზაციებში თითქოს გამჭვირვალობა არ არსებობს.

ის საიას მაგალითზე გვიყვება, რომ ყოველთვიურად აქვეყნებენ ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს, სადაც ყველას შეუძლია ნახოს დაფინანსების წყაროები და ის, თუ რაში იხარჯება ეს თანხა.

“გამჭვირვალობის სტანდარტები საიას დაცული აქვს.  წელს 22 ათასზე მეტ ადამიანს გავუწიეთ სამართლებრივი დახმარება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რაში იხარჯება ფული, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს. ამ მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო მიზნებს ემსახურებიან სამოქალაქო ორგანიზაციები.

სხვადასხვა აქტივობები, შეფასებები, განცხადებები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების გაჯანსაღებას მიემართება, საზოგადოებისთვის სასარგებლოა და ამიტომ, ამ საქმიანობის შეზღუდვა ცხადია, არ შეიძლება შედიოდეს დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესებში.”

გორბის კვლევა

წლის ბოლოს დისკრედიტაციის კამპანია ახალ სიმაღლეზე ავიდა. ტელე „იმედის“ დაკვეთით მოსახლეობის განწყობები ნოემბრის თვეში  კომპანია გორბიმ “გაზომა”. ამ კვლევაში ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტების გვერდით, როგორიცაა ჯარი, პოლიცია და პარლამენტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” ორგანიზაციებიც არის დასახელებული.

“ნდობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო ამ კვლევაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიმართ. თუ გამოკითხულთა მესამედი ენდობა იმ ორგანიზაციას, რომელსაც საკმაოდ არარელევანტურად სვამ გამოკითხვაში სახელისუფლებო ინსტიტუტების გვერდით, ეს ნიშნავს რომ ამ  ორგანიზაციის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია. იმიტომ, რომ იმედი და გორბი დაინტერესებული იყვნენ, რომ ეს მაჩვენებელი ყოფილიყო საკმაოდ დაბალი. გულწრფელად ვთქვათ, რომ არა ეს დაინტერესება, გამჭვირვალობა და ისფედი ამ ნუსხაში არ მოხვდებოდნენ,” – ამბობს ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი და  “საერთშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი.

რატომ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება სამოქალაქო ორგანიზაციებს?

სამოქალაქო ორგანიზაციებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. იცავენ ადამიანის უფლებებს, შეუძლიათ ხელისუფლების ქმედებები გააკონტროლონ, რომელიც შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევისკენ იყოს მიმართული, გააკრიტიკონ მათი გადაწყვეტილებები და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი არსებობა. დემოკრატიულ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორი როგორც წესი, ხელისუფლების პატრნიორია და მასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს. საპირისპირო პრაქტიკაა დამკვიდრებული ავტორიტარულ ქვეყნებში.

“შეიძლება ხელისუფლებას არ მოსწონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები და შეიძლება ამით იყოს განპირობებული სურვილი, რომ ხმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდის, აღარ ისმოდეს,” – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციის ხელმძღვანელი.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი ხატია ჯინჯიხაძე მიიჩნევს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჯდება ხელისუფლების ქცევის ლოგიკაში.

“თუ შევხედავთ, როგორ რეაგირებს და როგორ უპირისპირდება ნებისმიერი სახის კრიტიკას ხელისუფლება, რომელიც მოდის მედიიდან, პოლიტიკური ოპონენტებიდან, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ყველაფერი გასაგები ხდება,” – აღნიშნავს ის.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია არ არის ის სამიზნე, რომელზეც უნდა დახარჯოს ვაზნები ხელისუფლებამ.  მისივე თქმით, ხელისუფლებამ იმაზე უნდა იმუშაოს, როგორ გააკეთოს კარგი საქმე ქვეყნისთვის და არა იმაზე, ამტკიცოს რომ ვიღაცა ხელს უშლის.

“ არავინ ხელს არ უშლის. ვერცერთი ორგანიზაცია, ვერც მედია და ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას ხელს ვერ შეუშლის, თუ მთავრობა იქნება  გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სასიკეთო საქმეებს გააკეთებს და ხელისუფლების უზურპაციას არ მოახდენს,” – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.

ქორიძის სიტყვებით, ასეთ დროს სამოქალაქო საზოგადოება უფრო ნაკლებ ხარვეზს გამოავლენს.

“მაგრამ დღეს ჩვენ ხარვეზებს კი არ ვადგენთ, პრაქტიკულად დანაშაულებრივ სქემებს ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ასეთი ფორმით ხდება ქვეყნის მიტაცება.

რა თქმა უნდა, ეს იცის მთავრობამ, ეს იცის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომაცაა მონდომებული. მისი პოლიტიკური ამბიციაა არასამთავრობო სექტორის განადგურება, მედიის განადგურება, პარტიების განადგურება, კრიტიკული აზრის მოსპობა, ანუ რეალურად მისი სურვილია დიქტატურის დამყარება, “ – ამბობს ქორიძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებაა.

“ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს მთავრობა. ივანიშვილი არ იყვირებს, ის ჩრდილშია და პოლიტიკიდან ფორმალურად წასულია. შესაბამისად, აყვირებს მთავრობას და თავისი მთავრობის  წიაღში გაჩენილ მეორე ფსევდო ოპოზიციურ ჯგუფს, ხალხის ძალას. ისინი ლაპარაკობენ სახელწიფოსთვის დამაზიანებელ რაღაცებს. ესაა მთელი კონსტრუქცია. “

NGO-ების შეზღუდვის გამოცდილება სხვა ქვეყნებში

რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან არსებობს კანონი “უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

მოგვიანებით, „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა. მიმდინარე წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც. უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში წარმოადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, შეგვიძლია სახელმძღვანელოებშიც კი ამოვიკითხოთ როგორ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მოქმედების არეალის დავიწროება და შეზღუდვა. ეს შეიძლება იყოს დისკრედიტაციის კამპანიები, შეიძლება იყოს ცალკეული კანონმდებლობის მიღება, შეიძლება ამას ქონდეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვის ფორმა.

ის არ ფიქრობს, რომ საქმე საკანონმდებლო ცვლილებებამდე მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებით მიმდინარე კამპანიები ნამდვილად უარყოფითად აისახება არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაციაზე საზოგადოების თვალში.

“მსგავსი მექანიზმები გამოყენებულა სხვა ქვეყნებში. თუ იგივე საქართველოშიც განმეორდება, ისეთივე სავალალო შედეგებს გამოიღებს, როგორც რუსეთში, სადაც სამოქალაქო სექტორი ვეღარ საქმიანობს.

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის დასახელება იმთავითვე უარყოფით ასოციაციას იწვევს. ეს იყო მიზანმიმართული ნაბიჯი იმისკენ, რომ ორგანიზაციების ავტორიტეტი დაცემულიყო და არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ განცხადებებს, შეფასებებს და აქტივობებს საზოგადოებაში ნდობა აღარ ჰქონოდა. “

იმავე აზრზეა ხატია ჯინჯიხაძეც. მისი სიტყვებით, ეს კამპანია გავს ზოგადად, ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკას.

“ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების გამოგონება, ამან იმუშავა რუსეთში, იმუშავა ბელარუსში, უნგრეთში და სხვა ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ქვეყნებში. აპრობირებული მოდელია და ამ გატკეპნილ გზას მიყვება ჩვენი ხელისუფლება.”

ამ კონტექსტზე საუბრისას ზვიად ქორიძეს ახსენდება ირანი, უნგრეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა.

“ იქ, სადაც არის სურვილი რომ იყოს ავტორიტარიზმი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ ამას გააკეთებ. ფორმებში რამე არსებითი განსხვავება არ არის. “

ხატია ჯინჯიხაძის განცხადებით, ხელისუფლება მიისწრაფვის არასამთავრობო სექტორის მოქმედების არეალის შეზღუდვისკენ, თუმცა ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას:

“როცა უარესს სცენარებზე ფიქრობ, ისიც უნდა დაუშვა რომ ასეთი კანონი შესაძლებელია მიიღონ. საერთოდ, იმის მტკიცება რომ ბელარუსიზაცია საქართველოში ვერ მოხდება, არასწორია. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს თავიდან ავიცილოთ. თუ საზოგადოება დაუშვებს, ბელარუსიზაცია აუცილებლად მოხდება.”


შენიშვნა – ამ სტატიისთვის ინტერვიუები 27 დეკემბერს ჩაიწერა. დღეს, 29 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ხალხის ძალიდან“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოვიდნენ. 

როგორც ბრიფინგზე მათ განაცხადეს, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.


აჭარისწყალი ჯორჯია – CSR პროექტები [ნაწილი]

„შუახევი ჰესი“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტს ქართულ ენერგოსექტორში. პროექტის მფლობელები არიან ნორვეგიული Clean Energy Invest-ი და ინდური Tata Power-ი. „შუახევი ჰესი“ არის ერთადერთი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში, რომელსაც ერთდროულად აფინანსებენ EBRD-ი, ADB-ი და IFC-ი. კომპანიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მდგრადი განვითარება და კორპორაციული პასუხისმგებლობა. „შუახევი ჰესი“ მაღალი კორპორაციული სტანდარტით ხელს უწყობს რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებებია:

განათლება და ცნობიერების ამაღლება

ადგილობრივი თემების განვითარება

ინფრასტრუქტურული განვითარება

კომპანიის მიერ დაფინანსებულია:

  • 50 ადგილობრივი ბიზნესი
  • 100-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი
  • ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიეცა 1500-მდე სკოლის მოსწავლეს
  • 32-მა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია
  • სტაჟირების პროგრამა გაიარა 15-მა სტუდენტმა
  • ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით აშენდა საბავშვო ბაღი და სკოლა, ათეულობით საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
  • განხორციელდა გზების, ხიდების, წყალმომარაგების სისტემებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა – რეაბილიტაცია
  • კომპანიამ დააფინანსა გოდერძის ალპური ბაღის განვითარების პროექტი, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან და არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-თან თანამშრომლობით
  • „შუახევი ჰესი“, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად გააგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას და რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.

რატომ ვერ გააქვთ ავტომანქანები მესაკუთრეებს ბათუმის პორტიდან – პორტის განმარტება

„ავტომანქანა ოქტომბრის დასაწყისში ვიყიდე გერმანიაში, ბათუმშია, მაგრამ დღემდე ვერ მაძლევენ,“ – გვიყვება მეგი რიჟამაძე. მან ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას შეუკვეთა ავტომანქანის გერმანიიდან საქართველოში ჩამოტანა.

მეგი რიჟამაძის მსგავსი პრობლემა ბევრ სხვა მოქალაქეს აქვს, ვინც ავტომანქანა საზღვარგარეთ შეიძინა.

„გადამზიდი მეუბნება, რომ ბათუმის პორტშია პრობლემა,  კონტეინერიდან მანქანები ვერ გამოჰყავთ… პორტსაც დავუკავშირდი, მაგრამ ვერ მივიღე ინფორმაცია, როდის შეიძლება გაიხსნას კონტეინერი, სადაც ჩემი ავტომანქანაც არის.

ამავდროულად, კონტეინერის დგომის საფასურის გადახდა მოგვიწევს დამატებით. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც ჩვენ მოგვიწევს.

არ ვიცი, რატომ ვერ ხსნიან კონტეინერს, მაგრამ, ჩემი აზრით, პორტი თუ იღებს ტვირთს, უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამტარუნარიანობაც. თუ ამის უნარი არ აქვს, არ უნდა მიიღოს მაშინ.

ზღვა გვაქვს ქვეყანას და ვიფიქრე, უფრო მარტივად შემოიტანდნენ ტვირთს ზღვით. თავდახრილი უნდა ვმუშაობდეთ და ეს რა არის?“ – კითხულობს მოქალაქე.

„დაამატეს ახალი ხაზები, ლოჯისტიკა კი არ დაალაგეს, ქაოსური ვითარებაა,“ – ამბობს ავტომანქანების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანიის „IM ლოჯისტიკის“ ხელმძღვანელი, მიშა ქურციკიშვილი.

გადამზიდავის თქმით, ის დაახლოებით 12 წელია თანამშრომლობს ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალთან და მსგავსი პრობლემა ამ დრომდე არასდროს შეჰქმნია.

„მახსოვს, 2019 წელსაც იყო შეყოვნება, მაგრამ ამ დროით არა…“ – გვიყვება მიშა ქურციკიშვილი. – „6 დეკემბერს შემოსული კონტეინერებიც კი არ გახსნილა ჯერ… თითო კონტეინერზე დგომის საფასური დღეში 15 ამერიკული დოლარია. ერთ კონტეინერში 4 მსუბუქი ავტომანქანა თავსდება.

ბათუმის პორტში ახალი ხაზები გააკეთეს, სხვა გემებიც დაიმატეს, მაგრამ გასახსნელი ადგილი აღარ აქვთ.

ვერ მეუბნებიან, როდის გახსნიან ჩემს კონტეინერებს. პორტი ამბობს, თუ ვერ დაგველოდებით, მაშინ ფოთის პორტში გადაიტანეთო, რაც დამატებით მომსახურებაა და ეს კიდევ აძვირებს ავტომანქანის ფასს,“ – აღნიშნა მიშა ქურციკიშვილმა „ბათუმელებთან“.

ბათუმის პორტის საკონტეინერო გადაზიდვების სამსახურში გვითხრეს, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ მოკლედ, რასაც სხვა მომხმარებლებს ეუბნებიან: „ბევრი კონტეინერია, ტვირთებმა მკვეთრად იმატა… კონტეინერის გახსნა ჩვენი ვალდებულება არ არის, ეს დამატებითი სერვისია, შეუძლიათ ფოთის პორტში გადაიტანონ კონტეინერი“.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციიდან გამოგვიგზავნეს წერილიც, სადაც აღნიშნულია:

„გაზრდილი დატვირთულობის მიუხედავად, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ატარებს სხვადასხვა ღონისძიებას იმისათვის, რომ უზრუნველყოს მომსახურების ჩვეული მაღალი ხარისხის მიწოდება.

ტვირთბრუნვის უეცარი ზრდა დაემთხვა ტერმინალზე მიმდინარე სიმძლავრეების გაზრდის ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს დამატებითი სასაწყობე ტერიტორიის მოწყობას, დამატებითი ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის შეძენასა და მოწყობას. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ემსახურება სატერმინალო პროცედურების გამარტივებას, დაჩქარებასა და მომსახურების მაღალეფექტური დონის შენარჩუნებას,“ – ვკითხულობთ ბათუმის პორტიდან წერილობით მოწოდებულ ინფორმაციაში.

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, როდის მიიღებენ მოქალაქეები დეკემბრის დასაწყისში, ბათუმის პორტში შემოტანილ ავტომანქანებს, ან როდის მოახერხებს საკონტეინერო ტერმინალი კონტეინერების გახსნას. ამ ტერმინალის დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა, 2022 წლის დეკემბერში განაცხადა:

„ვაფასებთ კლიენტების გვერდით დგომას, რომლებიც მხარს გვიჭერენ უეცრად გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში… გამტარუნარიანობის გაზრდის ახალი პროგრამა, გადადგმული ნაბიჯები და ავტოიმპორტიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კოორდინირებულად  მომსახურების საუკეთესო შესაძლო შედეგის მისაღწევად, დარწმუნებული ვართ, პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და ეს მოულოდნელი და არასტანდარტული სიტუაცია ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდება“.

საკონტეინერო ტერმინალის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს, რა რაოდენობით გაიზარდა ტვირთბრუნვა ბათუმის პორტში.

ბუდანოვის თქმით, ომი უკრაინაში ჩიხში შევიდა

უკრაინაში მიმდინარე ომი „პატის მდგომარეობაშია“ [პატი – მდგომარეობა ჭადრაკის თამაშში, როდესაც მოთამაშეს არ შეუძლია მორიგი სვლის გაკეთება ისე, რომ მის მეფეს არ შეექმნას ქიშის საფრთხე (ითვლება ყაიმად], ვინაიდან არც ერთ მხარეს არ ძალუძს მნიშვნელოვანი წინსვლა, განუცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბი-ბი-სის“.

მისი თქმით, რუსეთს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და მალე მობილიზაციის მორიგ ტალღას დაიწყებს, მაგრამ ამავე დროს, უკრაინას არ გააჩნია რესურსები რამდენიმე ფრონტზე წინსვლისთვის.

„არ შეგვიძლია ყველა მიმართულებაზე მათი დამარცხება. ეს არც მათ შეუძლიათ. ველით ახალ და უფრო დახვეწილ იარაღს“, – აღნიშნა მან.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ ვარაუდები ბელარუსის ომში ჩართვასა და კიევის მიმართულებით ახალ იერიშზე, მცდელობაა უკრაინამ ჩრდილოეთით გადაისროლოს ძალები, რომლებიც სამხრეთსა და აღმოსავლეთში იბრძვიან. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე ბელარუსიდან შემოჭრის საფრთხე არ არსებობს.

მიუხედავად ამჟამინდელი მდგომარეობისა, ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მთლიანად დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის, ყირიმს და დაუბრუნდება 1991 წლის საზღვრებს.

ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა

დღეს, 29 დეკემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მაღალსართულიანი სახლიდან 40 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა და დაიღუპა.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რუსეთის სამხედრო აეროდრომზე აფეთქების ხმა ისმის – რუსული მედია

დღეს, 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე მორიგი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, აფეთქების ხმა ისმის – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ინფორმაცია ენგელსის აეროდრომზე აფეთქების შესახებ ვრცელდება რუსულ ტელეგრამარხებზეც.

ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დეკემბერში უკვე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა დრონებით.

სამხედრო აეროდრომი „ენგელს-2“ სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო ბაზაა, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე საჰაერო თავდასხმისთვის იყენებს.

განახლებული ინფორმაცია: სარატოვის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა თავის ტელეგრამზე დაადასტურა აფეთქება აეროდრომის ტერიტორიაზე. მისი თქმით,  საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დაუდგენელი ობიექტი“ გაანადგურა და ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის.

_________________

ფოტო ტელეგრამიდან

ამავე თემაზე: 

რუსეთს ქვეყნის სიღრმეში საჰაერო საფრთხეებთან გამკლავება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

 

ხულოს 7 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოში თოვლიან ამინდს სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, დღეს, 29 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო ავარიულად არის გათიშული ელექტროენერგია სოფლებში: აგარაში, რიყეთში, დანისპარაულში, ყინჩაურში, ფაჩხაში, ვერნებსა და წაბლანაში.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.

 

რუსეთს ქვეყნის სიღრმეში საჰაერო საფრთხეებთან გამკლავება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 29 დეკემბრის ანგარიში რუსეთის საჰაერო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმასა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის გამოწვევებს მიმოიხილავს.

26 დეკემბერს, დილით, თავდასხმა განხორციელდა „ენგელსის“ საჰაერო ბაზაზე რუსეთში. ბაზა საპორტო ქალაქ ენგელსში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 800 კილომეტრში, მდინარე ვოლგაზე მდებარეობს. ეს არის ბოლო სამ კვირაში განხორციელებული მეორე თავდასხმა ქალაქზე, სადაც განთავსებულია „ენგელს-2“ სამხედრო აეროდრომი, სტრატეგიული ბომბდამშენების საჰაერო ბაზა.

რუსული მედია იტყობინება, რომ ობიექტზე – რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების ფლოტის ერთ-ერთ მთავარ სამოქმედო ბაზაზე შეტევა დრონებმა განახორციელეს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მართალია, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხმელეთზე ბაზირებული მოწინავე საჰაერო თავდაცვის შენარჩუნება, მაგრამ ცხადი ხდება, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს თავისი ქვეყნის სიღრმეში საჰაერო საფრთხეებთან გამკლავება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური, რუსეთის სავარაუდო მთავარ გამოწვევად, თავისი ფლოტის თანამედროვე, საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე არსებულ მაღალ მოთხოვნას ასახელებს. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, მსგავსი დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგალითად, როგორიცაა SA-22 Pantsir, როგორც წესი, მთავარ როლს შეასრულებს უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, უზრუნველყოფენ როგორც კონკრეტული, მაგალითად, ისეთი სტრატეგიული ობიექტების დაცვას, როგორიც „ენგელსია“, ასევე უკრაინაში ფრონტის ხაზთან ახლოს საველე შტაბების დაცვას და  მათზე ახლა დიდი მოთხოვნაა.

26 დეკემბერს რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთმა აღნიშნულ სამხედრო ბაზასთან უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რასაც სამი რუსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერჯერობით არცერთ დამოუკიდებელ ექსპერტსა თუ მედიას არ დაუდასტურებია დრონის ჩამოგდება. შესაბამისად, გაურკვეველია მიაღწია თუ არა მან თავის საბრძოლო მიზანს.

რუსი მაღალჩინოსნების განცხადებით, ზარალი არ მისდგომია სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებულ არეალს.

26 დეკემბერს, კომენტარებში უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აიღო დრონთან დაკავშირებით, მაგრამ თქვა, რომ თავდასხმა იყო „შედეგი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს“.

„თუ რუსები ფიქრობდნენ, რომ ომი არ მოახდენდა გავლენას არავისზე (რუსეთის) შორეულ ზურგში ან სხვაგან, ისინი ღრმად ცდებოდნენ. ამიტომ, როგორც ვხედავთ, მსგავსი რამეები სულ უფრო ხშირად ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მხოლოდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“, – განაცხადა იჰნატმა.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდა 1 საათით გახანგრძლივდება – ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ხანგრძლივობა 5 საათი იქნება. წელს გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათი იყო, რის გამოც პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისთვის განკუთვნილ გეოგრაფიისა  და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში.

კერძოდ, გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად.

„მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკები, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი.

რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა“, – ამბობს ნაეკი.

ცვლილება დაგეგმილია კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით.

„შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“ დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“.

რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი – ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო.

პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია“.

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდები წელს პირველად ჩატარდა განსხვავებული ფორმატით.

მენტორის გამოცდას სულ 2 744 წამყვანი მასწავლებელი აბარებდა, თუმცა ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა.

რუსეთმა უკრაინაში 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა – პოდოლიაკი

დღეს, 29 დეკემბერს, დილიდან, უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ქვეყანას დილიდან რუსეთის ავიაცია ბომბავს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 120-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს უკრაინის ტერიტორიაზე.

როგორც ოპერატიული სამეთაურო „სამხრეთი“ წერს, განგაში თავდაპირველად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ამოქმედდა გამთენიისას, დილის 06:04 საათიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა დასავლეთ რეგიონებისა.

არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის აფეთქებების შესახებ იტყობინებიან კიევის, ხარკოვის, ოდესისა და სხვა რეგიონებიდან.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში დეკემბრის ბოლო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 –7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 31 დეკემბერს და 2023 წლის პირველ იანვარს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მეუღლის გაუპატიურებისა და შვილის ცემის გამო კაცს ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრის გაუპატიურების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტში ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და ამცირებდა მას. ასევე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებული გააუპატიურა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა და სცემდა არასრულწლოვან შვილს.

ბრალდებულის ქმედებით ორივე დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა“ – წერს პროკურატურა.

ამავე ინფორმაციით, პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის ორი წევრის, მათ შორის არასრულწლოვანის მიმართ) და 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პირი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარის, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე“.

2022 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით მას 2 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

ბახმუტთან რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ – ISW

„ომის კვლევის ინსტიტუტი“ (ISW) რუსეთ-უკრაინის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს და დასძენს, რომ რუსეთის იერიში ბახმუტის მიმართულებით კულმინაციას აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათ. თუმცაღა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა მაინც განაგრძოს არაეფექტიანი შეტევები.

ინსტიტუტი, უკრაინულ დაზვერვაზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე რუსული ძალები მცირე ჯგუფებით (10-15 ადამიანი) მოქმედებენ.

ამასთან, ინსტიტუტი წერს, რომ რუსული წყაროს თანახმად, ბახმუტის მიმართულებაზე „ვაგნერის ჯგუფი“ და რუსული სადესანტო ძალები მოქმედებენ და უკრაინელების გამოფიტვისკენ მიისწრფვიან, თუმცაღა თავადაც არიან მიახლოებული შესაძლებლობების მაქსიმუმს და ახალი ძალები სჭირდებათ.

ISW აგრეთვე იუწყება, რომ რუსეთი ლუგანსკის ოლქში გადამწყვეტი მოქმედებისთვის ემზადება, თუმცა უცნობია, ის თავდაცვითი იქნება თუ შეტევითი ხასიათის. ამჟამად გრძელდება რუსული ძალების მომარაგება ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. ბოლო დროს რუსული ძალები ლუგანსკში სანგრებს თხრიან და თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ, რაც შეიძლება ან შეტევითი ოპერაციისთვის მზადება, ანდაც უკრაინული კონტრიერიშის მოგერიებისთვის სამზადისი იყოს.

ნაკლებად სავარაუდოა რუსული იერიში ზაპოროჟიეს ოლქში – იქ უფრო თავდაცვითი ოპერაციებია მოსალოდნელი. ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ ოლქში შეტევაზე უკრაინა გადავა, თუმცა, ეს შეიძლება მალე არ მოხდეს არასახარბიელო ამინდის გამო.

კრემლი, თავის მხრივ, აგრძელებს უარის თქმას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე და აცხადებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გადაცემას.

„პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემას მოსკოვში აშშ-რუსეთის ურთიერთობების ესკალაციად აფასებენ და ამტკიცებენ, რომ რეალურად რუსეთი არა უკრაინას, არამედ აშშ-სა და დასავლეთს ეომებიან.

ინსტიტუტში არ მოელიან, რომ პუტინი ნატოსთან სამხედრო კონფრონტაციაზე წავა, ვინაიდან რუსეთი ძლივს აკავებს მხოლოდ უკრაინულ სამხედრო ძალებს და ნატოსთან სერიოზულ კონფლიქტს ვერ გაუძლებს. რუსეთის მიერ განზრახ ესკალაციას ანალიტიკოსები ძალზედ მოულოდნელად აფასებენ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 104 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790]
  • ტანკი – 3 018 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 6 047 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 004 ერთეული [+5]
  • MLRS – 423 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 268 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 717 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 675 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 179 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 354 თვითმფრინავი
  • 194 ვერტმფრენი
  • 2 741 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 296 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 953 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 742 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 810 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

დღეს, 29 დეკემბერს, უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში გამოცხადებულია საჰაერო განგაში. ქვეყანას დილიდან რუსეთის ავიაცია ბომბავს. განგაში ქვეყნის მასშტაბით გამთენიიდან ამოქმედდა.

ამავე თემაზე:

ანალიტიკოსები უკრაინის ომზე: რა იქნება 2023 წელს -BBC

ხულოს ორ სოფელში დენი გაითიშა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის დენი არ მიეწოდება სოფლებს: რიყეთსა და დანისპარაულს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამ სოფლებში დენი ავარიულად გაითიშა და ტექნიკური სამსახური მის აღდგენას ცდილობს.

ხულოს სოფლებში დღეს გადაუღებლად თოვს.

მოსწავლეები ბათუმში პიროტექნიკაზე წვდომის აკრძალვას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ ახალ წლამდე სამი დღით ადრე პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს ითხოვს. პეტიცია უკვე ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

„დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების, არაინფორმირებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო სამოყვარულო დონეზე გამოყენებული პიროტექნიკა საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „იდეატორი“ პეტიციის სახით წარმოგიდგენთ პიროტექნიკის თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ ინიციატივას.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სიახლე ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის საჭირო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას“, – წერია სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული პეტიციის აღწერაში.

იმისათვის, რომ მოსწავლეების პეტიცია აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს, მას მინიმუმ 200 ხელმომწერი უნდა ჰყავდეს.

სკოლის მოსწავლეები პიროტექნიკაზე დამატებითი რეგულაციების შემოღების აუცილებლობას იმით ასაბუთებენ, რომ ყოველ წელს არაერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი ზიანდება მისი გამოყენების შედეგად.

„საახალწლო პიროტექნიკის არასათანადო გამოყენების ან ხარისხის გამო ყოველწლიურად საქართველოში მრავალი ადამიანი ზიანდება. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. თბილისში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ჰოსპიტალიზებულია ექვსი პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით. 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით – 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოს მასშტაბით უკვე დაშავდა 81 ადამიანი. ანალოგიური სურათია ყოველ წელს. მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა დასჯადია, კანონის გვერდის ავლით ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია ისინი.

უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებასთან ერთად პიროტექნიკის მომხმარებლების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. პიროტექნიკის გამოყენება ხდება აივნებზე, ქუჩებში და საჯარო თავშეყრის ადგილებში, ამის გამო განსაკუთრებით დიდი ზიანი ადგება მათ გარშემომყოფი ადამიანების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას“.

მოზარდები პეტიციაში საუბრობენ გარემოს დაბინძურებასა და ცხოველების/ფრინველების საფრთხეებზე:

„ზიანი ადგება გარემოს და ეკოლოგიას, რადგან არაპროფესიონალების მიერ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰაერში იფრქვევა მავნე და ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს. მაღალი რისკის ქვეშ არიან ჩვილები და მოხუცები, მოულოდნელი „აფეთქების“ ხმამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები ჯანმრთელობის კუთხით.

ასევე დიდი საფრთხის ქვეშ არიან ცხოველები ხშირ შემთხვევაში ეს ლეტალურად სრულდება“.

___

ამავე თემაზე:

წელს საქართველოში 5 მილიონი დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში

როგორია მრავალშვილიანი ოჯახის წინასაახალწლო მზადება, რა სურვილები აქვთ ბავშვებს და ამ სურვილების ახდენას თუ ახერხებენ მათთვის მშობლები? – ამის შესახებ 7 შვილის დედას, 42 წლის გუგული მახარაძეს ვკითხეთ.

გუგულის ყველაზე უფროსი შვილი 22 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 6 წლის. გუგული გვიყვება, რომ სამმა უფროსმა შვილმა უკვე დაასრულა სკოლა და ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ და მუშაობენ. აქ ვერაფერს გააკეთებდნენ, არც უნდოდათ სოფელში ყოფნაო – ამბობს ის.

გუგულის 4 შვილი მოსწავლეა, ერთ-ერთი მათგანი უკვე აბიტურიენტია.

ოჯახი სოფელში, ხის პატარა სახლში ცხოვრობს.

„შვილები, რომლებიც მუშაობენ, გვეხმარებიან. ხანაც სოციალური დახმარება გვისწრებს და ასე ვყიდულობთ [საჭირო ნივთებს]. ვერ ვახერხებთ ყველა შვილის საჭიროების დაკმაყოფილებას.

ჩემი შვილები ხშირად მესაუბრებიან მათ სურვილებზე. ბევრი რამ უნდათ, მაგრამ ვერ ვყიდულობთ“, – ამბობს გუგული.

მრავალშვილიანი დედის თქმით, ახალი წლისთვის ბავშვებმა სახლში, კედელზე აწყვეს ნაძვის ხის ფორმა საახალწლო განათებისგან.

„ნაძვის ხე ბავშვებმა ააწყვეს. ამბობდნენ, ახალი სათამაშოები გვინდაო, მაგრამ ვერ ვახერხებთ ყიდვას. წელს საერთოდ არ შეგვიძენია ახალი სათამაშოები, ახალი განათება. წლების წინ შეძენილი სათამაშოები გვაქვს.

მე ვერ ვმუშაობ. ოჯახში დედამთილი მყავს, მოხუცი. ჩემი მეუღლეც თუ თურქეთში გადავიდა, ისაა“ – გვიყვება გუგული.

მისი თქმით, ადრე ბევრ საქონელს უვლიდნენ, მაგრამ ახლა იალაღებზე წასვლას ვეღარ ახერხებენ და იძულებული გახდნენ პირუტყვის რაოდენობა შეემცირებინათ.

კითხვაზე, თუ როგორი საახალწლო მაგიდა ექნება ახალი წლის ღამეს მრავალშვილიან ოჯახს, გუგული დუმს. მერე ამბობს, ძალიან მინდა შემდეგი წელი უკეთესი იყოსო და აგრძელებს:

„ძვირია. გაძვირდა ყველაფერი. ახალი წლის სუფრისთვის ვერ ვყიდულობთ პროდუქტებს. ჩვენს საახალწლო სუფრაზე სახლში გამომცხვარი ნამცხვარი გვექნება, სხვა ისეთი არაფერი. კიდევ, ხაჭაპურს გამოვაცხობთ“.

სალომე მე-11 კლასშია, იგი მრავალშვილიანი ოჯახის რიგით მეხუთე შვილია. ჩვენთან საუბრის დაწყებისას ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ინტერნეტი არ აქვთ.

„ბევრი სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რომელი გითხრათ. უფრო ტექნიკა: ტელეფონი, კომპიუტერი.

წელს, ჩემს ძმას შეხვდა კომპიუტერი, პირველკლასელია. იქამდე კომპიუტერი არ გვქონია და ახლა ეს ერთი კომპიუტერი გვაქვს ოთხივეს. ზოგჯერ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ ვერ გამოგვადგება, პირველ კლასელზეა მორგებული. ის პროგრამები არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება.

ტელეფონი ყველას არ გვაქვს. ჩემი ახალი წლის სურვილია ჩემს უმცროს ძმებსაც ჰქონდეთ ტელეფონი იმისთვის, რომ სადმე თუ წავლენ, მარტივად დავუკავშირდე“, – გვითხრა სალომემ.

მას ვთხოვეთ მისი უმცროსი ძმებისთვის ეკითხა, რა სურთ საახალწლოდ. მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა, 6 წლის წევრს პულტიანი მანქანა უნდა, ხოლო შემდეგ ძმას – ტელეფონი.

„ზოგჯერ გვქონდა ხოლმე ახალი წლის ღამეს ფეიერვერკები, მაშხალები. წელს არ გვაქვს ფული, რომ ვიყიდოთ“ – გვეუბნება სალომე საუბრის დასასრულს.

მახარაძეების ოჯახი

1 წლის სანდროს მკურნალობის გაგრძელება სჭირდება – დედა დახმარებას ითხოვს

ერთი წლის სანდროს აუცილებელი მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსისთვის ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება. სანდროს ექიმებმა ჰიდროცეფალიისა და მენინგიტის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს. სანდროს დედა, მაკა ზარანდია გვიყვება, რომ ამ დრომდე მან, სულ რაღაც ერთი წლისამ, უკვე ხუთი ოპერაცია გადაიტანა:

ბავშვს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და მას სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მისი მკურნალობა სახელმწიფომ  დააფინანსა, თუმცა არასრულად.

მაკა ამბობს, რომ იმ შედეგის შესანარჩუნებლად, რაც ჩვილმა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მიიღო, რეაბილიტაციის კურსის გაგრძელება აუცილებელია, რისთვისაც მას ამ ეტაპზე 3000 ლარი სჭირდება:

„ყველაფერი მოულოდნელად, მაღალი ტემპერატურით დაიწყო. ღამის მორიგე ექიმს რაღაც არ მოეწონა, ყიფლიბანდი აქვს დიდიო, შემდეგ რაღაც წამალი შეუყვანეს… 14 დღე ვიწექით მაღალი სიცხით. სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ, ანტიბიოტიკებს აძლევდნენ, მაგრამ ვერაფერმა უშველა. შემდეგ სხვა საავადმყოფოში გადავედით… საბოლოოდ მენინგიტი და ჰიდროცეფალია დაუდგინეს. ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში გავუკეთეთ ოპერაცია, ჰიდროცეფალიის მილი ჩავუყენეთ, ხუთი მცდელობა დასჭირდა, თუმცა შედეგი მოგვცა, ბავშვს სმენა და მხედველობა აღუდგა. ახლა რეაბილიტაცია გვჭირდება, ეს აუცილებელია“.

მაკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯიხაშკარში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, ხოლო მეუღლე პატიმარია:

„არავინ მყავს დამხმარე, არც სახლი მაქვს. ბავშვს სოციალური დახმარება – მხოლოდ 150 ლარი ერიცხება. კატეს და სხვა კვლევების საფასურს ჩვეულებრივად ვიხდი, შეღავათები არ მაქვს. ერთი თვე საერთოდ არ მიფინანსებდნენ ნაწილსაც კი, რადგან საავადმყოფოდან ბავშვი ჩემი ნებით წავიყვანე, ხელი მოვაწერე. თერაპიის მხოლოდ 10 ვიზიტს უფინანსებს მთავრობა, მაგრამ არ ჰყოფნის.“

მაკა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: „ჩემნაირი ნატანჯი დედის ლოცვა ასმაგად სიკეთით დაგიბრუნდებათ “

თუ მაკას და სანდროს დახმარებას გადაწყვეტთ:

საქართველოს ბანკი
თიბისი ბანკი
პ/ნ 19001068596
მიმღები – მაკა ზარანდია.

მინდა ბავშვები ქვეყნიდან წასვლაზე არ ოცნებობდნენ – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე ხულოდან

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების საჯარო სკოლის მოსწავლე, 16 წლის ლანა ჯორბენაძე საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო კონკურსის – „ჩემი გალაკტიონი“ – ერთ-ერთი გამარჯვებულია. ლანამ კონკურსისთვის გალაკტიონის ლექსზე – „რომელი საათია?“, ვიდეოკოლაჟი მოამზადა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული, შემოქმედებითი და ციფრული უნარების გამოვლენა-განვითარება იყო.

„როცა ამ ლექსს ვუსმენ, ასე მგონია, მარტო არ ვარ. კოლაჟი ფოტოებით, მუსიკის ავაწყვე და ჩემი ხმა დავადე, მე ვკითხულობ ლექსს. როგორც ჩანს, მოეწონათ. დამოუკიდებლად ვიმუშავე, დაახლოებით ორი დღე. ზოგადად, პოეზია მიყვარს და მეც ვწერ ლექსებს. გალაკტიონი ჩემი საყვარელი პოეტია, ამიტომ ვიფიქრე, რომ მიმეღო კონკურსში მონაწილეობა.

რატომ მიყვარს? – ალბათ იმიტომ, რომ მისი პოეზია ყველაზე უკეთ გვესმის მოზარდებს“ – გვეუბნება ლანა.

კონკურსზე ლანა ჟიურის რჩეული გახდა და საჩუქრად ვაუჩერი მიიღო წიგნების შესაძენად. „250 ლარიანი ვაუჩერი და დიპლომი მომცეს. მიხარია, რომ ბევრ საინტერესო წიგნს შევიძენ“ – გვეუბნება ის.

ლანამ გვითხრა, რომ გალაკტიონის „მესაფლავე“ მისთვის ყველაზე ემოციური ლექსია. ამბობს, რომ ეს ლექსი განსაკუთრებით მას შემდეგ შეუყვარდა, როცა ერთი წლის წინ მისი სკოლელი დაიღუპა. „ამ ლექსს ვუსმენდი ყოველღამე და ასე მგონია, მაშინ ყველაზე მეტად ეხმიანებოდა ჩემს განწყობას“ – ამბობს ლანა.

მას უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს.

„კარგი ქირურგი მინდა ვიყო, ისეთი, რომ უცხოეთშიც შევძლო წასვლა და მუშაობა. ახლობლების მოტივაციაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომლებიც მეუბნებიან, რომ მეტს ვიმსახურებ და მეტს მივაღწევ. ასე რომ, უნდა გავაგრძელო“ – ამბობს ლანა.

თუმცა ის გარემო, რომელიც სოფლის სკოლებშია, ლანას და მის თანატოლებს ნელი ნაბიჯით აახლოებს მიზანს.

„მინდა, რომ ჩვენს სკოლაში ინგლისურის კარგი მასწავლებელი გვყავდეს, ეს ძალიან დიდი პრობლემაა არა მარტო ჩემს სოფელში. მომავალში აბიტურიენტი ვიქნები და მომიწევს დამატებით მომზადებაც, რეპეტიტორების გამო ბევრი ბავშვი ხულოდან ბათუმში დადის მოსამზადებლად და კარგი იქნებოდა, ინგლისურის სპეციალისტები ხულოშიც რომ იყვნენ.

მე ექიმობას ვაპირებ და სკოლაში არ გვაქვს თუნდაც ქიმიის ლაბორატორია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სად ის, როცა შენი ხელით გააკეთებ ცდას და თვალით დაინახავ შედეგს და სად – მხოლოდ თეორიულად წაკითხული.

სკოლაში არც სპორტდარბაზი გვაქვს, დაბაში ჩავდივართ ბავშვები, რომ იქ ვითამაშოთ, ცეკვის კლუბიც არის იქ და ასე ვცდილობთ რაიმე საინტერესო აქტივობაში ჩავერთოთ“- გვეუბნება ლანა.

სკოლის გარდა ლანა და მისი თანატოლები არაფორმალური განათლებითაც არიან დაკავებული. ლანა ამბობს, რომ ხშირად საუბრობენ საქართველოს მომავალზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და გენდერულ თანასწორობაზე.

„საქართველოში დღეს მოზარდების ცხოვრება არ არის მარტივი. თუნდაც იმიტომ, რომ ნეგატიური გარემოა ირგვლივ. ხშირად ვკითხულობ ახალ ამბებში მოზარდების თვითმკვლელობაზე, მკვლელობაზე, სოციალურ გაჭირვებაზე და ეს ძალიან რთულია.

ძალიან მინდა, რომ თუნდაც 10 ან 20 წლის შემდეგ მაინც არ იყოს ასეთი მდგომარეობა, აქედან წასვლის ოცნება არ ჰქონდეთ ბავშვებს და აქ შეძლონ კარგი განათლების მიღებაც და კარგად ცხოვრებაც.

რუსეთ-უკრაინის ომში, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარეს ვართ და ჩემი აზრით, უკრაინა გაიმარჯვებს კიდეც.

რუსეთი რომ საქართველოსთვის საფრთხეა, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა მივცეთ რუსეთს ჩვენი წაშლის უფლება“ – გვეუბნება ლანა.

რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, ლანა ამბობს, რომ უფლებებზე მოზარდებსაც უწევთ ხოლმე დისკუსია და არის შემთხვევები, როცა უწევს იმის მტკიცება, რომ ქალი და კაცი თანასწორია.

„ჩვენ ყველანი თანასწორებად გავჩნდით და არ აქვს მნიშვნელობა რა სქესის ვართ. ის, რაც კაცს ეპატიება, ქალსაც უნდა ეპატიებოდეს. ჩემი აზრით, სადაც თანასწორობა და სამართლიანობა არ არის, იქ ცხოვრება ძალიან რთულია“- გვეუბნება ლანა.

როდის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – დეპარტამენტის განმარტება

ბათუმი-სარფის ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, 2024 წელს უნდა დაიწყოს, თუმცა ამ დროისთვის გზის საბოლოო პროექტიც კი არ არის მზად.

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ინფორმაცია – რომ 2024 წლისთვის დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა – უკვე მესამე წელია უცვლელად მეორდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონებში [ანალოგიური ჩანაწერი იყო 2021 და 2022 წლის ბიუჯეტებშიც].

ახალი მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერით უნდა შეისყიდოს. მოესწრება თუ არა ტენდერის გამოცხადება 2023 წელს? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გვაქვს.

„2023 წელს დაგეგმილია პროექტირების სამუშაოების დასრულება“, – გვითხრეს დღეს, 28 დეკემბერს, დეპარტამენტში – „ვიდრე პროექტი არ იქნება, ტენდერი ვერ გამოცხადდება“.

ბათუმი-სარფის მონაკვეთზე დეტალური პროექტი რომ მზადდებოდა, „ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტიდან ერთი წლის წინაც მოწერეს. პროექტის დასრულების შემდგომ კი, ტენდერის გამოცხადების თარიღი და ვადები უნდა დაეზუსტებინათ.

მაშინ დეპარტამენტიდან ისიც მოგვწერეს, რომ ახალი გზის მარშრუტი, ხიდებისა და გვირაბების სავარაუდო რაოდენობა [მათი სიგრძე] და განსახლების გეგმაც, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დასრულების შემდგომ დაზუსტდებოდა:

[toggle title=”ბიუჯეტში ჩანაწერების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]

2023 წლის ბიუჯეტი:

  • „გაგრძელდება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები; მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23-კმ-იანი მონაკვეთისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა; დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27-კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა; აგრეთვე დაიწყება ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით ავტომაგისტრალების მშენებლობა;“

2022 წლის ბიუჯეტი:

  • „გაგრძელდება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები; მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23-კმ-იანი მონაკვეთისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა; დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27-კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა; ასევე დაიწყება ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით ავტომაგისტრალების მშენებლობა;“

2021 წლის ბიუჯეტი:

  • „გაგრძელდება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები; მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23-კმ-იანი მონაკვეთისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა; დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27-კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა; ასევე დაიწყება ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოს და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით ავტომაგისტრალების მშენებლობა;“

[/toggle]

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება თავიდან 100 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო; 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა. ეს გზა იქნება ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელება, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან [ბათუმის ინდუსტრიული ზონა] თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე, თუმცა, დეპარტამენტში ამ დრომდე არ ასახელებენ ზუსტ მარშრუტს, თუ სად გაივლის ახალი ავტომაგისტრალი.

[yellow_box]სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი[/yellow_box]

ბათუმის შემოვლითი და ჭოროხი-სარფის გზების აშენებით, აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ „დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა… რის შედეგადაც თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3,5 საათი დასჭირდება“.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / არქივიდან / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
Exit mobile version