მთავარი,სიახლეები

„დეტალებში არ შევდივარ“ – როგორ უპასუხა კობახიძემ შეკითხვას ტარიელ ნაკაიძეზე

28.03.2023 • 2356
„დეტალებში არ შევდივარ“ – როგორ უპასუხა კობახიძემ შეკითხვას ტარიელ ნაკაიძეზე

„მაგაზე მე როგორ შეიძლება პასუხი გავცე, არ შეიძლება მე ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ,“ – უთხრა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ბათუმელებს“, რომელსაც დღეს, 28 მარტს, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვის მიკროფონის ჩარტყმაზე ვკითხეთ –  რადგან აგენტს უწოდებთ მუსლიმების ინტერესების დამცველ დეპუტატს, რომელი ქვეყნის აგენტია ტარიელ ნაკაიძე?

ირაკლი კობახიძეს ბათუმში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის შემდეგ ვესაუბრეთ. კონფერენცია დღეს, ბათუმში, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ირაკლი კობახიძემ არჩია ეს თემაც ოპოზიციისთვის დაებრალებინა, თუმცა ვერ ახსნა, რა არის „სპეკულაცია“, როცა მუსლიმების ინტერესების დამცველი დეპუტატისთვის აგენტის დაძახებასა და მიკროფონის ჩარტყმას რეაგირება არ მოჰყოლია, შემთხვევის მეორე დღეს კი, ირაკლი კობახიძემ თავად თქვა, რომ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია აქვს.

„…მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით  სპეკულირებას, მათ შორის, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ სპეკულირებას ამ თემით. სინამდვილეში რეალობა არის სხვა: ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფასს მუსლიმ თემს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის ლიდერს ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობს „საქმიანობაში“, რადგან ცნობილია, რომ ტარიელ ნაკაიძე ბოლო 20 წელია აქტიურად მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

„სააკაშვილზე რომ ვამბობთ, რომ დამნაშავეა, საქართველო უნდა დადგეს კუთხეში? რა სისულელეა. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„რით, კონკრეტულად?“ – გავუმეორეთ კითხვა მას.

„დეტალებში არ შევდივარ“ – გვიპასუხა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ მუსლიმი თემის მიმართ სიყვარულს და ერთგულებას საქმით ვამტკიცებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარტიული კონფერენციის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

„რომელი საქმით? ახალი მეჩეთი ვერ შენდება წლებია სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად“, – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს.

„რაც შეეხება ცალკეულ პერსონებს, მათი საეჭვო რეპუტაციის შესახებ შეგიძლიათ უფრო მეტი ჟურნალისტური გამოძიება აწარმოოთ,“ – ახალ მეჩეთზე კითხვას და კონკრეტიკას ასე აარიდა თავი თორნიკე რიჟვაძემ, დეპუტატისთვის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებით.

ამავე თემაზე: 

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: