მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

25.03.2023 • 2750
„ოცნება“ მზადაა, გააღვივოს რელიგიური შუღლი – რეაქციები პარლამენტში მიკროფონის ჩარტყმაზე

„ვინც მაგი თქვა, ის არის თვითონ აგენტი“ – გვითხრეს ბათუმის ახალ მეჩეთში, სადაც პარასკევის ლოცვაზე შეკრებილმა ადამიანებმა  ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ტარიელ ნაკაიძე 20 წელია მუსლიმი თემის ინტერესებს აქტიურად იცავს. ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში, მას 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს და კუთხეში დგომა ეკუთვნის.

ახალ მეჩეთში შეკრებილი ადამიანების გზავნილი მკაფიოა: „ოცნებას“ ლოგიკა აღარ ჰყოფნის და მუშტი-კრივზე გადადის, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ მუსლიმი თემის შეურაცხყოფა, არამედ პარლამენტის, ქვეყნის, სახელმწიფოს შეურაცხყოფა.

მლოცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ხედავენ, რომ რელიგიური შუღლის გაღვივების მიზანმიმართული ქმედება რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა, ამიტომაც, ტარიელ ნაკაიძე, პირველ რიგში, ამას შენიშნავს: „პატივსაცემია საზოგადოების რეაქცია, რომელმაც ეს საკითხიც სწორად გაიგო და არ გადაზარდა იმ თემაში, რაც საფრთხის შემცველია“.

„…გეუბნებით, რომ ისე უსამართლოდ იქცევიან, სიმართლის წინაშე ლოგიკა აღარ ჰყოფნით და მუშტი-კრივზე გადავიდნენ, ეს არის „ოცნების“ სახე… ეს უკვე ფიზიკური შეხლა-შემოხლის ადგილია და არა პარლამენტი. „ოცნება“ ყველგან მიდის ძალადობით. ეს არის ძალადობა მუსლიმ თემზე და ისეც, ეს არის სიმართლის წინაშე ძალადობა,“ – გვითხრა იოსებ აბაშიძემ, რომელსაც ბათუმის ახალი მეჩეთის ეზოში ვესაუბრეთ, პარასკევის ლოცვის დაწყებამდე.

მუსლიმებს აქვთ სხვა გზავნილებიც: „ახლა ზურგიდან ეპარება ხალხს „ოცნება“ და ისე ურტყამს, ეს კიდევ ერთი მოღალატეობრივი ფაქტია…“, „რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს დღეს ჩვენი ხელისუფლება,“„ვინც დღეს ხელისუფლებაზე ცუდს იტყვის, ყველას აგენტად აღიქვამს ხელისუფლება“, „ყველა ჩვენგანს ჩაგვარტყეს, მეც ჩამარტყეს,“ – გვითხრეს მეჩეთში შეკრებილმა ადამიანებმა.

გუშინ, 24 მარტს, პარასკევის ლოცვის შემდეგ ბათუმის ახალ მეჩეთში მლოცველებს მიმართა იმამმა თამაზ მგელაძემ და ტარიელ ნაკაიძეს სოლიდარობა გამოუცხადა:

„ეს თვე ქართველი მუსლიმებისთვის ძალიან მძიმე ფაქტებით დაიწყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კუთხის, ჩვენი ხმის, ჩვენი სიამაყის და ჩვენი ღირსეული წარმომადგენლის, ბატონ ტარიელ ნაკაიძის მიმართ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა ყველა მუსლიმის და ეთნიკური უმცირესობის შეურაცხყოფაა.

მინდა იცოდეთ, რომ ამ ადგილას, სადაც ჩვენ მშვიდად ვასრულებთ ღვთისმსახურებას, მისი წვლილი შეუფასებელია. დღეს რომ თავისუფლად შემიძლია საუბარი თქვენთან ამ ტრიბუნიდან, ესეც მისი დამსახურებაა. სრულ სოლიდარობას და გვერდით დგომას ვუცხადებთ ბატონ ტარიელს, რომელიც წლებია უმცირესობების უფლებებს შეუპოვრად იცავს,“ – აღნიშნა მიმართვის დროს თამაზ მგელაძემ.

იმამს ლოცვის დასრულების შემდეგ ჩვენც გავესაუბრეთ. თამაზ მგელაძემ ყურადღება გაამახვილა არა იმაზე, თუ რას უპასუხებდა ვიქტორ ჯაფარიძეს, სოზარ სუბარს ან ირაკლი კობახიძეს, არამედ იმაზე, რომ „ეს ქვეყანა ერთეულების არ არის“ და მოთმინებას იმსახურებს სოლიდარობა სხვა ადამიანებისგან.

„ჩვენ, მუსლიმებს, როგორც ამ ქვეყნის შვილებს, პასუხისმგებლობა გვაქვს გათვითცნობიერებული, მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი შევიკავოთ ისეთი მოწოდებებისგან, რომელიც ადამიანებში აღვიძებს შუღლს და ბოროტებას.

აქ თუ ერთეულებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ეს ქვეყანა ერთეულების არ არის, ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლოა და მაძლიერებს ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც გვერდში გვიდგანან, სხვა აღმსარებლობას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინც ჩვენს გვერდშია და გვამხნევებს, ეს არის ჩვენგან ასეთი მოთმინების და ასეთი ქმედების ღირსი,“ – აღნიშნა თამაზ მგელაძემ.

იმამის დაკვირვებით, ხელისუფლებას სურს ტალახის სროლით დააკნინოს და საბოლოოდ ყველა გააჩუმოს, ვინც მას აკრიტიკებს:

„ამ შემთხვევაში ტარიელის მიმართ ტალახის სროლის მიზანია ის, რომ რაღაცნაირად დააკნინონ, დააშინონ, რომ აი, მუსლიმების სიტყვა ვერ თქვას, მაგრამ ჩვენ ჩვენს ხმას არ დავაჩაგვრინებთ არავის.

რუსული კანონი ვერ გაიტანეს, მაქსიმალურად ამ საქმეში ჩართული ვიყავით მუსლიმებიც და ვაფიქსირებდით ღია პოზიციას, რომ არა რუსულ კანონს. ჩვენ თავისუფლება გვაქვს, რომელიც ჩვენი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს არ დაგვეშვა, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უმცირესობის ხმის ჩახშობა სცადა ამ ხალხმა,“ – დასძინა თამაზ მგელაძემ.

„ეს ნაბიჯები არის ღიად დაანონსებული რეპრესიები,“ – მიიჩნევს მაკო ღავთაძე, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი. მას არ უკვირს მუსლიმი თემის დამოკიდებულება დღეს, როცა ამ თემის ხმას პარლამენტში მიკროფონს ურტყამენ – მაკო ღავთაძე ახალი მეჩეთის ისტორიას გვახსენებს – ასეულობით მუსლიმი ახლაც ღია ცის ქვეშ ლოცულობს იმიტომ, რომ ბათუმის მერია დემონსტრაციულად არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მე არ მგონია, რომ ამ სიძულვილმა გაიმარჯვოს. იმედიანად ვარ იმ საზოგადოების სწორი პოზიციის გამო, სწორ მხარეს დგომის გამო, რაც ნამდვილად აჩვენა საზოგადოებამ ბოლო დღეებში და რასაც მუსლიმები აჩვენებენ წლებია,“ – გვიყვება მაკო ღავთაძე, TDI-ის წარმომადგენელი. – „რა თქმა უნდა, ბრაზიც აქვთ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ დინჯად და მოთმინებით მიჰყვებიან ისინი ამ პროცესს.

ესეც კარგი მაგალითია, ვის უწოდებენ მოღალატეს და აგენტს, როდესაც მუსლიმები პირნათლად იცავენ კონსტიტუციას და პატივს სცემენ კანონმდებლობას და მოთმინებით პასუხობენ სრულიად დაუმსახურებელ ჩაგვრას, ცდილობენ, რომ სასამართლოს გზით მიჰყვნენ ამ ყველაფერს,“ – ამბობს მაკო ღავთაძე.

TDI-ის წარმომადგენელი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – ტარიელ ნაკაიძე პირველი ადამიანია ბოლო პერიოდის პარლამენტში, ვინც მუსლიმი თემის ხმაა.

„და არა მხოლოდ მუსლიმების, ის თანაბრად ექომაგება ყველა ჩაგრულ ადამიანს, ეს არის, ფაქტობრივად, ყველა უმცირესობის ხმა პარლამენტში… ეს იყო შეურაცხყოფა არა ტარიელ ნაკაიძის, ამ შემთხვევაში შეურაცხყოფილი და უღირსია ის, ვინც მას მიკროფონი ჩაარტყა, ან კუთხეში დადგომისკენ მოუწოდა.

სახელმწიფომ შექმნა 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელმაც მოამზადა სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, განსაკუთრებით კი, საზღვრისპირა მცხოვრები უმცირესობები, წარმოადგენენ საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. რამდენი მოქალაქე და ჯგუფია საზღვრისპირა რეგიონებში? ფაქტობრივად, ნახევარ საქართველოზე მეტს ეს იარლიყო მიაკრეს: „საფრთხის შემცველი“. ხელისუფლება ღიად გადავიდა უკვე ამ რიტორიკაზე,“ – გვითხრა მაკო ღავთაძემ.

პარლამენტში მომხდარი ამბის შეფასება აჭარის რეგიონის დეპუტატებსაც ვთხოვეთ. რესან კონცელიძემ და ზაალ მიქელაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებები უპასუხოდ დატოვეს.

„არ ვიყავი იმ დღეს მე პარლამენტში, ხულოში ვიყავი. არ უნდა მოხდეს ასეთი დაპირისპირება, არაა მისაღები. მე მიზეზი არ ვიცი, თავი და ბოლო მათი გასარკვევია“, – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ. მას შევახსენეთ, რომ პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ჩაარტყეს მიკროფონო მუსლიმი თემის დამცველ დეპუტატს და აგენტი უწოდეს.

„არ უნდა მოხდეს თემა და ვინაიდან მოხდა, მათი გასარკვევია,“ – ანზორ ბოლქვაძემ ისევ სცადა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ვიწრო, პირად კონფლიქტად წარმოეჩინა, – „რატომ უნდა ჰქონდეთ პიროვნული, მაგინი ერთად იჯდენ, ერთად ლაპარაკობდნენ, ერთ რიგში ზიან… ალბათ დარტყმამდე მოხდა რაღაც, მე ხომ გამომძიებელი არ ვარ? ეს ჩემი საქმე არ არის,“ – გვითხრა დეპუტატმა.

„ის, რაც პარლამენტში მოხდა, არ ვიცი, რამდენად გააზრებული ჰქონდა 9 განდეგილს, მაგრამ როცა მეორე დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და თქვა, კუთხეში უნდა დადგეს ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაცია აქვსო, დავრწმუნდი, რომ ეს უკვე არის სახელმწიფო პოლიტიკა,“ – გვიყვება ხათუნა სამნიძე, პარლამენტის წევრი და „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე.

ხათუნა სამნიძეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად შესაძლოა რელიგიური შუღლის გაღვივებაზეც წავიდეს.

„შენც იმავე ქვეყნის ჯაშუში ხარ და კარგად იცი, რომელი ქვეყნისო, მეუბნებოდნენ იმ დღეს. კობახიძის გამოსვლამ კი დამარწმუნა, რომ „ოცნება“ მზადაა, ძალიან სერიოზული თემა ჩამოკიდოს ჰაერში, რასაც ჰქვია რელიგიური შუღლის გაღვივება, კუთხური პრობლემატიკის წინ წამოწევა. „ოცნებამ“ იცის, რომ ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება ასე, რეპლიკები ისროლო, თავს დაესხა, კუთხეში დააყენო და ამან თავი არ იჩინოს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ძალიან ახლოსაა რუსულ პროპაგანდასთან. რუსული პროპაგანდა სწორედ რომ შუღლის გაღვივებაა, კუთხური დაპირისპირება, ასე რომ, არა მგონია, ეს გაუაზრებლად ხდებოდეს. ეს რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა.

სადაც დავით-გარეჯი იყო თემა და ადამიანებს ციხეში აგზავნიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რა თქმა უნდა, შუღლის გაღვივება უნდა იყოს დღის წესრიგში, დღეს თუ არა, ხვალ დასჭირდებათ,“ – გვითხრა ხათუნა სამნიძემ.

„ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი,“ – ტარიელ ნაკაიძის დაკვირვებით, ხელისუფლება მზადაა, ყველაფერზე წავიდეს ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, – „ესენი არიან გაქცეული, შეშინებული და კუთხეში მიმწყვდეულები, საშიშ მდგომარეობაში არიან.

ესენი ხომ ყველაფერს რუსულს აკეთებენ? – ამიტომაც არიან საშიშები. ცდილობენ, დაყონ საზოგადოება და ერთმანეთს დაუპირისპირონ. მე თუ მკითხავთ, მიტინგებზე მეტად, ამ დროს უფრო საშიშია ხელისუფლება. მათ ყველა გზა მოჭრილი აქვთ და იმედი აღარ აქვთ.

ისინი ცემა-ტყეპასაც გააგრძელებენ პარლამენტში, რადგან ლოგიკურად როცა ვინმე საუბრობს, ვერ პასუხობენ, სხვა, ალტერნატიული გზა მათი გადმოსახედიდან აღარ არსებობს, ან მიკროფონი უნდა ჩაგარტყან, ან რამე მსგავსი ქნან.

იქნებ „ოცნების“ შიგნითაც აღმოჩნდეს ვინმე  და თქვას, რომ ეს არ შეიძლება, რადგან ვერ გამაჩუმებენ და ჩემი ხმა არ ჩაიხშობა, დარწმუნებული უნდა იყვნენ. მე სხვა გზა არ მაქვს,“- უთხრა ტარიელ ნაკაიძემ „ბათუმელებს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: