კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი

29.03.2023 •
ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი

სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი.

აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

გამარჯვებული ასევე ვალდებული იქნება ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, აჭარის მუზეუმის მიერ გადაცემული პროექტის საფუძველზე, აიღოს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.

კინოს მუზეუმი ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში, ყოფილი აბანოების შენობაში უნდა მოეწყოს. ყოფილი აბანოს შენობა კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [აღნიშნულ შენობაში, 550 ათას ლარად, ადრე „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა იგეგმებოდა].

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელს 2023 წელს არაუმეტეს 1 000 000 ლარს აუნაზღაურებენ, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2024 წელს.

საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება შენობის რეაბილიტაცია, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 999 ლარად შეისყიდა:

რეაბილიტაციის „შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას:
1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით
2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი
3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა
4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.“ – აღნიშნულია პროექტში.

2022 წლის 24 მარტიდან 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში ტენდერი აჭარის მუზეუმმა ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.

ბათუმის კინოს მუზეუმის შენობის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/407663/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: