მთავარი,სიახლეები

რა ხდება, თუ ავარიულ სახლში ბინა იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამა ბათუმში

28.03.2023
რა ხდება, თუ ავარიულ სახლში ბინა იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამა ბათუმში

ბათუმში, ავარიული სახლების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად იპოთეკით დატვირთული ბინები განიხილება.

ავარიული კორპუსების უმრავლესობაში, რომელთა ჩანაცვლებასაც მერია პროგრამის ფარგლებში გეგმავს, იპოთეკით დატვირთული ბინებიც არის.

ჩანაცვლების წესის მიხედვით „ავარიული სახლის ჩანაცვლება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი შემადგენელი ერთი ან რამდენიმე საკუთრების ობიექტი წარმოადგენს იპოთეკის საგანს“.

ასეთ შემთხვევაში, ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების გარდა, ბინის მესაკუთრემ დამა­ტებით უნდა წარადგინოს იპოთეკარის წერილობითი თანხმობა პროექტის ფარგლებში იპოთეკის საგნის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი სახლის აშენებაზე.

ასეთ დროს იპოთეკარის უფლება გავრცელდება ჩანაცვლებით მიღებულ ქონებაზე, ანუ იპოთეკით იტვირთება მესაკუთრისათვის გადასაცემი სანაცვლო ქონება.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარმა დატვირთული ბინა გაყიდა, ანუ ქონება გასხვისდა მესამე პირზე, მერია უზრუნველყოფს ახალი მესაკუთრის ჩანაცვლებას პროექტში, იმავე პირობებით, რაც ჰქონდა თავდაპირველ მესაკუთრეს.

ბათუმის მერია განმარტავს, რომ ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ სხვა გარემოებებიც გამოიკვეთა, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირო­ბებსა და პროცედურას არეგულირებს.

შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.

წესის შესაბამისად, ავარიული სახლების ჩანაცვლება განიხილება, თუ შენობა ავარიულია და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა, ხელმოწერის ნამდვილობა კი დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით.

ამავე თემაზე:

რა ელით მათ, ვინც დაურეგისტრირებელ ავარიულ სახლში ცხოვრობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: