მთავარი,სიახლეები

ბათუმში „ოცნების“ კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

28.03.2023 • 1408
ბათუმში „ოცნების“ კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

დღეს, 28 მარტს, ბათუმში, დრამატულ თეატრთან, „ქართული ოცნების“ კონფერენციის პარალელურად მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდვია.

ბათუმის დრამატულ თეატრთან იმყოფებიან „ოცნების“ აქტივისტებიც, რომლებიც სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ალტერნატივას“ წარმომადგენლებს და დაუხიეს პლაკატები.

„ოცნების“ მხარდამჭრებს შორის არიან საჯარო მოხელეებიც, მათ შორის გიორგი გიორგაძე, ბათუმის მერიის შპს-ეს, „ბათუმის წყლის“ თანამშრომელი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა პროსახელისუფლებო აქციების დროს.

„ოცნების“ აქტივისტები „ალტერნატივას“ წევრებს ამ დრომდე [12:50 სთ] სთხოვენ დატოვონ საჯარო სივრცე.

მიუხედავად აშკარა დაპირისპირებისა, პოლიცია ადგილზე არ გამოჩენილა. ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილება დაპირისპირების ადგილიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარეობს.

„ქართული ოცნების“ შეხვედრა ბათუმში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა ადგილიდან:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: