მთავარი,სიახლეები

„ბენზეში“ პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება

29.03.2023 • 1996
„ბენზეში“ პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა განიხილება

ბათუმის მერია თამარის დასახლებაში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საფეხმავლო ხიდის მოწყობის საკითხს განიხლავს.

ხიდის მშენებლობის  ნებართვის მოთხოვნით მერიას შპს „თაუერ ჯგუფმა“ მიმართა. კომპანია ოდისეი დიმიტრიადის #1ა-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

მერია განმარტავს, რომ მშენებარე ობიექტის წინ [ბათუმი ცენტრალის მიმდებარედ], ავტომაგისტრალზე, ინტენსიური მოძრაობაა, რაც  შემაფერხებელი გარემოებაა ქვეითად მოსიარულეთა  უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით კი, სანაპირო ზოლთან უსაფრთხოდ მისვლის თვალსაზრისით.

„ამ ფაქტორების გათვალისწინებით მათ მიერ შემუშავებულ და განსახორციელებელ პროექტში გათვალისწინებული იქნა ევროსტანდარტების შესაბამისი ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.“ – განმარტავს მერია.

მერიას შესაბამისი ნებართვის გასაცემად საკრებულოს თანხმობა სჭირდება, რადგან ხიდის მშენებლობისთვის კომპანიამ ნაწილობრივ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია უნდა გამოიყენოს:

„გადასასვლელი ხიდის საწყისი წერტილი იქნება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ხოლო ხიდის საყრდენი კონსტრუქცია უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე“.

მერიის ინფორმაციით ხიდი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია ასევე წერს, რომ კომპანია გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებს დაასრულებს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ექვს თვეში.

კომპანიამ მერიას წარუდგინა ასევე პროექტის საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კონსტრუქტორი რევაზ კახიძე.

საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში საკრებულო თანხმდება კომპანიამ გამოიყენოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ხიდის საყრდენების განსათავსებლად შემდეგი პირობებით:

  • გადასასვლელი ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის;
  • ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს;
  • გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დაასრულებს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 6 თვეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: