მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

წონის კლებასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც კვებითი აშლილობის კატეგორიაში შედის

29.03.2023 •
წონის კლებასთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებიც კვებითი აშლილობის კატეგორიაში შედის

კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევები აქვს. მაგალითად, ჭამის შემდეგ მექანიკურად იწვევს ღებინებას ან ბოროტად იყენებს საფაღარათო საშუალებებს, წონაზე ზემოქმედების მიზნით.

სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირად მოზარდ და ახალგაზრდა ქალებს აზიანებს.

საქართველოში კვებითი აშლილობები სათანადოდ ნაკვლევი არ არის, შესაბამისად უცნობია ქვეყანაში ამ მხრივ დაავადებების გავრცელება. თუმცა, თუ საერთაშორისო სტატისტიკას გადავხედავთ, ნერვული ანორექსიის და მასთან ასოცირებული აშლილობის აშშ-ს ეროვნული ასოციაციის ცნობით, კვებითი აშლილობები მთელ მსოფლიოში მოსახლეობის 9%-ს მაინც აწუხებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კვებითი აშლილობა 2019 წელს 14 მილიონ ადამიანს განუვითარდა გლობალურად, მათ შორის, თითქმის 3 მილიონი ბავშვი და მოზარდია. 

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ჩამონათვალში, რომელშიც განსაზღვრულია ის ფსიქიკური დაავადებები, რომელთა მკურნალობაც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კვებითი აშლილობა არ არის შეტანილი.

კვებითი აშლილობები აერთიანებს რამდენიმე დიაგნოზს, მათგან ყველაზე ცნობილია ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და უზომო/უკონტროლო, იგივე „ბინჯ“ კვება.

გარდა ამ სამი ძირითადი ფორმისა, არსებობს კვებითი აშლილობების ე.წ. ქვეტიპებიც, მაგალითად, „გაწმენდითი აშლილობა“, რომელიც ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში [DSM-5] აღწერილია, როგორც თვითგამოწვეული ღებინება ან საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება მიღებული [თუნდაც მცირე რაოდენობის] საკვების ორგანიზმიდან ხელოვნურად/სწრაფად გამოდევნის მიზნით.

ეს დიაგნოზი განსხვავებულია ბულიმიისგან, რომელიც შედარებით უფრო ცნობილი დიაგნოზია და რომლის დროსაც ორგანიზმის ამ ფორმით „გაწმენდას“ წინ უსწრებს საკვების დიდი რაოდენობით მიღების ეპიზოდი.

ამ ტიპის აშლილობა არ არის შეტანილი, როგორც ოფიციალური აშლილობა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში [DSM-5]. ის უფრო შესულია, როგორც აღწერილი მდგომარეობა „სხვა, განსაზღვრული კვებითი აშლილობის (OSFED) კატეგორიაში”. ეს კატეგორია გამოიყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი კვებითი აშლილობების აღსაწერად, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კვების პირველადი აშლილობის [როგორიცაა ბულიმია, ანორექსია ან ბინჯ კვება] დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

კვლევა: გაწმენდითი აშლილობა ყოველწლიურად აზიანებს მოზარდების დაახლოებით 2.5%-ს და უფრო გავრცელებულია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.

„ამოცნობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ბარიერი ამ კვებითი აშლილობის მკურნალობისთვის“ – წერია გაწმენდითი აშლილობის შესახებ კვლევაში. კვლევის ავტორია პროფესორი პამელა კილი, რომელმაც ეს აშლილობა DSM-5-ის ქვეკატეგორიად მონიშნა.

ამავე კვლევაში წერია, რომ უშუალოდ ეს კვებითი აშლილობა გავლენას ახდენს მოზარდი ქალების 2.5-დან 4.8%-მდე პოპულაციაზე.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ კვებითი აშლილობის დროს, კვებასთან დაკავშირებული სხვადასხვა არაჯანსაღი ქცევის შედეგად, ადამიანებს უვითარდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან და ელექტროლიტების დისბალანსთან. 

ექიმის განმარტებით, ღებინების რეფლექსის ხშირი გაღიზიანებით შეიძლება პაციენტს დარჩეს ღებინების შეგრძნების ეპიზოდები ხანგრძლივად.

„ასევე, მექანიკური ზემოქმედების შედეგად ინფექციის შეტანის რისკი იზრდება, რადგან ხდება საყლაპავის ტრავმა, პირ-ხახის გაღიზიანება“ – ამბობს ის და განმარტავს:

„მაგალითად, რომ ავიღოთ კუჭის ანთებითი პროცესი, გასტრიტს ახასიათებს ღებინების შეგრძნება და როცა ვმკურნალობთ გასტრიტს, მასთან ერთად ქრება ღებინება და შეგრძნების სიმპტომიც. მაგრამ როცა ეს არის გამოწვეული ფსიქოემოციური ფაქტორით, რომც არ გამოიწვიოს ღებინება, ღებინების შეგრძნების ეპიზოდი შესაძლოა მაინც დარჩეს პაციენტს, რადგანაც ამდენი მექანიკური ზემოქმედებით გაღიზიანების შედეგად მდგომარეობა უფრო ქრონიკულ ხასიათს იღებს“. 

თამარ გორგოშაძე

გასტროენტეროლოგი ასევე განმარტავს, რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება და ამბობს, რომ ორგანიზმში ელექტროლიტების შემცირებისა და მინერალური ბალანსის დარღვევის გარდა, შესაძლოა პაციენტს განუვითარდეს გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი:

„საფაღარათო საშუალება ნაწლავის ტონუსს ერთჯერადად ააქტიურებს და შემდეგ ითრგუნება, ხშირად გამოყენების შემთხვევაში კი ნაწლავი დუნდება და ვიღებთ გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომს. გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი ნიშნავს, რომ ნაწლავს აღარ აქვს პერისტალტიკის უნარი, რომ ნაწლავში არსებული მასები გადააადგილოს”.

როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქოლოგი/ფსიქიატრი ქეთი დიასამიძე განმარტავს, კვებით აშლილობას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, თუმცა დიაგნოზის დასმა და მკურნალობის პროცესის წარმართვა, პირველ რიგში, ფსიქიატრის კომპეტენციაა.

მულტიპროფესიული გუნდი, ვინც ასეთ პაციენტთან მუშაობს, ფსიქიატრის გარდა უნდა მოიცავდეს, საჭიროების მიხედვით, გასტროენტეროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალის ჩარევას. 

ქეთი დიასამიძე

„ძირითადი დატვირთვა ამ შემთხვევაში მოდის ფსიქიატრიაზე; მკურნალობაც კომპლექსურია, ფსიქოთერაპიული და მედიკამენტური თერაპიით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოგანათლება, თავისი პრობლემის შესახებ” – ამბობს ქეთი დიასამიძე.

ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ მის გამოცდილებაში ასეთი პაციენტი ორჯერ მათივე კლინიკის სხვა პროფილის ექიმმა გადმოამისამართა, რადგან პაციენტები ასეთი მდგომარეობით იშვიათად განიხილავენ ამ მდგომარეობას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემად.

ყველა კვებითი დარღვევა ვლინდება სხვადასხვა ფიზიკური, ემოციური და ქცევითი სიმპტომებით.

ქეთი დიასამიძე ამბობს, რომ როგორც კი სურვილი გვიჩნდება, რომ ერთი გემრიელი ულუფის შემდეგ პირღებინება გამოვიწვიოთ, ეს უკვე პათოლოგიაა:

„როგორც კი ასეთი სურვილები ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ დახმარება გვჭირდება” – ამბობს ქეთი დიასამიძე.

BulimiaProject-ი წერს, რომ სხვებში „გაწმენდითი აშლილობის“ ამოსაცნობად ყურადსაღებია შემდეგი ძირითადი ნიშნები:

გაწმენდის ქცევის განმეორებადი ეპიზოდები წონის დაკლების მცდელობისას, რასაც შეიძლება მიანიშნებდეს ჭამის შემდეგ ტუალეტში შესვლა, ღებინების ნიშნები, დიდი ხნის განმავლობაში ჭამაზე უარი და ა.შ.; ასევე, სხვებთან ერთად და სოციალურ სიტუაციებში ჭამაზე თავის არიდება; კვების რიტუალების შემუშავება, როგორიცაა, მაგალითად, გადაჭარბებული ღეჭვა და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: