მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

30.12.2021 • 2972
კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება.

საქართველო / წყარო: NCDC

NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8024 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.

საქართველოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითქმის ყველა ლოკალიზაციის კიბოს ინციდენტობა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, ნაკლებია ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით და უახლოვდება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს. ამასთანავე, საქართველოში კიბოს ინციდენტობა  100 000 მოსახლეზე 188.8-დან 257.1-მდე მერყეობს, რაც ჯანმოს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს რუკაზე, საქართველოს კიბოთი ავადობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებში აქცევს მსოფლიოს მასშტაბით.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კიბოს შემთხვევათა ზრდა გამოწვეულია როგორც გარემოს, ისე ცხოვრების არაჯანსაღ წესთან დაკავშირებული ფაქტორების კომბინაციით, ასევე სკრინინგისა და დიაგნოსტიკის თავისებურებებით. 

მაგალითად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ცნობით, შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში კიბოთი გამოწვეული სიკვდილი განპირობებულია რისკის ხუთი ძირითადი ფაქტორით, რაც ქცევას და კვებით რაციონს უკავშირდება. ეს არის:

  • სხეულის მასის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი [ჭარბი წონა]
  • ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დაბალი დონე
  • ფიზიკური აქტივობის არარსებობა
  • ალკოჰოლისა
  • და თამბაქოს მოხმარება

რაც შეეხება გარე აგენტებს, ესენია: 

  • ფიზიკური კანცეროგენები – ულტრაიისფერი და მაიონებელი გამოსხივება
  • ქიმიური კანცეროგენები – აზბესტი, თამბაქოს კვამლის კომპონენტები, აფლატოქსინი (კვების დამაბინძურებელი) და დარიშხანი (სასმელი წყლის დამაბინძურებელი)
  • ბიოლოგიური კანცეროგენები – გარკვეული ვირუსების, ბაქტერიების ან პარაზიტების ინფექციები    

საქართველოში კიბოთი ავადობის ახალი შემთხვევები ზოგიერთ რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად, იმერეთსა და აჭარაში.

ინფოგრაფიკა მოიცავს 2021 წლის წინასწარ მონაცემებს / წყარო NCDC

ინფოგრაფიკა არ მოიცავს დედაქალაქში გამოვლენილ შემთხვევებს / წყარო NCDC

2020 წელს ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 54% აღირიცხა ქალებში, 46% – კაცებში.

ახალი შემთხვევების 68% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან (30-70 წელი) ასაკობრივ ჯგუფში; შემთხვევათა 28% – 70 წლის და უფროს ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის ახალი შემთხვევების 1%.

რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 24%.

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეებით ავადობის ტვირთში გარე დამაბინძურებლების როლი სათანადოდ გამოკვლეული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ათასობით ტონა აზბესტის პროდუქცია შემოდის. აზბესტის გამოყენება ამ დროისთვის 50-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული.  საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 106 700 აშშ დოლარის ღირებულების აზბესტის შემცველი პროდუქცია შემოვიდა. ვრცლად →

ამავე თემაზე: კიბოს გამომწვევი ნივთიერება, რის გამოც ქართული თხილის პარტია ევროკავშირიდან მოაბრუნე

NCDC: სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო ქალებში: სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი და კოლორექტუმი.

სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო კაცებში: წინამდებარე ჯირკვალი, ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი და კოლორექტუმი.

ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად, ოფიციალური მონაცემებით, 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სკრინინგპროგრამის მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება.

2020 წელს დაავადების I და II სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 41.6%; III და IV სტადიებზე – 41.4%, დანარჩენ შემთხვევებში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული.

ონკოლოგი თემურ გოგიტიძე ამბობს, რომ ეროვნული სკრინინგის პროგრამას დახვეწა სჭირდება.

„სკრინინგი მოიცავს ძალიან ცოტა რაოდენობის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკას. საჭიროა, რომ ადრეული დიაგნოსტიკის  მეთოდების ორგანიზება მოხდეს საოჯახო მედიცინის ფარგლებში, ოჯახის ექიმებს უნდა ჰქონდეთ საშუალება და ცოდნა იმისთვის, რომ დაეხმარონ ადამიანებს, დაგეგმონ სწორად დიაგნოსტიკა, ჩაიტარონ კვლევები, დროულად მიმართონ სპეციალისტს და არ დაიკარგონ თვეები და წლები რაღაცის დიაგნოსტიკაში. 

რთულია ცვლილებები სახელმწიფო მანქანაში, მაგრამ ნელ-ნელა განახლებაა საჭიროა. იმავე მეთოდებით მუშაობა, რაც გვქონდა 15 წლის წინ, როცა იწყებოდა სკრინინგის პროგრამა, ნამდვილად არ  ქმნის არანაირ საფუძველს იმისათვის, რომ მივიჩნიოთ თითქოს რაღაცას კარგად ვაკეთებთ.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, არის უკვე არსებული და გამოცდილი პროგრამების ინტეგრირება საქართველოში. მაგალითად, ევროპაში ფარისებრსა და პროსტატაზე არ არის რეკომენდებული სკრინინგი PSA საშუალებით [კიბოს სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა], რადგან ამას მოჰყვება ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური შეცდომები და, ასევე, იმ შემთხვევების გამოვლენა, რომელთაც მკურნალობაც კი არ სჭირდება.

რატომღაც ისე მოხდა, რომ სკრინინგის პროგრამის დიზაინის ნაწილი არ დაემთხვა საერთაშორისო სტანდარტებს, ცოტა მოგვიანებით იყო შემოღებული ის, რაც მაგალითად, აშშ-ში უკვე აღარ იყო აქტუალური,“  – ამბობს თემურ გოგიტიძე.

თემურ გოგიტიძე

გარდა ამისა, ონკოლოგების შეფასებით, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის მიმართვიანობის გასაზრდელად საჭიროა ისეთი  ეფექტური გზების გამოყენება, როგორიცაა შესაბამისი ასაკის/რისკჯგუფის მოქალაქეებამდე ინდივიდუალური შეტყობინებების მეთოდი.

„სკრინინგი ჩვენთან არსებობს, მაგრამ ეს არ არის დაგეგმილი სკრინინგი.

მაგალითად, ინგლისში არსებობს სპეციალური რეესტრი, სადაც აღწერილია მოქალაქის ასაკი. როცა ადამიანი ხდება, დავუშვათ, 40 წლის, მას ოჯახის ექიმისგან მიდის წერილი, თქვენ უკვე გეკუთვნით ამ წლის განმავლობაში სკრინინგი. უნდა ითვლებოდეს  იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ამ წლის განმავლობაში, მაგალითად, ბათუმში შეუსრულდათ 40 წელი და უნდა მოვიდნენ გამოკვლევაზე, წლის ბოლოს კი უნდა კონტროლდებოდეს/ითვლებოდეს, მოვიდნენ თუ არა ეს პირები სკრინინგზე.

გამოძახების სისტემა უნდა არსებობდეს თავისი აღრიცხვიანობით. საქართველოში ხდება მხოლოდ თავისით მოსული ადამიანების დიაგნოსტიკა, ძუძუზე, საშვილოსნოზე, ნაწლავსა და პროსტატაზე. ეს  4 მიმართულებაა ძირითადად,” – ამბობს თემურ გოგიტიძე.

ონკოლოგი ასევე ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესის – რაც კიბოს პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება – პროპაგანდა ძალიან სუსტია:

„ჩვენთან ეს უნდა იყოს გაათმაგებული, ვიდრე ბევრ ევროპის ქვეყანაშია. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან ასეთი საკითხების ძალიან ეფექტური პროპაგანდის მაგალითია ღვედის გაკეთების კამპანია. ვიცით, ადრე ღვედს არავინ იკეთებდა და ამ საკითხების წამოწევითა თუ მკაცრი კონტროლით ეს ცნობიერება შეიცვალა.

ცხოვრების ჯანსაღ წესთან, რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმი ვერ იმუშავებს, მაგრამ მანამ, სანამ ამაში სახელმწიფო და მედია ძალიან აქტიურად არ ჩაებმება, პრობლემა თავისით არ მოგვარდება.

ჯანსაღი ცხოვრების უფრო აქტიური პროპაგანდა ძალიან სასარგებლო იქნებოდა, თუნდაც ბაღებსა და სკოლებში ისეთი პროგრამების ინტეგრირების ფორმით, რომლებიც ბავშვობიდან მიაჩვევდა ადამიანებს  ჯანსაღ ქცევებს“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: