ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

29.12.2020
ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი ლარია.

მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა – 25 ათასი ლარით და 40 ათასი ლარით, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა.

„ორივე მათგანში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ თითო პრეტენდენტმა და მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების კინომუზეუმის კონცეფციასთან შეუსაბამობის გამო, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, დასრულდა უარყოფითი შედეგით – პრეტენდენტები დაექვემდებარნენ დისკვალიფიკაციას. საგულისხმოა, რომ უნდა შეიქმნას თანამედროვე სამუზეუმო სივრცე და სწორედ ამის გამო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს საავტორო იდეას და კონცეპტუალურ გადაწყვეტას“, – აცხადებს „აჭარის მუზეუმი“.

მუზეუმის განცხადებით, „საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, შესაბამისად მუზეუმის რესურსებით შეუძლებელია ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარება. ამიტომ გამოცხადდა კონკურსიც, რაც სამწუხაროდ დასრულდა უარყოფითი შედეგით. გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მიმწოდებელთან – არქიტექტორ თორნიკე ასაბაშვილთან, რომლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ღირებულებაა 40 000 ლარი“.

გამარტივებულ შესყიდვაზე ბრძანება „აჭარის მუზეუმმა“ დღეს, 29 დეკემბერს გამოსცა და დღესვე მიმართა თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს. ბრძანებას ხელს თეონა ზოიძე აწერს – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა, სულხან ოქროპირიძემ კი, თანამდებობა 28 დეკემბერს დატოვა.

სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის კონცეფციის ავტორები არიან: ოლღა და ქეთევან ჟღენტები.

ამ თემაზე:

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: