მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

სწორი ნაწლავის კიბო – რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რომელიც უფასოა

29.03.2023
სწორი ნაწლავის კიბო – რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგი, რომელიც უფასოა

ბოლო მონაცემებით, ქალებში რეგისტრირებული ყველა სახის კიბოს ახალ შემთხვევებში კოლორექტულ ანუ სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს მე-3 ადგილი უკავია, კაცების შემთხვევაში კი კოლორექტული კიბო მე-4 ადგილზე ფიქსირდება.

სიმსივნესთან მიმართებაში ადრეულ დიაგნოსტიკას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგი ნინო ხუფენია ამბობს, რომ კოლორექტული კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას გამოჯანმრთელების მაჩვენებელი არის 91%, მაშინ, როდესაც მეორე-მესამე სტადიაზე ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის დაახლოებით 70%. ამის მიუხედავად, ექიმი ამბობს, რომ უფასო სკრინინგპროგრამაში, რომელიც დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენას ემსახურება, მიმართვიანობა კვლავ დაბალია.

საქართველოს კიბოს რეგისტრის 2015-2018 წლების მონაცემებით, ქალებში კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია დაავადების III და IV სტადიაზე, კაცებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი – 70%-ია.

ონკოლოგ ნინო ხუფენიას „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

  • რა არის კოლორექტული კიბო?

კოლორექტული დაავადება, ეს არის მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არის მსოფლიოში გავრცელებით მესამე ადგილზე საერთო პოპულაციაში.

საქართველოშიც გვაქვს ანალოგიური სტატისტიკა, კიბოს რეგისტრის მონაცემებით ქალთა პოპულაციაში კოლორექტული კიბო მესამე ადგილს იკავებს ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ, ხოლო კაცებში არის გავრცელებით მეოთხე ადგილზე.

საერთო პოპულაციაში ნაწლავის კიბოს განვითარების პროცენტული მაჩვენებელი არის დაახლოებით 10.5-10.7%.

  • რა არის ამ დაავადების რისკფაქტორები?

ასაკობრივ თავისებურებას რაც შეეხება, მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ვლინდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ასაკი მამაკაცებში არის 68 წელი და ქალებში 70-72 წელი. ეს ასაკი უკვე რისკფაქტორს წარმოადგენს. ორივე პოპულაციაში გვხვდება თითქმის თანაბარი ინციდენტობით.

გარდა ასაკობრივი ფაქტორისა, ამ დაავადების განვითარების რისკფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად. ერთი არის ისეთი რისკფაქტორები, რომელთა შეცვლა ჩვენ შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებებით და მეორე ჯგუფში არის გენეტიკური რისკფაქტორები, რომელთა შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია.

პირველი რისკფაქტორი, რომელზე ზემოქმედებაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია, ეს არის კოლორექტული კიბოს შემთხვევაში ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რომელიც უკავშირდება კვებას და დაბალ ფიზიკურ აქტივობას. კვებიდან აღსანიშნავია ხილისა და ბოსტნეულის დაბალი შემცველობის დიეტა, ცხიმიანი საკვების ჭარბი მოხმარება, დამუშავებული და წითელი ხორცით მდიდარი დიეტა, სიმსუქნე, ჭარბი წონა და გარდა ამისა, როგორც ყველა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, ისე აქაც – არის ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.

რაც შეეხება მეორე ჯგუფის რისკფაქტორებს, ქრონიკული დაავადებებიდან შეიძლება გამოვყოთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი); ამას გარდა, არის გენეტიკური დაავადებები, კოლორექტული პოლიპები, ლინჩის სინდრომი (მემკვიდრეობითი დაავადება); ოჯახური ადენომატოზური პოლიპი – ეს წარმოადგენს არა მოდიფიცირებად რისკფაქტორებს. ანუ ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ შევცვლით.

თუმცა აღსანიშნავია, რომ გენეტიკური ფაქტორები ნაწლავის კიბოს დაახლოებით 5% შემთხვევაში არის ასოცირებული ნაწლავის კიბოს განვითარებასთან.

  • ვინ უნდა გაიაროს სკრინინგის პროგრამა?

ზოგადად სკრინინგის დანიშნულებაა, რომ ჯანმრთელ პოპულაციაში შემოწმდეს კონკრეტული დაავადება.

ნაწლავის კიბოს სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში დანერგილია და არის უფასო, იგი მოიცავს ასაკობრივ კატეგორიას 50-70 წლამდე, ორივე სქესის ადამიანებს.

სკრინინგი უშუალოდ მოიცავს ტესტს ფარულ სისხლდენაზე. თუ ტესტი დადებითია, მაშინ კეთდება დამატებითი კვლევა – კოლონოსკოპია და რაიმე პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში – ბიოფსია. ყველა ეს ეტაპი სკრინინგის ფარგლებში არის უფასო. თუ სკრინინგით რაიმე პათოლოგია არ ვლინდება, მაშინ განმეორებითი კვლევა ამ პოპულაციას ეკუთვნის ორ წელიწადში ერთხელ.

დადგენილია, რომ კონკრეტულად კოლორექტული კიბოს შემთხვევაში, კიბოს სკრინინგი დაახლოებით 16%-ით ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ჯანმრთელი პოპულაციის (ანუ ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება) მიმართვიანობა სკრინინგცენტრებში არის ძალიან დაბალია. ჩვენი ამ გზავნილების მიზანი არის ის, რომ მიმართვა სკრინინგცენტრში იყოს არა მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როცა სიმპტომი არ არსებობს და ადამიანი არის რისკჯგუფში – იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც ვთქვით, აქვს ოჯახური ანამნეზი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის პირველი რიგის ნათესავებში, რათა უსიმპტომო სტადიაზე გამოვლინდეს ეს დაავადება.

  • რამდენად ეფექტურია ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა საწყის სტადიებზე?

კოლორექტული კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას, ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის 91%, მაშინ როდესაც მეორე-მესამე სტადიაზე ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის დაახლოებით 70% , ხოლო მეოთხე სტადიაზე დაახლოებით 10-15%.

გამომდინარე ამ სტატისტიკიდან, ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.

ზოგადად, ონკოლოგიურ პაციენტებზე დაკვირვება არის მოწოდებული ხუთი წლის განმავლობაში და ამიტომ როცა ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, გამოსავალსა და პროგნოზზე, ონკოლოგიაში ეს პროგნოზი ყოველთვის არის გათვლილი ხუთწლიან გამოჯანმრთელებაზე.

  • რა სიმპტომები ახლავს ნაწლავის კიბოს?

საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

დისკომფორტი და პერიოდული ხასიათის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში; ნაწლავის არარეგულარული მოქმედება დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობით. სხვათა შორის, ამას ხშირად დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევენ ყურადღებას ადამიანები; ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება.

როცა უფრო შორს წასული შემთხვევაა, გამოხატულია საერთო სისუსტე, დამახასიათებელია წონაში კლება, ხშირ შემთხვევაში, როცა გვიან სტადიაზე მომართავენ პაციენტები ექიმს – არის წონის დეფიციტი; ასევე, დამახასიათებელია სისხლიანი განავლის (შავი ფერის) არსებობა.

ეს სიმპტომები ძალიან საყურადღებოა და მათი არსებობის შემთხვევაში ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ აქედან რომელიმე სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს ნაწლავის კიბოს. დამატებითი კვლევებიც ამას ემსახურება, რომ გამოირიცხოს ან დადასტურდეს.

  • რა მეთოდებით ტარდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკის მეთოდებიდან პირველი, რაც ტარდება, შიდა სისხლდენაზე ტესტი კეთდება განავლის ანალიზით, შემდეგ არის ნაწლავის დათვალიერება – კოლონოსკოპია, რომლის შემდეგაც ტარდება ბიოფსია, თავისი მორფოლოგიური კვლევით და მერე უკვე დაავადების სტაჟირებისთვის გამოიყენება ზოგ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგჯერ – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში კი – პეტსკანირება.

ამავე თემაზე:

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.