მთავარი,სიახლეები

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

15.03.2023
„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

დღეს, 15 მარტს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ედუარდ აბრამიანს. მას გამოძიება ბათუმის ბულვარში გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. სავარაუდოდ, სწორედ მას ეკუთვნოდა აღნიშნული ბატუტი.

13 მარტს ბატუტის დაზიანების გამო ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვი დაიღუპა. არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. მეორე დაშავებული ბავშვი 3 წლისაა, ის დღეს დილით მკურნალობის გასაგრძელებლად გადაიყვანეს თურქეთში.

ამ დრომდე არც ბათუმის მერია და არც ბათუმის ბულვარი არ პასუხობს კითხვებს, ბოლოს როდის შეამოწმეს ბულვარში ატრაქციონების უსაფრთხოება?

პროკურატურის ვერსიით, გასაბერი ბატუტის ექსპლუატაციის წესები დაარღვია ბრალდებულმა, კაცმა, ვისაც იჯარით აღებულ ფართობზე ბატუტი ჰქონდა მოწყობილი.

„მას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში და ჰქონდა ვალდებულება, სრულად დაეცვა ექსპლუატაციის წესები, რაც მან უგულებელყო…,“ – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„ძალიან განიცდის, არც საჭმელი მინდა და არც თავისუფლებაო, იზოლატორში როცა ვნახე…. ის ათეულობით წელი იყო სამოქალაქო ავიაციაში, იყო პილოტი“, – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ილია ლომიამ.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ექსპერტიზა დანიშნულია და დადგინდება, რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი.

„ორი დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“, – აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ელის 2-დან 5 წლამდე.

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. პროკურორმა კი,  აღნიშნა, რომ მიმდინარეობს იმ ნორმატიული აქტების გამოკვლევა, რომლითაც უნდა დადგინდეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებაზე.

„ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე, სხვა პირებიც არიან გამოკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი. ამ მტკიცებულებებით ობიექტურად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატუტი არ იყო სრულყოფილად მიმაგრებული მიწის მყარ ზედაპირს და ამან გამოიწვია ბატუტს მოწყვეტა… ბრალდებულს ჰქონდა მოწყობილი ეს ბატუტი, ის ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და, ბუნერივია, ამ ბატუტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, ის იყო პასუხისმგებელი,“ – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

___

„ბათუმელები“ ცდილობს მიიღოს პასუხი კითხვაზე, როდის შეამოწმეს ბოლოს ატრაქციონების უსაფრთხოება ბათუმის ბულვარში?

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: