რატომ მონაწილეობს ბათუმის მერიის თანამშრომელი ძალადობრივ კონტრაქციებში


ვინ არის გიორგი გიორგაძე, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩავარდნის შემდეგ წამოწყებულ საპროტესტო აქციებზე ჩნდება და აგრესიულობით გამოირჩევა. აქციაზე ბათუმის მერიის წინ მას არ დაუმალავს, რომ ის მერიის შპს-ს „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია.

გიორგი გიორგაძე მედიის ყურადღების ცენტრში ბოლოს 2 დეკემბერს მოექცა – თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, სადაც ჟურნალისტებმა სხვებთან ერთად მისი აგრესიული ქცევა დააფიქსირეს. „ოცნების“ ოფისთან არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესის ჩავარდნას „სირცხვილიას“ წევრები აპროტესტებდნენ. სწორედ ამ დღეს წაიყვანეს სტუდენტები რეგიონებიდან თბილისში იმისათვის, რომ, როგორც თავად აცხადებდნენ, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ კონცერტს დასწრებოდნენ.

„სირცხვილიას“ წევრებმა მაშინ თქვეს, რომ სინამდვილეში რეგიონებიდან სტუდენტები ხელისუფლებამ კონტრაქციის მოსაწყობად ჩაიყვანა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“ იმის გასარკვევად, რის საფუძველზე არ იმყოფებოდა გიორგი გიორგაძე 2 დეკემბერს [ორშაბათს] სამსახურში. ბათუმის მერიის შპს-ში ზეპირსიტყვიერად გვითხრეს, რომ გიორგი გიორგაძე შვებულებაში იმყოფება. მათ შესაბამისი დოკუმენტის მოწოდებაც ვთხოვეთ, თუმცა ამ დრომდე დოკუმენტი, რითაც გიორგი გიორგაძის შვებულებაში ყოფნა დადასტურდებოდა, არ მოუწოდებიათ.

მედიამ გიორგი გიორგაძე დააფიქსირა 28 ნოემბერსაც, ამჯერად ბათუმის მერიასთან. ის მერიასთან საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ანთაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და თანამოაზრეებს შორის აგრესიულობით გამოირჩეოდა.

„თქვენმა გუნდმა მოჭრა ხატებს თავი, გააჩუქა კოდორი, გააუპატიურა პატიმრები და გაანადგურა ქვეყანა – რა უნდა გელაპარაკოთ თქვენ“, – უყვიროდა ის ლევან ანთაძეს.

გიორგი გიორგაძის ძალადობაზე გვითხრა ჯელალ ქიქავამაც. მას 22 ნოემბერს ბათუმის მერიასთან სცემეს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ჯელალ ქიქავამ მოითხოვა, რომ ის სასამართლოში დაეკითხათ, რადგან პოლიციას არ ენდობოდა.

ენმ-ის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ ის 22 ნოემბერს ბათუმის მერიასთან გამართული აქციის მონაწილე არ ყოფილა. „მერიაში პირად საქმეზე მივედიო“ – გვითხრა. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ არაერთი მოწმის თანდასწრებით მას დეპუტატმა და წარსულში ცნობილმა სპორტსმენმა მუხრან ვახტანგაძემ სცემა, თუმცა ის მარტო არ იყო და ამ ცემაში გიორგი გიორგაძე და სხვებიც მონაწილეობდნენ.

ჯელალ ქიქავამ არ იცის, ცემის ფაქტზე დაკითხა თუ არა გიორგი გიორგაძე გამოძიებამ. ამ კითხვით დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

გიორგი გიორგაძე ბათუმის მერიასთან დახვდა საკრებულოს წევრს, ლევან ანთაძეს და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა

გიორგი გიორგაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებად განიხილავს ყველას, ვინც 2020 – ში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით ითხოვს და ამ მოთხოვნით აქციებს მართავს. „ ნაცების ადგილი არ არის“ – ამბობს ის აგრესიული ტონით და ყვირილით. აგრესიით გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართაც: „ ერთი სექტა ხართ, პროვოკატორები ხართ ყველა, რამე გიკვირთ?“

გიორგი გიორგაძე თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე. აქ კონტრაქციის მონაწილეები „სირცხვილიას“ წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი გიორგაძის ფეისბუქგვერდის მიხედვით, ის აჭარის მთავრობასთან დაახლოებული პირია, ხშირად აქვეყნებს თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. მას ფოტობი გადაღებული აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთადაც, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილთან და  მთავრობის სხვა წევრებთან.

„ბათუმელები“ გიორგი გიორგაძეს დაუკავშირდა მცირე ინტერვიუს ჩაწერის მიზნით. მან გვთხოვა, რომ კითხვები ფეისბუქით მიგვეწოდებინა, თუმცა ამის შემდეგ აღარ გვიპასუხა. მას პირად ტელეფონის ნომერზეც დავუკავშირდით, რომელსაც თანამშრომელმა უპასუხა [ასე წარმოგვიდგა] და გვითხრა, რომ გიორგი გიორგაძეს ტელეფონი მასთან დარჩა და ამ დროისთვის ის სამსახურში არ იმყოფება. „როცა მოვა, გადავცემ და დაგიკავშირდებათ“, – გვითხრა მან.

ფოტო: გიორგი გიორგაძის ფეისბუქგვერდიდან

________

ამავე თემაზე:

მოქალაქე: დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ მერიის შესასვლელში მცემა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი