მთავარი,სიახლეები

გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისებაზე მერია აუქციონებს გამოაცხადებს

29.03.2023 • 1451
გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონურად გასხვისებაზე მერია აუქციონებს გამოაცხადებს

გონიო-კვარიათის პლაჟებს სეზონური გაქირავებისთვის ბათუმის მერია წელს აუქციონებს გამოაცხადებს.

პლაჟების ერთიანი კონცეფციით განვითარება ამ დრომდე ქალაქის ამ ნაწილში დიდწილად კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. ქაოსური იყო როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების, ასევე მუნიციპალური ქონების, პლაჟების სეზონურად გასხვისების პროცესი.

გასულ საკურორტო სეზონზე, მიუხედავად იმისა, რომ პლაჟების დიდი ნაწილი კომერციული საქმიანობისთვის დიდი დოზით იყო ათვისებული, მეწარმეთა დიდ ნაწილს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების ათვისებაზე აუქციონები ორჯერ გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ. მაშინ მეწარმეებმა აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღეს და მათი უმეტესობა ჩაიშალა.

პლაჟი

გონიო-კვარიათის პლაჟებზე ამ დრომდე ინფრასტრუქტურას ათავსებდნენ ქაოსურად, საკუთარი შეხედულების და შესაძლებლობისამებრ. აქ შეხვდებოდით როგორც ხის, ასევე ნახევრად ბეტონის, რკინის და სხვადასხვა კონსტრუქციას. პლაჟების დიდი ნაწილი კი მაგიდებით, ღია და დახურული ბუნგალოებით და შეზლონგებით იმ დოზით იყო დაკავებული, რომ თავისუფალ, „უფასო სივრცეს“ შესამჩნევად ზღუდავდა.

შესაბამისად, ეს საკითხი დამსვენებლისთვის, რომელსაც შეზლონგში ფულის გადახდა არ უნდა და უბრალოდ ქვებზე წამოწოლა სურს, დაბალანსებული არ ყოფილა.

დამსვენებლისთვის კომფორტის შექმნის სურვილი მეტი ფულის გასაკეთებლად ხშირად საჯარო სივრცის შეზღუდვით რომ სრულდება, ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. საინტერესოა, შეეცდება თუ არა ამ საკითხის დაბალანსებას წელს მერია პლაჟის გასასხვისებლად აუქციონების გამოცხადებისას.

ბათუმში არსებული პრაქტიკა ასეთია: საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა პლაჟიდან გამოაძევეს დამსვენებელი, რომელმაც მოიჯარე კომპანიის სერვისზე უარი თქვა.

ბათუმში პლაჟის ამ მონაკვეთს ზაფხულობით შეზლონგებით სრულად ითვისებენ, მაშინაც კი, როცა მათი უმეტესობა თავისუფალია. ადგილზე მისულ მომხმარებელს დაცვა აფრთხილებს, რომ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდეს, თუ შეზლონგს იქირავებს ან თავისუფალ ადგილს იპოვის ნაპირზე. მომხმარებელს მხოლოდ ეს ორი არჩევანი აქვს – ტერიტორიის დატოვება ან შეზლონგის დაქირავება, რადგან თავისუფალი ადგილი აქ ერთი მიზეზით არ არის – კომპანიას ყველგან თავისი შეზლონგები აქვს დალაგებული.

გონიო-კვარიათის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ მეწარმეების უმეტესობა საპლაჟო ინფრასტრუქტურას, გამოუსადეგარ ნარჩენებს, ყოველგვარი მოწესრიგებისა და შეფუთვის გარეშე ტოვებდა, ამის გამო სექტემბრის ბოლოდან აპრილის ჩათვლით გონიო-კვარიათის პლაჟების ინფრასტრუქტურა არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო.

ტუალეტი პლაჟზე

გასულ ზამთარს პირველად, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გონიო-კვარიათის პლაჟი უკანონო შენობებისგან თითქმის სრულად გაწმინდა, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ინსპექციაში განგვიმარტეს, რომ უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის პროცესი დასრულდა გონიოში, კვარიათში კი ჯერ ისევ გრძელდება.

ამ პროცესს მეწარმეების დიდი ნაწილი თავიდან უარყოფითად შეხვდა და გააპროტესტა, მოგვიანებით კი ჩვენთან საუბარში გამარტეს, რომ მერია მათ ერთიანი მიდგომის შემუშავებას შეჰპირდა: „გვითხრეს არ დაიჩაგრებით, აქ ისევ თქვენ იმუშავებთო“. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს და ეჭვი აქვს, რომ მერია ადგილებს კონკრეტული მიზნით ასუფთავებს: „თუ ასე ფიქრობენ … ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ ვმუშაობთ, აქედან არ წავალთ“

გასულ წელს მეწარმეები აცხადებდნენ, რომ აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან განსაკუთრებით ძვირი ფასი დაადო მერიამ სანაპიროს.

ყველაზე მცირე ზომის – 14 კვ.მეტრი ნაკვეთი ბათუმის მერიას 175 ლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, ვაჭრობის ბიჯი 10 ლარი იყო. თუ ამ ნაკვეთის შეძენას დაინტერესებული პირი ერთი ბიჯით მოახერხებდა, მას 185 ლარის გადახდა მოუწევდა – კვადრატულ მეტრზე 13 ლარი. ამ თანხის გადახდა მოუწევდა აუქციონში გამარჯვებულს ერთჯერადად, პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გონიო-კვარიათში ზღვაზე აქტიური სეზონი აგვისტოს ბოლომდეა, შედარებით პასიური სეზონი კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, შეიძლება 15 სექტემბრამდე გაგრძელდეს.

თითქმის იგივე პირობებით ჰქონდა მერიას აუქციონზე გატანილი შედარებით დიდი ზომის ნაკვეთებიც – 1 კვ.მეტრი 12.80 ლარად.

დღეს, 29 აპრილს მერიისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე: რა გეგმა აქვს მერიას, თუ ისევ ჩაიშლება გონიო-კვარიათის გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონები, რას გულისხმობს „ერთიანი მიდგომა“ -მერია თავად განათავსებს საიჯარო ინფრასტრუქტურას და შემდეგ გასცემს მათ იჯარით, თუ სტანდარტს დააწესებს ინფრასტრუქტურის განსათავსებლად; მხოლოდ მოკლევადიან აუქციონებს გამოაცხადებენ თუ გრძელვადიანი იჯარებიც განიხილება?

ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს და ინფორმაციას მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: