მთავარი,სიახლეები

„თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, ის მიაწვება“ – ზელენსკი ბახმუტის მნიშვნელობაზე

29.03.2023 • 823
„თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, ის მიაწვება“ – ზელენსკი ბახმუტის მნიშვნელობაზე

„თუ იგი [პუტინი] იგრძნობს სისხლს, იყნოსავს, რომ სუსტები ვართ, ის მიაწვება, მიაწვება, მიაწვება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AP-ისთან ინტერვიუში, როცა განმარტავდა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის ქალაქ ბახმუტის ბრძოლაში გამარჯვება უკრაინისთვის.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტთან წარმატებას მიაღწევს, ვლადიმერ პუტინი ამას „გამარჯვებად მიჰყიდის დასავლეთს, თავის საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს”.

„ასოშიეითიდ პრესმა“ ზელენსკისთან ინტერვიუ მატარებელში ჩაწერა, როდესაც იგი სუმიდან კიევში ბრუნდებოდა. როგორც AP-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით ბახმუტს არც ისე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ზელენსკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მარცხი ნებისმიერ ადგილას, უკრაინის მიერ ბრძოლით მოპოვებულ წარმატებას რისკის ქვეშ დააყენებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ნაბიჯების წაგება, რადგან ომი ნამცხვარია – გამარჯვების ნაჭრები. პატარა გამარჯვებები პატარა ნაბიჯებია,“ – თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი, შვიდთვიანი ბრძოლის წაგება ბახმუტისთვის პოლიტიკურად უფრო ძვირი მარცხი იქნებოდა, ვიდრე ტაქტიკურად.

უკრაინის პრეზიდენტის პროგნოზით, ბახმუტში მარცხის შემთხვევაში, წნეხი ძალიან მალე წამოვიდოდა საერთაშორისო საზოგადოებიდან, ისევე როგორც უკრაინიდან:

„ჩვენი საზოგადოება თავს დაღლილად იგრძნობს. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისზე წასვლისკენ“ – თქვა ზელენსკიმ. თუმცა როგორც AP-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამ დრომდე მსგავს წნეხს არ გრძნობს და საერთაშორისო საზოგადოებაც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიიწვია უკრაინაში: „ჩვენ მზად ვართ მის აქ სანახავად. მინდა მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მე მქონდა მასთან კონტაქტი, მაგრამ მთელი ამ წლის, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია კონტაქტი სი ძინპინთან”.

ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში არა, მაგრამ მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის წარუმატებელ ვიზიტად შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, ის ფაქტი, რომ სი ძინპინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე განაცხადა, მიზნად ჩინეთისგან გარანტიების ვერ მიღებისგან ყურადღების გადატანას ისახავდა.

„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიზიტი რუსეთისთვის კარგი არ იყო“, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის პროგნოზით, მისი ხალხი გაიმარჯვებს „პატარა გამარჯვებებისა” და „პატარა ნაბიჯების“ სერიით „ძალიან დიდი ქვეყნის, დიდი მტრის, დიდი არმიის“ წინააღმდეგ, არმიის, რომელსაც „პატარა გული“ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: