მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.“ – აცხადებს შსს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 3 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 108 190 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750]
  • ტანკი – 3 036 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 6 100 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 033 ერთეული [+6]
  • MLRS – 424 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 214 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 270 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 839 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 735 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 181 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 3 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 355 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 807 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 382 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 967 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 768 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 900 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი რუსებზე – „მათ ეშინიათ. და სამართლიანად ეშინიათ“

რუსეთი აცხადებს, რომ ვორონეჟთან უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული მედია წერს, რომ 2 იანვარს, ვორონეჟთან, უკრაინიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.

„დღეს ღამით, ვორონეჟთან უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული მცირე ზომის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით“, – აცხადებენ ვორონეჟის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა და სიტუაცია ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ელექტროსადგური დააზიანა.

ბათუმში პიროტექნიკით დაშავებულ კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა

მინიმუმ 3 ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს. ერთ-ერთ მათგანს, 30 წლამდე კაცს ხელის თითის ამპუტაცია დასჭირდა, იგი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება – ინფორმაცია „ბათუმელებს“ კლინიკა ბაუ-ში დაუდასტურეს.

საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რამდენი ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით წელს საქართველოში, უცნობია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ბათუმსა და მთელს საქართველოში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან.

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება.

2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

ამავე თემაზე: 

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

 

ზელენსკი რუსებზე – „მათ ეშინიათ. და სამართლიანად ეშინიათ“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ იანვრის ღამის ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთში შიშია გამეფებული და ეს იგრძნობა.

„რუსი ტერორისტები რა უბადრუკებიც იყვნენ, ისეთივე არიან ამ წელს. ჩვენი დამცველები როგორი ყოჩაღებიც იყვნენ, პირველ იანვარსაც თავი ასევე ძალიან კარგად წარმოაჩინეს.

ამ დღეებში მაქსიმალურად გამოჩნდა, რა შორს წავედით ჩვენ მენტალურად, უბრალოდ ადამიანურად, იმისგან, რაშიც რუსეთი „იხარშება“. ჩვენი ერთიანობის, სიმართლის, სიცოცხლის განცდა – ეს ყველაფერი კონტრასტია შიშთან, რომელიც რუსეთშია გამეფებული.

მათ ეშინიათ. ეს იგრძნობა. და სამართლიანად ეშინიათ. იმიტომ, რომ წააგებენ. დრონები, რაკეტები, ყველაფერი დანარჩენი მათ ვერ დაეხმარებათ, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ. ისინი კი მხოლოდ შიშთან ერთად თუ არიან“ – განაცხადა ზელენსკიმ.

_____________________

წყარო: „უკრაიანსკაია პრავდა“ 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰაიმარსით“ 400 ოკუპანტი გაანადგურეს – მედია

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკში, ოკუპირებულ მაკეევკაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბაზას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 400 ოკუპანტი დაიღუპა და 300 დაიჭრა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მაკეევკაში, ადგილობრივი მე-19 პროფესიული სასწავლებლის შენობაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება რუსულ ტელეგრამ არხებზეც. რუსული წყაროების ცნობით, ობიექტზე დარტყმა ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, HIMARS კომპლექსის მაღალი სიზუსტის რაკეტით განხორციელდა.

___________

ფოტოზე: ჰაიმარსი. ფოტო: EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

რუსეთში უკრაინულმა დრონებმა ელექტროსადგური დააზიანეს – რუსული მედია

რუსული მედია წერს, რომ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ელექტროსადგური დააზიანა.

ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს, ბრიანსკის გუბერნატორზე დაყრდნობით.

„დღეს დილით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ კლიმოვსკის რაიონს. დაშავებულები არ არიან, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტრომომარაგების ობიექტი, ელექტროენერგია არ არის“ – წერს ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი თავის ტელეგრამის არხზე.

________________

ფოტო: EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

კიევთან რუსეთის 40 დრონი გაანადგურეს – საჰაერო თავდასხმა 2 იანვრის ღამეს

2 იანვრის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს კიევს. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქში 1 იანვრის 23:38 საათიდან 03:46 საათამდე გაგრძელდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 2 იანვრის ღამეს კიევისკენ 40 კამიკაძე დრონი მიემართებოდა. მათგან 15 უკრაინელებმა მეზობელ რეგიონებში გაანადგურეს, 3 – კიევის რეგიონში და 22 – უშუალოდ დედაქალაქის თავზე – ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

უკვე მესამე დღეა რუსეთის არმიას საჰაერო იერიში მიაქვს უკრაინის დედაქალაქზე დრონებით. თავდასხმის სერია 31 დეკემბერს დაიწყო. დრონებით თავდასხმა გაგრძელდა პირველ იანვარსაც.

განახლებული ინფორმაცია: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაზე 51 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 44 „შაჰედი“ იყო, ყველა მათგანი უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო.

___________

ჩაბნელებული კიევი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

რუსული და უკრაინული ძალები მაგისტრალის კონტროლისთვის იბრძვიან – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 იანვრის ანგარიშში P66 მაგისტრალის კონტროლისთვის მიმდინარე ბრძოლაა განხილული. როგორც დაზვერვის მონაცემებიდან ვიგებთ, სავარაუდოდ, რუსული და უკრაინული ძალები აღნიშნულ მაგისტრალზე კონტროლის დასამყარებლად ბოლო 5 დღეა იბრძვიან.

P66 მაგისტრალი მაგისტრალი რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი მთავარი მარშრუტია დონბასის ფრონტის ჩრდილოეთ სექციის რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან მომარაგებისათვის. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, ოქტომბრის შემდეგ, რუსები P66 მაგისტრალს სრულად ვერ იყენებენ, შეფერხების მიზეზი უკრაინული არტილერიაა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, თუ უკრაინული მხარე მოახერხებს მაგისტრალზე სრული კონტროლის დამყარებას, ამით, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო შეარყევს რუსეთის თავდაცვას კრემენაიასთან.

კრემენაია ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია, სადაც რუსეთმა თავდაცვის ხაზი ააშენა და მის გამაგრებას ისახავს პრიორიტეტად. ბრიტანული დაზვერვა ამ ქალაქის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლებსა და მნიშვნელობაზე გასულ ანგარიშებშიც წერდა.

ამავე თემაზე: 

რუსეთმა ბრძოლის ხაზი კრემენაიასთან დამატებითი ძალებით გააძლიერა – ბრიტანეთის დაზვერვა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 107 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 3 031 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 6 093 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 027 ერთეული [+6]
  • MLRS – 423 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 213 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 269 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 836 ერთეული [+44]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 725 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 181 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 355 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 794 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 957 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 763 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 876 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ჩვენ აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება“ – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

სანამდე იქნება ბათუმში მზიანი დღეები | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში უნალექო ამინდი 6 იანვრამდე გაგრძელდება.

ამ პერიოდში ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ზღვის წყლის ტემპერატურა 11 გრადუსია.

მაღალმთიან აჭარაში ღამით მოსალოდნელია ყინვა  -2, -7 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში წვიმა 6 იანვარსაა მოსალოდნელი.

___________

ფოტო: ბათუმის ბულვარი

გასულ წელს 66 ჟურნალისტი მოკლეს – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში მედიის 66 წარმომადგენელი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

2022 წელს ყველაზე მეტი, 14 ჟურნალისტი დაიღუპა მექსიკაში, 8 ჟურნალისტი – რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებისას, 8 კი ჰაიტიზე.

66 დაღუპულს შორის რვა ქალია.

IPI-მ ყველაზე შოკისმომგვრელი უწოდა „ალ-ჯაზირას“ პალესტინელი ჟურნალისტის, 51 წლის შირინ აბუ აკილას მკვლელობას – ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს.

IPI-ის მონაცემთა ბაზა ჟურნალისტების მკვლელობებს ხუთ კატეგორიად ჰყოფს. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს მოხდა 39 მიზანმიმართული მკვლელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტები მოკლეს მათი სამუშაოს გამო; შვიდი ჟურნალისტი დაიღუპა შეიარაღებული კონფლიქტის გაშუქებისას; ორი – სამოქალაქო არეულობის გაშუქებისას, ხოლო ორი ჟურნალისტი დაიღუპა უშუალოდ დავალების შესრულებისას.

IPI-ის ცნობით, დანარჩენ 16 შემთხვევაში ჟურნალისტის მკვლელობის გარემოებები და მოტივი დაუდასტურებელი რჩება, მაგრამ სამუშაოსთან დაკავშირებული მკვლელობა არ არის გამორიცხული.

საფრანგეთში ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდა

2023 წლის პირველი იანვრიდან 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებზე საფრანგეთში პრეზერვატივი უფასოდ გაიცემა აფთიაქებში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა.

მაკრონმა მთვრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რაოდენობის ზრდით ახსნა.

„ევრონიუსის“ ცნობით, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელი საფრანგეთში, გასულ წლებში, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა.

„ჩვენ აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება“ – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა უკრაინელებს. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტის ქართულ თარგმანს.

„ძვირფასო უკრაინელებო!

ეს წელი დაიწყო 24 თებერვალს. შესავლისა და პრელუდიის გარეშე. მძაფრად. ადრე. 4 საათზე.

სიბნელე იყო. ხმაური. ბევრისთვის რთული იყო, ზოგისთვის – საშინელი.

311 დღე გავიდა. ჩვენ, შესაძლოა, ისევ სიბნელეში ვიყოთ, ხმაურში და რთული იყოს. მაგრამ უკვე აღარ შეგვეშინდება. და არასდროს შეგვრცხვება.

ეს ჩვენი წელი იყო. უკრაინის წელი. უკრაინელების წელი.

24 თებერვალს ჩვენ გავიღვიძეთ. ჩვენ სხვა ვიყავით. სხვა ერი. სხვა უკრაინელები. პირველმა რაკეტებმა საბოლოოდ დაანგრია ილუზიების ლაბირინთი. ჩვენ დავინახეთ ვინ ვინ არის. რა შეუძლიათ მეგობრებს, მტრებს და რაც მთავარია – რა შეგვიძლია ჩვენ თვითონ.

24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი, არამედ ლურჯ-ყვითელი დროშა. არა გაქცევა, არამედ დახვედრა. მტრის დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა.

24 თებერვალს აფეთქებების ხმამ ჩვენ დაგვაყრუა. მას შემდეგ ჩვენ ყველაფერი არ გვესმის. და ჩვენ ყველას არ ვუსმენთ. ჩვენ გვეუბნებოდნენ: დანებების გარდა სხვა გზა არ გაქვთ. ჩვენ ვამბობდით – გამარჯვების გარდა სხვა გზა არ გვაქვს.

24 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გამარჯვების შექმნა. ბევრი აგურიდან – ასობით გამარჯვებიდან.

ჩვენ დავძლიეთ პანიკა. კი არ გავიფანტეთ, არამედ შევიკარით. ჩვენ დავძლიეთ ეჭვი, სასოწარკვეთა, შიში. ჩვენ გვჯეროდა საკუთარი თავის და ჩვენი ძალების. უკრაინის შეიარაღებული ძალები. დაზვერვა. ეროვნული გვარდია. მესაზღვრეები. ტერიტორიული თავდაცვა. საჰაერო თავდაცვა. პოლიცია. საგანგებო სიტუაციების სამსახური. მთელი ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები. მე ვამაყობ ყველა თქვენგანით, ჩვენო მეომრებო!

ამ წელს შეიძლება ვუწოდოთ დანაკარგების წელი უკრაინისთვის, ევროპისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ ეს არასწორია. ჩვენ ასე არ უნდა ვთქვათ.

ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენ წაგვართვეს. უკრაინას არ დაუკარგავს შვილები – ისინი მკვლელებმა წაგვართვეს. უკრაინელებს სახლები არ დაუკარგავთ – ისინი ტერორისტებმა გაანადგურეს. ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი მიწები – მათზე დამპყრობლები შეიჭრნენ. მსოფლიოს არ დაუკარგავს მშვიდობა –  ის რუსეთმა გაანადგურა.

24 თებერვლის დილა.

გოსტომელი. ბუჩა. ირპენი. ბოროდიანკა. ხარკოვი.

„მრია“ [მსოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც რუსეთმა გოსტომელის აეროდრომზე გაანადგურა].

კრემატორსკი. ვაგზალი. სათამაშო.

ჩერნიგოვი.

მარიუპოლი. დრამატული თეატრი. წარწერა „ბავშვები“.

ოლენოვკა.

ოდესა. მრავალსართულიანი სახლი. გოგონა. სამი თვის.

ვოლნიანსკი. სამშობიარო სახლი. ახალშობილი. ორი დღის.

„აზოვსტალი“.

ამის დავიწყება შეუძლებელია. და შეუძლებელია პატიება. მაგრამ შესაძლებელია გამარჯვება.

ფეხზე დგომა შევძელით, იმიტომ რომ იყო რაღაც, რაც გვაძლებინებდა. ჩვენი სულისკვეთება.

კიევის დაცვა.

ხარკოვი.

ნიკოლაევი.

ჩერნობაევკა.

კუნძული ზმეინი.

„ჰაიმარსი“.

ანტონოვსკის ხიდი.

ყირიმის ხიდი.

„ნეპტუნი“.

კრეისერი „მოსკოვი“.

რუსული სამხედრო ხომალდი.

იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.

ხერსონი.

და ვლოცულობთ, რომ იქნება კრემენნაია და სვატოვო, მელიტოპოლი, მთელი დონბასი, ყირიმი.

ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ისევ. მთავარი სიტყვისთვის – „გამარჯვება“.

ეს აუცილებლად იქნება. ჩვენ მისკენ მივდივართ 311 დღეა.

ბევრი ძალისხმევა გავიღეთ. მაგრამ იმ დროს, როცა გეჩვენებათ, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, გაიხსენეთ, უკვე რა გადავიტანეთ.

მინდა ყველას გითხრათ: უკრაინელებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ! შეხედეთ, რა გავაკეთეთ და რას ვაკეთებთ!

როგორ ანადგურებენ ჩვენი მებრძოლები პირველივე დღიდან „მსოფლიოს მეორე არმიას“.

როგორ აჩერებდა ჩვენი ხალხი მათი ტექნიკის კოლონებს.

როგორ აჩერებდა მოხუცი კაცი ხელებით ტანკს.

როგორ ჩამოაგდო ქალმა დრონი პომიდვრის ქილით.

როგორ იპარავდნენ ოკუპაციისას მტრის ტანკებსა და ტექნიკას.

როგორ კრეფდნენ საათებში „შაჰედებზე მონადირეებს“, საზღვაო დრონებსა და „ბაირაქტარებს“.

როგორ უძლებდნენ ყველა მუქარას, სროლას, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, სიბნელესა და სიცივეს.

როგორ უჭერდნენ მხარს ერთმანეთს და სახელმწიფოს.

ომის დროს ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია.

ვისაც უჭირავს ხელში იარაღი, მანქანის, გემის ან თვითმფრინავის საჭე თუ სკალპელი.

ყველა, ვინ ნოუთბუქთანაა, ვინც მართავს კომბაინს, მატარებელს, ვინც ბლოკპოსტზეა და ელექტროსადგურზე.

ჟურნალისტები და დიპლომატები, მერიის თანამშრომლები და მაშველები.

ყველა. ვინც მუშაობს. ვინც სწავლობს უნივერსიტეტსა თუ სკოლაში. და ისინიც, ვინც ახლა სწავლობს სიარულს.

ეს ყველაფერი მათთვისაა. ჩვენი შვილებისთვის. ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის.

დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. არ არსებობს არასაჭირო ადამიანი. თითოეული ჩვენგანი მებრძოლია. თითოეული ჩვენგანი ფრონტია. თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის საფუძველი.

ჩვენ ვიბრძვით როგორც ერთი გუნდი – მთელი ქვეყანა, ჩვენი ყველა რეგიონი. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის ყველა უდრეკ რეგიონს.

ხარკოვი. დასახიჩრებული, მაგრამ დაუმორჩილებელი. თქვენ დაუმტკიცეთ მტერს, რომ ტერიტორიულად ახლოს ყოფნა არ ნიშნავს გონებრივად ახლოს ყოფნას. ხარკოვი უკრაინის ქალაქია. გმირი ქალაქი.

უდრეკი ნიკოლაევი. გმირულად უძლებს ყველა დარტყმას. ქალაქი ტალღაზე, რომელიც უძლებს ყველა შტორმს.

სუმშინა და სუმი. თქვენ იმ პირველებს შორის იყავით, ვინც იგრძნო დამპყრობლების სრულმასშტაბიანი შემოჭრა. მათთვის სუმი ყელში გაჩხირული ძვალი გახდა. ჩვეულებრივი ადამიანები ამზადებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, წვავდნენ მტრის კოლონებს, აჰყავდათ პირველი ტყვეები. სუმი ძალაა.

დნეპრი. ჩვენი ფრონტის მხარდაჭერა და საიმედო ფარი. თქვენ იღებდით ხალხს, სიცოცხლეს უბრუნებდით დაჭრილ ჯარისკაცებს. მუდმივი დარტყმების მიუხედავად, დნეპრი ცხოვრობს.

ოდესა. მზიანი და მეგობრული, ახლა – ციხესიმაგრე. მსოფლიო ციხესიმაგრე, რომელიც გვიცავს და რომელიც იცავს მსოფლიოს. ის კვებავს მსოფლიოს, ყოველდღიურად ზღვით აგზავნის მილიონობით ტონა შველას. რადგან ის ოდესა – დედაა.

ხერსონი! თქვენ გმირი ხალხი ხართ! თქვენ იყავით რვა თვეზე მეტი ოკუპაციის ქვეშ. სიახლეების გარეშე, კავშირის გარეშე, მოწყვეტილი უკრაინიდან.

ათასობით თქვენგანი გამოვიდა რაშისტების წინააღმდეგ აქციაზე. თქვენ არ იცოდით, ხედავენ თუ არა ამას უკრაინაში, იციან თუ არა ამის შესახებ. ოკუპანტებმა მოგატყუეს, რომ უკრაინამ მიგატოვათ და არ იბრძოლებენ თქვენთვის. მაგრამ თქვენ გჯეროდათ და ყველაფრის მიუხედავად დაელოდეთ. ხერსონი ჭურვის ნამსხვრევებითაა დაჩეხილი, მაგრამ მთავარია, ახალ წელს თავისუფლად და ერთად აღვნიშნავთ ლურჯი და ყვითელი დროშების ქვეშ. ასე რომ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე როგორც ჩერნიგოვს და ზაპოროჟიეს, კრამატორსკსა და ბახმუტს.

და მათ, ვინც ელოდება უკრაინას. და დაელოდება. დონბასი, ლუგანსკი, ყირიმი. მადლობა თქვენ, ჩვენო მეომრებო!

და, რა თქმა უნდა, კიევის ოლქი და კიევი – ჩვენი გული, რომელიც თქვენი წყალობით სცემს, ყველა უკრაინელის!

ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ. ერთი უკრაინა.

ეს ის წელია, როდესაც უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. და მსოფლიომ აღმოაჩინა უკრაინა. ჩვენ გვეუბნებოდნენ: კაპიტულაცია. ჩვენ ავირჩიეთ კონტრშეტევა! გვეუბნებოდნენ, რომ დათმობებზე და კომპრომისებზე წავსულიყავით. ჩვენ მივდივართ ევროკავშირსა და ნატოში.

მსოფლიომ გაიგონა უკრაინის ხმა. ევროპარლამენტი, ბუნდესტაგი, ბრიტანეთის პარლამენტი, ქნესეტი, აშშ-ის კონგრესი.

მსოფლიომ იგრძნო უკრაინა. უკრაინა მედიაში. ხალხის გულებში. Google ძიების ტოპებში.

მსოფლიომ დაინახა უკრაინა. ტორონტოს, ნიუ-იორკის, ლონდონის, ვარშავის, ფლორენციის, სიდნეის და სხვა ქალაქების მთავარ მოედნებზე.

უკრაინელები აოცებენ. უკრაინელებს ტაშს უკრავენ. უკრაინელები შთააგონებენ.

არის რამე, რამაც შეიძლება შეგვაშინოს?  – არა. არის ვინმე ვინც შეგვიჩერებს? – არა.

იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ.

აი, ამისთვის ვიბრძვით. თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩვენთვის საუკეთესო სალუტი ოკუპანტების საწყობებშია. საუკეთესო საჩუქარი – რიცხვებია გენერალური შტაბის მოხსენებაში.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი 2023 წელი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

ახალი მიღწევები? – ბედნიერი ვიქნებით. ახალი დარტყმები? – ურყევი ვიქნებით. ბრძოლის გაგრძელება? –  ჩვენ ვიბრძოლებთ. და როცა გავიმარჯვებთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს.

ძვირფასო უკრაინელებო!

ახალ წლამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. მინდა ყველას ვუსურვო ერთი რამ – გამარჯვება. და ეს არის მთავარი. ერთი სურვილი ყველა უკრაინელისთვის.

დაე, ეს წელი იყოს დაბრუნების წელი. ჩვენი ხალხის დაბრუნების. მეომრების – მათ ოჯახებში. ტყვეების – საკუთარ სახლებში. დევნილების – უკრაინაში.

ჩვენი მიწების დაბრუნების. და დროებით ოკუპირებული მიწები სამუდამოდ თავისუფალი იქნება.

ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების. ბედნიერ წუთებში დაბრუნების, კომენდანტის საათის გარეშე. მიწიერი სიხარულებისკენ დაბრუნების – საჰაერო განგაშის გარეშე.

ჩვენგან მოპარულის დაბრუნების. ჩვენი შვილების ბავშვობის, ჩვენი მშობლების მშვიდი სიბერის დაბრუნების.

რომ არდადეგების დროს შვილიშვილები ბებიასთან და ბაბუასთან ჩავიდნენ, ხერსონში – საზამთროსთვის და ალუბლისთვის – მელიტოპოლში.

რომ ჩვენი ქალაქები თავისუფალი იყოს, ჩვენი მეგობრები – ერთგული.

და რომ მოხსენებებში, 100 ათასი განადგურებული მტრის რიცხვთან ახლოს, რუსული ტექნიკის ათასობით განადგურებულ ერთეულთან გამოჩნდეს ჩვენი მთავარი რიცხვი და მთავარი მიღწევა – 603 628 კვადრატული კილომეტრი. დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც ეს იყო 1991 წლიდან. როგორც ეს ყოველთვის იქნება.

დაე, ახალმა წელმა მოიტანოს ეს ყველაფერი. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის. აი, რატომ არის ყოველი ჩვენგანი აქ.

მე აქ ვარ. ჩვენ აქ ვართ. თქვენ აქ ხართ. ყველა აქ არის. ჩვენ ყველა ვართ უკრაინა.

დიდება უკრაინას!“

________________

წყარო: „უკრაინსკაია პრავდა“

საჰაერო განგაში კიევში ახალი წლის ღამეს – უკრაინა აცხადებს, რომ 45 ირანული დრონი ჩამოაგდეს

ახალი წლის ღამეს, პირველ იანვარს, კიევსა და სხვა რეგიონებში რუსეთმა ათობით კამიკაძე დრონი გაუშვა უკრაინაში. უკრაინული მხარის განცხადებით, პირველ იანვარს, შუაღამემდე და შუაღამის შემდეგ ჩამოაგდეს 45 ირანული დრონი, აქედან 32 – კიევის ოლქში და შვიდი – მიკოლაევიში.

გამთენიისას, პირველ იანვარს, მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო.

კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ჩამოგდებული დრონის ფოტო რუსულ ენაზე წარწერით – „გილოცავთ ახალ წელს“.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი კამიკაძე დრონი, რომელიც ახალი წლის ღამეს კიევის თავზე ჩამოაგდეს.

„ეს არის „მოძმე ხალხის“ ახალი წლის ღამის მილოცვის ნაწილი! ნამდვილი ორკების სტილი“ – წერს ნებიტოვი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 106 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +760]
  • ტანკი – 3 031 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 084 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 2 021 ერთეული [+5]
  • MLRS – 423 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 213 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 269 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 792 ერთეული [+46]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 720 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 181 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 355 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 779 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 350 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 957 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 756 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 859 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]„ჩვენ აღარ შეგვეშინდება და არასდროს შეგვრცხვება“ – ზელენსკის საახალწლო მიმართვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ნაძვის ხე არასდროს ჰქონიათ

თოვს.

ფანჯარას ჯვრის ფორმის ვიწრო ხის ნაჭრებში გაჭედილი შუშა ჩამოჰქცევია. ალბათ სიცივეს ვერ გაუძლო. მთელი ღამე ყინავდა. ძალიან ცივა ახლაც.

დედამ, რომელიც 4 შვილს გვზრდის, მისაღებ ოთახში, იატაკზე გაგვიშალა ლოგინი. აქ შეშის ღუმელი დგას, სხვა ოთახებში – არა. სიცივისთვის არ ვემეტებით. თვითონაც გვერდით მოგვიწვა. ღამით რამდენჯერმე ადგა, ღუმელს შეშა შეუკეთა.

მე დამსხვრეულ შუშას ვხვეტ. ჩემი დები აივნიდან დეკემბრის თოვლს ყრიან. სულ რამდენიმე დღეში ახალი წელია. ერთი ძმა გვყავს, ყველაზე პატარა, რომლის გაჩენამდეც დედაჩემზე ამბობდნენ – უხეირო რძალი დაურჩა მაგათ ოჯახსო.

ჩემი ძმა იატაკზე დაყრილ შუშას უშნოდ არტყამს წრეს. ხელში, როგორც ყოველთვის, ხის ნაჭრები უჭირავს. ბაბუაჩვენი ხის ოსტატია და ჩემი ძმაც ხის ოსტატობას იჩემებს.

სულ ჩაქუჩი, ხერხი, ლურსმნები. ჩემს შვიდი წლის ძმაზე გიყვებით. 10 თითიდან 3-ზე მაინც რომ ყოველთვის ფრჩხილი აქვს აცლილი, 2 – გაჭრილი, 1 – გასივებული, დანარჩენი 4 კი – ჯანსაღი, ოღონდ დიდხანს არა.

„ნაძვის ხე რატომ არ გვაქვს?“ – მეკითხება ჩემი ძმა.

ჰო, ნაძვის ხე რატომ არ გვაქვს? – ვიმეორებ მეც.

სახლში ნაძვის ხე არასდროს გვქონია. პატარა და ულამაზო ნაძვის ხე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ ვნახე დედაჩემის ძმის სახლში. მინდოდა, ყველა ტოტს შევხებოდი და 1000 წლის წინანდელი სათამაშოების დაკაწრულ ზედაპირზე ჩემი თვალებისთვის, ცხვირისთვის, შუბლისთვის, რომელიც უამრავ ნაწილად გაყოფილი მოჩანდა, საათობით მეცქირა, მაგრამ ბიცოლაჩემმა არ გამაკარა. ალბათ ფიქრობდა, რომ ნაძვის ხის უნახავი გოგონას იმ პატარა და მახინჯ ნაძვის ხესთან მიშვება, რომელიც სახლის ერთ კუთხეში, თავად ნაძვის ხეზე მაღალ სკამზე ჰქონდათ შემოდგმული, საშიში იყო. დავანგრევდი. დავშლიდი. გავაფუჭებდი.

ჩემს ძმას ნაძვის ხე არასდროს უნახავს, მხოლოდ – ტელევიზორში.

ნაძვის ხე არც სკოლაში გვაქვს. არც ჩვენს მეზობლებს აქვთ. მათაც ჰყავთ ბავშვები. ყველა ბავშვს სურს, ნაძვის ხე ჰქონდეს.

დამსხვრეული შუშა მოვხვეტე. ჩემმა ძმამ კიდევ ბევრი წრე შემომარტყა, მაგრამ ჩემგან პასუხი ჯერ ისევ არ მიუღია – რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არასდროს გვქონია? ამ კითხვებზე ვფიქრობ მეც.

დღეს ყველა სახლში ვართ. დიდი თოვლია. ვერავინ ვერსად ვერ წავა.

შუადღეა. დედაჩემმა შავი ლობიოს წვნიანი გააკეთა. პური გამოაცხო. მაგიდაზე დევს ფხლის მჟავეც. ღრმა თეფშში ჩაყრილი, დაჭრილი, მჟავე ფხლის უსწორმასწორო ფორმა ნაძვის ხეს ჰგავს.

რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არ გვქონია არასდროს?

ბებია ამბობს, რომ მუსლიმები ვართ და ნაძვის ხის ქონა ცოდვაა. ნამდვილად ცოდვაა? ამიტომ არ გვაქვს? თუ იმიტომ არ გვაქვს, რომ ფული არ გვაქვს? ნეტა, ნაძვის ხეები რა ღირს? დიდი ნაძვის ხეები არა, პატარა ნაძვის ხეები რა ღირს? ნეტა, ნაძვის ხის სათამაშოები რა ღირს?

გუშინ ტელევიზორში წითელი ბურთები ეკიდა ნაძვის ხეზე. ოქროსფერი ბრჭყვიალები ჰქონდა. ძალიან ლამაზი იყო. ნეტა, აი, ეს წითელი ბურთები რა ღირს? ჯანდაბა.

რატომ არ გვაქვს ნაძვის ხე? რატომ არასდროს გვქონია? ხომ შეგვიძლია გვქონდეს.

შეგვიძლია ნაძვის ხე გვქონდეს. ჩვენთან ბევრი ნაძვის ხეა. მოვჭრით. მოვიტანთ. მძივებს დავკიდებთ. დედაჩვენის ფერად თავსაფრებს შემოვახვევთ. ლამაზი იქნება. ნაძვის ხე გვექნება.

მე და ჩემი ძმა ვიპარებით.

არ გვიფიქრია, რომ პატარა ნაძვის ხე, რომელიც რამდენიმე წელში დიდ ხედ გადაიქცევა, არ უნდა მოვჭრათ. სახლში ნაძვის ხე გვინდა გვქონდეს და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. ტყესთან ახლოს მივდივართ, სადაც პატარა ნაძვის ხეები გვეგულება. ჩემმა ძმამ პატარა ცული წამოიღო.

ბავშვები სკოლაში ვერ წავედით. კაცები პარასკევის ლოცვაზე ვერ წავიდნენ დიდთოვლობის გამო. ჩვენ კი, ჩვენი დიდი გულებით გავბედეთ, რომ თეთრ უდაბნოსა და გამყინვარებაში ნაძვის ტოტების მოსატანად წავსულიყავით. ვეებერთელა სურვილი გვქონდა ნაძვის ხის ქონის. არც იმაზე ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა მოულოდნელად თოვლის ნამქერს ჩავეკეტეთ, სიცივისგან გავყინულიყავით. თოვლის სიმაღლე ფარავდა ჩემს ძმას.

არ ვიცი, მოგიყვეთ რას ნიშნავს ნაძვის ხის, ანუ ნემსის ძებნა თეთრი ბორცვების ქაფში, თუ დავტოვო თქვენს წარმოსახვაზე.

ვიპოვეთ ნაძვის ხე. ამოვთხარეთ გაყინული, დაჭირხლული ხელებით. ხელთათმანები არ გვქონდა და სახლიდან გამოსვლამდე ძველი წინდები წამოვიცვით.

ყველა ჯიბე თოვლით გვქონდა სავსე. სუნთქვა გვიჭირდა. დავიღალეთ. ვღელავდით. გვეშინოდა, რომ სახლში ჩვენ არ ყოფნას შენიშნავდნენ. ყველაფერს ერთად განვიცდიდით. ეს რაღაც სხვა იყო. ყველაზე გულწრფელი სურვილი ნაძვის ხის ქონის, რომლის ძალამაც გადაგვარჩინა. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყო თოვლში სახლამდე კვლის მიტანა. ჩვენი ნაფეხურები მთლიანად ჰქონდა ჩაყლაპული ფიფქებს.

სახლში ნაძვის ხესთან ერთად ვბრუნდებით, რომელიც ჩემმა 7 წლის  ძმამ მოჭრა და მისი ჯანსაღი 4 თითიც გაუბედურდა.

ნაძვის ხე კიბის ქვეშ დავმალეთ. მოგვიანებით, როცა შევლღვით, ჩემმა ძმამ ნაძვის ხის სადგამისთვის ორი ვიწრო ფიცარი გადახერხა და ერთმანეთს ჯვარედინად დააჭედა. ნაძვის ხის დამაგრებაღა დაგვრჩა. გავწვალდით. არაფრით ჩერდებოდა ჩვენი ნაძვის ხე ფეხზე. ლურსმნის კვალისგან ძირი სულ აეღერღა და რაც უფრო მეტს აჭედებდა ჩემი ძმა, მით უფრო გვიძალიანდებოდა და იხრებოდა წელში ჩვენი ნაძვის ხე.

ნაძვის ხის ტოტებს ბოლი ასდიოდა. საბოლოოდ, მე ვფიქრობ, სიცივისგან გათოშილი მე და ჩემი ძმა შეგვიცოდა და წყლისგან გამობერილი ჩვენი თვალის უპეების დასამშვიდებლად წელში გასწორება ამჯობინა.

ბოსელს მიშენებული ჩემი ძმის სახელოსნოდან გაცრეცილ, მწვანეკედლებიან ოთახში გადავედით. ჩვენი საიდუმლო გავუმხილეთ ჩვენს შუათანა დას, რომელსაც თვალები გაუბრწყინდა. თურმე, ისიც ოცნებობდა ნაძვის ხეზე. თურმე, არ ყოფილა ნაძვის ხის ქონის სურვილისთვის დიდი. საწოლქვეშ დამალული ნაძვის ხე გამოგვაძრობინა და სასწრაფოდ დაიწყო მორთვა. ისე დაქროდა ოთახიდან ოთახში, მე და ჩემი ძმა დავიბენით. საიდანღაც ამოაძვრინა ძველი პერანგები, მოაგლიჯა საყელოზე მიკერებული მაქმანები, გადახლართა და ულამაზესი ბაფთა მოაბა ჩვენი ნაძვის ხის კენწეროს.

ყველაფერი გამოვიტანეთ, რაც გვქონდა: მძივები, თმის სამაგრები, ნათესავების ნაჩუქარი პატარ-პატარა თოჯინები, რომლებსაც ერთმანეთს ვუმალავდით, მხოლოდ ჩვენი რომ ყოფილიყო. ყველაფერი შევაბით ნაძვის ხეს, რაც გვქონდა და ისიც, რაც არ გვქონდა.

ჩემი ძმა სხვადასხვა ფერის ბოთლის თავებს ხვრეტდა ლურსმნით, მე და ჩემი შუათანა და კი დედაჩვენის საქსოვ, სხვადასხვა ფერის ძაფებს ვწნავდით, ყუნწები რომ გაგვეკეთებინა ბოთლის თავებისთვის.

ისე მოგვწონდა ნაძვის ხის მორთვა, ვერ ვჩერდებოდით. საოცნებო ნაძვის ხე ხარახურა ნივთების გროვად გადავაქციეთ.

რძით სავსე ვედროები ეჭირა დედაჩვენს ორივე ხელში. რძე ჩაწურა. ვედროები ცივ წყალში გარეცხა… ხმა გვესმოდა რეცხვის. გვერდით ოთახში ვიყავით. გვეშინოდა, არ გაგვბრაზებოდა. ნაძვის ხე პირველად გვქონდა სახლში და ჯერ ისევ ვერ გამოვრკვეულიყავით ეს სწორი იყო, თუ „ცოდვას“ ჩავდიოდით.

დედაჩვენის გრძელ, ატლასის მყვირალა ვარდისფერ თავსაფარს ვგრეხდით, როცა ოთახში შემოვიდა. მის თვალებს პირველად მე შევეჩეხე. მეგონა, გვიყვირებდა, მაგრამ – არა. ნაძვის ხის ქონის სურვილისთვის დედაჩვენიც არ იყო დიდი. დაგრეხილი თავსაფარი ნაძვის ხეს როგორც წვიმა, ისე მოაბნია და გაკვანძა.

ეს ჩვენი პირველი ნაძვის ხე და ასე მგონია, პირველი ჩახუტება იყო დედასთან.

ზამთარი მაღალმთიან აჭარაში. ავთო შერვაშიძის ფოტო

___________________

მთავარ ფოტოზე: ნინო [ევა] ართმელაძე 

კახაბერი და ხანუმები – საახალწლო კონცერტი ბათუმში ღამის 11 საათზე დაიწყება

დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი 23 საათზე დაიწყება. კონცერტს „კახაბერი და ხანუმები“ გამართავენ.

საახალწლო ღონისძიებების აფიშა ევროპის მოედანზე ასე გამოიყურება:

  • 31 დეკემბერი – გალა კონცერტი – „კახაბერი და ხანუმები“
  • 1 იანვარი – DJ QARCII
  • 2 იანვარი – „WHY NOT“, „MELOMANIAKK“, „ღამის შოუს ბენდი“, DJ KIMO
  • 3 იანვარი – „კონიაკი“, 4 UP, „ RAIN SITY BAND“,  „DJ TROFIOFF“
  • 4 იანვარი –  „ჩემი ბენდი“, „CRASH“, ბენდი „ქართული“, DJ KHILA
  • 5 იანვარი-  18:00 – „SCOOL FRIENDS“,  „ელანძე“, „ELROW, DJ“ დავით ვოლკოვი, DJ MAXIC
  • 6 იანვარი – ASTEROID, AND OTHERS,  BLACK SEA ,  DJ როკო ჯიბუტი.
  • 7 იანვარი – საშობაო კონცერტი,  DJ MICH

ევროპის მოედანზე ასევე მიმდინარეობს საშობაო ბაზრობა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა.

_______________

ევროპის მოედანი, 25 დეკემბერი. ფოტო: ბათუმის მერია

კიევში დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 20 – რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე 31 დეკემბერს

დღეს, 31 დეკემბერს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

დაახლოებით შუადღეზე ცნობილი გახდა რუსეთიდან საჰაერო თავდასხმის შესახებ, ამუშავდა თავდაცვის საჰაერო სისტემა, თუმცა თავდასხმას მაინც მოჰყვა მსხვერპლი და ნგრევა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა, 20 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორისაა ჟურნალისტი იაპონიიდან.

უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად არიან დაჭრილები უკრაინის სხვადასხვა ოლქებში, რამდენიმე ოლქში ჩამოგდებული ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს არის რუსეთის მეორე ფართომასშტაბიანი თავდასხმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად. ბოლო მსგავსი თავდასხმა 29 დეკემბერს იყო, როცა რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა ისროლა.

დღეს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 დეკემბრის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მოსალოდნელია რუსეთმა ამ დღეებში კვლავ დაარტყას უკრაინას, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის სულისკვეთება საახალწლო არდადეგების პერიოდში.

____________

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობა კიევში, 31 დეკემბერი

 

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია – მედია

უკრაინის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოაცხადა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებში სარაკეტო თავდასხმების მოლოდინში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტეს.

ნიკოლაევის რეგიონის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსეთიდან რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

წელს უკრაინაში 450 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 450 ბავშვი დაიღუპა– ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

რუსეთის თავდასხმის შედეგად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის დილის მდგომარეობით უკრაინაში დაიღუპა 450 და დაშავდა 872 ბავშვი.

ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. 

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3126 სასწავლო დაწესებულება, მათგან 337 მთლიანად განადგურდა.

რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.

_____________

ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე მოსალოდნელია ახალი წლის დღეებშიც – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 31 დეკემბრის ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული შორი მოქმედების სარაკეტო თავდასხმებია განხილული. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამგვარი თავდასხმების ძირითად სამიზნეს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი ქსელი წარმოადგენს.

კიდევ ერთი მსგავსი შეტევა უკრაინის მასშტაბით, 29 დეკემბერს განხორციელდა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ოქტომბრიდან მოყოლებული ინარჩუნებს თავდასხმების ინტენსიური ტალღის ერთგვარ შაბლონს ყოველ 7-10 დღეში განმეორებით.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ სტრატეგიას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოსაფიტად მიჰყვება. მიუხედავად ამისა, ბრიტანული დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ეს შაბლონი დაარღვიოს და უახლოეს დღეებში კვლავ დაარტყას უკრაინას, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის სულისკვეთება საახალწლო არდადეგების პერიოდში.

29 დეკემბრის დილიდან რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა უკრაინას, მათ შორის, კიევის ოლქს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, 120 რაკეტა ესროლეს.

„120-ზე მეტი რაკეტა გვესროლა ბოროტმა რუსულმა სამყარომ, რათა მას გაენადგურებინა ინფრასტრუქტურა და მასობრივად დაეხოცა მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერდა პოდოლიაკი.

____________

ფოტოზე: ქალაქი ბახმუტი, უკრაინა

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 105 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 3 029 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 075 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 2 016 ერთეული [+6]
  • MLRS – 423 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 213 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 269 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 746 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 711 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 707 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 180 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 355 თვითმფრინავი
  • 198 ვერტმფრენი
  • 2 764 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 338 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 957 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 752 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 846 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]წელს უკრაინაში 450 ბავშვი დაიღუპა რუსეთის თავდასხმის შედეგად[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული… სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები,“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთს შეტევით პოტენციალს ვერც არმიის მილიონ-ნახევრამდე გაუზრდის მოუტანს და გაზაფხულზე გარდამტეხ ნიშნებს უნდა ველოდოთ.

„ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ გაზრდას. პირიქით შეიძლება მოხდეს, რადგან ამას შესაბამისი აღჭურვილობა და სამეთაურო შემადგენლობა სჭირდება… გაზაფხულზე უკვე საქმე იქნება იმაში, თუ ვინ დაასწრებს შეტევას. იმედი მაქვს, უკრაინელები დაასწრებენ შესაბამისად მომზადებას და ინიციატივას აიღებენ ხელში,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარია დროულად ჩამოყალიბდეს დასავლეთი, „რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი“ და მიაწოდონ ის აღჭურვილობა, რაც უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმის საშუალებას მისცემს.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემები რას აჩვენებს თქვენთვის: რამდენად ინარჩუნებენ უკრაინელები ბახმუტს, რომელიც დაპირისპირების მთავარი ადგილია?

ბრძოლები გრძელდება ქალაქის გარეუბნებში. უკრაინელები ჯერჯერობით ინარჩუნებენ ქალაქს და იმედი მაქვს, შეძლებენ შენარჩუნებას. მიმდინარეობს ასევე ბრძოლები ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებითაც მიუახლოვდნენ რუსები ქალაქს. მას შედეგ, რაც ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ეს არის ქალაქი-ციხესიმაგრე, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ ბახმუტისთვის.

  • აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსული წყაროს თანახმად, ბახმუტის მიმართულებაზე „ვაგნერის ჯგუფი“ და რუსული სადესანტო ძალები უკრაინელების გამოფიტვისკენ მიისწრაფვიან, თუმცა თავადაც მიახლოებული არიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, ანუ რუსებს აღარ შეუძლიათ ბახმუტთან შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათო. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვერ აიღონ რუსებმა ბახმუტი იმის მიუხედავად, რომ ქალაქში მიმდინარეობს უკვე ბრძოლა? 

ბახმუტში შესულები არიან რუსები, თუმცა ქალაქში შესვლა შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. სტალინგრადი ამის კარგი მაგალითია – იქაც ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლები დიდი ხანი და დასრულდა იმით, რომ საბოლოოდ გერმანელები დამარცხდნენ.

კვლევითი ცენტრები, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დაგვიანებით აქვეყნებენ ინფორმაციას, რაც ისედაც ყველასთვის ნათელია: ადრეც ვამბობდი, რომ რუსებმა არ აიღეს პაუზა ლისიჩანსკის შემდეგ და ამის შედეგია ის, რომ დღემდე ბახმუტთან არიან გაჩერებული. თუმცა, მეორე მხრივ, ამით რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ უკრაინელები სხვაგან აღარ უტევენ რუსებს. უკრაინელებიც მხოლოდ ბახმუტთან არიან კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს გარკვეულწილად უკრაინელების შეცდომაა.

  • ანუ უკრაინაც შეიძლება მიუახლოვდეს ე.წ. კულმინაციის წერტილს ბახმუტში? 

ორივე უახლოვდება „კულმინაციის წერტილს“, თუმცა დამცველებს [უკრაინელებს] გაცილებით შორს აქვთ ეს „კულმინაციის წერტილი“, ვიდრე შემტევს.

რა არის იცით? ერთია ბახმუტი და მეორეა ის, რომ რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება სვიატოვოს, ასევე სოლედარის მიმართულებაზე. სვიატოვო და სოლედარი თუ აიღეს, ჩრდილოეთიდან შემოუვლიან ბახმუტს და აღარ დასჭირდებათ ეს ბრძოლა ქალაქში. ასე შეუძლიათ, ბახმუტი მოაქციონ ბლოკადაში. ამ ეტაპზე რთულია, რამე კონკრეტული თქვა იმაზე, თუ რა მოხდება. გააჩნია, რა რესურსს დახარჯავს უკრაინა ბახმუტის დასაცავად და რა რესურსს გამოიყენებენ რუსები. თუმცა განვმეორდები და ვიტყვი: პოლიტიკური და მორალური დატვირთვის გარდა, სხვა დატვირთვა ბახმუტს არ აქვს.

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, ბუდანოვის თქმით: „…არ შეგვიძლია ყველა მიმართულებაზე მათი [რუსების] დამარცხება. ეს არც მათ შეუძლიათ. ველით ახალ და უფრო დახვეწილ იარაღს…“ თქვენი დაკვირვებით, უკრაინის წარმატება ახლა მხოლოდ შესაბამისი იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული?

რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული, ეს გასაგებია, მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ამ მიზნების მიღწევის პერსპექტივა არ უჩანს რუსეთს. რუსეთისთვის ყველაზე დიდი წარმატება ახლა ის იქნება, რომ შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები.

რუსები ამ ეტაპზეც აგრძელებენ შეტევებს წარუმატებლად, მაგრამ ისინი შეტევებს განაგრძობენ. უკრაინელების განცხადებაც, რომ 25 მიმართულებაზე მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა ადასტურებს, რომ უკრაინელები არიან დაცვაში სხვა მიმართულებებზეც.

  • მაშინ რატომ გამოდის, რომ რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული?  

რუსეთი ვერც გამოდის ამ ბრძოლიდან და ვერც დაგეგმილ სტრატეგიულ მიზნებს აღწევს. სულ თავიდან გვახსოვს, რა სტრატეგიული მიზნებიც ჰქონდა რუსეთს, შემდეგ ეს შეცვალეს და სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები.

  • თქვენთვის რას აჩვენებს დანილოვის განაცხადი: „თუ საჭირო იქნება უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე გადავა და ამას არავის ჰკითხავს,“ – ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მას შემდეგ, რაც რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ომი გადაიტანოს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, რატომაც არა? სხვა თემაა: რამდენად დაუდგებიან გვერდით უკრაინას დასავლეთიდან პარტნიორები. დღეს უკრაინას ფაქტობრივად დასავლეთი აძლებინებს ამ ომს, უკრაინელ სამხედროებსაც დასავლეთში ამზადებენ… უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

ამ შემთხვევაშიც საბჭოთა კავშირის დროინდელი, სადაზვერვოდ დრონებით ახორციელებენ ამ დარტყმებს. უკრაინას ახლა იმდენი ძალა არ აქვს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრას და იქ სამხედრო ოპერაციები აწარმოოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ სპეცოპერაციას, ან სადივერსიო მოქმედებებს.

  • „პოლიტიკო“ წერდა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკიმ, კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამერიკულმა მხარემ  ამაზე კვლავ უარი განაცხადა. ATACMS- არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც „ჰაიმარსი“ და M270 MLRS სისტემები ისვრის 310 კილომეტრზე. თქვენი აზრით, რატომ თქვა ამ იარაღის მიწოდებაზე აშშ-მ უარი და რას შეცვლიდა ეს?

არსებობს ისეთი რაკეტებიც, რომელიც 500 კილომეტრზეც ისვრის… ამ რაკეტების მიწოდება ნიშნავს იმას, რომ უკრაინას შეეძლებოდა, მაგალითად, ყირიმი დაებომბა, ასევე უკრაინელები შეძლებდნენ რუსეთის ძალიან ღრმად, საარმიო დაჯგუფების ზურგში განეხორციელებინათ დარტყმები. ეს არა მხოლოდ შეტევითი, ზოგადად უნივერსალური იარაღია უზრუნველყოფის და მომარაგების ცენტრებს რომ დაარტყა.

  • და რატომ არ აწვდიან უკრაინას, თქვენი აზრით? 

არ აძლევენ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არ არიან ჩამოყალიბებული დასავლეთში, რით უნდა დასრულდეს რუსეთის დამარცხება. როგორც ჩანს, დასავლეთში არ უნდათ, რომ ეს ბრძოლა იმ ეტაპზე მივიდეს, რომ უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

  • ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი ამბობს: „ჩვენ ფასს ფულით ვიხდით, უკრაინელები კი, სისხლით. თუ ავტორიტარული რეჟიმი დაინახავს, რომ ძალას შედეგი მოაქვს, ყველანი უფრო მაღალ ფასს გადავიხდით“. ეს არ აჩვენებს იმას, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას შეძლებს? 

ახალი არაფერია ამაში, ეს არის იგივე მოწოდება დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომ დაეხმარონ უკრაინას. მაგალითად, გერმანიაში საუბარი იყო ტანკების მიწოდებაზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამის წინააღმდეგია, დასავლეთში კი, ლიდერები მაქსიმალურად საკუთარ ამომრჩევლებზე არიან დამოკიდებული… სტოლტენბერგის მიერ აბსოლუტურად სწორად გამოხატული ეს აზრი მიმართულია იქითკენ, რომ მსოფლიომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. აქ საუბარია, ჩემი აზრით, იმაზე, რომ ჯერ კიდევ დასავლეთი არ არის ჩამოყალიბებული, რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი, რა უნდა იყოს რუსეთის დამარცხება.

  • ბაიდენმა ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 45 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფა. რამდენად შეიძლება აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ფინანსურის გზავნილებით უკრაინამ სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეძლოს?

რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, მაგრამ ამით გაძლიერება ვერ მოხერხდება. ამით იქნება შესაძლებელი დაკარგული რესურსების შევსება. მეტწილად ეს არის დანახარჯების შევსება. მაგალითად, უკრაინას შეუძლია 5 ათასი ჭურვის გაშვება „ჰაიმარსიდან“, ხოლო ამერიკელი მწარმოებელი წელიწადში  აწარმოებს მხოლოდ 9 ათას ცალ ჭურვს. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხარჯების დროულად შევსებაზე, როცა ინტენსიური საცეცხლე დაპირისპირებაა, ძალიან დიდია იგივე ჭურვების ხარჯი, რომელიც ახლა ასე ძალიან სჭირდება უკრაინას.

აღარ ვსაუბრობ იმ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯებს, რასაც რუსეთი ანგრევს უკრაინაში.

  • პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემას მოსკოვში აშშ-რუსეთის ურთიერთობების ესკალაციად აფასებენ. მათი შეფასებით, რეალურად რუსეთი არა უკრაინას, არამედ აშშ-სა და დასავლეთს ეომება. თქვენი აზრით, რატომ აწყობს კრემლს ისევ ამ გზავნილის გააქტიურება?

ამით რუსეთი ცდილობს, გაამართლოს საკუთარი წარუმატებლობა. ასევე, მობილიზება გაუწიოს მოსახლეობას, აჩვენოს, რომ აი, ჩვენ მთელი მსოფლიო გვეომება, ეომება ჩვენს ქრისტიანობას, ტრადიციებს. ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

  • თქვენი აზრით, რას უკავშირდება რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების სარდლობის კიდევ ერთხელ შეცვლა? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ამჯერად ამ დაჯგუფების მეთაურობას გენერალ-ლეიტენანტ ევგენი ნიკიფოროვს გადასცემენ და იგი მეოთხე სარდალი იქნება, რომელიც აღნიშნულ ჯგუფში უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ შეიცვალა.

ამ გვარების შეცვლით არაფერი იცვლება არც რუსების სამხედრო ხელოვნებაში და არც მათ სტრატეგიაში. ერთადერთი, სუროვიკინმა შემოიტანა ეს უკონტაქტო დარტყმები, რაც მიმართულია უკრაინის სტრატეგიული პარალიზებისკენ. აღნიშნული არც სიახლეა სამხედრო ხელოვნებაში და არც რაიმე არაორდინალური. მეტ ცვლილებას მე ვერაფერს ვხედავ. აქ უფრო მნიშვნელოვანი მგონია რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმების გეგმა, რაც შოიგუმ შესთავაზა პუტინს და ისიც დათანხმდა.

  • რა არსებითი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს შოიგუს რეფორმამ რუსულ არმიაში? 

აქ სულ 11 პუნქტია. ერთ-ერთია, მაგალითად, ის, რომ მილიონნახევარი უნდა გახდეს არმია. მნიშვნელოვანი ის, რომ მასში 700 ათასამდე უნდა გაიზარდოს საკონტრაქტოების რაოდენობა. კარელიაშიც საარმიო კორპუსს აყალიბებენ ფინეთის სურვილის ნატოსთან დაკავშირებით და მთლიანობაში შეიარაღებული ძალები სადივიზიო სისტემას უბრუნდება.

ორ საჰაერო-სადესანტო დივიზიას ქმნიან ასევე დამატებით, იქმნება დიდი სიმძლავრის საარტილერიო ბრიგადები, გაწვევის ასაკი იზრდება 18-დან 21 წლამდე, თუმცა რაოდენობის გაზრდას სჭირდება შესაბამისი სამეთაურო შემადგენლობა, აღჭურვილობა და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასეთი ომისთვის ტაქტიკური საბატალიონი ჯგუფების და თანამედროვე მანევრული ომის მეთოდების გამოყენება რუსებს არ შეუძლიათ და უბრუნდებიან მასობრივი, დიდი არმიების საბჭოურ სისტემას.

  • რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს რაოდენობრივად არმიის გაზრდას? 

ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ გაუმჯობესებას. პირიქით შეიძლება მოხდეს, რადგან ამას შესაბამისი აღჭურვილობა და სამეთაურო შემადგენლობა სჭირდება. როგორც წესი, რეფორმები ვერ ხორციელდება, როდესაც საომარ მოქმედებებში ხარ ჩართული, თუმცა მსგავსი საკითხები ყურადღებით არის სათვალთვალო და შესასწავლი.

ამ გზით რუსეთი რაღაცნაირად მაინც შეძლებს თავდაცვისუნარიანობისგაძლიერებას. ნუ დაგვავიწყდება ასევე, რომ 1000 კილომეტრიდან საბრძოლო შეხების ხაზი 815 კილომეტრამდე შემცირდა, რაც თავდაცვის სიღრმის და
სიმჭიდროვის გაზრდას უწყობს ხელს. ასევე მგონია, რომ ბელარუსია ვერ გაუძლებს ზეწოლას და იქნება ჩათრეული ამ ომში რუსეთის მიერ.

  • რა ჩანს ამ ეტაპზე, რუსეთი ემზადება ისევ მორიგი შეტევისთვის? 

ჩანს ის, რომ დაახლოებით 2 თვეში ეს 300-ათასიანი მასა, რომელიც გაწვეული იქნა რუსეთში, მათი ძირითადი ნაწილი დაასრულებს მომზადებას და გადავა წინა ხაზზე. გაზაფხულზე უკვე საქმე იქნება იმაში, თუ ვინ დაასწრებს შეტევას. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები დაასწრებენ შესაბამისად მომზადებას და ინიციატივას აიღებენ ხელში.

მე ეჭვით ვუყურებ რუსეთის შეტევით პოტენციალს, მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ უკრაინელებს შეუმცირონ შეტევითი შესაძლებლობა.

  • „ომის ადამიანურმა და მატერიალურმა ღირებულებამ, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის ომისადმი ერთგულება შეარყიოს. მთავარი გასაღები რუსეთის შიგნითაა,“ – მიიჩნევს ბარბარა ზანჩეტა, ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევის დეპარტამენტიდან. სამხედრო ანალიტიკოსების ხედვას იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 2023 წელს BBC აქვეყნებს. ანალიტიკოსების ნაწილი გაზაფხულზე ელის ომის დასრულებას და უკრაინის გამარჯვებას, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რაც თქვენ ივარაუდეთ ომის დაწყების პირველ დღეებში. ამ გადასახედიდან რის თქმა შეგიძლიათ?

საკმაოდ პატივსაცემი ექსპერტისგან მოვისმინეთ, რომ ომი წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რეალობა ასეთია: ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვართ… ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ომის დასრულება არის დამოკიდებული რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალზე, თუმცა ვერ ვხედავ, რომ ამ სახის ცვლილებები მომწიფდა რუსეთში. ამას სხვა მონაცემები და სადაზვერვო ინფორმაცია სჭირდება. ვერ ვხედავ ვერც ანტისაომარ განწყობებს და პროტესტს რუსეთში, არც რუსი ჯარისკაცები არ ყრიან იარაღს და არ გარბიან ფრონტის ხაზიდან, რაც, მაგალითად, იყო 1917 წლის რევოლუციის წინაპირობა.

ასევე ვხედავთ, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ის ეფექტი ვერ გამოიწვია, რასაც ყველა ელოდა.

  • რა რჩება მაშინ უკრაინის მხარეს დამაიმედებელი, როცა თქვენ ამბობთ, რომ გაზაფხულზე ელით უკრაინისგან კონტრშეტევის დაწყებას და ინიციატივის ხელში აღებას?

ვრჩები იმ აზრზე, რომ უკრაინას წარმატებისთვის სჭირდება დარტყმითი დაჯგუფების შექმნა. იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ხედვები დასავლეთშიც. მაგალითად, თავდაპირველად განიხილებოდა მხოლოდ ჯაველინების მიწოდება, შეიცვალა შემდეგ ეს მიდგომა. ახლაც მგონია, რომ შესაძლოა, მოძველებული საბჭოთა ტექნიკა მიაწოდონ, მაგრამ დასავლეთი დაეხმარება უკრაინას შეტევითი ტექნიკის კუთხით, უკრაინამ რომ შეძლოს თავისი ამოცანის შესრულება. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი, რომ 2023 წელს უკრაინამ შეძლოს დაკავებული ტერიტორიების მთლიანად გათავისუფლება.

რომც გაათავისუფლონ, არა მგონია, რომ ეს იყოს ომის დამთავრება, ვინაიდან ასე პირველი ომიც წააგეს რუსებმა ჩეჩნებთან, შემდეგ კი, დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი. ომის დასრულებისთვის საჭიროა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, ძირეული ცვლილებები და არამხოლოდ სამხედრო წარუმატებლობა.

სარიჩაირი, დათოვლილი მთები ხულოში და ახალი წელი

ხულოში 60 სმ-მდე თოვლია. დათოვლილი მთები და ხის სახლები იმდენად ლამაზი სანახავია, რომ ადგილობრივების აღფრთოვანებასაც კი იწვევს. მოქალაქეები ხულოს სოფლებიდან თავად გვიგზავნიან ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი არარეალურიც კი შეიძლება გეგონოთ.

ხულოს მუნიციპალიტეტი, მთა სარიჩაირი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში მცხოვრებმა მერაბ დუმბაძემ ფოტოები გამოგვიგზავნა მთა სარიჩაირიდან. ის ახლაც მთაშია სრულიად მარტო. მისი სოფელი მთიდან 4 კილომეტრის დაშორებითაა. მერაბ დუმბაძე ხუთი წელია, რაც მთაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ცდილობს, მოაწყო კოტეჯები, ბუნებრივი ქვის ღობეები. ის დარწმუნებულია, რომ მთას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

„ზაფხულის და ზამთრის კურორტად შეიძლება იქცეს ეს ადგილი, მთას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ტბა გავაკეთე, თევზი მყავს. საცურაო აუზი მოვაწყვე. ზაფხულისთვის საბავშვო ატრაქციონის მოწყობას ვგეგმავ. ამ ყველაფერს ჩემი ხარჯებით ვაკეთებ“.

მიუხედავად იმისა, რომ მთაზე ახლა მის გარდა არავინაა, მერაბ დუმბაძემ ნაძვის ხეც მორთო. იმედოვნებს, რომ წელს საახალწლოდ მეზობლები მთაზე ავლენ:

„არ ამოდიოდნენ, მაგრამ ახლა იციან, რომ მე აქ ვარ და ამოვლენ. აქ ძალიან დიდი სილამაზეა, ბუხარი მაქვს, 50 ადამიანზე ღამის გასათევი მაქვს, ზაფხულში გაქირავდა კიდეც, მაგრამ ზამთარში ჯერ არავინ ამოსულა. ელექტროენერგიაც არის. მე ზამთარშიც ვრჩები ხოლმე აქ, საშიში არაფერია“.

დაბა ხულოში დღეს საახალწლო კონცერტი იმართება – ამ კონცერტის გამართვის მომსახურება მერიამ პრემიერის განკარგულების შესაბამისად პირდაპირი წესით შეისყიდა. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება ხულოს მუნიციპალიტეტმა ყველაზე დაბალ ფასად – 23 000 ლარად შეისყიდა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ამ თანხით საახალწლო აქსესუარები იყიდეს. მერიაში გვითხრეს, რომ საახალწლო კონცერტზე ადგილობრივი შემსრულებლები გამოვლენ.

დათოვლილ მთაში განსაკუთრებით ლამაზია ღამით გადაღებული კადრები
მთა სარიჩაირი

ფოტოები სოფელ ძირკვაძეებიდანაც გამოგვიგზავნეს. ფოტო: მინდია აბულაძე

9 შვილის დედა: მდიდრები არა, მაგრამ ბედნიერები ვართ

გიორგი, გიული, ანჟელა, ანა, ია, გოგა, ელისაბედი, გეგა, ბარბარე – 40 წლის მადონა ფუტკარაძე თავისი შვილების სახელებს თვლის და იღიმის. 9 შვილის დედას ყველაზე უფროსი 20 წლის ჰყავს, ყველაზე უმცროსი – 3 წლის.

„არც ძალიან ავსილები ვართ, არც ძალიან დავსილები“, – ასე აღწერს მადონა საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას.

მადონას მეუღლე, გელა ფუტკარაძე, აგვისტოს ომის ვეტერანია. ომიდან დაბრუნებულმა ინფარქტი გადაიტანა. შეუძლია თუ არ შეუძლია, მაინც მუშაობს – დიდ ოჯახს ბევრი საჭიროება აქვს.

ცოლ-ქმარს 6 გოგო და 3 ბიჭი ჰყავს. უფროსი შვილი, გიორგი, დაქორწინებულია. ყველანი ერთად დიდ ოჯახად ცხოვრობენ ბათუმთან ახლოს, სოფელში.

„ჩემი მეუღლე დღიურად მუშაობს, მუშად. ცემენტი და სილა ააქვს მშენებლობებზე. სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ უცებ იხარჯება. მაგალითად, ამ თვეში ყველა გაციებული იყო და სოციალურის დიდი ნაწილი წამლებში დაგვეხარჯა.

თან ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს ბაზარში – კარტოფილი, შაქარი და ზეთი რომ იყიდო, ყველაფერი გაძვირებულია.

1 ლიტრი ზეთი 10 ლარი ღირს, როცა ადრე 3-4 ლარში ვყიდულობდი. ახლა 10 ლარს რომ ზეთში მისცემ, რაღა უნდა დაგრჩეს?

ხორცსაც ვყიდულობ და მთლად უხორცოდ არ ვრჩებით, მაგრამ ყოველ მეორე-მესამე დღეს ვიყიდოთ და მოვიტანოთ, ეგრე ნამდვილად არ შეგვიძლია.

სოციალური არაფერი არაა, ვიხდით კომუნალურებს და ბავშვებს თუკი რამე უნდათ ერთჯერადად, ეგ თორემ დანარჩენი ნამდვილად არაფერში არ გვყოფნის. ვერც ვერაფერს ვაკეთებთ დიდად,“ – ამბობს მადონა.

მადონა შინ შრომაშია ჩართული. მისი ძირითადი საქმიანობა 9 ბავშვის მოვლა-პატრონობაა. მუხლჩაუხრელად მუშაობს მადონას ქმარიც, იმიტომ, რომ სოციალური დახმარება ოჯახს არ ჰყოფნის.

„როგორც მრავალშვილიან ოჯახს მოგვცეს ბინა ბათუმში. მაგრამ ბინა არ გვინდოდა, ამიტომ გადავცვალეთ სახლში სოფლად და აი, აქ ვართ. ხეხილი გვაქვს, მანდარინი. იქიდან ცოტა შემოსავალს ვიღებთ. წელს ცუდი მოსავალი იყო, სულ რაღაც 500 კილო მოვკრიფეთ, როცა მანამდე 3-4 ტონას ვკრეფდით. ალბათ მომავალში გაგვიმართლებს და იქნება რამე,“ – ამბობს მადონა.

ახალი წელი მადონას და გელას მრავალშვილიანი ოჯახისთვის ერთად ყოფნის დღეა. ოჯახს რამე განსაკუთრებული ტრადიცია არ აქვს, ერთად ყოფნის გარდა. 29 დეკემბრის შუადღეს, როცა მადონასთან ინტერვიუს ვწერდით, გელა ზარს ელოდებოდა დამსაქმებლისგან.

„ახლა მეუღლე ელოდება, რომ დაურეკავენ სამუშაოს თაობაზე. წავა, აზიდავს ქვას ან რამეს და საახალწლოდ ჩვენც ვიყიდით რამეს,“- ამბობს მადონა და აგრძელებს:

„7 წელია, რაც საკუთარი ჭერი მაქვს, მანამდე სულ ნაქირავებში ვიყავით, ხან სად ვცხოვრობდით, ხან სად. ყოფილა მომენტი, რომ საახალწლოდაც კი გარეთ ვყოფილვართ და არ მქონია ქირა, რომ შევსულიყავი სადმე. სიმართლე გითხრათ, ისეთი ცხოვრება გვქონდა, არც კი გვიცდია, რომ რამე ტრადიციად დაგვემკვიდრებინა.

ჩვენი ტრადიცია ისაა, რომ სახლში ვრჩებით ყველანი და ისე ვხვდებით ახალ წელს.

მაგრამ ახლა, როცა სახლი გვაქვს, დავფიქრდებით“.

ფუტკარაძეების ოჯახში საახალწლო მოსართავებს ქაღალდისგან ჭრიან

მადონას ვკითხეთ, რამდენად რთულია ქალისთვის მართოს მრავალშვილიანი ოჯახი და როცა ყველა ბავშვს ერთდროულად უნდა რაღაც, სათანადოდ გაანაწილოს ყურადღება.

„ყველაზე მთავარია, რომ არ უნდა მოიშალო ნერვები. ხშირად უკითხავთ, როგორ უძლებ, როცა ყველა ბავშვი ერთდროულად ლაპარაკობს და ყველას ერთდროულად უნდა რაღაც.

ახლა გოგოები უკვე დიდები არიან, მაგრამ როცა პატარები იყვნენ, არც მაშინ არ ვიშლიდი ნერვებს. გაცნობიერებული მაქვს, რომ როცა ამდენი შვილი გყავს, იმის შესაბამისად უნდა შეინარჩუნო ფსიქოლოგიური გამძლეობა.

არიან ისეთი ადამიანები, როცა ნერვები ეშლებათ ჩხუბობენ, ყვირიან, ბავშვებს უყვირიან ან სცემენ.

ღმერთს მადლობა, როცა ვეტყვი, რომ რაღაცის გაკეთება/ყიდვა არ შემიძლია, ესმით. ხელს გვიწყობენ და ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობას ითვალისწინებენ. ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ.

კი, თითოეული რაღაცას ითხოვს, სულ რაღაცა უნდათ, მაგრამ გარეთ რომ გადიხარ და მერე სახლში ბრუნდები, იმის იმედი გაქვს, რომ სახლში ამდენი შვილი ერთად დაგხვდება.

მართალია, ყველა კარებში გხვდება და რაღაცას ელოდება, მაგრამ ეს სიცოცხლის ხალისს გაძლევს.

მე მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა. ჩემთვის შვილები ბედნიერებაა,“ – ამბობს მადონა.

მადონას თქმით, მართალია, მათი ოჯახი მდიდარი არაა, მაგრამ ბედნიერები არიან. ერთმანეთს ეხმარებიან, გვერდით უდგანან, ქონებაც და უქონლობაც ერთად გადააქვთ.

„ყველა სურვილს ნამდვილად ვერ ვუსრულებ. ბავშვებს უნდათ დღესასწაულზე ბევრი რაღაცა ჰქონდეთ, ყველას საჩუქარი უნდა, ყველას თითო სურვილი აქვს, მაგრამ მაგდენი შესაძლებლობა არ გვაქვს. თუმცა ძალიან კი ვცდილობ ყველა სურვილი შევუსრულო… რასაც ვაფასებ, ერთმანეთის სიყვარული იციან, რაც მთავარია, დედმამიშვილები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ“.

მადონა ყველაზე მეტად წუხს, რომ ინტერნეტი აღარ აქვთ.

„50 ლარი უნდა, მაგრამ ამ თვეში იმდენი გაუთვალისწინებელი ხარჯი გვქონდა ბავშვების ავადმყოფობის გამო, ვერ გადავიხადეთ,“ – ამბობს ის. უინტერნეტობა სწავლაში უშლის ხელს იას, რომელიც სხვადასხვა სამოქალაქო პროექტში მონაწილეობს. ერთ-ერთში გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ფინალურ ეტაპზე, რომელიც ონლაინ იმართებოდა, ვერ გავიდა – არც ტელეფონი ჰქონდა და არც ინტერნეტი“.

საახალწლო სამზადისი

6 წლის გეგას მანქანა უნდა, 10 წლის გოგას  – ველოსიპედი, 3 წლის ბარბარეს – სათამაშო დათუნია, ხოლო  8 წლის ელისაბედი საახალწლოდ თოვლის ბაბუასგან სათამაშო ტელეფონს ელის.

ელისაბედი, გეგა, გოგა და ბარბარე

პატარებისგან განსხვავებით უფროსები სწავლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მათი საახალწლო სურვილები მომავალს უკავშირდება. ანჟელას სურს სტილისტი გახდეს ან დიზაინერი.

„დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ, რომ დიზაინერი გამოვიდე,“ – ამბობს ანჟელა.

„მე მომწონს ხატვა და ბავშვების მოვლა. ძიძა მინდა ვიყო, იმიტომ, რომ სხვებზე ზრუნვა მომწონს,“ – ამბობს 17 წლის ანა.

იას მასაჟის სპეციალისტობა სურს და უნდა ამ განხრით ისწავლოს, 18 წლის გიულის კი მასწავლებლობა აქვს გადაწყვეტილი.

ყველაზე უფროსი, 20 წლის გიორგი კი, უკვე დაქორწინებულია.

„მრავალშვილიან ოჯახს ბევრი რამ უნდა – ჩაცმა, ჭამა, დალაგება. მეორე მხრივ, კარგიცაა – მოწყენის უფლება არ გაქვს, როცა ბევრი და-ძმა გყავს,“ – ამბობს ანჟელა საკუთარ ოჯახზე საუბრისას.

„ცოტა არ იყოს, ტვინის ტკივილია, მაგრამ მაინც კაია. ცხოვრების ხალისს გაძლევს, როცა მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობ,“ – ამბობს ია და იცინის.

მისი სიცილი ბავშვებს ედება და სახლში მხიარული გარემო იქმნება.

ფუტკარაძეების სახლში საშუალო სიმაღლის ნაძვის ხე დგას, სათამაშოების გარეშე. ნაძვის ხეზე მხოლოდ თოვლის ფიფქები და განათებებია.

„წელს ასეთი კონცეფცია გვაქვს, ახალ წელს ხომ ცვლილებები მოაქვს და გადავწყვიტეთ, განსხვავებული ნაძვის ხე გვქონოდა,“ – ასე გვიხსნის 15 წლის ანჟელა. ანჟელას დიზაინერობა სურს.

ანჟელას დედა კი რეალურ მიზეზს გვიმხელს, რატომ არ აქვს მათ ნაძვის ხეს სათამაშოები.

„სათამაშოს ვერ წაეკარები, ერთი პატარა ბურთულა 5 ლარი ღირს. მინდა ვიყიდო, მაგრამ მერე ვფიქრობ, მარტო ამაში რომ მივცე 5 ლარი, იმ 5 ლარით 1 კილოგრამ შაქარს მაინც ვყიდულობ და ორ ჯერზე მაინც დალევენ ბავშვები ჩაის, სხვა თუ არაფერი.

იმ ფაქტმა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ჩვენი ოჯახის კვებითი რაციონი ძალიან შეცვალა. როცა საკვები უფრო იაფი იყო,  ყველა სურვილს ვერა, მაგრამ პატარ-პატარა სურვილებს ვუსრულებდი ბავშვებს.

რაც მინდოდა, ვყიდულობდი. ამ პანდემიის მერე ისეთი სიტუაციაა, რომ შეუძლებელია რამე ისეთი იყიდო.

ბევრ რამეზე გვიწევს უარის თქმა, ახლა დეტალურად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მოგვიწია. ფაქტობრივად, აღარ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე მენიუ გვქონდეს, რაც გვქონდა ორი წლის წინ თუნდაც.

დაბადების დღეებს ვერ აღვნიშნავთ. ბავშვებს წელს ყველას უნდოდა დაბადების დღეზე  ტორტი, მაგრამ არ გამოვიდა. არ გვქონდა შესაძლებლობა. დიდებმა რომ დაინახეს ჩვენი სიტუაცია, თავად თქვეს, არ გვინდა ტორტიო. არადა, სინამდვილეში ყველას უნდოდა. მეც მინდოდა.

ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც ვიყიდით. მართალია, სოციალურ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობთ ამასთან ერთად. ამის მიუხედავად, მაინც არ გვყოფნის,“ – ამბობს მადონა.

ელისაბედი მის მიერ გამოჭრილი თოვლის ბაბუით

სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლები სრულ დანამატს მიიღებენ – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში:

სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაში და მინიჭებული აქვს უფროსის, მენტორის ან წამყვანის სტატუსი, სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისთვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა, ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

ბრძანების მიხედვით, ცვლილება გავრცელდბა 2022 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სკოლებში მასწავლებლები სტატუსის დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ სრულად, თუ მათ 15 და მეტი საგაკვეთილო საათი აქვთ.

ამ გადაწყვეტილებას სკოლის პედაგოგები არასამართლიანად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ სტატუსის დანამატი პედაგოგმა სრულად უნდა მიიღოს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა 15 საათი.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე კითხვებით განათლების სამინისტროსაც მიმართა, თუმცა სამინისტრომ კითხვებს არ უპასუხა.

___________________

მსგავს თემაზე:

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

დიდი მსხვერპლი გვაქვს, მაგრამ ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ – ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან

ბოლო დღეებში კიევი რამდენჯერმე გახდა რუსული ბომბების სამიზნე, თუმცა ომის ყველაზე ცხელი ხაზი ისევ ბახმუტის მიმართულებაზე გადის. რა მოლოდინები აქვთ მებრძოლებს და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს უკრაინაში ვანო ნადირაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვანო, რა მიმართულებაზე იმყოფებით თქვენ ამჟამად და რა შეგიძლიათ გვითხრათ მიმდინარე ბრძოლებზე?

კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე ვარ ახლა, ამ წუთისთვის და ეს ყველაზე სტრატეგიული ადგილია ამ დროისთვის, რომელიც გვჭირდება. 

ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ, ეს თამამად შემიძლია ვთქვა. ის დანაყოფები, რომლებიც აქამდე იყვნენ მობილიზებული, ფაქტობრივად, გამოიფიტნენ, მე ასე ვიტყოდი. ეგონათ, რომ სწრაფად აიღებდნენ ბახმუტს, მაგრამ საბედნიეროდ ვერ წაიღეს. კი, დიდი მსხვერპლი გავიღეთ, დაიღუპნენ ქართველი მებრძოლებიც, რადგან ხაფანგში მოექცნენ.

ახლა, რაც უკრაინულ მხარეს გვინდა, არის ორი ქალაქის გათავისუფლება, რომ პლაცდარმი შევიქმნათ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე. რა თქმა უნდა, მელიტოპოლიც მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთის მხარეს ფრონტი გადავჭრათ.

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა „ბი-ბი-სი-სთან თქვა, რომ თითქოს ჩიხში შევიდა მდგომარეობა, „ვინაიდან არც ერთ მხარეს არ ძალუძს მნიშვნელოვანი წინსვლა“. რამდენად გრძნობთ თქვენ, მებრძოლები ამ სიტუაციას?

ჩიხში არ არის მოქცეული, უბრალოდ ჩვენ ამინდმა შეგვიქმნა პრობლემა. ყინვა გვაწყობდა, რომ მიწა გაყინულიყო და ჯავშანტექნიკას სწრაფად ემოძრავა.

რადგან სტეპია აქ, მინდვრები, მებრძოლებსაც კი უჭირთ გადაადგილება, იძირებიან, იმხელა ტალახია. თორემ დამიჯერეთ, სვატოვოს აქამდე გავათავისუფლებდით.

იგივეა ზაპოროჟიეს მიმართულებაზეც. უფრო მალე დაიწყებოდა შეტევა, რომ არა ამინდი. ჯერ დაიწყო ყინვა და შემდეგ ისევ სითბო, ახლაც ორი კვირა სითბო იქნება, ფაქტობრივად.

მთელი ფრონტის ხაზი 1400 კილომეტრია, წარმოიდგინეთ.

რუსებს ეგონათ, ბახმუტის მონაკვეთზე წარმატება ჰქონდათ, რადგან ყველაზე ძლიერი ძალა მანდ გადაისროლეს. თუმცა ახლა თავდაცვის რეჟიმში არიან გადასული, რომ ნახოთ, ბრძოლის ველი მკვდრებით არის მოფენილი.

  • ესე იგი, გამოფიტვა არ ემჩნევათ მებრძოლებს?

უკრაინულ არმიას ერთი წამით არ ეტყობა გამოფიტვა, რუსულ ჯარს  – კი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მობილიზაციის შედეგი, იქედან მხოლოდ 50 ათასი ჰყავთ შემოყვანილი ჯერ. სახორცე მასალა და დაიხოცნენ კიდეც ნახევარზე მეტი, ნაწილის რეკრუტირება დაიწყეს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, თუ დასავლეთმა დროულად მოგვაწოდა გრაფიკით გათვალისწინებული ტექნიკა, რუსები ვეღარ ისარგებლებენ პაუზით და გადაჯგუფებას ვეღარ მოახერხებენ.

  • რომელი იარაღის საჭიროება დგას ახლა ყველაზე მეტად?

300 ტანკი რომ გვქონდეს დამატებით, ძალიან სწრაფი შედეგი დაიდებოდა.

როგორც ვიცით, ხელი უკვე მოწერილია და „პატრიოტები“ მალე შემოვა, ჰაერი 70-80%-ით დაცულია. ვფიქრობ, ახლა ჯავშანტექნიკა გვჭირდება ძალიან, რომ სწრაფ შეტევაზე გადავიდეთ, ისე, როგორიც იყო ხარკოვის მიმართულებაზე.

კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე რუსებს ლოჯისტიკა ძალიან გართულებული აქვთ, ვერ აწვდიან, მაგალითად, არტილერიას ჭურვებს და ეს არის „ჰაიმარსების“ დამსახურება.

ენგელსის სამხედრო აეროდრომზე ხომ ვაგემეთ კარგი დარტყმები, წინ კიდევ ბევრი ახალი სიურპრიზი ელოდებათ.

  • სიურპრიზი რუსეთის ტერიტორიაზე?

უკვე რუსეთში გადაინაცვლებს ეს დარტყმები. დღეს ბელგოროდი დაიბომბა, კურსკის ოლქი დაიბომბა, ენგელსს უკვე რამდენჯერმე დავარტყით და მოსკოვი შორს კი არ არის აქედან, 500 კილომეტრშია. თუ კიდევ მიიტანენ იერიშს კიევზე, მიიღებენ ძალიან სერიოზულ პასუხს.

  • როგორც ვიცით, უკრაინელების გადამზადება მიმდინარეობს ეტაპობრივად. ამ ხალხისგან რაიმე ახალი ბატალიონები ხომ არ ყალიბდება?

ამერიკული 101-ე სადესანტო დივიზია რომ არის, აი, ამდაგვარი შეიქმნა უკვე და კიდევ ორი იქნება ეგეთი. დივიზიის დონეზე.

რუსეთი ალბათ არც ახალი წლის დღეებში გაჩერდება, ამიტომ ბევრი სასიხარულო ამბავი გველოდება ახალი წლის შემდეგ.

  • დაჯგუფება „ვაგნერზე“ რა შეგიძლიათ თქვათ, დღეს რა მდგომარეობაშია?

უარეს მდგომარეობაში არიან. მისი ხელმძღვანელი,ე.წ „პუტინის პოვარიც“ კი აღარ მალავს აღშფოთებას და რუსული გენშტაბის უფროსის გერასიმოვის წინააღმდეგ ილაშქრებს. რამდენი ხანია, რაც კადიროვის ხმა აღარ გაგიგიათ?…

  • მაგაზე მინდოდა მეკითხა, ქართველი მებრძოლები როცა დაიღუპნენ, ითქვა, რომ თითქოს კადიროველებმა მოუწყვეს ჩასაფრება, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

არავითარი კადიროველების ჩასაფრება არ ყოფილა ეს, ჩემზე კარგად არავინ იცის, მანდ რაც მოხდა. ჩვეულებრივი რუსული დივერსიული სადაზვერვო ჯგუფი მიეპარა სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, არიან კადიროველებიც, გუშინ 120 კაცი დაეღუპათ.

  • მოხერხდა დაღუპული ქართველი მებრძოლების გამოყვანა, თუ ჯერ ვერა?

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. იმ დროისთვის რუსები უტევდნენ ბახმუტს… მიცვალებულების გადაცვლაზეა საუბარი, თუმცა ჯერ არაფერი არ ჩანს, სამწუხაროდ.

  • მოხალისეების ნაკადები შემცირდა, თუ კიდევ არიან მსურველები?

24 თებერვლის შემდეგ რომ იყო, ის ბუმი, რა თქმა უნდა, აღარ არის, შემცირდნენ მოხალისეებიც. ასე იყო 2014 წელსაც, რომ იცოდეთ.

საქართველოდანაც შემცირდა დაინტერესება. 3000 მებრძოლიაო რომ ამბობენ, ასე არ არის, გაზვიადებულია ეს ციფრი. წინა ხაზი რასაც ჰქვია, იქ სადღაც 200 კაცამდე იქნება. სხვადასხვა ბატალიონში, სხვადასხვა ბრიგადაში არიან.

  • როგორც ვიცით, რუსები ენერგოობიექტებს ბომბავენ, როგორ უმკლავდებით ენერგოკრიზისს? 

ქართულმა საზოგადოებამ რაც გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, 500-600 ცალი გენერატორის ფული შეაგროვეს და გამოგვიგზავნეს, სადღაც 450 ათასი ლარიც გამოგვიგზავნეს.

ბათუმელებიც ასევე ძალიან ბევრს აკეთებენ და ძალიან გვეხმარებიან.

საკვირველი ერია და რაც ყველაზე დადებითი აქვს ამ ერს, არის ის, რომ არ სჭირდებათ ვიღაც ხელმძღვანელის მითითება, თვითორგანიზება შეუძლიათ.

ახლა ნებისმიერი უკრაინელი რომ გააჩერო, გეტყვის: არც წყალი მინდა, არც შუქი, რუსეთი უნდა დავამარცხოთ.

ბათუმის სანაპიროზე 132 000 კუბ/მ ხრეში შეიტანეს – რამდენი იხარჯება ხელოვნური პლაჟისთვის

ბათუმის სანაპირო ზოლში შესატანი 413 ათასი კუბური მეტრი ხრეშიდან ამ დროისთვის 132 ათასი კუბური მეტრი უკვე შეტანილია. კომპანია „ბონდი 2009“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით სრულდება და დარჩენილი ხრეშის შეტანა ამინდსა და მდინარე ჭოროხის კარიერებიდან ინერტული მასალის ამოღებაზეა დამოკიდებული.

ხრეშის შეტანა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო და ეს ბათუმის პლაჟის ხელოვნურად აღდგენისთვისაა საჭირო. პლაჟის შენარჩუნებისთვის კი, ხრეშის შეტანა ყოველწლიურად იქნება აუცილებელი.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ნაპირგამაგრებისთვის აჭარის 2023 წლის ბიუჯეტში 5 057 735 ლარია გაწერილი, თუმცა ეს თანხა იმ მიმდინარე სამუშაოებისთვისაა გათვალისწინებული, რომელიც წელს დაიწყო და გრაფიკით, მომავალი წლის ივლისამდე შეიძლება გაგრძელდეს.

აღნიშნული 5 მილიონიდან 4 936 609 ლარი პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვისაა [დროებითი გზებისა და რეცხვადი ბერმის მოწყობა] გათვალისწინებული, ხოლო 121 126 ლარი – ამ სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობისთვის.

კომპანია „ბონდი 2009“-სთან, რომელსაც ხრეში შეაქვს სანაპიროზე, ხელშეკრულება 5 610 608 ლარზეა გაფორმებული.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022

ხრეში უნდა შეიტანონ იმ ადგილზე, სადაც ზღვამ ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი დაანგრია. საკმარისი იქნება თუ არა ეს იმისთვის, რომ ზღვის მიერ ნაპირის ნგრევა დროებით შეჩერდეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება.

დამატებითი თანხა, სამომავლოდ, ნაპირის ხელოვნური კვებისთვის, ფაქტობრივად, არც აჭარის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. 2023 წელს ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის ფული არც საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად [პლაჟების ხელოვნური კვებისთვის] თანხა არ არის არც ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში.

არც ერთი დონის ბიუჯეტში არ არის სამომავლოდ გაწერილი თანხა დანგრეული სანაპირო ზოლის აღსადგენად. ამასთან, არც ისაა ცნობილი, თუ როგორ აპირებს მთავრობა ზღვისგან დანგრეული სანაპიროს აღდგენას.

ხელოვნურად შეტანილი ხრეში ბათუმის სანაპიროზე / 29.12.2022

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

იმ ხრეშსაც, რომელიც ახლა შეაქვთ სანაპიროზე, ზღვა შტორმის დროს გადაანაწილებს ბათუმის პლაჟზე, საბოლოოდ კი, გარკვეულ ნაწილს თავს ბათუმის კონცხთან მოუყრის. რა რაოდენობით და რა პერიოდში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი შტორმული პროცესები განვითარდება სანაპიროზე მომავალში.

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა, თუმცა რას აპირებს მთავრობა, უცნობია.

ამ თემაზე უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ხელოვნური პლაჟი ბათუმში [ფოტო]

საბაჟო და გეზი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს, სერვისცენტრები კი არა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

„ამ დღეებში სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ამასთან, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე, დაუკავშირდეს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოს RS ჩათის მეშვეობით, ან მისწეროს სამსახურს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@rs.ge.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებად გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

როგორ დარჩა ტურისტად ჩამოსული უკრაინელი იულია ხულოში

32 წლის უკრაინელი იულია ბელიავსკა ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად.

იულია საქართველოში პირველად 2013 წელს, მეგობართან ერთად ჩამოვიდა, როგორც ტურისტი.

„ყირიმიდან ვარ. რომ წამოვედი ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა. თავს უკრაინელად ვთვლი, უკრაინის მოქალაქეობა მაქვს. 

პირველად რომ ჩამოვედი, არ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ეს არ იყო ჩემი მიზანი,“ – ამბობს იულია და დასძენს, რთულია მიხვდე, როდის და ვინ შეგიყვარდებაო.

2013 წელს იულია ხულოშიც იყო, სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე. ის 7 წელია რაც დაქორწინებულია.

საქართველოში ჩამოსვლამდე იულიამ ქართული ენა არ იცოდა. მეგობარი, რომელმაც მას ხულოში უმასპინძლა, რუსულად ეკონტაქტებოდა. იულიამ მალევე გადაწყვიტა ქართული ენის სწავლა და ახლა კარგად საუბრობს ქართულად.

„სანამ ენა არ ვისწავლე და ყველაფერი კარგად არ გავიგე, მანამდე არ დავქორწინდი,“ – ამბობს იულია.

საქართველოში ჩამოსვლამდე, 19-20 წლის ასაკში, იულიამ ხელოსანი დედისგან კედლის მობათქაშება, შეღებვა და შპალერის აკვრა ისწავლა. ეს საქმე იყო მისი შემოსავლის წყაროც, დედას სხვადასხვა ობიექტის გარემონტებაში ეხმარებოდა.

ის იხსენებს, რომ ხულოში პირველი შეკვეთა ოთახში შპალერის გაკვრაზე მეგობრების ნაქირავები ბინის მეპატრონისგან ჰქონდა:

„ბინის მეპატრონეს ჩემ შესახებ ჩემმა მეგობრებმა უთხრეს. ეს იყო ჩემი პირველი შეკვეთა საქართველოში.

ხულოში, ჩემი მეგობრის სახლში, მასთან და მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და მათთან ერთად ვმუშაობდი დაქორწინებამდე.  პირველი შეკვეთის მერე სხვებსაც უთხრეს ჩემზე, ურჩიეს და ასე. რომ გითხრათ, მე ვნახულობდი შეკვეთებს-მეთქი, არა. მირეკავდნენ და მთავაზობდნენ.

[ხულოში] ყველას უკვირს ჩემი საქმე. დასაწყისში ცოტა უცნაური იყო ხალხისთვის. პირველად რომ გავაკეთე [რემონტი], ყველა მოდიოდა, უყურებდნენ, როგორ ვაკეთებდი და ძალიან უკვირდათ. როგორც ექსპონატი მუზეუმში, ისე ვიყავი.

აქ ხომ, ზოგადად, კაცები არიან დაკავებული ამ საქმით და ჩვენკენ, უკრაინაში, გოგონები, ქალები აკეთებენ ასეთ სამუშაოს“, – ამბობს იულია.

იულიას თქმით, მისი მუშაობით უკმაყოფილო მომხმარებელი არც ერთხელ არ ჰყოლია.

„რეკლამა არსად მაქვს. ვისაც გავუკეთებ [რემონტს], ისინი მარეკლამებენ შემდეგ, რომ არის ასეთი გოგო, რომელიც აკეთებს [რემონტს] და მირეკავენ“, – გვიყვება იულია.

მან შეკვეთების მიღება დაქორწინების შემდეგაც გააგრძელა. ახლა მეუღლესთან ერთად მუშაობს.

იულია მეუღლესთან, გოდერძი მელაძესთან ერთად

„შპალერის აკვრას დიდი სირთულეები ახლავს-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება მართალი. არაფერი შეუძლებელი არ არის. უბრალოდ, უნდა იცოდე რა და როგორ კეთდება. შესაძლოა, ერთ ოთახში შპალერის აკვრა 1 დღეშიც დაამთავრო.

მნიშვნელოვანია შპალერის გაკვრისას სისუფთავე იყოს ოთახში. თუ არ არის სუფთა იატაკი, რაზეც გაშლი შპალერს და წაუსვამ წებოს, ამ შემთხვევაში ჭუჭყი წებოს მიეკვრება, მერე შპალერზე გადავს და დაეტყობა, რომ ხარისხიანად არ არის გაკეთებული. კიდევ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. კარგად უნდა წაიკითხო ინსტრუქცია. შესაძლოა, ნახატი იყოს  [შპალერზე] და ამ ნახატის მიხედვით უნდა გააკრა შპალერი. ყურადღებაა საჭირო.

რემონტზე შეკვეთები უფრო იმ ადგილებიდან გვაქვს, რომლებიც ჩვენთან [ტერიტორიულად] ახლოსაა. კედლებს არ ვლესავ, მაგრამ ბათქაშს, კანტებს ვაკეთებ,“ – ამბობს იულია.

მან გვითხრა, რომ ახლა ორსულადაა და ბოლო რამდენიმე შეკვეთაზე უარი თქვა. ის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის გაგრძელებას მშობიარობის შემდეგ აპირებს.

იულიას იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ როგორ აუწყო ფეხი ხულოში ცხოვრებას. იგი ამბობს, რომ ბევრი რამის სწავლა მოუწია, მაგალითად – ყანის დათესვის.

„დამოუკიდებლად ვერ დავთესავ ყანას, მაგრამ დედამთილს და მამამთილს ყოველთვის ვეხმარები, ოჯახის წევრი ვარ და მეც უნდა გავაკეთო რაიმე. ძალიან რთული და შეუძლებელი არაფერი არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის არც ჩვეულებრივი საქმე ყოფილა. მომიწია სწავლა,“ – ამბობს იულია.

მას  უკვე ბევრი ნაცნობი ჰყავს ხულოში, რომლებთანაც, მისი თქმით, კარგი ურთიერთობა აქვს. ხშირად ეპატიჟებიან მეზობლები, ოჯახის ახლო თუ შორეული ნაცნობები სტუმრად სახლშიც, თუმცა ყველა მიპატიჟების მიღება იულიას უჭირს ხოლმე:

„ჩვენთან იშვიათად ერთმანეთთან ასე გადავიდეთ და მეც ცოტა ამ კუთხით მიჭირს. ჩემი მეზობლები, ნათესავები მიგებენ და შეიძლება ვთქვათ, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის უხარიათ [ჩემი სტუმრობა], ყოველთვის მეუბნებიან – მოდი, რატომ არ მოდიხარო, მაგრამ ჩვენთან სხვა კულტურაა და ხანდახან ვფიქრობ, დაკავებულები არიან, როგორ მივიდე-მეთქი“.

იულიამ ქართული კერძების მომზადებაც ისწავლა და აჭარული ტრადიციული სამზარეულოც შეუყვარდა. განსაკუთრებით ბორანო მიყვარს და მისი მომზადებაც შემიძლია, საკმაოდ მარტივიაო – გვითხრა.

იულიას ჰობი ქსოვაა და საკმაოდ დიდ დროსაც უთმობს საყვარელ საქმეს. ძირითადად მეგობრებისთვის ქსოვს ქუდებს, შარფებს, კომბინეზონებს ჩვილი ბავშვებისთვის საჩუქრად და ა.შ.

იულია ნათესავების სანახავად რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩადის ყირიმში. 

„ტარდება თქვენი ბინის ჩხრეკა“ – ფეხზე მდგომი გამომძიებლის მიმართვა გალიფ ოზთურქს

„ტარდება თქვენი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – ფეხზე მდგომი გამომძიებელი მიმართავს მილიონერ გალიფ ოზთურქს, ის ფართო მაგიდასთან ზის, ნახევრად ზურგშექცევით გამომძიებელთან და არაფერს ამბობს. მერე თარჯიმნის ხმა ისმის და ოზთურქი ხელებს შლის, უფრო იმის მანიშნებლად, პრეტენზია რომ არ აქვს.

ეს პირველი კადრია 8-საათიანი ვიდეოჩანაწერიდან, რაც დღეს, 30 დეკემბერს, პროკურორმა აჩვენა მოსამართლე ლევან ყოლბაიას – მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე ოზთურქის აპარტამენტის ჩხრეკის ამსახველი ვიდეო გამოიკვლიეს.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„ყურადღება მიაქციეთ, ბატონო მოსამართლევ, სპეცდანიშნულების რაზმი აქ არსად ჩანს“, – ვიდეოს ყურების პარალელურად მიმართა პროკურორმა მოსამართლეს. რამდენიმე წამით შეაჩერა მოსამართლემაც ვიდეოჩანაწერი და კადრს დააკვირდა.

პროკურორმა ირიბად ადვოკატებს გადაჰკრა, რომ ოზთურქის ბინის ჩხრეკა სპეცოპერაცია არ იყო. გამოძიების ვერსიით, სპეცრაზმელები ჩხრეკის ადგილზე ნამდვილად იყვნენ იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა და არა ჩხრეკაში მონაწილეობის მისაღებად.

„ნახეთ, არც ერთ გამომძიებელს არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა“, – მოსამართლეს ამჯერად ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა მიმართა და მანაც შეჩერებული კადრისკენ გაიშვირა ხელი. ადვოკატების მტკიცებით, შესაძლოა ასე დაზიანებულიყო ნიმუში გენეტიკური ექსპერტიზისთვის, როცა პროკურორი ამტკიცებს, რომ, მაგალითად, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი ამოვიდა.

გამომძიებლებს, რომლებმაც ოზთურქის ბინიდან ნარკოტიკული, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, ხელთათმანები არ ეკეთათ, არც პირბადე.

მოულოდნელობა ამ კადრებში უფრო ის იყო, რომ 8-საათიანი ვიდეოჩანაწერის დასაწყისშივე ჩანს, როგორ ამოალაგეს ოზთურქის აპარტამენტიდან სხვადასხვა პრეპარატი გამომძიებლებმა და გამოთქმით იძახიან მედიკამენტების დასახელებებს.

შეგახსენებთ, რომ ოზთურქის ბინაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა სავარაუდო ფინანსური დანაშაულისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად. გამოძიება ფინანსურ დანაშაულს ამ დრომდე ვერ ადასტურებს, სამაგიეროდ, გამოძიების ვერსიით, მათ ოზთურქის ბინაში იპოვეს „კოკაინი“ და სხვადასხვა ფსიქოტროპული ნივთიერება.

„მინდა, ვუყურო, ბევრი ხართ და ვერ ვაკონტროლებ“, – ისმის ჩანაწერში ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის ხმა. მან ჩხრეკის ოქმში დააფიქსირა შენიშვნაც, რომ ჩხრეკის დროს ოზთურქის ბინაში მის მისვლამდე სხვადასხვა პირი გადაადგილდებოდა.

დავით ჩავლეიშვილი ამ საქმეში ახლა დაცვის მხარის მოწმეა. მისი ჩვენება სასამართლოს ჯერ არ მოუსმენია.

„არ არის თარგმნილი ყველაფერი“, – ეს ოზთურქის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ენვერ ბარდაქმა თქვა. ის თურქულენოვანია.

„თქვენ დაინტერესებული მხარე ხართ“, – გაღიზიანება არ დაფარა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„კარგით, ჩამოწერეთ ეს შენიშვნები, ახლა ჩანაწერს ვათვალიერებთ“, – ისევ მოუწია ვიდეოს შეჩერება მოსამართლეს, თუმცა მალევე მეორე ადვოკატმა ითხოვა კადრის შეჩერება.

„აი, ეს არის აივნის კარი, რომელიც ღიაა“, – წამოიძახა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან ირიბად მიანიშნა მოსამართლეს, ამ აივნიდანაც რომ შეიძლება შესულიყო ვინმე ოზთურქის აპარტამენტში.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გამომძიებლების ვიდეოკამერის თვალწინ ოზთურქი სვამს ერთ-ერთ ფსიქოტროპულ ნივთიერებას.

„რეცეპტი მომაწოდეთ, ჯიბეში მიდევს“, – ოზთურქის პარალელურად თარჯიმნის ხმა ისმის ჩანაწერიდან. ოზთურქი სკამზე გადაკიდებულ ქურთუკზე მიუთითებს. გამომძიებლებს…

„ის სვამს იმ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი. შეხედეთ, მას ამის საშუალებას მოსამართლე აძლევს“, – თქვა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

კადრში ოზთურქი ჩანს, ფეხზე დგას და წამალს ჭიქით წყალს აყოლებს, მერე ისევ ფართო მაგიდასთან ჯდება, იქიდან აკვირდება, როგორ ჩხრეკენ გამომძიებლები მის აპარტამენტს.

კადრში ისევ მთავარი გამომძიებელი ჩნდება, ის მაგიდასთან მჯდომი ოზთურქის გვერდით დგას და აცხადებს, ბიზნესმენი თანახმაა, რომ მისი მონაწილეობის გარეშე გაჩხრიკონ მეორე სართული (ოზთურქი „მეტრო სითის“ კორპუსის მე-18 და მე-19 სართულებზე ცხოვრობდა, ჩხრეკაც აქ ჩატარდა).

მეორე სართულის (მე-19 სართული) საძინებელში იპოვეს გამომძიებლებმა, პროკურატურის ვერსიით, კოკაინი. მანამდე კი, კადრების მიხედვით, გამომძიებლებმა ფინანსური დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გაჩხრიკეს, მაგალითად, ოზთურქის სამზარეულოს ნივთები, პატარ-პატარა ქილების და ჭიქების ჩათვლით, საძინებელში ფეხსაცმელები…

ადვოკატებმა მოსამართლეს ისიც მიანიშნეს, რომ ვიდეოკამერა ყველა გამომძიებლის მოქმედებას არ ასახავს. ვიდეოს ერთი ოპერატორი იღებდა, ადგილზე კი, რამდენიმე გამომძიებელი ერთდროულად მუშაობდა.

„აქ საინტერესო ალბათ ადვოკატია ხო, რომ კადრში მხოლოდ ის ჩანს?“ – ირონიულად გადახედა პროკურორს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა, როცა კადრში მხოლოდ დავით ჩავლეიშვილი ჩანდა, ადვოკატი, ვინც ჩხრეკის დროს ოზთურქის ინტერესებს იცავდა.

„აქ კიდევ ბევრი რამ ჩანს“, – აღარ დააბოლოვა სათქმელი პროკურორმა ლევან მურვანიძემ, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: „თქვენ იმასაც ამბობდით, სპეცრაზმი ჩანსო, სად არის?“ – კადრების ყურების პარალელურად გადაულაპარაკა პროკურორმა ადვოკატს.

„გეტყვით, სადაც ჩანს“, – ჩაიცინა ადვოკატმა.

სასამართლოში ოზთურქის ბინის ჩხრეკის ვიდეოს ყურებას განაგრძობენ. გამომძიებლებს გალიფ ოზთურქის პირადი ჩხრეკა არ გადაუღიათ.

კადრი გალიფ ოზთურქის აპარტამენტების ჩხრეკიდან – ბათუმის სასამართლო

—————

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება 22 იანვარს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 2023 წლის 22 იანვარს დაიწყება.

ტესტირება ელექტრონული ფორმით, ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება დაიწყება 12:00 საათზე. ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათია. „მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს კიდევ 30 წუთი მიეცემათ“.

სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისათვის ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. დაგვიანების, პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

„ტესტირებაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია.

ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება“.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იუსტიციის სახლები 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

„მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.“ – აცხადებს უწყება.

გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. „კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა:

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

მოქალაქეებს 80 ნაძვის ხე ჩამოართვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში გამოვლინდა წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი.

„მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარეს უკანონოდ ჰყიდნენ. წიწვოვანი ხე-მცენარეები დაილუქა და შედგა შესაბამისი აქტები“- წერს ზედამხედველობა.

წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, გათვალისწინებულია ჯარიმა 200-დან 2000-ლარამდე, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც.

მათივე ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში – სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვები.

_____________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

მენეჯერი ქალები „შუახევი ჰესიდან“

უკვე მესამე წელია აჭარაში „შუახევი ჰესი“ მუშაობს – კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 187 მეგავატი სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადი, ერთადერთ პროექტი ქართულ ენერგოსექტორში, რომელიც სამი უმსხვილესი და გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ ფინანსდება.

სხვა ენერგოკომპანიების მსგავსად, „შუახევი ჰესზე“ დასაქმებული პირების უმრავლესობა კაცია, თუმცა კომპანიის მენეჯმენტში ქალები მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებენ.

მათ შორისაა იზა გოცაძე, რომელიც კომპანიის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებას ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის ეტაპიდან ხელმძღვანელობს. მისი საქმე „შუახევი ჰესის“ საქმიანობით დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმირებაა.

იზა გოცაძე
იზა გოცაძე

იგი აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი კომპანიისთვის და ეს პროცესი ჰესის ოპერირების პირობებშიც უწყვეტია:

„ჩვენი მიზანია ვიყოთ მაქსიმალურად ღია და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესი მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ. მუდამ მზად ვართ ჩვენი საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის და მათ კითხვებზე საპასუხოდ.

გარდა გარე კომუნიკაციისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შიდა კომუნიკაციაც. თითოეული თანამშრომელი ჩვენი კომპანიის ელჩია და მათი მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მართავს შეხვედრებს კომპანიის თანამშრომლებთან, რათა მუდმივად იყოს გაზიარებული მათი მოსაზრებები კომპანიის საქმიანობის პროცესში“ – ამბობს იზა გოცაძე.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტია, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობით ადასტურებს.

კომპანიის სოციალურ გუნდს ნინო დიასამიძე ხელმძღვანელობს, ის შუახევი ჰესის გუნდს ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპზე შემოუერთდა.

ნინო გუნდთან ერთად ხშირად მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ნინო დიასამიძე
ნინო დიასამიძე

იგი ამბობს, რომ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ ჯერ კიდევ ჰესის მშენებლობის ეტაპზე შეიმუშავა რამდენიმე მთავარი მიმართულება, რომლის საჭიროებაც რეგიონის კვლევის შესაბამისად ჩამოყალიბდა:

„ეს არის განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების განვითარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

მშენებლობის პერიოდიდან დღემდე ჩვენი სოციალური პროგრამების პორტფოლიო ასობით გრძელვადიან და შედეგზე ორიენტირებულ პროექტს ითვლის.

თემთან დიალოგი და კომუნიკაცია ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც გრძელდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები მუდმივად ხვდებიან მოსახლეობას და აწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობაზე, მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტს“ – ამბობს ნინო დიასამიძე.

კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა. იმისათვის, რომ გაზომონ ჰესის ოპერირების ზეგავლენა გარემოზე, კომპანია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სხვადასხვა მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე სტატისტიკური ანალიზის შედეგები დადებითია, კომპანია გარემოსდაცვითი ნებართვის ფარგლებში მაინც ახორციელებს საკომპენსაციო ღონისძიებებს, კერძოდ, მდინარის ადგილობრივი კალმახით დათევზიანებას, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ტყის გაშენებასა და სხვა.

ნინო გაგუა
ნინო გაგუა

ნინო გაგუა კომპანიის გარემოსდაცვით გუნდს ხელმძღვანელობს. იგი ამბობს, რომ კომპანია ძალისხმევას არ იშურებს გარემოზე ზემოქმედების რისკების შესამცირებლად:

,,ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ პასუხისმგებლობიანი კომპანია, უზრუნველყოთ ჩვენი საქმიანობის შესაბამისობა საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებთან. ასევე, გადავდგათ ხელშესახები ნაბიჯები მდგრადი განვითარების კუთხით. ვინარჩუნებთ მდინარის წყლის ხარისხს, მის ბიომრავალფეროვნებას. ვიცავთ მავნე ზემოქმედებისგან ჰაერს, ნიადაგს, ფლორას და ფაუნას.

მდგრადობის უზრუნველსაყოფად კომპანიას გრძელვადიანი მიზნებიც აქვს: საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის მაქსიმალურად შემცირება, ენერგიის დაზოგვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ემისიების მინიმუმამდე დაყვანა“ – ამბობს ნინო გაგუა.

კომპანია „შუახევი ჰესის“ ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, დღიური კვებით, მობილური სერვისით, საცხოვრებელი ფართით, რომელიც მთლიანად ფინანსდება კომპანიის მიერ და უზრუნველყოფილია კომპანიის მფლობელი ნორვეგიული და ინდური კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად.

ლელა მესხიძე
ლელა მესხიძე

ადამიანური რესურსების გუნდს კომპანიაში ლელა მესხიძე ხელმძღვანელობს:

„ვხელმძღვანელობთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ქართული კანონმდებლობის, ჩვენი სპონსორების და დამფინანსებელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად. კომპანიაში დაცულია თითოეული თანამშრომლის უფლება.

ჩვენთვის, კომპანიის ყველა თანამშრომლის ხმა ერთნაირად მნიშვნელოვანია და მუდმივად ვცდილობთ გავატაროთ ისეთი შიდა პოლიტიკა, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება თითოეული მათგანის ინტერესი.

ამავდროულად შემუშავებული გვაქვს გამჭვირვალე და ეფექტური რეკრუტირების სისტემა ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესში. კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სხვადასხვა ტრენინგს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაიუმჯობესოს უნარები, რაც კიდევ უფრო წარმატებულს გახდის მის საქმიანობას ჩვენს კომპანიაში“ – ამბობს ლელა მესხიძე.

წელს შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა და 444 მლნ კვტსთ ელექტროენერგია შეადგინა.

„შუახევი ჰესის“ პროექტის მფლობელები არიან ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-ი და ინდური – Tata Power-ი.

ამავე თემაზე: 

„შუახევი ჰესმა“ წელს საპროგნოზო მაჩვენებელზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

Exit mobile version