მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

27.02.2023 • 2654
რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება

წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

იმას, რომ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტს გამოუყენებია საფაღარათო საშუალება, სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს.

  • ქალბატონო თამარ, რა დანიშნულება აქვს საფაღარათო საშუალებებს, როდის არის მათი გამოყენება მართებული?

ძირითადად ეს საშუალებები გამოიყენება ყაბზობის ანუ შეკრულობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ საქმე ის არის, რომ საფაღარათო საშუალებები არსებობს სხვადასხვა ჯგუფის, რომელთაც მდგომარეობის შესაბამისად არჩევს სპეციალისტი. არის, მაგალითად, ოსმოსური მოქმედების (ნაწლავში ოსმოსური წნევის საშუალებით აკავებენ სითხეს, რაც იწვევს განავლის სითხით გაჯერებას); ნაწლავთა პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები და სხვა.

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ შეკრულობა, ძალიან იშვიათად მიმართავენ ექიმს და ვინაიდან სააფთიაქო ქსელში ამ საშუალებების ყიდვა ნებისმიერი ფორმით არის შესაძლებელი, მიმართავენ თვითმკურნალობას. მაგრამ საფაღარათო საშუალებებს აქვთ თავისი გვერდითი ჩვენებები და უკუჩვენებები და მათი ხშირი გამოყენება, განსაკუთრებით წონის კლების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებებს.

ამიტომ საფაღარათო საშუალების შერჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენების მიხედვით.

აქვე, გახანგრძლივებული ყაბზობა არ არის უვნებელი სიმპტომი, რომელიც შეიძლება უყურადღებოდ დატოვო, მის უკან შეიძლება ძალიან ბევრი დაავადება იმალებოდეს, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან საკმაოდ სერიოზული და სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებული – მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მისი აღმოფხვრა.

პაციენტებში, რომლებიც წონის კლების მიზნით სისტემატურად მოიხმარენ საფაღარათო საშუალებებს, ვითარდება ყაბზობა, იმიტომ, რომ დიეტის დროს ხშირად იკვებებიან უჯრედისით ღარიბი და მცირე რაოდენობის საკვებით, რის გამოც არ ხდება ნაწლავების ნორმალური მოქმედება და მეორე მიზეზი არის უშუალოდ საფაღარათო საშუალებების უკონტროლო მიღება, რაც ვნებს ნაწლავის პერისტალტიკას.

  • კონკრეტულად რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის მათი ხშირი გამოყენება?

საფაღარათო საშუალება ნაწლავის ტონუსს ერთჯერადად ააქტიურებს და შემდეგ ითრგუნება, ხშირად გამოყენების შემთხვევაში კი ნაწლავი დუნდება და ვიღებთ გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომს.

გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი ნიშნავს, რომ ნაწლავს აღარ აქვს პერისტალტიკის უნარი [ღრუ ორგანოთა – ნაწლავების და მისთ. – კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება], ანუ უნარი, რომ შიგთავსში არსებული მასები გადააადგილოს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ისე საფაღარათო მედიკამენტების ხშირი მიღებით, არაჯანსაღი კვებით და აგრეთვე, იმ პათოლოგიებით, რაც უშუალოდ იწვევს ამას, მაგალითად, კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესი, რაც ხშირად ვლინდება ყაბზობით.

როდესაც ჩვენ მოგმართავენ პაციენტები და ისმება დიაგნოზი – გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი, მკურნალობაში ერთვება სხვადასხვა მედიკამენტი, მათ შორის საფაღარათო საშუალება, რადგან ნაწლავი გაზარმაცებულია.

საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ძლიერი დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების შემცირება და მინერალური ბალანსის დარღვევა ორგანიზმში.

მეორე მომენტია, რომ ამ მედიკამენტს ახასიათებს შეჩვევა, ანუ პაციენტებს სჭირდებათ დოზების გაზრდა იმავე ეფექტის მისაღწევად. ხშირად, როცა მოგვმართავენ, უკვე დარტყმით დოზებს იღებენ ამ საფაღარათოს საშუალების და ნაწლავი იმდენად გაზარმაცებულია, რომ უკვე ჭირს საფაღარათო მედიკამენტის შერჩევა. ხშირად, როდესაც მოდიან პაციენტები, იმდენად დიდი დოზებით აქვთ მიღებული ეს საფაღარათო საშუალებები, რომ ნაწლავი ძალიან გაზარმაცებულია და მისი მდგომარეობაში მოყვანა ძალიან რთულია.

addictioncenter: გარდა საჭმლის მონელების პრობლემებისა, ლაქსატივების ბოროტად გამოყენების გრძელვადიან რისკებს მოიცავს: თირკმლის უკმარისობას; კუჭ-ნაწლავის დაზიანებას; ღვიძლის დაზიანებას; ნაწლავის ნერვის დაზიანებას.

  • როგორი უნდა იყოს კუჭის მოქმედების ნორმალური სიხშირე?

ზოგადად, ნაწლავთა ნორმალური მოქმედება ინდივიდუალურია, ზოგისთვის დღეში ერთხელაც ნორმაა, ზოგისთვის – ორ დღეში ერთხელ და ზოგ შემთხვევაში სამ დღეში ერთხელაც შეიძლება ნორმა იყოს.

თუ პაციენტს აქვს სამი და მეტი დღის განმავლობაში ერთჯერადი მოქმედება მკვრივი მასებით და იძულებულია გამოიყენოს საფაღარათო მედიკამენტები, აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ ყაბზობის დიაგნოზზე.

  • როგორი საკვები ეხმარება კუჭ-ნაწლავის გამართულ მოქმედებას?

დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს სამჯერადი, ნაკლებკალორიული და მცირე ულუფებით. ყაბზობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები, ეს პირველ რიგში მოიცავს ბოსტნეულსა და ხილს ცოცხალი სახით. ყაბზობის დიეტაში მითითებულია ქლიავი, როგორც ცოცხალი ფორმით, ისე ჩირის სახით; კარგი საშუალებაა კივი, რომელიც ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ასევე, ყაბზობის მართვაში მნიშვნელოვანია წყლის მიღება, წონის ერთეულზე გამოთვლილი რაოდენობით. უმეტესად ეს ლიტრ-ნახევრიდან ორ ლიტრამდე მოცულობაა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გააჩნია წონას და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თანმხლებ დაავადებებს.

ამავე თემაზე: 

რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და რატომ? – ექიმი რჩევები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: