მთავარი,სიახლეები

არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს

28.03.2023
არჩილ ჩიქოვანი „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის უფროსად აირჩიეს

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიული კონფერენცია ბათუმში დღეს, 28 მარტს, გაიმართა.

აქამდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იყო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.

პარტიული შეხვედრა ბათუმის დრამატულ თეატრში დახურულ კარს მიღმა შედგა. კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა – მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს თეატრის წინ საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდნენ „ოცნების“ აქტივისტები. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, პოლიციელები ადგილზე არ გამოჩენილან.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების  და ბიუროების არჩევა“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან.

მას არ უთქვამს, რის შეცვლას აპირებს ან რაზე იმუშავებს მმართველ პარტიაში უკვე ხელმძღვანელი პოზიციიდან. „ბუნებრივია, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან, ბუნებრივია, ჩვენი პარტიის გაძლიერებისთვის იმ საარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რაც დაგვაკისრა პირდაპირი და არაპირდაპირი წესით არჩეულ ადამიანებს…“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

არჩილ ჩიქოვანს შევახსენეთ, რომ 13 მარტის შემდეგ ბათუმის მერიას განმარტება არ გაუკეთებია ბატუტებისა და ატრაქციონების შემოწმებაზე – 13 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების გამო 9 წლის ბავშვი დაიღუპა.

ბათუმის მერმა ვერც ახლა გვიპასუხა, რა გაირკვა მომხდარზე, ან ამოწმებს თუ არა ვინმე ბათუმში ატრაქციონების უსაფრთხოებას:

„…იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, გამოძიების ფარგლებში მოძიებული იქნება ყველა მტკიცებულება ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ დამატებით კომენტარებს, ვინაიდან დამატებითმა კომენტარებმა თუ პოლიტიკურმა შეფასებებმა, სხვა ინტერპრეტაციებმა, გამოძიებაზე არ იქონიოს ზეგავლენა,

კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ყველა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, თავიანთი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობენ მუშაობას,“ – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

„მარტივად გვითხარით, მოწმდება ატრაქციონები და ბატუტები?“ – კითხვა გავუმეორეთ ბათუმის მერს.

„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი საკითხები… მერია და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები შესაძლებლობების ფარგლებში განაგრძობენ საქმიანობას,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე:

„2 დღეა ვფიქრობ… რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: