განათლება,მთავარი,სიახლეები

პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში

29.03.2023 • 3155
პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა.

გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო სფერო პროფესიული განათლება, მანდატურის სამსახური, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და მართვის საინფორმაციო სისტემებია.

გიორგი ამილახვარმა გელა გელაძე მის მოადგილედ დანიშნა

  • რა ქონებას ფლობს მინისტრის ახალი მოადგილე ოფიციალურად

22 თებერვალს წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძეს წლიური შემოსავლის სახით დაფიქსირებული აქვს მხოლოდ ხელფასი – 42 451 ლარი და ასევე, შპს „დეკო საქართველოსგან“ მიღებული მოგება – 29 500 ლარი.

გელაძე აღნიშნულ კომპანიაში 50%-ის მფლობელია.

გელაძე კიდევ ერთი კომპანიის – „მეტა საქართველოს“ მეწილეა, თუმცა კომპანიიდან მიღებული შემოსავალი მინისტრის მოადგილეს წარმოდგენილი არ აქვს.

შემოსავლების ფონზე, გაცილებით დიდია გელა გელაძის ოჯახის გასავალი წლის განმავლობაში.

მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, გელაძემ გასულ წელს „თიბისი“ ბანკიდან 287 000 ევრო ისესხა, წლის განმავლობაში კი სასესხო ვალდებულაში გადაიხადა 15 200 ევრო [დაახლოებით 41 192 ლარი], რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, გელაძის სახელფასო შემოსავალი საბანკო ვალდებულების გასტუმრებას უნდა მოხმარებოდა.

მას მეორე სესხიც აქვს დეკლარაციაში დაფიქსირებული, რომლის ოდენობა 470 000 ლარია, თუმცა ეს სესხი, სავარაუდოდ, ახალი სესხით გადაფარა, ვინაიდან დეკლარაციაში 471 081 ლარი გასავალი აქვს მითითებული.

  • ძვირადღირებული შენაძენი და შვილების სწავლის საფასური

გელა გელაძემ 2022 წლის აპრილში ავტომანქანა Toyota Camry შეიძინა 65 000 ლარად,

მან 5 500 ლარი IPHONE 14-ში გადაიხადა, ამავე წელს 10 ათასად შეიძინა „მეტა საქართველოს“ წილი და 106 ათასი ლარი ქონების გადასახადი გადაიხადა.

გასულ წელს გელა გელაძემ ორი შვილის სწავლის საფასურში 6 000 ლარი და 4 130 ევრო გადაიხადა.

ქველმოქმედების სახით კი მას დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 27 175 ლარი, რომელიც უმაღლესში სწავლის საფასურის სახით აქვს გადახდილი.

თუ გელაძის წლიური შემოსავლებისა და გასავალის ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან გასავალი ბევრად აღემატება შემოსავალს.

ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები მისი მეუღლის ნათია ელიზბარაშვილის სამუშაო ადგილი და შემოსავლები.

ნათია ელიზბარაშვილს 2019 წელს „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანაში 105 ათასი ევრო აქვს გადახდილი, ასევე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და რამდენიმე მიწის ნაკვეთს კოჯორში.

მას 2016 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში 5 ათას ლარად აქვს შეძენილი 23 კვადრატული მეტრი ფართობი კოჯორში.

ნათია ელიზბარაშვილი თანამესაკუთრეა ასევე კოჯორში მდებარე 94 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, რაშიც 2021 წელს 3 168 ლარი აქვს გადახდილი [ეს ნაკვეთიც თბილისის მერიამ გაყიდა].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: