ნეტგაზეთი • RU

ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი.

შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მშენებლობის ნებართვის მიღების დღიდან და დასრულდეს 18 თვის ვადაში.

პირობის მიხედვით, „სახელშეკრულებო ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“

საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება შენობის რეაბილიტაცია, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 999 ლარად შეისყიდა.

ბათუმის კინოს მუზეუმი / რენდერი პროექტიდან

რეაბილიტაციის „შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას:
1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით
2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი
3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა
4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.“ – აღნიშნულია პროექტში.

 

შენობის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის დეტალების სანახავად დააწკაპუნეთ აქ

„… შენობას 2015 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით მასშტაბური ჩარევა განხორციელდა: დარბაზში მოეწყო რკინაბეტონის კოლონები და გადახურვის ახალი ფილა. შენობის ორსართულიანი ნაწილი, რკინაბეტონის კარკასული ნაგებობის სახით, ფაქტობრივად, ახლიდან აშენდა.

ამ ჩარევას განვიხილავთ, როგორც ისტორიული ნაგებობის ერთ-ერთ ისტორიულ ფენას, რომელსაც ჩვენი ჩარევა ახალ ფენად უნდა დაედოს. ამ კონტრასტის წარმოსაჩენად, ჩვენი ჩარევის ძირითად მასალად ლითონის კონსტრუქციები გამოიყენება.

ლითონის კონსტრუქციაა გამოყენებული შიდა ეზოს მხარეს, ორსართულიანი შუშაბანდის, კინოდარბაზის და მისი ვესტიბიულის გადახურვის, რეცეფციის, ღია ტერასის საჩრდილობელსა და ფასადზე, ორ დონეზე განლაგებული წინფრების მოსაწყობად.

შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას 1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით, 2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი, 3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა და 4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.

მთლიანობაში, ჩვენს მიერ წარმოდგენილი ჩარევის მიზანია შექმნას მაღალტექნოლოგიური, ინდუსტრიული განწყობა, რაც დაკავშირებულია კინოწარმოებასთან, კინოს ინდუსტრიულ ხასიათთან, კინოსტუდიის ტექნიკურ ესთეტიკასთან.

ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ზემოთ ხსენებული ლითონის კონსტრუქციები და შეუფუთავი სავენტილაციო სისტემები, პირველი სართულის და მეორე სართულზე ადმინისტრაციული ნაწილის ინდუსტრიული იატაკები, ახალი შუშაბანდის და კაფეტერიის ინტერიერში გათვალისწინებული მინაბლოკის კედლები, დაუმუშავებელი ბეტონის ჭერი.

თუმცა, ინდუსტრიული განწყობის პარალელურად, მაგალითად, კინოდარბაზი და მისი ვესტიბიული მოპირკეთებულია უფრო თბილი მასალაბით – ხის შეკიდული ჭერით, ხის აკუსტიკური პანელებით, ამ ორივე სივრცეში გათვალისწინებულია რბილი იატაკი.

შენობის ექსტერიერი გადაწყვეტილია ბათუმისთვის დამახასიათებელ თეთრ ფერში.

ტერასის და შიდა ეზოს იატაკზე დაგებულია ე.წ. გემბანის იატაკი, რაც ასევე დამახასიათებელია საპორტო ქალაქის ესთეტიკისთვის. ფასადზე შენობის გუმბათებს
თეთრი, გლუვი ზედაპირები აქვს (დეტალები იხ. ქვემოთ).

არსებულ ნაგებობაზე ძირითადი ჩარევები მოიცავს:

პირველ და მეორე სართულზე არამზიდი კედლების გადაგეგმარებას; რამდენიმე ადგილას მზიდი კონსტრუქციების დაშლას და ახალი კონსტრუქციების მოწყობას; არსებული კიბის გაუქმებას და ახალი კიბისა და ბაქან-ლიფტის მოწყობას;

შიდა ეზოს მხრიდან, N7ღერძზე, მსუბუქი შუშაბანდის მიშენებას, რომელიც საჭიროა კაფისა და ადმინისტრაციული ნაწილის ფართობების გასაზრდელად; შიდა ეზოს მთლიან ფართობზე წყალშემკრები სისტემის მონტაჟს და ზემოდან „დეკის“ ტიპის იატაკის მოწყობას;

შეუსაბამოდ დაბალი ჭერის გამო, კინოდარბაზისა და მეორე სართულის ვესტიბიულის სახურავის აწევას – თუნუქით დახურული რკინისა და ხის კონსტრუქციის ახალი სახურავის მოწყობას და ვესტიბიულის სახურავის ნაწილში დღის განათების ღიობების ჩასმას; ადმინისტრაციულ ნაწილში, არსებული რიგელების გამოყენებით, ახალი რკინა-ბეტონის სახურავის მოწყობას;

პირველ და მეორე სართულებზე ახალი იატაკების მოწყობას; დარბაზის იატაკზე არსებული ძველი კერამიკული ფილების მოხსნას და კაფეტერიის იატაკზე დაგებას…

ისტორიულ ფასადზე ჩასატარებელი სამუშაობი:

კინოს მუზეუმში ვიზიტორების გამართული ცირკულაციის უზრუნველსაყოფად, არსებული მთავარი შესასვლელი უქმდება და გადადის ფასადის მარჯვენა მხარეს, დამხმარე შესასვლელის ადგილას. გაუქმებული, არააუთენტური მთავარი ხის კარის ადგილას ამოშენდება კედელი, გაილესება და თეთრად შეიღებება. დღევანდელი მთავარი შესასვლელის ქვის თაღში ჩასმული, ფასადის თანადროული, ნაჭედი რკინის ცხაური ადგილზე რჩება, ხოლო იმავე ადგილას მიმაგრებული, არააუთენტური რკინის წინფრა ჩამოიხსნება და გადავა შიდა ეზოს დეკორატიულ ელემენტად.

ეს ზომები საჭიროა, რათა გაუქმდეს ფასადზე არსებული მთავარი შესასვლელის ვიზუალური აქცენტი და ამავე დროს ხელუხლებლად დარჩეს მისი აუთენტური ელემენტები (დეტალურად იხ. პროექტში). ასევე კაფეტერიის დეკორატიულ ელემენტად გადაინაცვლებს მეორე სართულის პარაპეტზე დამაგრებული წრიული მეტალის ცხაური, რომელიც არ წარმოადგენს შენობის აუთენტურ ელემენტს.

საგამოფენო სივრცეში და კინოდარბაზში დღის შუქის არასაჭიროობის გამო უქმდება ფასადზე გამომავალი ფანჯრებიც, (გარდა ვესტიბიულის ორი ფანჯრისა, რომლებიც ვიტრაჟებად ტრანსფორმირდება). დღეს ფანჯრის ღიობებში მეტალო-პლასტმასის პროფილებია ჩასმული. შესაბამისად, აუთენტურობის დაცვის თვალსაზრისით მათი მოშორება პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ღიობებს, მათი შევსება მოხდება მსუბუქი ბლოკით, გარშემო არსებული კარნიზების დაუზიანებლად, მომავალში, საჭიროებისამებრ გახსნის პერსპექტივით. ვესტიბიულის მხარეს კი პირიქით, არსებული ორი ღიობი იატაკამდე გაფართოვდება და მათში ხის პროფილიანი ვიტრაჟები ჩაისმება.

ეს გამოიწვევს არსებული კარნიზების ორ ადგილას მოშლას, თუმცა, რაკი ფასადზე აღნიშნული კარნიზები მრავლადაა წარმოდგენილი, არ გამოიწვევს ფასადის
კომპოზიციური სტრუქტურის რღვევას. ფასადზე არსებული ოთხ ფრთიანი ხის კარიც (სადაც მთავარი შესასვლელი ეწყობა) არააუთენტურია და ამასთან უკიდურესად
დაზიანებულია. ამიტომ მოხდება მისი ჩანაცვლება ახალი ხის კარით.

ფასადზე არსებულ პროფილირებული კარნიზების, პილასტრებისა და დეკორის დაზიანება არ აღინიშნება. შესაბამისად არ არსებობს მათი რესტავრაციის ან თავიდან
დამზადების საჭიროება. ფასადი, მასზე წარმოდგენილ დეკორატიულ ელემენტებთან ერთად უნდა შეიღებოს ნესტგამძლე, თეთრი საღებავით.

სახელოვნებათმცოდნეო კვლევაში (რომელიც შეიქმნა 2015 წელს განხორციელებული რეკონსტრუქციის სახელმძღვანელოდ), გუმბათების გადახურვა რეკომენდირებულია თუნუქით. არსადაა ნახსენები გუმბათების აგურით მოპირკეთების ფუნქციური თუ ესთეტიკური საჭიროება, თუმცა, 2015 წლის რეკონსტრუქციის დროს ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს და გუმბათები მოაპირკეთეს აგურით. შედეგად შენობის მხატვრული იერსახე შეიცვალა და დასუსტდა გუმბათების ჰიდროიზოლაცია.

აქედან გამომდინარე, გუმბათების მხატვრული სახის კორექტირებისთვის და რაც მთავარია, ეფექტური ჰიდროიზოლაციის უზრუნველსაყოფად, წარმოდგენილ პროექტი გულისხმობს გუმბათებზე შეუსაბამო აგურის მოპირკეთების მოხსნას და გლუვი წყალგაუმტარი ზედაპირით დაფარვას. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის რეკონსტრუქციის პროექტში ჩადებულია გუმბათების კონსტრუქციული გამაგრება, აგურის მოპირკეთების მოხსნის შემდეგ, აუცილებელია კონსტრუქციული
შემოწმება სიმყარეზე…

შენობის საჯარო ნაწილი აღჭურვილია შშმ პირთა მისაწვდომობისთვის მოთხოვნილი სივრცითი მახასიათებლებითა და ტექნოლოგიებით. საჭიროებისამებრ ეწყობა პანდუსები და ბაქანლიფტები.“

წყარო: პროექტის განმარტებითი ბარათი

ბათუმის კინოს მუზეუმი / რენდერი პროექტიდან

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა. ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, რომელიც 27 ივლისს დასრულდება – წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა უცვლელია – 1 189 320 ლარი.


აღნიშნულ შენობაში ადრე „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა იგეგმებოდა.

სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმის კონცეფციის ავტორები არიან: ოლღა და ქეთევან ჟღენტები.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com