განათლება,მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა

29.03.2023 • 9443
ვინ არიან ფრანკლინის კლუბის წევრები, „ანარქისტები“ თუ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის.

პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა.

ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ ღარიბაშვილი-კობახიძისა და წულუკიანი შეფასებებზე? 

რისი სამჭედლოა ფრანკლინის კლუბი, „ანარქისტების“, როგორც პრემიერი ამბობს, თუ კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი საზოგადოების? – „ბათუმელები“ რამდენიმე ახალგაზრდას ესაუბრა ამ კლუბიდან.

მეკო ნადარაია 15 წლისაა და ერთი წელია რაც ფრანკლინის კლუბში დადის. როგორც გვეუბნება, აინტერესებს პოლიტიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სწორედ ამ კლუბმა მისცა შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო თემებზე უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო.

მისი თქმით, კლუბი კარგი საშუალებაა აბიტურიენტებისთვისაც, რადგან ახალგაზრდებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში.

„კლუბში გვასწავლიან ასევე დებატების ხელოვნებას და ძალიან კარგი ცოდნა მივიღე ბევრ სფეროზე, რაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, წესით“ – გვითხრა მეკომ.

მისი აზრით, სკოლისგან განსხვავებით, ფრანკლინის კლუბში უფრო თავისუფალი გარემოა, ლექტორებიც უფრო მეგობრულები არიან და რაც მთავარია, სწავლობენ დისკუსიას და კრიტიკულ აზროვნებას.

„როცა მივდივარ, წამოსვლა აღარ მინდა ხოლმე, ისე ვარ. თითქმის ყველა ერთი ასაკის ვართ, საერთო ინტერესები გვაერთიანებს. ცხადია, გვაქვს განსხვავებული ინტერესებიც, ამიტომ ამ განსხვავებულობის პატივისცემასაც ვსწავლობთ.

არც ანარქისტები ვართ, არც სატანისტები და არც მასონები.

როცა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მსგავსი განცხადება, ფრანკლინელი ბავშვები ერთად ვიყავით, ვდებატობდით და მეგობრებმა გამოგვიგზავნეს ლაივის ლინკი, სადაც ჩვენზე საუბრობდა.

თავიდან გაგვეცინა და სერიოზულად არ მიგვიღია, თუმცა შემდეგ გავიაზრეთ, რომ მას ჰყავს თავისი მიმდევრები, ამომრჩევლები და შესაძლოა, მისი ნათქვამი დაიჯერონ და ცოტა გულიც დაგვწყდა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც შესაძლოა ასეთი რამ თქვას ფრანკლინის აკადემიაზე, რომელიც თავისუფალი სივრცეა“ – ამბობს მეკო.

მისი აზრით, ალბათ საჭიროა მსგავს განცხადებებზე რეაგირება ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რადგან ეს იყო ღიად, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.

„ეს არ იყო მცირე მასშტაბის ბრალდება, ამიტომ აკადემიამ, ვფიქრობ, გასცა ღირსეული პასუხი, მაგრამ ჩემი, როგორც 15 წლის მოზარდის, ამ ქვეყნის მოქალაქის პასუხი იქნება ის, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე იმ ხალხზე აგრესიული საუბარია, რომელიც მართლა ამ ქვეყნის მომავალია და ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ამ თავდასხმების მიზანი არის ნათელი, რომ რაც რუსულ კანონს უნდა გაეკეთებინა, ამის გაკეთება დაიწყეს თვითონ და აშავებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპულ განათლებას გვაძლევს ახალგაზრდებს და არ იზიარებენ, ვთქვათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იდეოლოგიას.

მართლა პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ავითარებს ეს კლუბი, კრიტიკულად აზროვნებენ ეს ახალგაზრდები და ცხადია, ძნელია მათი რაღაც გავლენების ქვეშ მოქცევა,“ – გვითხრა მეკომ.

მისი თქმით, ამ კლუბის მიზანი არის არა უპირობოდ მიღება ყველა აზრის, არამედ კრიტიკული მიდგომა საკითხებისადმი.

„ლექტორები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ მათი ნათქვამიც გადავამოწმოთ და აუცილებელი არ არის, რომ დავუჯეროთ. პირიქით, ღია დისკუსიები გვაქვს ხოლმე ლექტორებთან, ვკამათობთ სხვადასხვა საკითხზე და ყველაფერს ვაანალიზებთ.

ძალიან კარგი უნარები გვაქვს იმისთვის, რომ არავის გამოვაყენებინოთ თავი, როგორც ამას გვაბრალებენ. არც ერთი ლექტორისგან არ ყოფილა მოწოდება, რომ თუნდაც იმ აქციებზე გავსულიყავით. ეს იყო ჩვენ მიერ გააზრებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და იქ უნდა ვმდგარიყავით, ეს არის ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“ – გვეუბნება მეკო.

მისი თქმით, სახელისუფლებო პროპაგანდა ვერ მოახდენს გავლენას ფრანკლინელებზე, რადგან მათ შესწევთ უნარი, გაარჩიონ კარგი და ცუდი.

„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ არაკორუმპირებულ ქვეყანაში, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დატოვებას და სხვაგან წასვლას. გვინდა, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც კარგად ვიქნებით“ – ამბობს მეკო.

სანდრო ზუკაკიშვილიც ფრანკლინელია. მე-12 კლასში სწავლობს და  ერთი წელია, რაც კლუბში დადის. აქ მეგობრების რჩევით მივიდა, რადგან დაინტერესებულია სოციალური მეცნიერებებით და „ფრანკლინის კლუბში“ ამ მეცნიერების შესახებ საჭირო ცოდნას იღებს.

„რადგან ამ კლუბში მრავალფეროვან საგნებს ასწავლიან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე გვასწავლიან დებატების კულტურას და კრიტიკულ აზროვნებას. ლექციებს გვიტარებენ ადამიანები, ვინც სწავლობდნენ საზღვარგარეთ, დააგროვეს ცოდნა ლიბერალურ ღირებულებებზე და გვიზიარებენ ჩვენც“ – გვეუბნება სანდრო.

მისი თქმით, ზოგადად საქართველოში, კრიტიკული განათლების დეფიციტია და მსგავსი სივრცეები აუცილებელია არაფორმალური განათლებისთვის.

„თანამედროვე სამყარო სულ სხვა უნარების გარშემო ტრიალებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ გარემოს შესაბამისი უნარები. მათ შორის კრიტიკული აზროვნება. სკოლაში ცოტა შეზღუდულები ვართ ამ მხრივ, ამიტომ ეს სივრცე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ ღარიბაშვილის ნათქვამზე, რომ თურმე აქ ანარქისტებს ამზადებენ, ყველას გაგვეცინა და მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ის ღირებულებები, რითაც „წამლავენ“ თურმე აქ, ფრანკლინის კლუბში, ბავშვებს, არის ლიბერალური ღირებულებები, რომლებსაც თავის დროზე ქადაგებდნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, იმავეს აკეთებდა ბენჯამინ ფრანკლინიც აშშ-ში და ამიტომ არის კლუბის ლოგოზეც ფრანკლინი.

ბატონ ირაკლის შვილმა წელს ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ფრანკლინის მიერ არის დაარსებული და თუ გაეცნობა ამ ინფორმაციას, ძალიან კარგი იქნება.

ჩვენ რომ ვართ სერიოზული სამიზნე, ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ვერ ვრცელდება ფრანკლინის კლუბის კურსდამთავრებულებზე, რადგან გვაქვს საკმარისი ცოდნა იმის, რომ გავარჩიოთ რეალობა, გვესმის, რა არის მედიაწიგნიერება, თავისუფალი თაობა ვართ და კიდევ გვსურს განვითარება.

ცხადია, ვერავინ მოახდენს ჩვენზე გავლენას, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვართ მზად კარგი, არგუმენტირებული დიალოგისთვის, იმიტომ, რომ თუ რაიმე პრობლემის გადაჭრა გვსურს, ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი“ – ამბობს სანდრო.

მისი თქმით, მათ წინააღმდეგ წარმოებულმა „პიარმა“ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ „ფრანკლინის კლუბში“ ბავშვების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა.

„პირიქით გააკეთეს, ყველამ გაიგო ამ კლუბის შესახებ და გვწერდნენ, როგორ შეიძლება თქვენი კლუბის წევრი გავხდეთო.

ჩვენი მიზანია, განვითარდეს ქვეყანა და ცივილიზებულ, ევროპულ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ“- ამბობს სანდრო.

ლიზა გადელია მეთერთმეტეკლასელია. იგი „ფრანკლინის კლუბში“ გასული წლის ზაფხულში მივიდა.

„კლასელები დადიოდნენ და შინაარსი რომ გამაცნეს, დავინტერესდი. რომ მივედი, ისე მომეწონა, გადავწყვიტე, მევლო ამ კლუბში“- გვეუბნება ლიზა.

როგორც ლიზა ამბობს, ლექტორებთან, ხალხთან ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა და გააღრმავა მისი ცოდნა იმ სფეროებში, რომლებიც მისთვის საინტერესოა.

„ხალხი, რომელიც აზროვნებს, ცხადია, არ მოსწონთ [„ქართულ ოცნებას“], რადგან ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი კარგად გაანალიზონ ხელისუფლების შეცდომები. თუმცა ასე თუ დაგვესხმებოდნენ თავს, მაინც არ მეგონა.

თავიდან მეც ისევე გამეცინა მათ განცხადებებზე, როგორც ჩემს მეგობრებს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეშინიათ ჩვენი და ამან უფრო გაგვაძლიერა.

ფაქტია, რომ ეშინიათ თავისუფალი და მოაზროვნე თაობის და ჩემი აზრით, ასეთ დროს გამარჯვებული ცალსახად ვიქნებით ჩვენ, ახალგაზრდები, რადგან ისევ და ისევ ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა. ამიტომ, როცა თავს გვესხმიან, მათთვის არის ცუდი“ – მიიჩნევს ლიზა.

ბრალდებას, რომ ფრანკლინელებს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ, ლიზა არ ეთანხმება.

„ჩვენ არავინ გვიყენებს და ვერც ვერავინ გამოგვიყენებს. ღარიბაშვილს, კობახიძეს და წულუკიანსაც, რა თქმა უნდა, დავპატიჟებდი ფრანკლინის კლუბში პირველ მოდულზე. ამ მოდულში ყველაფრის შესავალია და მისი მოსმენის შემდეგ უკეთ იაზრებ, რა ინტერესები გაქვს მომავალში“ – ამბობს ლიზა.

მისი აზრით, მსგავსი ზეწოლებით ამ თაობას ვერ შეაშინებენ, ვერც მშობლებზე მოახდენენ გავლენას – „ისინიც ხედავენ, სად დადიან მათი შვილები და რა განათლებით ბრუნდებიან უკან“ – ამბობს ლიზა.

_____________

ფოტოზე: მეკო ნადარაია, სანდრო ზუკაკიშვილი და ლიზა გადელია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: