უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 849 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460]
ტანკი – 9 992 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 20 797 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 22 844 ერთეული [+24]
MLRS – 1 273 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 056 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 486 ერთეული [+83]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 36 529 ერთეული [+127]
სპეცტექნიკა – 3 739 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 800 უპილოტო საფრენი აპარატი
592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 268 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 514 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 420 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს„ბათუმელებისა და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის 28 დღეა უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.
„ამერიკის ხმამ“ რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რისი თქმა შეეძლო იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს, „ქართული ოცნების“ მთავრობიდან კი გვესმის განცხადებები, რომ მან „ბოდიში უნდა მოიხადოს“, რომ „უბრალოდ ჭამა უნდა დაიწყოს და ყველაფერი მოგვარდება“.
„ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება.
ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა.
მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს,“ – ამბობს რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“.
ჟურნალისტმა რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რას ფიქრობდა იმ საკითხზე, რომ ერთის მხრივ არსებობს სხვა ჟურნალისტების საქმეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში სცემეს, მაგრამ დღემდე არ ვიცით ვინ არიან მათზე თავდამსხმელები, მეორეს მხრივ კი არის მზიას საქმე, როდესაც პოლიციელისთვის სახეში გარტყმის გამო მას ისე ექცევიან.
„ნამდვილად, ეს მათი [ხელისუფლების] შეშფოთების მიზეზების სრულ უთანასწორობაზე და რესურსების სრულიად არასწორად გამოყენებაზე საუბრობს.
მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით, სრულიად არაფერს აკეთებენ.
მზია არ არის ერთადერთი, ვინც პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადამიანები საპყრობილეში და მის გარეთ შიმშილობენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს, ან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ან ნებისმიერ სხვას მთავრობიდან მათდამი ინტერესი არ გამოუხატავს. ძალიან ცოტა ვიცით ციხის შიგნით მოშიმშილეებზე.
ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ მათ არ სურთ იმ ადამიანების მოსმენა, ვინც [არსებულ მდგომარეობას] აპროტესტებს. ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ის, თუ რა გზით სურს ქვეყნის წაყვანა. ისინი რეალობას ამახინჯებენ და საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის იმედებს აცრუებენ და ამახინჯებენ, ვისაც ევროპული მომავალი სურს,“ – თქვა რეიჩელ დენბერმა.
„ამერიკის ხმის“ სრული ინტერვიუს ნახვაამ ლინკზეშეგიძლიათ.
ნინო ელიაური ფეისბუქზე წერს, რომ გაათავისუფლეს რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციიდან. მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
„გუშინ მაცნობეს, რომ გუშინწინ სამსახურიდან გამიშვეს…
ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იუსტიციის სახლთან ჩემი გამოსამშვიდობებელი ტექსტი იქნებოდა ასეთი!
ვინც მიცნობს ყველამ იცის რას ნიშნავს ჩემთვის იუსტიციის სახლი!
ბედნიერი ვარ რომ ამ ორგანიზაციას მისი დაბადებიდან უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი!
ახლა მთავარი…
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ბოლოს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, საშტატო ერთეულით განსაზღვრულ პოზიციაზე, კონკურსის წესით უვადოდ დანიშნული თანამშრომელი, 2024 წლის 30 დეკემბრიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გავხდი დასაქმებული.
და ამის შემდეგ!
7 თებერვალს სატელეფონო კომუნიკაციით მაცნობეს, რომ 6 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება აღარ მიგრძელდება.
მიზეზი?
მიზეზი არ არსებობს!
მიზანი?
უკანონობის დაკანონება!
იუსტიციის სახლს ჩემი კარიერა 2012 წლიდან უკავშირდება, მათ შორის ბოლო 6 წელი ვიკავებდი რუსთავის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციას, ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება, ეს იყო ადგილი სადაც ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი ყოველთვის უპირობოდ იყო საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
რუსთავის იუსტიციის სახლი არის ფილიალი რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა იუსტიციის სახლის იმიჯის შექმნასა და პროფესიულ განვითარებაში.
ვერასოდეს შეიცვლება ჩემი დამოკიდებულება იუსტიციის სახლის მიმართ რადგან ის იყო და იქნება ჩემი იდენტობის ნაწილი!
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იზიარებდა იუსტიციის სახლის მიზანს და ღირებულებებს, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, ამ ადამიანების შრომაზე დგას სამსახური!
ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობდი გუნდთან #რუსთავისიუსტიციისსახლი, ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითები, ჩემი მეგობრობა სამუდამოა, გახსოვდეთ, მთავარი ძალა ხართ თქვენ, დაიცავით თქვენი მომავალი!
არაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება.
უდიდესი სიამაყით და სიყვარულით,
ნინო ელიაური“ – წერს ნინო ელიაური.
დღეს, 8 თებერვალს ფეისბუქზე დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა, ერეკლე თურმანიძემაც. იგი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს.
ბათუმის იუსტიციის სახლი მენეჯერი ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ წერილზეხელმოწერის გამო, რომელიც იუსტიციის სახლი თანამშრომლებმა გაავრცელეს 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს:
„განაჩენი“ გამოტანილია.
გუშინ, სამუშაო საათების შემდეგ, მეცნობა, რომ გუშინწინ ჩემი ბოლო სამუშაო დღე ყოფილა.
ძალიან ბევრია სათქმელი. ძალიან ბევრი ემოცია და სიტყვები ტრიალებს გონებაში, თუმცა, ვცდილობ რამენაირად შევძლო და მოკლედ გადმოვცე სათქმელი.
იუსტიციის სახლი – ეს არის უნიკალური ქართული პროდუქტი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ საქართველომ შეძლო და რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, დემონი სსრკ-ს განდევნაში და ვიზალიბერალიზაციის საქმეში, რომლის შედეგადაც, თითოეულმა ჩვენგანმა შევძელით და ვნახეთ მშვენიერი გარესამყარო.
ჩვენ ვიზრდებოდით იმ გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, თავისუფალი აზრი, სამართლიანობა, ჯანსაღი კამათი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზემოჩამოთვლილი უნარები, ჩემი და ჩემი მეგობრების სამაგალითოდ დასჯის საფუძველი გახდებოდა.
იუსტიციის სახლთან ჩემი კავშირი დაიწყო სტაჟირებით. მისი დაარსების დღიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების, 13 წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, შევძელი არაერთ ჩემთვის საინტერესო პოზიციაზე დაწინაურება და ბოლოს დავინიშნე ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერად.
ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ხელმძღვანელისგან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი, ჯილდო, საუკეთესო მენეჯერის/ფილიალის წოდება და ყველაზე დიდი საჩუქარი – ძალიან ბევრი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული. ალბათ ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია პროფესიონალიზმის, თავდაუზოგავი შრომისა და ადამიანურობის გარეშე.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთადერთი რამ, განცხადებაზე ხელის მოწერა გახდა იუსტიციის სახლის კიდევ ერთი, ერთგული თანამშრომლის სისტემიდან მოშორების მიზეზი. განცხადებაზე, რომელიც კონსტიტუციის ერთგულებასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმის შესახებ, მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას ეხებოდა.
რა თქმა უნდა, პირადი ემოციების მიღმა უფრო მტკივნეული იმის ყურებაა, თუ როგორ აცლიან იუსტიციის სახლის სისტემას ყველაზე მნიშვნელოვანს – კომპეტენციას, თავისუფლებასა და წლებით ნაგროვებ თავდაჯერებას; როგორ თესავენ შიშს ყველაზე გაბედულ ორგანიზაციაში, რომელიც არასდროს (მათ შორის, პანდემიის დროსაც) შეშინებია გამოწვევებს და გაუჩერებლად, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის სადარაჯოს წინა ხაზზე იდგა. მტკივნეულია იმის ყურება, ნელ-ნელა როგორ ანგრევენ ჩვენი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათს დანარჩენ დედამიწაზე.
იუსტიციელებო – თქვენ ხართ გმირები და ძალიან დიდი ძალა, რომელსაც ვერაფერი დაამარცხებს თუ მტკიცეთ დადგებით იუსტიციის სახლისა და ერთმანეთის დასაცავად. დღეს თუ არა ხვალ ყველას მოგაკითხავენ, თქვენ ვეღარასოდეს დააფიქსირებთ პირად აზრსა თუ უკმაყოფილებას, ნუ შეეგუებით უსამართლობას!
ყოფილი იუსტიციელი არ არსებობს!
მე ვარ თავისუფალი.
დიახ, მე ვარ იუსტიციის სახლი“ – წერს ერეკლე თურმანიძე ფეისბუქზე.
იუსტიციის სახლი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლების ნაწილმაც 29 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ აპირებენ გააგრძელონ ევროპული მომავლის დაცვა.
დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შუახევში, სოფელ ჭვანაში ჩავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად.
სწორედ შუახევიდან, სოფელ ჭვანადანაა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.
ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაშლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ.
პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ჩავიდნენ, შუახევია, ჭვანის ხეობა, საიდანაც არის მზია ამაღლობელი. გარდა ამისა, იგეგმება გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით:
სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25]
„საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სგშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცენტრის ინფორმაციით, საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის აშენებას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. კომპანიამ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე უნდა ააშენოს,დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.
„ამბასადორის“ განცხადებით, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა უკვე გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას“.
ხელოვნური კუნძულის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე
ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა.
თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, — თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 8 თებერვალს.
სხვა რამეს ამბობდა კობახიძე 29 იანვარს. მაშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.
„ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მზაობას დიალოგისთვის.
თუ მოვლენ ადამიანები, ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი, ხვალვე მზად ვარ, რომ შემხვდნენ და განვიხილო ეს საკითხი,“ – თქვა 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ.
გუშინ, 7 თებერვალს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შეკრებისას, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ კიდევ ერთხელ მიმართა ირაკლი კობახიძეს, რომ ის მზად იყო შეხვედრისთვის, რასაც უკვე დღეს კობახიძემ უარით უპასუხა.
„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – ასე მიმართა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ირაკლი კობახიძეს.
პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საჯარო სამსახურში პოლიტიკური კონტროლის გამყარებას ისახავს მიზნად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება და აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და განსხვავებული აზრის დევნის პროცესს.
„დაანონსებული ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემური, მათ შორის: საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმების მაკოორდინირებელი უწყებაა და მუშაობს საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის სათანადო სტანდარტიზებაზე. ამ მიზნით, ბიურო აყალიბებს ფუნქციური და ინსტიტუციური მოწყობის პრინციპებს, ახორციელებს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურებისა და ფუნქციების შესაბამისობის ანალიზს, მუშაობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთიანი პრაქტიკით აღსრულებასა და საჯარო სამსახურში ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე. ამასთან, ბიუროს მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება. ის აანალიზებს არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს, ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს, სწავლობს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიმუშავებს სამოქმედო სტანდარტებს და რეკომენდაციებს. შესაბამისად, ბიუროს ამგვარი ფუნქციების გაბნევა და სხვადასხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება საფუძველშივე ეწინააღმდეგება თავად ამ ფუნქციების ერთი ორგანოს ქვეშ თავმოყრის იდეას,“ – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ცნობისათვის, საჯარო სამსახურის ბიუროში უკვე განხორციელდა რეორგანიზაცია 2022 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შემდეგ, ამ უკანასკნელთან საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების დუბლირების გამოსარიცხად. 2023 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური მოწყობა ახლებურად ჩამოყალიბდა და შესაბამისობაში მოვიდა ახალ მოწესრიგებასთან.
„ცვლილებებით გაძლიერდა სტრატეგიული განვითარების მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანიც საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება, საჯარო სამსახურში პროცესების სისტემური და გრძელვადიანი დაგეგმვა და ანგარიშვალდებულების ზრდაა. ბიუროს ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში გაუქმდა უფროსის მოადგილის ერთი თანამდებობა და ცვლილება განიცადა რამდენიმე საშტატო პოზიციამ. ამდენად, დასახელებული ოფიციალური მიზეზით ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და მანიპულაციურია,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება ემთხვევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც მოხდა რეორგანიზაციის გამარტივება. ცვლილებებით იოლდება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, უქმდება მისი ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა, იზღუდება დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობები და, საბოლოოდ, მკვეთრად უარესდება საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები და გარანტიები, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკუთარ შეფასებაში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას წინ უძღოდა ევროინტეგრაციის შეჩერებით გამოწვეული საპროტესტო ტალღა საჯარო სექტორში, რამაც, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროც მოიცვა.
„ბიუროს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას შეუერთდა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საპასუხოდ მათ დამოუკიდებლად გაავრცელეს კრიტიკული განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
მსგავსი საჯარო აქტები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საჯარო სექტორის „თვითწმენდის პროცესად“ შეაფასა და „კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“ შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დააანონსა. საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება სწორედ ამგვარი „საპასუხო ნაბიჯია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქცენტს აკეთებს გენდერულ სურათზე.
„ბიურო შედგება 4 დეპარტამენტისგან, რომელთაგან თითოეულს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ბიუროში 4 სამმართველოა, რომელთა ხელმძღვანელებიც ასევე ქალები არიან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საპასუხოდ ბიუროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ყველა ხელმომწერი ქალია. ეს საკითხი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან “ქართული ოცნების” ავტორიტარული მართვის პრაქტიკებში გენდერულ ფაქტორებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.. „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ემყარება პატრიარქალურ ღერძებს, ასუსტებს პოლიტიკური ინკლუზიისა და თანასწორობის იდეებს და პოლიტიკურ დისკურსში სექსიზმის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
ასეთ პირობებში, სავარაუდოდ, მიღებული გადაწყვეტილება ასევე ემყარება რწმენას, რომ ქალებით დომინირებული არაძალოვანი უწყების გაუქმება და მისი თანამშრომლების გათავისუფლება რეჟიმისთვის პოლიტიკურად ნაკლებად საზიანო, [შედარებით] უმტკივნეულო და კრიტიკული განწყობების საჯარო სექტორიდან განდევნის სტრატეგიულად ეფექტიანი გადაწყვეტაა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. ოფიციალური პოზიციით, ეს გადაწყვეტილება „მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანს“ ემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების მესამედი გამოაკლო, დარჩენილ ფუნქციებს კი „მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“.
მთავარი ფოტო: 2022 წელს გამართული საჯარო მოხელის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 847 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
ტანკი – 9 981 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 20 777 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 22 820 ერთეული [+35]
MLRS – 1 273 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 056 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 403 ერთეული [+102]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 36 402 ერთეული [+95]
სპეცტექნიკა – 3 738 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 569 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 292 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 239 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უახლოეს პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და ომის ახალი ეტაპის დაწყებას ელოდება. სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინას ახლა უკვე ბევრი პირობა აქვს გაძლიერებისთვის, რუსეთმა კი, ომის დაწყებიდან 3 წლისთავზეც კი, ვერაფერი მოიგო:
„საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის ველზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის, ტანკის მთელი ხიბლი რაც არის – მანევრი, დაცულობა და ცეცხლი, წარმოიდგინეთ, ეს დაყვანილია არაზუსტი „ჰაუბიცის“ დონემდე,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, – „ამ დროს კი, უკრაინელები, ვინაიდან დრონების მხარდაჭერა კარგად აქვთ აწყობილი, უპირატესობას ფლობენ ე.წ. მცირე ჰაერში, ანუ სადაც დრონები მოქმედებენ“.
ვახტანგ კაპანაძის აზრით, უკრაინას სამხედრო მრეწველობის განვითარების პერსპექტივაც გაუჩნდა: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინა უკვე ლაზერული იარაღის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს და მეხუთე ქვეყანა იქნება მალე მსოფლიოში, რომელსაც ასეთი იარაღი ექნება,“ – დასძენს გენერალი და იმის ჩამოთვლას იწყებს, რამდენი მიმართულებით დასუსტდა რუსეთი:
„ნატოს საზღვარი გაეზარდა, მეზობელი ჰყავს, რომელიც გამწარებული მოემზადება მასთან საომრად, სირია დაკარგა, ყირიმიდან იძულებულია შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს… ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა, იგივე სურათი იკვეთება თანდათანობით შავ ზღვაზეც. რა მოიგო რუსეთმა ამით?“
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი თანახმაა პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე. რას აჩვენებს თქვენთვის ეს გადაწყვეტილება?
ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ მიდიოდა ორივე მხარე. ფაქტია, რომ ორივე მხარეს უნდოდა სულის მოთქმა. ტრამპის ფაქტორი აიძულებს ორივე მხარეს, გადადგან ნაბიჯები ერთმანეთისკენ. პუტინმა განაცხადა, ზელენსკი არალეგიტიმურია და მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს, მაგრამ დაესწროს მოლაპარაკებებსო – ეს საინტერესო ფორმულირება იყო.
ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მეტად ახლა ტრამპის პრესტიჟის საკითხია. მან აქამდე სხვადასხვა ვადა დაასახელა: 100 დღეში, ან 3 თვეში გადავწყვეტ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხსო, ამიტომაც, ყველაზე მეტად ტრამპია მოწადინებული, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს.
რაზე შეიძლება შედგეს შეთანხმება, რა ჩანს ამ გადასახედიდან?
ძნელია საუბარი მოლაპარაკებების დაწყების წინ. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ტრამპის მოსაზრებით, ეს ეტაპი უნდა გამოიყენოს უკრაინამ, რომ არჩევნები ჩატარდეს. როგორც ჩანს, ასე უყურებენ საკითხს, რომ ზელენსკის შემცვლელთან უკვე უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის, თუ სხვა მხარეების ჩართულობით.
მე რომ მკითხოთ, ეს სწორიც არის: ზელენსკიმ გარკვეული ნიშა შექმნა, ამ ნიშაშია იგი დაბეტონებული, მას თავისი პრინციპები აქვს გაცხადებული და ხისტი იქნება მასთან გადაწყვეტილებების მიღწევა.
ჩემი აზრით, უკრაინისთვის არ იქნება ცუდი, თუ ზელენსკის შემცვლელი მოვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაც სჭირდება არჩევნების წესიერად ჩატარებას: ლტოლვილები, რომლებიც გასული არიან უკრაინიდან, მათ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, შემდეგ უფრო სწრაფად წავა პროცესი.
ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის ვადა გაახანგრძლივა 9 მაისამდე. ამ ვადაში ელოდებიან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას?
ბევრჯერ შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული თარიღი. ეს ტრამპზეა უფრო დამოკიდებული, ვიდრე ზელენსკიზე. არის ვარაუდი, რომ აღდგომისთვის დაიწყება მოლაპარაკებები, ხოლო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის სავარაუდოდ, ლოგიკური თარიღია მაისი.
რას შეიძლება დათანხმდეს უკრაინა, რა იქნება მისთვის მისაღები?
პირველ რიგში, ესაა ცეცხლის შეწყვეტა. რაღაცის გაცვლაზეც შეიძლება დაიწყოს უკრაინამ მოლაპარაკება, მაგალითად, კურსკის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცვლასთან დაკავშირებით. მე ძალიან ეჭვი მეპარება ზაპოროჟიეს გაცვლას დათანხმდნენ რუსები – ამ შემთხვევაში უკრაინელები კვლავ შეძლებენ აზოვის ზღვაზე გასვლას და რუსეთის სახმელეთო დერეფნის მოწყვეტას ყირიმთან.
მოლაპარაკების საგანი იქნება ასევე ტყვეების გაცვლა „ყველა ყველაზე“ და იმის გარანტია, რომ სამშვიდობოების ჩაყენებით, ან ამერიკის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ჩაყენებით, გარანტირებულად რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაზე თავდასხმას ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში.
ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რა შანსი აქვს უკრაინას ამ ომის მოგებისთვის?
რუსეთიც გამოფიტულია, მასაც სჭირდება სულის მოთქმა. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინელებმა რეკორდული რაოდენობის დარტყმა განახორციელეს რუსეთის ნავთობმწარმოებელ ქარხნებზე. 30 ყველაზე მსხვილი ქარხნიდან ორ-მესამედზე უკრაინელებმა მოახერხეს დარტყმა.
ბოლო დარტყმა უკრაინელებმა განახორციელეს კრასნოდარში იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ხდებოდა „შაჰიდების“ გაშვება. ასე რომ, ეს დარტყმაც უმტკივნეულო არ არის რუსეთისთვის, რადგან საკმაოდ მცირდება მათი ნავთობის წარმოების და საცავის შესაძლებლობები.
ფაქტობრივად გამოჩნდა, რომ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტიანობა 30-35 %-ის ფარგლებში მერყეობს – ვერ ახერხებენ ისინი ტერიტორიის დაცვას და რუსებიც საუბრობენ უკვე ამაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსებს აქვთ ინიციატივა: გარკვეულ ტერიტორიას იკავებენ, კუპიანსკის ჩრდილოეთით ვითარება იძაბება, მაგრამ ბოლო 2 წელი რომ ავიღოთ, ზამთრის შეტევიდან დაწყებული, რუსებმა დაიკავეს დაახლოებით 3500 – 4000 კვადრატული კილომეტრი. ეს უკრაინაში რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიის სულ 1 %-ია, თუ არ ჩავთვლით ყირიმს, დონბასს, რომელიც მანამდე ჰქონდათ დაკავებული რუსებს. პირველად არის ასეთი ვითარება, რომ თანამედროვე ჯავშანტექნიკის, ტანკების რაოდენობით უკრაინა ფაქტობრივად თითქმის გაუტოლდა რუსეთს. ამ შემთხვევაში არ ითვლება ის მოძველებული ტ-55 თუ ტ -62, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლადაა დარჩენილი ყოფილ საბჭოთა საცავებში [თუმცა ძალიან საეჭვოა მათი გამართულობა].
საქმე იქამდეც მიდის, რომ რუსები თავიანთ ჯავშანტექნიკას ვეღარ იყენებენ ბრძოლის წინა ხაზზე. ისინი იყენებენ ჯავშანტექნიკას მხოლოდ დახურული პოზიციებიდან საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ტანკის მთელი ხიბლი რაც არის – მანევრი, დაცულობა და ცეცხლი, ეს დაყვანილია არაზუსტი „ჰაუბიცის“ დონემდე. ამ დროს კი, უკრაინელები, ვინაიდან დრონების მხარდაჭერა კარგად აქვთ აწყობილი, უპირატესობას ფლობენ ე.წ. მცირე ჰაერში, ანუ სადაც დრონები მოქმედებს.
უკრაინელები მოქმედებენ ჯავშანჯგუფებით. სულ ბოლო მონაცემებია, რომ კურსკის ოლქში სუჯის მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით უკრაინელებს ერთი ბატალიონის შემადგენლობის ტაქტიკურმა ჯგუფმა, დასავლეთის ჯავშანტექნიკით შეუტია და აიღო დასახლებული პუნქტი ულანაკი. ასე რომ, უკრაინელებიც მიდიან წინ.
სასაცილოა, რომ ამ მიმართულებაზე ისევ „ახმატი“ დგას და ისევ „ასცდა“ სპეცრაზმი „ახმატი“ უკრაინელების ამ შეტევას. გამოდიან მერე და იძახიან, უკრაინელებს არ უნდა ჩვენთან შეტაკებაო. შენ შეხვდი სამაგიეროდ, თუ იმათ არ უნდათ. ამ ტიკ-ტოკ ჯარისკაცებს თვითონ რუსები დასცინიან უკვე.
ეს აჩვენებს იმას, რომ რუსებისთვისაც არაა კარგი ეს ოპერატიული ვითარება. მაგალითად, არ გაამართლა კორეელების შემოყვანამ და გაიყვანეს უკვე. ეს აბსოლუტურად არაეფექტური აღმოჩნდა – უშველებელი დანაკარგი მიიღეს და იძულებული გახდნენ, გაეყვანათ ბრძოლის ველიდან.
ხომ არ ვითარდება პროცესი ისე, რომ უკრაინაშიც ე.წ. გაყინული კონფლიქტი მივიღოთ?
ეს ომი გადაქცეულია უკვე გაჭიანურებულ კონფლიქტად.
ვინმემ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ახლა უკრაინელებს ულხინთ. მათ ძალიან უჭირთ.
მაგალითად, უჭირთ პირადი შემადგენლობა. ვისაც ბრძოლა უნდოდა, ის უკვე დიდი ხანია ფრონტზეა წასული და ვინც თავი აარიდა ფრონტზე მოხვედრას, იმას დასდევენ გაწვევის სამსახურიდან. ბოლო ტენდენცია, რაც შეიმჩნევა უკრაინაში, არის ის, რომ სამობილიზაციო პუნქტებში ხდება აფეთქებები: ვიღაცამ თავი აიფეთქა იმ პუნქტში ვიღაცამ მოკლა კომისარი. უკრაინელები აბრალებენ ამას რუსებს, რომ ისინი ახდენენ დივერსიას, მაგრამ ფაქტია, რომ 4 თუ 5 სამობილიზაციო პუნქტში ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს მოხდა აფეთქებები. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ არის ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, რომ გავიდეს ბრძოლის ველზე.
უკრაინელებსაც უჭირთ, როტაციაა საჭირო. ხანგრძლივი ომი მძიმე ტვირთია მებრძოლებისთვის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მორალურადაც.
თქვენ ახსენეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ ეს „ტრამპის პრესტიჟია“. მოიგებს თუ არა უკრაინა ამ ომს, ესეც ხომ ტრამპის და დასავლეთის იმიჯის საკითხია? თუ ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში როგორ ხედავს აშშ და ევროპა იმას, რომ უკრაინამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს?
პირველი, რასაც იძახიან, ეს არის ცეცხლის შეწყვეტა. ჩემი აზრით, ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ იქნება „კორეიზაციის“ ვარიანტი, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულების გამოცხადების გარეშე, ხოლო მსოფლიო არ აღიარებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
შეიძლება იქნეს ასევე გაცემული იმის გარანტია, რომ უახლოესი 10 ან 20 წლის განმავლობაში უკრაინა არ შევა ნატოში. ჩემი აზრით, უკრაინამ ტაიმ-აუტი უნდა აიღოს აუცილებლად და ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს გასაძლიერებლად. ამისთვის დასავლეთი აუცილებლად უნდა დაეხმაროს უკრაინას.
უკრაინას ასევე აქვს იმის პოტენციალი, რომ თავისი სამხედრო მრეწველობა ააწყოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინა უკვე ლაზერული იარაღის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს და მეხუთე ქვეყანა იქნება მალე მსოფლიოში, რომელსაც ასეთი იარაღი ექნება
ნატოში შესვლა საბოლოო მიზანი არ არის. ნატოში შესვლა არის საშუალება უკრაინის იდენტობის და უკრაინის სიძლიერის. ამას თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაანაცვლებს, უკრაინისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიცავს: აშშ თუ, მაგალითად, პოლონეთი?
წინა ინტერვიუში ვახსენე და ახლაც მოვიყვან ყარაბაღის მაგალითს: 30 წელიწადი ელოდებოდა აზერბაიჯანი თავის მომენტს. 30 წლის შემდეგ რა იქნება, მაგალითად, რუსეთში, ან რამდენად გაძლიერდება უკრაინა, არავინ იცის ახლა.
ტრამპის მოწოდებაა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მშპ-ს 5 %-მდე გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ეს დიდი ზრდა იქნება დასავლეთის ქვეყნების შეიარაღების გაძლიერების და უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. პოლონეთში ფაქტობრივად თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 4.7 %-მდე გაიზარდა.
ზოგადად რომ გადავხედოთ სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რუსეთმა ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ამ ომით: ნატოსთან საზღვარი გაეზარდა დაახლოებით 1200 კილომეტრით, უკრაინის სახით მეზობელი ჰყავს, რომელიც გამწარებული მოემზადება მასთან საომრად, სირია დაკარგა, ყირიმიდან იძულებულია შავი ზღვის ფლოტი გაიყვანოს. რუსეთმა უკვე დაკარგა გეოპოლიტიკური სამკუთხედი: გიუმრი, სევასტოპოლი, ტარტუსი [ლატაკია, სირია]. ეს სამკუთხედი მას აძლევდა საშუალებას დიდი ტერიტორია დაეფარა შორი მანძილის საჰაერო
თავდაცვის და ბალისტიკური რაკეტებით და შეექმნა საჰაერო სივრცის ე.წ. ბუშტი, სადაც თავის ინტერესებს გაატარებდა და არავის დაუშვებდა.
ასევე, დნესტრისპირეთიც რომ ავიღოთ, ისეთი პირობები შეიქმნა, რომ იგი მწიფე ვაშლივით ჩაუვარდება ხელში მოლდოვას. იქ გათბობა და გაზი სათხოვარი გაუხდათ. ერთი მხრიდან ჰყავთ უკრაინა, მეორე მხრიდან მოლდოვა და რუმინეთი. იქ ვერ შედის რუსეთი და თავისი სამხედრო კონტიგენტის ვერც როტაციას, ვერც მომარაგებას ვერ ახორციელებენ.
ბალტიის ზღვაზე გადახედეთ რა ვითარებაა: ესტონეთის და ფინეთის 12-მილიანი ზონა ერთმანეთს ეხება და შუაზე ყოფს ფინეთის ყურეს. რუსეთს ხელშეკრულებით აქვს იქ დერეფანი დატოვებული. ხვალ რა იქნება, გარანტიას არავინ აძლევს. ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდა ნატოს ტბა.
იგივე სურათი იკვეთება თანდათანობით შავ ზღვაზეც. რა მოიგო რუსეთმა ამით?!
არ წარმოაჩენს რუსეთი ახალ მოცემულობას ისე, რომ აი, დასავლეთი საკმარისად არ დაეხმარა უკრაინა საკმარისად?
თავის აუდიტორიას რუსეთი ყველაფერს დააჯერებს, მაგრამ რეალურად რა ხდება? დონეცკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია უკრაინაში, რომელიც ტაშ-ფანდურით გახდა „რუსული სამყაროს“ ნაწილი. ვიდრე დონეცკი უკრაინაში იყო, იქ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ქალაქი იყო. დღეს კი იქ წყალი და შუქიც არ აქვთ. არც იმის რესურსი აქვს რუსეთს, მიწასთან თავისივე გასწორებული დონბასი ააღორძინოს, ცენტრალური რუსეთისთვის ვერ მოუვლია და ხალხი მათხოვრობაში ცხოვრობს.
აი, აქამდე მივიდა „რუსული სამყარო“ და ამას რუსეთის მოტრფიალე ჩვენების გასაგონადაც ვიძახი.
თავის დროზე აქტიურად რომ დახმარებოდა დასავლეთი უკრაინას, შეეძლებოდა უკრაინას უფრო მეტი მოეგო. ამასთანავე, უკრაინამ ძალიან კარგი მომენტი დაკარგა, როცა 2022 წელს რუსებმა უკან დახევა დაიწყეს, მაშინ მაქსიმალურად უნდა გამოეყენებია ეს შესაძლებლობა – მაშინ ოპერატიული შეცდომა დაუშვა ჩემი გადასახედიდან, თორემ ჩვენთვის უცნობი იქ ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება არსებობდა, მათ შორის, შეიარაღების, ჯარების მზადყოფნის და ასე შემდეგ. მაშინ უფრო მეტის წართმევა შეიძლებოდა რუსებისთვის.
გამოდის, შემდეგ „კარგ მომენტს“ უნდა დაელოდოს უკრაინა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს?
დიახ, სტრატეგიული მოთმინება უნდა გამოიჩინოს. უკრაინა უნდა დაელოდოს, რა ცვლილებები მოხდება მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა გაძლიერდეს, გამოასწოროს თავისი ინსტიტუტების მდგომარეობა. უკრაინა უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, დასავლურ ქვეყნად.
გადამწვარ ტერიტორიებს რუსები ვერ აითვისებენ. ისინი კურსკის ლტოლვილებსაც კი ვერ უვლიან და ამ ტერიტორიებს ააყვავებენ?!
უკრაინის წიაღისეულის შესახებ ტრამპის ცნობილ განცხადებაზე მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ტრამპის ეს ინტერესი?
ტრამპი ბიზნესმენია ფაქტობრივად. ჩემი აზრით, ეს წინადადება უკრაინისთვის ძალიან კარგი და მისაღებია. თუ ამერიკული კომპანიები დაიწყებენ უკრაინაში ამ წიაღისეულის დამუშავებას, ეს უკრაინას წაადგება და მეორეა ის, რომ იზრდება უკრაინის დაცულობის ხარისხი.
ახლა რა ეტაპია ფრონტის ხაზზე – ისევ აქვთ მხარეებს იმის მცდელობა, რომ უკეთესი პირობით მოახერხონ მოლაპარაკებაზე მისვლა?
დიდი ოპერატიული ცვლილების სურათი არ არის. რუსებს აღმოსავლეთ ფრონტზე აქვთ გარკვეული, ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებები, უკრაინას კი, აქვს გარკვეული წარმატებები კურსკში. რუსები კუპიანსკს აწვებიან ძალიან, მე-6 საერთოსაჯარისო არმიის ძალებით, დვურუჩნაიას-კუპიანსკის გზის გაყოლებით ცდილობენ კონდრაშოვკას და დოროშევკის მიმართულებით გაჭრას. კუპიანსკის ჩრდილოეთიდან უტევენ, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტია. კუპიანსკის ჩრდილოეთიდან უტევენ, სადაც რამდენიმე დასახლებული პუნქტია, იქ მდინარე გადის – ოსკოლი, სადაც რუსები ცდილობენ, რომ პლაცდარმი შექმნან და ამისთვის დაიკავეს სოფელი ზაპადნაია.
ძალიან რთული ვითარება შეიძლება ჩამოყალიბდეს კუპიანსკისთან, თუ რუსები გავლენ კუპიანსკის გარე უბნებამდე, თუმცა ზოგადი თვალსაზრისით კუპიანსკი არ არის გრავიტაციის ცენტრი, რომლის შემთხვევაშიც თავდაცვის გარღვევა მოხდება.
ფრონტის ხაზზე მეტად პოლიტიკოსებზეა ახლა დამოკიდებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების დაწყება?
ფაქტია, რომ დაახლოებით სამჯერ შემცირდა ის ტემპი, რაც რუსებს აქამდე ჰქონდათ. ამას ამინდებიც დაემატა. რესურსის საკითხიც დგას რუსებისთვის.
ახლა მართლაც ბურთი უკვე პოლიტიკის მხარესაა. უკვე მოლაპარაკებები დაიწყება და პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ტყვეების გაცვლა და ცეცხლის შეწყვეტა. შემდეგ უკვე წავა ვაჭრობა: ვინ რას დათმობს.
რამდენიმე დღეში 3 წელი გავა ამ ომის დაწყებიდან. სამი წლის თავზე თქვენ ცეცხლის შეწყვეტას ელოდებით?
დიახ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცეცხლი სრულიად შეწყდება და არსად სროლა არ იქნება. მოხდება იქ პროვოკაციები გარკვეულ მონაკვეთებზე, მაგრამ იმედია ფართომასშტაბიანი შეტაკებები აღარ იქნება.
„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა და ირაკლი კობახიძეს მიმართა.
ჯერ კიდევ 29 იანვარს განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.
„ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მზაობას დიალოგისთვის.
თუ მოვლენ ადამიანები, ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი, ხვალვე მზად ვარ, რომ შემხვდნენ და განვიხილო ეს საკითხი,“ – თქვა 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 7 თებერვალს, უკანონო პატიმარ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა აქციაზე მისულ ჟურნალისტებს, რომლებიც 27 დღეა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თქვენი მუხლჩაუხრელი შრომისათვის მზიას გამო. მზია 27 დღეა შიმშილობს და როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა არის საგანგაშო. შესაბამისად, არ უნდა გავჩერდეთ, თუ გვინდა, რომ გადარჩეს ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, რომელიც დღეს განსაცდელშია.
მინდა ვუთხრა თანამდებობის პირებს, რომლებიც მზიას მისამართით საუბრობენ ცინიკურად ან კრიტიკულად – მზია არ შიმშილობს იმიტომ, რომ ის გაათავისუფლონ, არც ერთხელ არ უთქვამს მას ეს და მეორე – ჩვენ არ ვითხოვთ მზიას გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის ჟურნალისტი, ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი. ვამბობთ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი არის არაადეკვატური.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, 6 საქმე შევისწავლეთ ჩვენ და შეიძლება თქვენც გაქვთ შესწავლილი, თავდასხმა არის აქტი, როდესაც არის დაგეგმილი და ქცევა აფექტის პირობებში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თავდასხმა. ამას წერენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის ძირითად მსგავს ქეისებზე ხელმომწერია შოთაძე.
ჩვენ ვიცით მზია ამაღლობელის ქეისის მსგავსი შემთხვევები, იდენტურ ბრალზე პირები გამოუშვეს 2000 ლარიანი გირაოთი. შევხვდი ასეთ ადამიანს, რომელიც 353-ე პრიმა მუხლით იყო დაკავებული და 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
თუ მზია ამაღლობელის მიმართ არ არის შერჩევითი სამართალი, გეკითხებით საჯაროდ, მაშინ ეს რა არის?
ანუ მზია ამაღლობელს შეუფარდეთ აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რომ ის უდანაშაულოდ ცნოთ (თუმცა მე ვფიქრობ, რომ უდანაშაულოა), ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლომ შეისწავლოს არსებითად და აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.
თუ შეიძლება ამის გაკეთება არაერთი ადამიანისათვის, რატომ არ შეიძლება მზია ამაღლობელისათვის? არსებობს ამის მაგალითები.
მე ვაპირებ, რომ მოგაწოდოთ ამის მაგალითები თქვენ პირადად. თუ სხვაზე შეიძლება 353-ე პრიმა მუხლის დროს გამოყენებული იყოს არასაპატიმრო ღონისძიება, რატომ არ ვიყენებთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით იგივე ღონისძიებას?
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი თავდასხმა, არც ქართული ეტიმოლოგიით და არც სისხლის სამართლის კოდექსით, არ არის ის ქმედება, რასაც მზიას ედავებიან. მან სილა მარცხენა ხელით გააწნა პოლიციელს და ეს არის ფაქტი. ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ამაზე მეტი მძიმე ბრალი მზიას არ აქვს და გადახედეთ ამ კადრსაც,“ – თქვა ეთერ თურაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
27-ე დღეა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], რომელიც 22 დღეა შიმშილობს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ოთარ სიჭინავამ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, არ მიიღო მოშიმშილე პატიმრის არცერთი მტკიცებულება და არ დაკითხა მოწმეები.
თემურ ქათამაძემ, რომელიც 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა, სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მოსამართლემ დაუსწრებლად მიიღო.
„სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, ასევე მოწმეების დაკითხვაზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ საჩივრის სამართლიანი განხილვისთვის.
რადგან ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, ბატონმა თემურმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო დარბაზი და ჩვენი დასწრების გარეშე გაგრძელდა საქმის განხილვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ძალაში დარჩა ბრძანება მისი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დაკავების შესახებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა.
თემურ ქათამაძის ინტერესებს სწორედ საია იცავს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, თუ რა დროის განმავლობაში მოუწევს თემურ ქათამაძეს დროებითი მოთავსების ცენტრში ყოფნა.
„თემურ ქათამაძე დროებითი მოთავსების ცენტრში იქნება გაძევების საქმის დასრულებამდე. გააძევებენ თუ არა, ეს საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, იმიტომ, რომ მან მიმართა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სამინისტროს, რაზეც უკვე ეთქვა უარი და ახლა ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
სანამ სასამართლო ამაზე არ იმსჯელებს, რამდენად ეკუთვნის ამ ადამიანს ლტოლვილის და ჰუმანიტარული პირის სტატუსი, მანამდე ქვეყნიდან ვერ გააძევებენ. გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია. თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება დამოკიდებულია იმაზე, მიენიჭება თუ არა მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული პირის სტატუსი,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
თემურ ქათამაძეს ბოლო ერთ კვირაში 2 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ორივე სასამართლო პროცესი ეხებოდა მის იზოლატორში მოთავსების საკითხს.
ერთი პროცესი 3 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იყო, მეორე კი დღეს, 7 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ადვოკატი მარიამ გაბროშვილი გვიხსნის, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძეს შეუფარდა პატიმრობა, იმ მოტივით, რომ თითქოს არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისში, თუმცა სააპელაციომ არ დააკმაყოფილა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიდიოდა მსჯელობა იმაზე, რომ რადგან მან ლტოლვილის და ჰუმანიტარული პირის სტატუსი მოითხოვა, შსს ამბობდა, [ეს ფაქტი] აჭიანურებს გაძევების საკითხის განხილვასო და რადგან აჭიანურებს, დროებითი მოთავსების ცენტრში უნდა იმყოფებოდესო. ორივე სასამართლო სარჩელს ჰქონდა სხვადასხვა საფუძველი. ერთგან იყო მიმალვა, მეორე შემთხვევაში – გაძევების საქმის გაჭიანურება,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
საიას ადვოკატის თქმით, 22 დღიანი სრული შიმშილობის შემდეგ თემურ ქათამაძე თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა სასამართლო პროცესზე მისულიყო
„სუსტად იყო და არ აპირებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მაგრამ რადგან საქართველოში მარტო ცხოვრობს, მის პირად ნივთებზე, საქმის მასალებზე სხვას წვდომა არ აქვს. გუშინ გადასცეს ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმისთვის, ამ მტკიცებულების მოსატანად მოვიდა ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზე, საბოლოო ჯამში კი მაინც არ დაურთეს საქმეს,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველი ინფორმირებულია თემურ ქათამაძის შიმშილობის შესახებ, თუმცა ისინიც არ ფლობენ სრულ სამედიცინო ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობაზე.
საიამ ოფიციალურად მიმართა როგორც მიგრაციის დეპარტამენტს, ისე შსს-ს, მაგრამ ჯერჯერობით ადვოკატებს არ მიუღიათ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია, როგორია მოშიმშილე პატიმრის, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე უცნობია, თუ რა პროტოკოლით და ინსტრუქციით ხელმძღვანელობენ და როგორ ხდება მოშიმშილე პირის ჯანმრთელობის მონიტორინგი.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორია მოშიმშილე პატიმრის, თემურ ქათამაძის მდგომარეობა. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ მოსთხოვეს წერილობით ინფორმაციის გამოთხოვა და განგვიმარტეს, რომ პასუხს მივიღებდით „კანონით დადგენილ ვადაში“.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისმა ადვოკატმა დღეს, 7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა.
„მზია წევს, უტარდება იმ ტიპის გადასხმები, რომ სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს.
მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს.
პროცესი დანიშნულია 4 მარტს.
არ ვიცი, რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ამბობს, რომ კლინიკაში ჩატარებული კვლევები და აუცილებელი გადასხმები კიდევ გააძლებინებს რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის ფეხზე დგომა შეძლოს.
მეტყველება არ უჭირს. ბოლოს როდესაც ვნახე, იმასთან შედარებით, ცხადია, უფრო სუსტადაა, მაგრამ ეს გადასხმები ალბათ ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებულ იქნას ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი, რომ შეძლოს პროცესებში მონაწილეობა“, — განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისი თქმით, უფრო დეტალურად მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე ისაუბრებს სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი, რომელიც მას დღეს მოინახულებს.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე 27 დღეა შიმშილობს. ის კვლევებისთვის „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ შიმშილობს პროტესტის ნიშნად და არა შეღავათების მისაღებად.
მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმის მერიაში ისევ არავინ ხვდება.
ეს მოქალაქეები 4 თვის წინ თევზის ბაზრობის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შევიდნენ. მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე სამზარეულო და ტუალეტი არ ჰქონდათ, მათი ხარჯებით მოაწყვეს, მაგრამ ახალი შენობა მათ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაუშალა.
მოქალაქეები ითხოვენ, ინსპექციამ მათ სველი წერტილების სამშენებლო მასალები დაუბრუნოს და მისცენ სამზარეულოს და ტუალეტის მოწყობის საშუალება.
გუშინ, 6 თებერვალს, უსახლკაროები ბათუმის მერიის ფოიეში 3 საათი ელოდნენ მერთან, ან მერის წარმომადგენელთან შეხვედრას. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ უსახლკაროები დაცვის პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანაშენობიდან და მათზე იძალადა.
„უკვე მივმართეთ სახალხო დამცველს, დღეს მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,“ – ამბობს ნაილე ფერაძე, „ხმა ერისა, გზა ხსნისას“ წარმომადგენელი.
ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა პოზიცია აქვს მერს უსახლკაროებთან დაკავშირებით, რომლებსაც ამ დრომდე არავინ უსმენს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 თებერვლის 21 საათიდან 8 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ზოგან წვიმა; მთაში თოვა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9 და 10 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
„მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი“-წერს ნინი გოგინაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ქვეყანაში არსებული უსამართლოს გამო მიატოვა.
მან ამის შესახებ ფეისბუქში პოსტი დღეს, 7 თებერვალს გამოაქვეყნა.
„ყოველთვის თავს ვიკავებდი პოლიტიკურ საკითხებზე ჩემი შეხედულებების საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირებაზე. თავიდან სამსახური მაიძულებდა. მაიძულებდა რა, ასე პირდაპირ არავის არასოდეს უთქვამს, რომ არ უნდა გამომეხატა ჩემი შეხედულება, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი თითქოს და ამ პასუხისმგებლობას ფორმის ჩაცმამდეც კი ვაცნობიერებდი… ვაცნობიერებდი, რომ ბევრ რამეში შევიზღუდებოდი, პოლიციაში მუშაობის დაწყებისთანავე, მაგრამ რა თქმა უნდა მზად ვიყავი და დიდი ბრძოლის შემდეგ, სიამაყით დავიწყე მუშაობა.
ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ბასიანის თემები იყო აქტუალური იმ პერიოდში და ერთ-ერთ თათბირზე გაჟღერდა ფრაზა „სამსახურის გარეთ, არავინ არაფრის კეთებას არ გიშლით, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ პოლიციელები ხართ“ – ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, მის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ეს ფრაზა სულ მახსოვს.
სიმართლე რომ გითხრათ, როგორც პოლიციელის, ჩემი აქტიური ჩართულობა აქციების პროცესში არასოდეს ყოფილა, პირველი მიზეზი იყო სქესი და მეორე ის, რომ აეროპორტში ვმუშაობდი და აეროპორტის თანამშრომლები, მსგავს პროცესებში უკიდურეს სიტუაციებში ერთვებოდნენ.
იყო პერიოდი მეამაყებოდა ფორმა რომ მეცვა… იყო პერიოდი მრცხვენოდა…
მრცხვენოდა მაშინ, როცა იმ უმრავლესობაში ვითვლებოდი (მიუხედავად პირადად ჩემი არანაირი ჩართულობისა), რომელიც ხალხს გაფრთხილების გარეშე არბევდა, რომელიც ადამიანებს დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, მხედველობას აკარგვინებდა მშვიდობიან პროტესტანტებს, რომელებსაც არაკანონიერი დავალებების შესრულება უწევდათ.
მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი.
სახელმწიფომ დაიწყო კანონებით ბრძოლა, ადამიანების მიმართ და სადაც ადამიანებს ამდენი რამ ეზღუდებათ, იქ ადამიანების უფლებების დაცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც თანამოქალაქეებს გამეტებით სახეში წიხლს ურტყამენ, გონების დაკარგვამდე სცემენ, მხოლოდ იმიტომ რომ მონობაში ცხოვრება არ სურთ.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს უკანონოდ უსჯიან პატიმრობას, ეს ის სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს ჯგუფურად ესხმიან თავს და მეორე დღეს, ჯგუფური ძალადობა მოქალაქისთვის დამამძიმებელი გარემოება ხდება.
ეს ის სახელმწიფოა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ არასწორია მათი ქმედებები, მაგრამ მაინც სწორი ჰგონიათ.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც სახლში უვარდებიან ადამიანებს, სადაც აღარ არსებობს არანაირი სამართალი, აღარ არსებობს არანაირი თავდაცვის მექანიზმები.
ეს ის სახელმწიფოა, სადაც ბევრ საჯარო მოხელეს და თანამდებობის პირს უნდა, წასვლა სამსახურიდან, რადგან ისინიც დაიღალნენ და მათთვისაც ყელშია ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ იმდენად დასვრილნი და იმდენად გამილიონერებულნი არიან, რომ იძულებულები არიან დარჩნენ იქ სადაც არიან.
და ამ ყველაფრის შემდეგ რომელი სახელმწიფოს არსებობაზე უნდა ვისაუბროთ?
ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, ყველაფერი ტყდება დაბალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებზე, დანარჩენნი კი რესტორნებში სხედან და ბრძანებებს გასცემენ…
დროა გააცნობიეროთ, რომ არ უნდა იყოთ უკანონო ბრძანებების შემსრულებელნი, (თუმცა სადღა არსებობს საერთოდ რამე კანონი), რომ ის მბრძანებლები თქვენს გარეშე ვერაფერს გახდებიან.
დროა გააცნობიეროთ, რომ მოვიდა დრო სწორ მხარეს დგომის.
თქვენ გგონიათ სახელმწიფოს ემსახურებით? დაფიქრდით, სახელმწიფო თავზე გვენგრევა, სახელმწიფოს მსხვერპლი ვარ მეც და თქვენც, თითოეული აგრესორი…
ამხელა აგრესია, ამხელა უსამართლობა და ძალადობა ნუთუ ღირს იმ 2000 ლარად, რასაც გიხდიან? იქნებ ყოველ ერთ დაკავებულზე და ყოველ ერთ ნაცემ ადამიაზე დამატებითი პრემიები გაქვთ, მაგრამ თქვენი ადამიანობის დაკარგვა ღირს ამ ყველაფრად?
და გგონიათ, ეგ აღებული 500 ლარები რამეში წაგადგებათ? როგორ გძინავთ მშვიდად? როგორ არ ჩაგესმით ამდენი გამწარებული ადამიანის ხმა, როგორ ხართ მშვიდ მართლა ვერ ვხვდები, ან იქნებ არც ხართ.
ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და მას მიენდეთ, ეს იქნება ყველაზე სწორი და გახსოვდეთ, რომ ყოველი არასწორი ნაბიჯი, თქვენს ცხოვრებაში, ისეთ დროს მოგიბრუნდებათ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით. მე მჯერა, რომ ამ უსამართლო ხელისუფლების ხელში, სამყარო მაინც სამართლიანია და ყველა ჩვენი გადაგმული ნაბიჯი, ცუდიც და კარგიც ასმაგად დაგვიბრუნდება უკან…
იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა, ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგევარ“-წერს ნინი გოგინაშვილი.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შეიქმნა ცხელი ხაზი და თიბისიმ აიღო პასუხისმგებლობა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო/იურიდიულ დახმარებაზე;
„2024 წელს, ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით. კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერეთ და ერთად დავამტკიცეთ თუ რამდენად გვეხმარება გუნდურობა დიდი შედეგების მიღწევაში, რაც დადებითად აისახება ქვეყანასა და საზოგადოებაზე.
თიბისი 2025 წელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იდგება თითოეული მომხმარებლის, თანამშრომლისა და ქვეყნის გვერდით. გვჯერა, ერთად შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და წარმატების ახალ ისტორიებს“ – გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
თუ გსურს გახდე ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, შემოუერთდი თიბისის – გახდი თიბისელი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 846 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
ტანკი – 9 975 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 20 755 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 22 785 ერთეული [+32]
MLRS – 1 271 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 056 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 301 ერთეული [+116]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 36 307 ერთეული [+96]
სპეცტექნიკა – 3 738 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
42 569 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 047 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 513 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 292 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 239 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
სამოქალაქო აქტივისტი, ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, ნენსი ვოლანდი [ქრისტინა ბოტკოველი] იხსენებს მისი პირადი და სახლის ჩხრეკის დეტალებს. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა 6 თებერვალს.
„ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს ამ თემაზე, მაგრამ ამ პოსტს დავწერ და მერე ვაპირებ, რომ ცოტა ხანი მოვწყდე პროცესებს და დავისვენო. ეს იმისთვის, რომ გონზე მოვიდე ისევ. არავითარ შემთხვევაში არ ეგონოს ვინმეს, რომ გავჩერდები, უბრალოდ სადღაც ვხვდები, რომ უკვე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ბევრი ადამიანი, ვიდრე შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავუმართლებ მოლოდინებს.
როგორც იცით, უკვე მეორედ გაჩხრიკეს ჩემი სახლი და მინდა მოგიყვეთ ისეთი დეტალები, რაც არ მითქვამს.
პირველ რიგში, ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე, როცა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი, ექიმთან ვარ ნამყოფი, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის.
სახლში მქონდა ბაბუაჩემის ნაქონი ორი 60-იანი წლების ძველებური კამერა, რომელშიც ფირიც კი არ იყო. როცა მკითხეს რა არის, ვუთხარი და ალბათ ჩემს თვალებში ან ხმაში განსაკუთრებული სიყვარული დაინახეს და ეგრევე სტაცეს ხელი, რომ უფრო გავეტეხე ფსიქოლოგიურად.
წაიღეს სახლის კამერა, რომლითაც პაწიკოებს ვუყურებდი, როცა სამსახურში ან აქციაზე ვიყავი, შესაბამისად ეს კამერა ჩემს პირად კადრებს შეიცავს.
ბოლოს რაც მოხდა, ეგ ყველამ იცით, დედაჩემზე იძალადა ვიღაც მოქალაქემ. დიახ, ბატონო გიორგი, მოქალაქე ხართ, იმიტომ, რომ პოლიციელი არ ეუბნება ადამიანს, „წამომყევი განყოფილებაში, არ მინდა უშნო რაღაცები ვაკეთო“.
ბატონო ზურა, თქვენ კი ძალიან განიცადეთ, როცა დაინახეთ როგორ ცუდად გავხდი, მჯერა, რომ იმ წამს შეიძლება რამემ გაგკრათ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემი სახლიდან როგორც კი გახვედით, იმწამსვე დაგავიწყდათ რა დღეში გამატარეთ.
გოგონა, შენი სახელი არ მახსოვს, მაგრამ როცა მეუბნები, რომ ჩემი ნახატები იცი და მოგწონს და მეორე ხელით ამ ჯოჯოხეთში იღებ მონაწილეობას, სხვანაირად მანიშნე, რომ „ჩემიანი“ ხარ და იქნებ რამე შეიცვალოს კიდეც.
ამ ამბის მერე რა პროპაგანდის მანქანა ამუშავდა ჩემ წინააღმდეგ, მაგას არც აღვნიშნავ, მართლა ყველა ხედავდით მაგას და მეც ვხედავდი ყველაფერს.
მეორე წრეზე წამართვეს ტექნიკა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ფინანსური მდგომარეობისთვის და ზუსტად იციან ეს. ამჯერად ჩემი კომპიუტერიც, რომელშიც ყველა ჩემი ნახატი ინახება და ის პროექტი, რომელზეც ვმუშაობდი. საბედნიეროდ, სასწაული ადამიანები მყავს გარშემო და მადლობა, რომ ამ ასპექტში ჩემზე იზრუნებთ, ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ, შეიძლება არამატერიალურად, მაგრამ აუცილებლად.
საბოლოო ჯამში ვთვლი და ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ ყველამ, ყველას უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესებში და ისეთი, რასაც გასწვდება და მე საკმარისი და მაქსიმუმი გავაკეთე ყველა ეტაპზე.
ეხლა ჩემზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს უსამართლობა მაგიჟებს.
მესამედ თუ მოხვალთ კიდევ, წინასწარ ყველაფერს ამოყრილს დაგახვედრებთ, ზუსტად ისე, როგორც ტოვებთ ხოლმე ჩემს სახლს ყოველ ჯერზე.
აქვე ბოდიშს ვიხდი ამ ეგოცენტრული პოსტისთვის, ჩემზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია ხალხი, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ისტორია მნიშვნელოვანია და ყველას მსხვერპლი მისი მასშტაბების მიუხედავად საჭირო და ერთ აგურს დებს ბრძოლაში.
მე მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ, აპრილში როგორც ვიყავით, ზუსტად ისე, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება სისტემის ის არის, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს დაგვაპირისპირა და თვეების მანძილზე ვიყავი ჩემი თანამებრძოლებისგან არნახული ცილისწამების მსხვერპლი. უბრალოდ გამიმართლა, რომ საოცარი მეგობრები და ოჯახის წევრები მყავს.
დავბრუნდები მალე და იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. ბევრი რამე გადამიგორებია ცხოვრებაში და არც ეს იქნება გამონაკლისი. თქვენ კი გთხოვთ, რომ ცოტა ხანი ჩამანაცვლოთ“ – წერს ნენსი ვოლანდი.
პოლიცია ნენსი ვოლანდის სახლში 1-ელ თებერვალს მეორედ შევიდა. იურისტების შეფასებით, საგამოძიებო მოქმედება პროცედურების დარღვევით ჩატარდა.
პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.
„მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად“ – წერს თამარ კორძაია.
პროფესიით იურისტი თამარ კორძაია ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2013 წელს იგი პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2020 წელს კი თამარ კორძაია გაერთიანებული ოპოზიციის სიით გახდა პარლამენტის წევრი. 2021 წელს მან დატოვა „რესპუბლიკური პარტია“ ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ და პარლამენტში მუშაობა გააგრძელა როგორც უპარტიო პარლამენტარმა.
დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს:
„მოგესალმებით, ქალბატონო მზია.
გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში!
მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას.
ქალბატონო მზია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას საკმარისად ჰყავს დაღუპული გმირები… ცოცხალი გმირები გვჭირდება!
მესმის თქვენი პრინციპულობა და ვაფასებ. თქვენმა შიმშილმა მიაღწია მიზანს. თქვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და თქვენი სიცოცხლე საქართველოს სიცოცხლის სინონიმად იქცა, ჰოდა გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას…
ამიერიდან შიმშილს მხოლოდ ფატალური შედეგი მოჰყვება, ალბათ ფიქრობთ „ზვარაკად ყოფილა ეს მსხვერპლი“.
მაგრამ დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული.
ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.
მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის!
პატივისცემით, თქვენი თანამებრძოლი
ზვიად ცეცხლაძე“ – წერს ზვიად ცეცხლაძე მზია ამაღლობელს.
წერილი 2 თებერვლით თარიღდება.
ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს
ზვიად ცეცხლაძე, 19 წლის სტუდენტია, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. მას ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.
19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ფეისბუქზე აქვეყნებს შვილის, ზვიადის ციხიდან მოწერილ წერილს.
„მამიკო!
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა.
რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად არ აყენებ.
გახსოვს რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, რომ შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვა-თქო, არ ყოფილა ეგრე (სააკაძეობა ყველაზე კარგი გაგებით).
მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ.
დედა ჩამიხუტე და ჩამიკოცნე.
29.01.2025 წ“.
ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი სინდისის პატიმარია, დღეს ნომერ პირველი სინდისის პატიმარი არის მზია ამაღლობელი. სწორედ ამაზე წერს ზვიად ცეცხლაძე მამას.
ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას
დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ ასევე გაავრცელა ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს:
„დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული.
ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.
მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე მზია ამაღლობელს.
ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს
ზვიად ცეცხლაძე თბილისში 4 დეკემბერს დააკავეს. მას ივანიშვილის პროკურატურა საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავება.
26-ე დღეა მზია ამაღლობელი სრულად შიმშილობს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისთვის
„ვივამედის” კლინიკური დირექტორი დღეს, 6 თებერვალს, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დღეს და ხვალ მზია ამაღლობელი მათ კლინიკაში დარჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით. მისივე თქმით, ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გარკვეული გართულებები.
დღეს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა.
მზია ამაღლობელიპირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის2025 წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა. მანამდე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.
კვალიფიციური იურისტების მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ტიპის ქმედება შეიძლება, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].
დაკავების შემდეგ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ – ის ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი, 12 იანვრიდან დღემდე არ პასუხობს შეკითხვას: რატომ არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს? რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელს? რატომ დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს?
5 თებერვალი – მზია ამაღლობელს სოლიდარობას ევროპარლამენტარები უცხადებენ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელიპენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს.
4 თებერვალი – 30-ზე მეტმა უცხოელმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა. ამ განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: ჯო უილსონი, კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე; ევროპარლამენტარები, პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი…
3 თებერვალი – „შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით” – განაცხადამამუკა მდინარაძემ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძემ ასევე თქვა, რომ მზია ამაღლობელის სიკვდილზე ოცნებობენ ის ადამიანები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის, მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“ – „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, მდინარაძემ უპასუხა, რომ “შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”.
2 თებერვალი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.
პირველი თებერვალი:„მზია ამაღლობელია დღეს საქართველო“ – განაცხადა ბათუმში მოქალაქეებთან შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის საქართველო. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
31 იანვარი: „არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი“ – აღნიშნასახალხო დამცველის ეგიდით მზია ამაღლობელთან შესულმა ექიმმა. ამ დღეს მზია ამაღლობელს ადვოკატი მაია მწარიაშვილიც ესტუმრა: „თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წუხს შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ამავე დროს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გამახვილდეს და მისი პატიმრობა და შიმშილობა არ იყოს განხილვის „მთავარ თემა”, – უთხრაადვოკატმა ჟურნალისტებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ პირადად თვითონ და ასამბლეა ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
30 იანვარი: 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და მიუთითებენ ევროპის საბჭოს კომისრის განცხადებაზე, რომ ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია.
მედიის თავისუფლების საკითხებშიეუთოს წარმომადგენელი„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა„ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის საჯარო განცხადებებს მზიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის შესახებ. კობახიძემ დაადასტურა შეხვედრისთვის მზაობა, თუმცა მან ეს პირობა არ შეასრულა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა, გიორგი პერანიძემ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა. მას შემდეგ, რაც „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეკითხვები ამ უწყებამ უპასუხოდ დატოვა, „ბათუმელები“ გიორგი პერანიძეს ბათუმში, სამსახურის შესასვლელთან დახვდა.
„როგორც სამსახურმა გაავრცელა რელიზი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ქალბატონ მზიას საქმესთან დაკავშირებით. დაზარალებულად ცნობის საკითხი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას სცილდება, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს მოგახსენებთ. თუ სურვილი აქვთ ქალბატონ მზიას ადვოკატებს და უფლებადამცველებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ საქმის მასალების გასაცნობად“, – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.
ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით უერთდება300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან. „ჩვენ, პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.
29 იანვარი – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში პოსტსაქვეყნებს, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა პატიება არ უთხოვია.
28 იანვარი – საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღმაშფოთებელია.
„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, — განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარმა. 28 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მთავარ რედაქტორებს, ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.
„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ გარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ — დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რედაქტორებთან შეხვედრის შემდეგ
დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი, სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA სოლიდარობას უცხადებს„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით ბათუმში მედიკოსების ჯგუფმა განცხადება გააკეთა. „დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები,“ – თქვესექიმებმა.
27 იანვარი – ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.
იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემშიმშილობა შეწყვიტეს. მათ ეს გადაწყვეტილება „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.
25 იანვარი – ვატიკანის იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე მარია რესას წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ხელში გამოჩნდა.
„ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: “იმიტომ, რომ არ შემიძლია გავჩუმდე“, – თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას.
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ამ თემაზე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, რომელიც უწყვეტად გრძელდება, საჯარო დისკუსია იმართება.
24 იანვარი – ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] ციხიდან „ბათუმელებს“ წერილს უგზავნის და იტყობინება, რომ მანაც დაიწყო შიმშილობა მას შემდეგ, როცა მზია ამაღლობელის პროტესტის შესახებ გაიგო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და წლებია საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. ის ბათუმის საპროტესტო აქციებზე მუდმივად საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა და მას „მედროშე ბაბუ“ შეარქვეს.
თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მასზე 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. თემურ ქათამაძე მზია ამაღლობელის მსგავსად 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ ირემაძეც ამბობს, რომ მას ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სხვა პოლიციელების თვალწინ აგინა და კედელზე თავი არტყმევინა.ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ჩადენილი არც ერთი ეს შემთხვევა გამოძიებული არ არის.
22 იანვარი – ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ გამოსცა განგაშის სიგნალი„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის მუხლით დაკავების შესახებ.
23 იანვარი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაშიც კი არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის სარჩელი. ის „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, 12 იანვარს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს, როცა აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოს იღებდა. პოლიციელებმა მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გურამ მურვანიძეს 8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს საქმე საინტერესოა იმით, რომ თავად გურამ მურვანიძემ მოწმის სახით დაბარებული პოლიციელები სიცრუეში ამხილა: ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაკავებული პოლიციის ავტომანქანაში მარჯვენა მხრიდან ჩასვეს, მეორემ – მარცხნიდანო.
მოსამართლე ცრუ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და არ დაინტერესდა, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელსაც იგივე გურამ მურვანიძე იღებდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. იზოლატორიდან გამოსულ გურამ მურვანიძეს შსს-მ მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა იქ ბოლო ვიდეო და ყველა სხვა მასალა წაშლილია. გურამ მურვანიძემ ამ დანაშაულის გამოძიებისთვის 2025 წლის 22 იანვარს მიმართასპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას და გენინსპექციას.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და მედიის უფლებადამცველი 12 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
21 იანვარი – ბათუმში 3 პოლიციელი ერთდროულად დანით დაჭრეს. დაჭრილი პოლიციელები ჰოსპიტალში გადაიყვანეს შსს-მ ამ შემთხვევის გამოძიებაც „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით დაიწყო, იმ მუხლით, რომლითაც მზია ამაღლობელს აქვს ბრალი წარდგენილი – სილის გაწვნისთვის.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
ამ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სარჩელი არც კი განიხილა.
პროევროპული აქციებისას დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით.
20 იანვარი – მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს აგზავნის: „არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი“. „…ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში, იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან,“ – წერდა წერილში მზია ამაღლობელი.
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პროკურატურამ უნდა შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი თქმით, თავად ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებსქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.
18 იანვარი – „კანონის უზენაესობის ცენტრის”[RLC] შეფასებით, „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს. „კანონის უზენაესობის ცენტრი” დაუსაბუთებლად მიიჩნევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას. მათი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქმედებებს აქვს რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათი, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – მიიჩნევს„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, გურო იმნაძე.
17 იანვარი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ვრცელდება: „მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად…“
სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
„აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.
16 იანვარი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელს და დირექტროს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ის გამოსაცდელი 3-წლიანი ვადითაა დანიშნული და დაახლოებით 2 თვეში უვადოდ გამწესებას ელოდება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) განცხადებას ავრცელებს: „ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არათანაბარზომიერია და ლეგიტიმურად იწვევს შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომლებსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. ამ დრომდე თანამდებობის პირები არ დაუკავებიათ. არც მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ.
15 იანვარი – პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„მზია ამაღლობელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც აქტიურად ამხელს საჯარო მოხელეების კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მრავალი თავდასხმის, მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამაღლობელმა და „ბათუმელებმა“ შეინარჩუნეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ. 2023 წელს „ბათუმელები“ წარდგენილი იყო IPI-IMS-ის თავისუფალი მედიის პიონერის ჯილდოზე დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი ერთგულებისთვის,“ – აღნიშნული იყო „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 იანვარი – მზია ამაღლობელს საპატიმრო დაწესებულებაში ნონა ქურდოვანიძეხვდება, საიას ხელმძღვანელი და მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი.
„…ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის მიმართ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკის პასუხად 14 იანვარს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიფიცასაქართველოში კრიტიკული მედიის სრული უმრავლესობა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით,„ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება სირცხვილია.
13 იანვარი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
„განზრახ თავდასხმა პოლიციელზე“– ასეთი ფორმულირება მისცა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის ქმედებას პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, 13 იანვარს. მზია ამაღლობელი ამ დროს ბათუმის იზოლატორში იმყოფებოდა აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესს ელოდებოდა. მზია ამაღლობელის პროცესი 14 იანვარს გაიმართა.
12 იანვარი – დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ.
„დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს…,“ – აღნიშნული იყო მედიასაშუალებების ერთობლივ განცხადებაში.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით 12 იანვარს, 00:50 საათზე დააკავეს. მანამდე, 11 იანვარს, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დღეს შსს-მ 20 ადამიანი დააკავა საჯარო სივრცეებში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ გაკვრისთვის. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა იქ აქციის მონაწილეებს თვითნებურად აკავებდნენ. დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი ციალა ქათამიძეც, რომელიც საჯარო სივრცეში, ასფალტის საფარზე აკრავდა სტიკერს „იფიცება საქართველო“.
„ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ აგინებს და ემუქრება მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. დაკავებულ მზია ამაღლობელთან სამართალდამცველები 3 საათის განმავლობაში ადვოკატებს არ უშვებდნენ…
———–
ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმისმიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. კიდევ ერთი საქმის მიხედვით კი, სადაც უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, აღნიშნულია: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“.
ბათუმში, 7 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის პროკურატურასთან გაიმართება საპროტესტო აქცია უკანონო პატიმრის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით.
„მზია ამაღლობელი, რომელიც 26 დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, არის უკანონო პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ასეთია აქციის მოთხოვნა.
მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერიის ფოიეში დაახლოებით 3 საათი ელოდნენ ბათუმის მერთან, ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას.
ბათუმის მერიაში უსახლკაროებისთვის ისევ არავინ მოიცალა. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ უსახლკაროები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალით გამოიყვანა.
„4 თვეა მიტოვებულ შენობაში ვართ, საპირფარეშოს ჩვენით ვაწყობდით ხის ფიცრებით, მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია, დაგვიშალეს და მასალაც თან წაიღეს,“ – ამბობს მოქალაქე შოთა ბერიძე, რომელიც დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვდა.
უსახლკაროებიბათუმში აქციებს ბათუმის მერიასთან პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები, უსახლკარო შშმ პირები ისარგებლებენ.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ამ ადამიანებს არც კი მოუსმინა, უსახლკაროების ნაწილი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ რამდენიმე შენობაში შევიდნენ.
მაგალითად, 4 თვის წინ სოციალურად დაუცველი 21 ოჯახი თევზის ბაზრობის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შევიდა. მოქალაქეები გვიყვებიან, რომ ამ დრომდე მათი ბედით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა.
„დღეს მოვიდა მუნიციპალური ინსპექციის 50 თანამშრომელი ერთად, არც გაფრთხილება, არც არაფერი, პირდაპირ დაიწყეს ჩვენი მოწყობილი სველი წერტილების დაშლა. ქალები იყვნენ იქვე, მათზეც იძალადეს…
კაპიკები შევაგროვეთ, რომ ეს ხის მასალა და მილები გვეყიდა. შენობა, სადაც ვართ, ტექნიკურად არ მოიწყობოდა ტუალეტი, პრობლემაა დაერთება… ამიტომაც თევზის ბაზრობის დირექტორს ვთხოვეთ, ნებართვა მივიღეთ და იმ მილთან ახლოს ვაწყობდით საერთო სამზარეულოს და ტუალეტს,“ – გვითხრა შოთა ბერიძემ.
შოთა ბერიძის თქმით, მისი შვილი შშმ პირია – 23 წლის რამინ ბერიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავისი უყურადღებობით გახადა იძულებული, თვითნებურად დაეკავებია მიტოვებული შენობა:
„ჩემი შვილი შშმ პირია, ჩვენ ხულოში ვცხოვრობდით. ვინც სოფელში ცხოვრობს, თქვას, როგორ იცხოვრებს სოფელში ცალხელა კაცი? ჩვენ გვჭირდება ყურადღება, ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ.
დღეს ვნახე, რომ შეიძლება ყველას გადაუარონ… ჩვენ მაქ რაც ვიწვალეთ და ნაგავი ვზიდეთ – 80-იანი წლების შემდეგ მიტოვებულია ეს შენობა,“ – გვიყვება შოთა ბერიძე.
ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან
ბათუმის მერიის ფოიეში ელოდა დღეს მერთან შეხვედრას მარტოხელა დედა, ეთერ ცენტერაძეც:
„მე 4 შვილის დედა ვარ, მეც დამარტყეს ხელი, პოლიცია იქვე იდგა და არაფერი არ თქვა, შენობისგან გიცავთო, ნუ ანგრევთ და არ დაგვეცემა-მეთქი, ვუთხარი.
ვიდრე მიტოვებულ შენობაში, გაუსაძლის პირობებში შევიდოდი საცხოვრებლად, მეც ნაქირავებში ვიყავი, ვინ იცის რამდენი წელი. მერე გაძვირდა ქირა და მეც ვეღარ ვიხდიდი, ბარში ვმუშაობ….
ერთ მუჭა საქართველოს ამდენი უსახლკარო რატომ უნდა ჰყავდეს? რაც შევაკოწიწეთ ხის მასალა, ისიც წაგვართვეს,“ – გვითხრა ეთერ ცენტერაძემ.
„გამობრძანდით და ისწავლეთ ხალხთან ურთიერთობა, დამალული რომ ხართ ჩირგვებში… თქვენი კაბინეტები ისეა მოწყობილი, 100 ათასი ლარი მაინც ჯდება, ქვეყანა კი, წავიდა ემიგრაციაში, ვინც დარჩა, სოციალურად დაუცველია ყველა,“ – მიმართავდა დღეს ბათუმის მერიის ფოიეში მერიის თანამშრომლებს ნაილი ბეჟანიძე, ის ორგანიზაციის – „ხმა ერისა, გზა სხნისა“ წარმომადგენელია და უსახლკაროების უფლებებს იცავს.
„წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.
არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია შეკრების და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისკენ მიმართულ რეპრესიულ წესებს აფასებს.
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის.
„აქციების მონაწილეთა დარბევის, უკანონო დაკავებების, წამებისა და უკანონოდ გასამართლების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე შეცვალაკანონი, რითაც აქციების მონაწილეების რეპრესიები გაამკაცრა. აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი მიმდინარე აქციების ჩახშობა და ადამიანების დაშინებაა.
რეპრესიული წესები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას იმ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით. ისინი ასახავენ ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და რეჟიმისათვის არასასურველი პირების დასჯას,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TI ყურადღებას ამახვილებს ხულიგნობის დეფინიციის შეცვლაზე – ხულიგნობა სოციალურ ქსელებშიც დასჯადი გახდება.
„სოციალურ ქსელებში მთავრობის წევრების და საჯარო მოხელეების კრიტიკისთვის 60 დღიანი-პატიმრობა დაგემუქრებათ.
ხულიგნობა საჯარო სივრცეში დასჯადი ხდება. არსებული პრაქტიკით საჯარო სივრცედ სოციალური მედიაც მოიაზრება. შესაბამისად, თუკი სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი წესრიგი ან მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვიეთ,პატიმრობა გემუქრებათ. მოქმედი კანონით, ხულიგნობისთვის მხოლოდ მაშინ დაისჯებით, თუ ის საზოგადოებრივ ადგილზე [მაგალითად, ქუჩაში] ჩაიდინეთ;
მკაცრდება პასუხისმგებლობა ხულიგნობისათვის. მაქსიმალური ჯარიმა 1000 ლარიდან 3000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20 დღემდე იზრდება. ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2000-დან 5000 ლარამდედა პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
„ხულიგნობის დეფინიციის შეცვლა მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და დასჯას, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, სადაც ძალადობრივი რეჟიმის კრიტიკა განსაკუთრებით მასშტაბურია. გაუგებარია, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს გამოიწვია თუ არა ხულიგნობამ [მაგ. სოციალურ ქსელში გაკეთებულმა კომენტარმა] საზოგადოებრივი წესრიგის ან მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, რომელიც თანამდებობის პირების „სიმშვიდეს დაარღვევს“ ხულიგნობად შეფასდება,“- აღნიშნულია TI-ის შეფასებაში.
„ოცნების“ რეპრესიული კანონების შემდეგი წესი: „კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ – სასჯელი გამოხატვის თავისუფლებისთვის“
პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდებაადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 6000 ლარიანი ჯარიმით ან 60-დღიანი პატიმრობით დაისჯება. შეურაცხყოფა თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის”პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4500 ლარიდან 6000 ლარამდე იზრდება.მოქმედი კანონით, დასჯადია პოლიციელის შეურაცხყოფა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ცვლილებებით კი ნებისმიერი შეურაცხყოფა და „ლანძღვა-გინება“ სამართალდამცავის მისამართით, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, დასჯადი ხდება.
„ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და უკანონო დაპატიმრების გამო მოქალაქეები მწვავედ აკრიტიკებენ რეჟიმს, რაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. პოლიტიკური შინაარსის კომენტარი და საჯარო კრიტიკა, რომელიც თანამდებობის პირების საქმიანობას უკავშირდება, შესაძლოა მმართველმა რეჟიმმა შეურაცხყოფად მიიჩნიოს და გამოხატვის თავისუფლებისათვის პატიმრობით დასაჯოს მოქალაქეები. ცვლილების მთავარი მიზანი მოქალაქეების გაჩუმება და დაშინებაა.
ამ ცვლილებით ფაქტობრივად უქმდება გამოხატვის თავისუფლება, რომლის მთავარი არსი სწორედ ისაა, რომ ადამიანებმა საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოხატონ აზრი,“ – მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება ძალადობისკენ საჯარო მოწოდებას ეხება:
„ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, იმ შემთხვევაშიც თუ მას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამ დანაშაულზე მოქმედი კანონი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზება 2015 წელს „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა, თუმცა ამ ქმედებისთვის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იყო გათვალისწინებული.
შეიცავს თუ არა გამოხატვა ძალადობისკენ მოწოდებას ამას ის რეჟიმი შეაფასებს, რომელიც მოქალაქეებზე ძალადობს და აქციის მონაწილეებს მასობრივად უკანონოდ აკავებს კრიტიკული აზრისთვის. როგორც წესი, ავტოკრატიული რეჟიმები ძალადობრივი ქმედებისათვის საჯარო მოწოდებად მიიჩნევენ მათ წინააღმდეგ გამართულ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდებას.
ამ შემთხვევაში არც ქართული ოცნება იქნება გამონაკლისი. ცხადია, აღნიშნულ ნორმა გამოყენებული იქნება პროტესტის ლიდერების დასასჯელად, აქტივისტების დასაშინებლად და ექნება მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე,“ – აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TI-ის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს სივრცე, სადაც მოქალაქეები პროტესტის გამოხატვას შეძლებენ:
„სასჯელის გამკაცრება მიზნად ისახავს მშვიდობიანი დემონსტრანტების და პროტესტის შეზღუდვას, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.
არალეგიტიმური ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერი ტიპის კრეატიულ იდეას პროტესტთან დაკავშირებით და ცდილობს პროტესტის ფორმების შეზღუდვას. 2024 წლის დეკემბერში სწორედ აქციების შემდეგ აკრძალეს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება, რადგან ამ საშუალებებს იყენებდნენ პროტესტის მონაწილეები. ამჟამად, როდესაც აქციის მონაწილეები აქტიურად მიმართავენ პროტესტისათვის საუნივერსიტეტო სივრცეებს რეჟიმის მთავარი მიზანი შეკრების ადგილების შეზღუდვაა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.
გარდა ამისა, აქციებზე ვერც კარავს გაშლით, თუ, მაგალითად, ის „ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“.
TI ყურადღებას ამახვილებს სხვა რეპრესიულ ცვლილებებზეც, მაგალითად:
აქციის ორგანიზატორად არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ორგანიზებაში სხვაგვარად ჩართული პირიც ჩაითვლება
გაფრთხილების გარეშე სპონტანურად შეკრება კანონის დარღვევად ჩაითვლება
პოლიტიკური თანამდებობის პირზე მუქარისათვის შესაძლოა 6 წლით დაგაპატიმრონ [მოქმედი კანონით თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე მუქარა სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის. აღსანიშნავია, რომ რიგით მოქალაქეზე მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება, თუ მუქარა სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანებას ან ქონების განადგურებას ეხება]
ბათუმის შემოსასვლელში დღეს, 6 თებერვალს, ავტომაგისტრალზე 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, ერთმანეთს შეეჯახა ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა. მეორე შემთხვევაში კი გადაბრუნდა ტრაილერის მისაბმელი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველის თქმით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან ახლოს მოხდა, ავტომაგისტრალზე კი [ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბებთან მოსვლამდე], ამ დროისთვის [17:30 სთ] შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება.
სახალხო დამცველმა, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით.
ექიმთა ჯგუფში შედიან: ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები, გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია, ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია.
„ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უამრავი მაქ დასაწერი ამ ცირკზე, მაგრამ ეხლა ამის თქმა მინდა: „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ – ზ.ც.
ეს წარწერა დამხვდა, სასამართლოში რომ მივედი, მოსაცდელ საკანში. ალბათ ზვიად ცეცხლაძის დაწერილია. მაგ დროს სულ სხვანაირ ხოდზე ვიყავი, მთელი დღე მზია ამაღლობელზე ვფიქრობდი და ვემზადებოდი შიგნიდან ბრძოლისთვის. ორმაგი გული მომცა ამ წარწერამ.
მერე ზევით ავედი და მითხრეს, რომ გირაოთი გავიდოდი. ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ცოტა დაბნეულიც ვიყავი, იმდენად სხვა რამისთვის ვემზადებოდი.
მალევე ქვევით ჩამაბრუნეს, იმიტომ, რომ სასამართლო დარბაზი იცვლებოდა და ისევ ამ წარწერასთან აღმოვჩნდი, რამაც ძალიან დამასევდიანა.
გამახსენდა, რომ კიდევ ათეულობით ჩემსავით ადამიანი ისევ ციხეში ჰყავს რეჟიმს და კიდევ კაცმა არ იცის, რამდენი ხანი ეყოლება.
ჰოდა, სანამ ეს ყველა ადამიანი არ იქნება თავისუფალი, ვერც მე ვიქნები და გავაგრძელებ მათთვის ბრძოლას ბოლომდე.
თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ – წერს ირაკლი წიგნაძე ფეისბუქზე.
ირაკლი წიგნაძე 2 თებერვალს აღმაშენებლის ხეივანში, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით, რვა პირთან ერთად დააკავეს.
სასამართლოზე, სადაც ირაკლი წიგნაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, მან თქვა:
„თავს არ ვგრძნობ დამნაშავედ და მართლა გულით მეცოდება ისინი და იმათ ხელში ჩვენ, რომ მთელი პოლიციური სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის შეფი. ჩემთვის ეს ტრაგედიაა ნამდვილად“.
ირაკლი წიგნაძეს ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ 2024 წლის 11 მაისის ღამესაც.
_________________
მთავარი ფოტო: ირაკლი წიგნაძე/სქრინი „რადიო თავისუფლების“ ვიდეოდან.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ინფორმაციით, სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბავშვის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო დავის საგანია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევა.
„საზოგადოებას ახსოვს 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს და მისი ძმის უმძიმესი ისტორია.
ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისას, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ბავშვს მის შესახებ მასალების გადაცემაზე უარი უთხრა, იმ მიზნით, რომ PHR-ის ადვოკატებს არ ჰქონოდათ გაცნობის შესაძლებლობა.
ეს არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებების ერთადერთი დარღვევა.
2022 წლიდან ორგანიზაცია იცავს არასრულწლოვან და-ძმას რამდენიმე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეზე. ბავშვების უფლებების დარღვევა გაგრძელდა მაშინაც, როდესაც ისინი სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდნენ“ – აცხადებს PHR-ი .
მათივე ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ბავშვი ოჯახში ექვემდებარებოდა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, მას აიძულებდნენ ქუჩაში მოწყალების თხოვნას, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
„აღსანიშნავია, რომ სააგენტოსთვის მშობლის მხრიდან არასრულწლოვანების უფლებების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო სამი წლით ადრე. რის საფუძველზეც, ბავშვები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს. სააგენტომ რამდენიმე თვეში ბავშვების ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ის საფუძვლები, რის გამოც მოხდა ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა, კვლავ სახეზე იყო.
ასევე, რეინტეგრაციიდან რამდენიმე თვეში მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი მამაკაცი.
რეინტეგრაციის (ოჯახში დაბრუნების) შემდეგ ოჯახთან მუშაობდა სააგენტოს სოციალური მუშაკი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო არასრულწლოვანების მიმართ განგრძობითი ძალადობის იდენტიფიცირება.
სააგენტოს შეფასებით, ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილი იყო კეთილსაიმედო გარემო, შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში სააგენტო აგრძელებდა რეინტეგრაციას. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ბავშვები ოჯახში უმძიმესი დანაშაულებისგან, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგაც ვერ უზრუნველყო მათთვის საჭირო და საკმარისი სერვისების შეთავაზება და მათი უფლებების დარღვევის პრევენცია.
სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის პერიოდში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დაექვემდებარნენ ზეგავლენას, მათი დაზარალებულად ყოფნის გამო“-აცხადებს PHR-ი.
მათი თქმით, სააგენტოს მხრიდან საქმეში ვლინდება სხვა სისტემური ხასიათის დარღვევებიც. კერძოდ, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგ ბავშვებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ოჯახი. ასევე, მათ საქმეზე 6-ჯერ შეიცვალა სოციალური მუშაკი.
„ამასთან, მინდობით აღმზრდის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლებას მინდობით აღმზრდელისთვის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის თავისებურებების თაობაზე“.
PHR-ის განცხადებით, სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემურ დარღვევებზე არასრულწლოვანებმა, PHR-ის ადვოკატების დახმარებით, მიმართეს საქალაქო სასამართლოს.
მიუხედავად შექმნილი ბარიერებისა, PHR -ის დახმარებით ბავშვებმა მიმართეს სასამართლოს და ითხოვენ სასამართლომ იმსჯელოს მათ დარღვეულ უფლებებზე.
ასევე, სახელმწიფოს შეახსენოს თავისი ვალდებულება, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერ სივრცეში და რა ზომები მიიღონ დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად“.
PHR აღნიშნულ საქმეში ბავშვების სასარგებლოდ ზრუნვის სააგენტოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს. „ასევე ვითხოვთ ბავშვების ოჯახში დაბრუნების ბათილად ცნობას, სახელმწიფო პროგრამაში მინდობით აღმზრდელების გადატერნინგებას“ – აცხადებს ადვოკატი.
ბავშვების უფლებებს სასამართლოში ორი ადვოკატი – თამარ გაბოძე და თამარ კაპანაძე დაიცავენ.
ამ საქმეს სამართლებრივად მხარს უჭერს RFSU [შვედური ასოციაცია] .
„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის 10 თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე.
პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს, 6 თებერვალს.
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. მოგვიანებით, როდესაც ადვოკატებს ამაღლობელის ნახვის უფლება მისცეს, არაადამიანურ მოპყრობაზე მათაც უთხრა.
საიას შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.
დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.
„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.
შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბათუმში აქციაზე დაკავებული პირების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება ბათუმში 13 იანვარს დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე N199130125002-ს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველო იძიებს.
არის თუ არა გამოძიება დაწყებული მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტზე, ვკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„გამოძიება დაწყებულია და ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს, როცა ამის საფუძველი არსებობს,“ – მოგვწერეს პასუხად.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ამაღლობელის საქმეში არსებობს, არის ის, თუ რატომ არაა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი. ამ კითხვას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ოსტატურად ისხლეტს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი არ არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს,“ – მოგვწერეს დღეს, 6 თებერვალს.
რა უნდა გააკეთოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი დროულად ცნოს პროკურატურამ დაზარალებულად?
როგორც საია განმარტავს, ვინაიდან ამ საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, [პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებს], ისინი ვალდებულნი არიან, შეაგროვონ მტკიცებულებები.
„მინიმალური სტანდარტით მაინც უნდა შეაგროვონ მათ მტკიცებულებები და გამოკვეთონ ის, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არის დაზარალებული. ამის შემდეგ პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულად ცნოს პირი, რის შედეგადაც დაცვის მხარესა და დაზარალებულს ექნებათ უფლება იმისა, რომ საქმის მასალებს გაეცნონ.
მისივე თქმით, კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული კანონში, თუ რამდენ ხანში უნდა შეაგროვოს საგამოძიებომ მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობის თაობაზე, თუმცა როგორც ჯუბა ქათამაძე განმარტავს, სწრაფად უნდა შეგროვდეს ეს მტკიცებულებები.
„პრაქტიკაში არის ერთი თვე დაახლოებით, მაგრამ ჩვენ უკვე ვაპირებთ მივმართოთ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას, რადგან გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურატურაა და მათი ვალდებულებაცაა ეს.
თუ, რა თქმა უნდა, არ შეაგროვეს მტკიცებულებები და არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაზარალებულად ცნობაზე ზედმეტია ლაპარაკი,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.
დღეს, 6 თებერვალს, 21-ე დღეა, რაც ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ.
მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ამ დროის განმავლობაში, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, სამძებრო სამუშაოები ზღვაში მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, ძებნა არ შეწყვეტილა, თუმცა დაკარგული მოზარდის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
ალექსანდრე მიქელაძე 21 დღის წინ გაუჩინარდა.
ზღვაში სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, როცა ზღვის სანაპიროზე მოზარდის ჩანთა და ტელეფონი იპოვეს ოჯახის წევრებმა. თუმცა მათივე ინფორმაციით, პოლიცია დაკარგული მოზარდის კვალზე ვერ გავიდა.
6 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, სამი სტუდენტი – აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე დააკავეს.
ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ შს სამინისტრომ დაუდასტურა.
ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანაშვილის თქმით, დაკავებულებს კედელზე წარწერის გაკეთებას ედავებიან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ბარბაქაძე, ადგილზე უბრალოდ იმყოფებოდა.
„მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ადმინისტრაციულად დასჯადი არ არის ქმედების მომზადება – მხოლოდ დასრულებული ქმედებაა დასჯადი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, გიორგი ბარბაქაძე დაკავებულია უბრალოდ იმის გამო, რომ იმ ტერიტორიაზე იყო. შსს-ს ამ ნაწილში მოვუწოდებ, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომ გიორგი კედელზე რაიმე წარწერას აკეთებდა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი თქმით, განსხვავებით 2 თებერვლისგან, დღეს პოლიციას მათზე ფიზიკურად არ უძალადია”, – ამბობს ადვოკატი.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.
თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების 4 ტრენინგი გაიმართება, სადაც ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.
2025 წლის პირველი ტრენინგი 7 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება. ტრენერი, შალვა ახრახაძე კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.
მეორე ტრენინგის თემატიკა Etsy-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები ონლაინ, 11 და 12 თებერვალს შეძლებენ.
თებერვლის თვეში, თიბისის ბიზნესგანათლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. კურსის ფარგლებში, ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. ტრენინგი 13 თებერვალს ჩატარდება.
მე-4 შეხვედრა ბიზნესების წარმომადგენლებთან შემდეგ თემატიკას დაეთმობა: როგორ შევარჩიოთ და გავყიდოთ პროდუქცია Amazon-ზე. ტრენერი, სოფო გუჯარაიძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ და გაყიდონ პროდუქცია ამაზონზე. კურსის განმავლობაში, ბიზნესების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ამაზონის პლატფორმა, რა სპეციფიკაციები აქვს მას და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო პროდუქციის ამ პლატფორმაზე განსათავსებლად. ტრენინგი 25 და 27 თებერვალს ჩატარდება.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.