მთავარი,სიახლეები

„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს

07.02.2025
„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს

დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს:

„მოგესალმებით, ქალბატონო მზია.

გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში!

მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას.

ქალბატონო მზია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას საკმარისად ჰყავს დაღუპული გმირები… ცოცხალი გმირები გვჭირდება!

მესმის თქვენი პრინციპულობა და ვაფასებ. თქვენმა შიმშილმა მიაღწია მიზანს. თქვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და თქვენი სიცოცხლე საქართველოს სიცოცხლის სინონიმად იქცა, ჰოდა გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას…

ამიერიდან შიმშილს მხოლოდ ფატალური შედეგი მოჰყვება, ალბათ ფიქრობთ „ზვარაკად ყოფილა ეს მსხვერპლი“.

მაგრამ დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული.

ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.

მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის!

პატივისცემით, თქვენი თანამებრძოლი

ზვიად ცეცხლაძე“ – წერს ზვიად ცეცხლაძე მზია ამაღლობელს.

წერილი 2 თებერვლით თარიღდება.

ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს

ზვიად ცეცხლაძე, 19 წლის სტუდენტია, მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. მას ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

„ჩემი გმირი ხარ“ – პატიმრობაში მყოფი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: