19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ფეისბუქზე აქვეყნებს შვილის, ზვიადის ციხიდან მოწერილ წერილს.
„მამიკო!
ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა.
რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად არ აყენებ.
გახსოვს რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, რომ შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვა-თქო, არ ყოფილა ეგრე (სააკაძეობა ყველაზე კარგი გაგებით).
მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ.
დედა ჩამიხუტე და ჩამიკოცნე.
29.01.2025 წ“.
ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი სინდისის პატიმარია, დღეს ნომერ პირველი სინდისის პატიმარი არის მზია ამაღლობელი. სწორედ ამაზე წერს ზვიად ცეცხლაძე მამას.

ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას
დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ ასევე გაავრცელა ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს:
„დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული.
ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.
მესმის, რომ გაცილებით რთულია იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე მზია ამაღლობელს.

ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს
ზვიად ცეცხლაძე თბილისში 4 დეკემბერს დააკავეს. მას ივანიშვილის პროკურატურა საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავება.






