მთავარი,სიახლეები

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

26.01.2025 •
ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ბათუმში აქციაზე დაკავებულები ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გინება, ფურთხება, ფეხის სახეში ჩარტყმა, დაკავებულის თავით კედელზე მიხეთქება – ეს ის ბრალდებებია, რაც ირაკლი დგებუაძის მისამართით ისმის. არიან მოწმეებიც, ვინც დგებუაძის მხრიდან ძალადობა საკუთარი თვალით დაინახა. 

  • შეფურთხება, გინება, უარი წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე – მზია ამაღლობლის საქმე 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან მზია ამაღლობელის ორი ახლობლის დაკავება, რასაც დაპირისპირება და ჭყლეტა მოჰყვა.

მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. 

ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

ამის შესახებ მზია ამაღლობელმა ჯერ კიდევ სახალხო დამცველის წარმომადგენელს უთხრა დაკავების შემდეგ, შემდეგ კი – ადვოკატებს. დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობლის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

  • გინება და ცემა დაკავების შემდეგ – მალხაზ ირემაძის საქმე 

დგებუაძის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ბათუმში, პროევროპულ აქციებზე კიდევ ერთი დაკავებული, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელი და პერფორმერი მალხაზ ირემაძე.

მალხაზ ირემაძე 11 იანვარს დააკავეს საპროტესტო აქციაზე, როცა სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრას პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებების სერია მოჰყვა. 

„…თვითონ დგებუაძე შემახტა, აჭარის ტელევიზიას აქვს კარგად ჩაწერილი ის კადრი, როცა თვითონ მაკავებს და უკვე რვა ადამიანს მივყავარ.

… ორ პოლიციელს ვეჭირე ხელით და ამ დროს ისეთ უშვერი სიტყვები წამოვიდა, რომ რა ვიცი. ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მე ასეთი რაღაც არ გამიგონია, ყველაზე მეტად აი, ამან იმოქმედა. ასაკოვანი დედა მყავს, მამა – გარდაცვლილი და ყველას შეეხო.

ამ დროს, ციალამ თქვა, მე უკვე აღარ მახსოვს, კედელზე მიმარტყმევინა თავი და მერე, უკვე რომ მოვედი [გონს], თითქოს წამიერი იყო ეს ყველაფერი და მერე თქვეს, რომ სადღაც ათჯერ იმოქმედა [ფიზიკურად] და… შემიყვანეს ოთახში, იქაც რა თქმა უნდა გააგრძელა… თვითონ პოლიციელები აშველებდნენ, აკავებდნენ, უკვე ჭკუიდან იყო გადასული…“ – იხსენებს მალხაზ ირემაძე.

დგებუაძის მხრიდან მალხაზ ირემაძეზე დაკავების შემდეგ ძალადობას ორი მოწმე ჰყავს.

აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც მალხაზ ირემაძის დაკავების დროს უკვე დაკავებული იყო და სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა, თავადაც შეესწრო ირემაძეზე პოლიციის უფროსის მიერ ძალადობის ეპიზოდს:

„დერეფანია და აქეთ და იქით არის ოთახები… დაკავებული ჰყავდა მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი. დავინახე მალხაზ ირემაძე და „ხელოვანი კაციაო“ – მე მგონი მეორე დაკავებული ეუბნებოდა, „ამის ხელოვანიო“ და რაღაც მომენტში ზუსტად იმ კართან ჩამოიარა, სადაც მე ვიჯექი.

აშკარად პოლიციელებიც კი ცდილობდნენ მისი აგრესია და ბრაზი, რომელსაც დგებუაძე გამოხატავდა, შეეჩერებინათ. მე დავინახე ხელი როგორ მიადო [დგებუაძემ ირემაძეს] სახეზე და კარი რომ დამიკეტეს, ხმა გავიგონე კედელზე თავის მირტყმის.

საშინელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა არა მხოლოდ მალხაზს, არამედ აქციის ყველა, თითოეულ მონაწილეს…

…ყველა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებთან მქონია შეხება წლების განმავლობაში, მათ შორის დაკავებულებთან, ქურდული თუ სხვა ტიპის სამყაროს წარმომადგენლებიც ყოფილან ჩემთან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას [ციალა ქათამიძე 2 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო აჭარაში – რედაქციის შენიშვნა], ან ჩხუბებს შევსწრებივარ, ბავშვობაში, შემდგომ… და ასეთი ტიპის სიტყვები, გინების ფორმა, რასაც ირაკლი დგებუაძე იყენებდა, მე არასდროს არ მომისმენია. რამდენიმე გინება პირველად გავიგონე ცხოვრებაში, ალბათ ეს მისი გამოგონებაა… ამდენი ზიზღი, აგრესია და სურვილი, რომ დაგჩაგროს, მე არ მომისმენია“ – ამბობს ციალა ქათამიძე.

მალხაზ ირემაძეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოწმე გახდა 11 იანვარს დაკავებული, აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გოდერძი ფრანგიშვილიც. 

„როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა მალხაზ ირემაძე, რომელიც ასევე დაკავებული ჰყავდა ორ პოლიციელს. 

ირაკლი დგებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით ურტყამდა თავში, ძალიან სასტიკად. მე დამაყენეს და მაყურებინეს, როგორ სცემდნენ მას. არ მახსოვს კონკრეტულად რას ვამბობდი, მაგრამ მახსოვს, მოვუწოდებდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ გაელახათ.

დარტყმის დროს, ცემის დროს, სავარაუდოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იმიტომ, რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა. არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა, იმიტომ, რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმები, სიტყვებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მალხაზი გაკვირვებული იყო, არანაირად არ ელოდა, რომ ასე ცუდად მოექცეოდნენ. თავში ურტყამდა ძირითადად, მე რაც მახსოვს. 

შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს კაბინეტში… [დგებუაძემ] დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც იყო უფრო მძიმე მოსასმენი… ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვით. იყო გინება ყველანაირი ფორმით, ანუ გინებაზე კი არ იყო, დაკნინება და დამცირება იყო, გინებაც იყო, რა თქმა უნდა. …ლანძღავდა ყველანაირად, ცდილობდა, რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძე ძალიან შეურაცხყოფილი იყო, რომ ასეთ რაღაცას ეუბნებოდნენ.

ჩემი დაკავების დროს მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა… მე ასე გავიგე, რომ მე მაგინებდა, მაგრამ ეს არაფერი არ იყო, უბრალოდ ამ ადამიანს რომ ასე ცუდად მოექცნენ, ძალიან მძიმე შესახედი იყო ჩემთვის“ – ამბობს გოდერძი ფრანგიშვილი. 

  • ცემა თავსა და სახეში დაკავების შემდეგ – ბათუმის აქციების მედროშის საქმე 

11 იანვარს ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძემ, რომელიც ამჟამად დაკავებულია, „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნა.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, მას ბათუმში აქციების მედროშეს ეძახიან.

„11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა“.

თემურ ქათამაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მას აგინებდნენ და „თურქს“ ეძახდნენ.

„ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენ ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.

თემურ ქათამაძე ამჟამად საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებითაა დაკავებული. იგი პროტესტის ნიშნად 17 იანვრიდან შიმშილობს.

  • წიხლი სახეში დაკავების შემდეგ – გენრი დოლიძის საქმე 

ირაკლი დგებუაძის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ჰყვება საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე, გენრი დოლიძე. იგი დგებუაძის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 2023 წელს გახდა, რუსული გემის საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ. მაშინ ამის შესახებ „ბათუმელებიც“ წერდა

გენრი დოლიძეს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობის ეპიზოდის გახსენება:

თავზე, კისერზე, ყველგან, ფიზიკურად, შეიძლება ითქვას, ადგილი არ მქონდა, სადაც არ მაკავებდნენ. ასე ვიყავი გათოკილი. ამ დროს მესმოდა, რა თქმა უნდა, სხვა აქტივისტების მიმართაც უხამსი და შეურაცხმყოფელი, ყურით გაუგონარი სიტყვები, მათ შორის გარდაცვლილი მშობლების მიმართ, როდესაც ერთ-ერთი ეხვეწებოდა, რომ დედა მკვდარი მყავს და რაც გინდა ის მიქენი, ოღონდ დედაზე ნუ მაგინებო, დედის საფლავის მისამართითაც და ა.შ….

ამ დროს, როდესაც მე ვაგდივარ, ვიღაც მოგვიახლოვდა, თავი ამაწევინეს და ვიცანი ირაკლი დგებუაძე. ეს ბიჭი რომ დავინახე და იქამდე რომ ზუგდიდის და ქუთაისის გდდ რომ მირტყამდა, მე რაღაცნაირად შინაგანი განცდა მქონდა, რომ ეს მაინც არის ნაცნობი, ამან იცის რომ მე არ ვარ ასე ტერორისტულად დასაკავებელი კაცი. მეგონა, რომ რახან ამ ქალაქში მუშაობს ან მინიმუმ შეამსუბუქებდა ჩემზე ზეწოლას, ან იტყოდა რომ დააკავეთ, გადაიყვანეთ, არ ვიცი…

როგორც კი ამაწევინეს თავი – „ეს ვიცი, ამის დედა“… გამოაქანა ფეხი და თვალ-ბუდის არეში მომარტყა წიხლი. შემდეგ თვითონ გდდ-ს ხალხმა [თქვა] – „რას აკეთებ, სახეში?“ გააკავეს, ოღონდ მე არასოდეს არ დამავიწყდება მისი [დგებუაძის] მანიაკური, გავეშებული, გაცხოველებული სახე იმ მომენტში, რომელიც, ჩემი აზრით, არის მისი ნამდვილი სახე.

იმ მომენტში ალყაში ვიყავი ფაქტობრივად პოლიციელების და ჰქონდა აბსოლუტურად კარტ-ბლანში ჩემთან მიმართებაში. შესაბამისად ის იყო ნამდვილი ირაკლი დგებუაძე, რაც არის შინაგანად, მოწოდებით.

 შემდეგ გვერდიდან მირტყამდა წიხლებს ფეხზე, წელზე.

„ამერიკის დროშას გაგიკეთებ უკან“ – ეს დგებუაძემ უთხრა ერთ-ერთ ჩემ შემდეგ დაკავებულს“ – იხსენებს გენრი დოლიძე.

მან გვითხრა, რომ ის ერთადერთხელ დაიბარეს საგამოძიებო სამსახურში, მაგრამ არ გამოჰკითხეს. 

  • დაკავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას – გურამ მურვანიძის საქმე 

მზია ამაღლობლის დაკავების დღეს, იმავე საღამოს, უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა – იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.

„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა, თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ფოთის იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა. „ბათუმელების“ ოპერატორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 21 იანვარს მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა, ტელეფონი იყო სრულიად გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს აღნიშნულთან დაკავშირებით.

  • „შეუჩერდეს დგებუაძეს უფლებამოსილება“ – მოთხოვნა, რომელიც უპასუხოდ რჩება 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები უკვე 10 დღეა მოითხოვენ, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინფორმირებულია დგებუაძის მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის ყველა ეპიზოდზე, უწყება დუმს.

მეტიც, მზია ამაღლობლის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაა [ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ], ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება შედარებით უფრო მსუბუქი მუხლია [ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე].

ამავე თემაზე: რა მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის საქმეზე

ბათუმში კვირაში რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება ბათუმის პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. აქციები მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

აქციის მოთხოვნა უცვლელია: „შეუჩერდეს ირაკლი დგებუაძეს პოლიციის უფროსის უფლებამოსილება“.

აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: