მთავარი,სიახლეები

თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვეს – პროტესტის ნიშნად მან დღეს სასამართლო დატოვა

07.02.2025 •
თემურ ქათამაძე პატიმრობაში დატოვეს – პროტესტის ნიშნად მან დღეს სასამართლო დატოვა

ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], რომელიც 22 დღეა შიმშილობს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ოთარ სიჭინავამ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, არ მიიღო მოშიმშილე პატიმრის არცერთი მტკიცებულება და არ დაკითხა მოწმეები.

თემურ ქათამაძემ, რომელიც 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ თავს სუსტად გრძნობდა, სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მოსამართლემ დაუსწრებლად მიიღო.

„სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით, ასევე მოწმეების დაკითხვაზე, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ საჩივრის სამართლიანი განხილვისთვის.

რადგან ეს შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა, ბატონმა თემურმა პროტესტის ნიშნად დატოვა სასამართლო დარბაზი და ჩვენი დასწრების გარეშე გაგრძელდა საქმის განხილვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და ძალაში დარჩა ბრძანება მისი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დაკავების შესახებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძის ინტერესებს სწორედ საია იცავს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, თუ რა დროის განმავლობაში მოუწევს თემურ ქათამაძეს დროებითი მოთავსების ცენტრში ყოფნა.

„თემურ ქათამაძე დროებითი მოთავსების ცენტრში იქნება გაძევების საქმის დასრულებამდე. გააძევებენ თუ არა, ეს საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში, იმიტომ, რომ მან მიმართა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სამინისტროს, რაზეც უკვე ეთქვა უარი და ახლა ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

სანამ სასამართლო ამაზე არ იმსჯელებს, რამდენად ეკუთვნის ამ ადამიანს ლტოლვილის და ჰუმანიტარული პირის სტატუსი, მანამდე ქვეყნიდან ვერ გააძევებენ. გაძევების საქმის წარმოება შეჩერებულია. თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება დამოკიდებულია იმაზე, მიენიჭება თუ არა მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული პირის სტატუსი,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თემურ ქათამაძეს ბოლო ერთ კვირაში 2 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ორივე სასამართლო პროცესი ეხებოდა მის იზოლატორში მოთავსების საკითხს.

ერთი პროცესი 3 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში იყო, მეორე კი დღეს, 7 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ადვოკატი მარიამ გაბროშვილი გვიხსნის, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძეს შეუფარდა პატიმრობა, იმ მოტივით, რომ თითქოს არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისში, თუმცა სააპელაციომ არ დააკმაყოფილა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიდიოდა მსჯელობა იმაზე, რომ რადგან მან ლტოლვილის და ჰუმანიტარული პირის სტატუსი მოითხოვა, შსს ამბობდა, [ეს ფაქტი] აჭიანურებს გაძევების საკითხის განხილვასო და რადგან აჭიანურებს, დროებითი მოთავსების ცენტრში უნდა იმყოფებოდესო. ორივე სასამართლო სარჩელს ჰქონდა სხვადასხვა საფუძველი. ერთგან იყო მიმალვა, მეორე შემთხვევაში – გაძევების საქმის გაჭიანურება,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

საიას ადვოკატის თქმით, 22 დღიანი სრული შიმშილობის შემდეგ თემურ ქათამაძე თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა სასამართლო პროცესზე მისულიყო

„სუსტად იყო და არ აპირებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მაგრამ რადგან საქართველოში მარტო ცხოვრობს, მის პირად ნივთებზე, საქმის მასალებზე სხვას წვდომა არ აქვს. გუშინ გადასცეს ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმისთვის, ამ მტკიცებულების მოსატანად მოვიდა ფაქტობრივად, სასამართლო პროცესზე, საბოლოო ჯამში კი მაინც არ დაურთეს საქმეს,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

ადვოკატის თქმით, სახალხო დამცველი ინფორმირებულია თემურ ქათამაძის შიმშილობის შესახებ, თუმცა ისინიც არ ფლობენ სრულ სამედიცინო ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობაზე.

საიამ ოფიციალურად მიმართა როგორც მიგრაციის დეპარტამენტს, ისე შსს-ს, მაგრამ ჯერჯერობით ადვოკატებს არ მიუღიათ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია, როგორია მოშიმშილე პატიმრის, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე უცნობია, თუ რა პროტოკოლით და ინსტრუქციით ხელმძღვანელობენ და როგორ ხდება მოშიმშილე პირის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორია მოშიმშილე პატიმრის, თემურ ქათამაძის მდგომარეობა. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ მოსთხოვეს წერილობით ინფორმაციის გამოთხოვა და განგვიმარტეს, რომ პასუხს მივიღებდით „კანონით დადგენილ ვადაში“.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

ამავე თემაზე:

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: