მთავარი,სიახლეები

„მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში“ – განცხადება

27.01.2025
„მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში“ – განცხადება

ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობლის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.

„ონლაინ გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა – მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე” – წერია განცხადებაში.

ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამენეჯერების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ:

„ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! მოვუწოდებთ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!“

განცხადებაში საუბარია იმ მედიაგარემოზე, რაც ამ დროისთვის საქართველოშია:

„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო. გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული „რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, ივანიშვილის რეჟიმის  სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან  ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეები.

2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით“ და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: