მთავარი,სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის სარჩელი

23.01.2025
სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის სარჩელი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული გურამ მურვანიძის, ლევან ხორავას, ლუკა ნაცვლიშვილის და ელიზბარ ჩხიკვაძის სარჩელები.

გურამ მურვანიძე „ბათუმელების“ ოპერატორია. ის „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შემდეგ, იმავე საღამოს დააკავეს, როცა აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოს იღებდა. სტუდენტები ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე ლევან ხორავა, ამავე აქციაზე დააკავეს.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეპრესიების კამპანიაში სასამართლოც არის ჩართული. ცხადია, რომ სასამართლო მოქმედებს ძალოვან უწყებებთან ერთად, სასამართლო პროცესებს წინასწარ ეტყობა, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მოსამართლე… სხდომებზე უკვე წინა რიგებს იკავებენ პოლიციელები, ფორმალობად აქციეს სასამართლო პროცესი, ილუზიას ქმნიან, თითქოს რაღაცას იცავენ,“ – მიიჩნევს იურისტი მირზა მამულაძე, რომელიც სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც მზია ამაღლობლის, „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის სარჩელი განიხილა.

ბათუმში 11 და 12 იანვარს საპროტესტო აქციებზე 20 ადამიანი დააკავეს. მათ დიდ ნაწილს მოსამართლეებმა აღკვეთი ღონისძიების სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა გურამ მურვანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ შეუფარდა. ეს საქმე საინტერესოა იმით, რომ თავად გურამ მურვანიძემ მოწმის სახით დაბარებული პოლიციელები სიცრუეში ამხილა: ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაკავებული პოლიციის ავტომანქანაში მარჯვენა მხრიდან ჩასვეს, მეორემ – მარცხნიდანო.

მოსამართლე ცრუ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და არ დაინტერესდა, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელსაც იგივე გურამ მურვანიძე იღებდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ამ ვიდეოში გამოჩნდებოდა, მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა გურამ მურვანიძემ რომელიმე პოლიციელს.

იზოლატორიდან გამოსულ გურამ მურვანიძეს შსს-მ მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა იქ ბოლო ვიდეო და ყველა სხვა მასალა წაშლილია. გურამ მურვანიძემ ამ დანაშაულის გამოძიებისთვის 2025 წლის 22 იანვარს უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას და გენინსპექციას, თუმცა ამ უწყებებში ამ დრომდე ვერ გვითხრეს, დაიწყეს თუ არა გამოძიება.

ფოტო გურამ მურვანიძის და ლევან ხორავას სასამართლო პროცესიდან. 

ამ თემაზე:

„ბათუმელების“ ოპერატორს მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს დაკავების შემდეგ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: