სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობლის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს, რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობლის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან.
საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობლისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს.
მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობლის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს“ – ვკითხულობთ პეტიციაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი
- ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
- მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
- ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
- ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- შშმ ქალთა ალიანსი
- სოლიდარობის თემი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- საორსა
პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.
- რა ხდება?
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.
პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.
„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.
გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.
უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობლები იყვნენ.
პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.
„პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე და მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი, ეს არგუმენტი გაიზიარა.
აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა.
ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა,“ – წერს სახალხო დამცველი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებაში.
_____________
ფოტოზე: მზია ამაღლობელი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე