მთავარი,სიახლეები

პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?

03.02.2025 •
პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესაც აჭარის პოლიციის სამმართველო იძიებდა.

ეს და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რატომ არის მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.

მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იგი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უკვე 23 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის 2025 წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა.

ასევე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელის ადვოკატების მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ტიპის ქმედება შეიძლება, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].

პოლიციელის დანით დაზიანება რომ „პოლიციელზე თავდასხმად“ უზენაეს სასამართლოს არ მიიჩნია – ამ საქმის შესახებ დღეს, 3 თებერვალს, იურიდიული კომპანია BLB წერდა. ეს კომპანია, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და გიორგი ხიმშიაშვილი მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ.

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით – პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა“.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის სახეზე უნდა იყოს თავდასხმა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით და არა მისი დაზიანება იმ გარემოებაში, როდესაც მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა ან პოლიციის საქმიანობის შეწყვეტა.

სასამართლომ მიუთითა, რომ 3531-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ თავად პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ თუნდაც ფიზიკური ძალადობა, თუ ბრლადებულთა ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ.

შესაბამისად, საქმეში, სადაც ბრალდებულმა განახორციელა პოლიციელზე თავდასხმა დანის გამოყენებით და მიაყენა მას დაზიანება, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელის დანით დაზიანება არ იყო მიმართული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის თვალსაზრისით, არამედ მისი მიზანი იყო პოლიციელის საქმიანობისათვის ხელის შეშლა და არ დააკმაყოფილა ბათუმის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის ქმედების 353-ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციის შესახებ.

მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეში პროკურატურას უნდა დაგვაჯეროს, რომ მზიას მიერ გაწნული სილა იყო თავდასხმა პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,“ – აცხადებს BLB-ის უფროსი პარტნიორი მაია მწარიაშვილი.

რა ვითარებაში მიაყენეს პოლიციელს დანით დაზიანება და რა თქვა სასამართლომ? – საქმის დეტალები 

საქმე, რომელზეც ადვოკატი მაია მწარიაშვილი საუბრობს, უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის იანვარში განიხილა. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.

განჩინების მიხედვით, პოლიციელი დანით 2020 წლის 11 აგვისტოს დააზიანეს ქობულეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ელექტროგანათების ბოძს. ადგილზე მისული პოლიციელებთაგან ერთ-ერთს ბრალდებულმა რ.მ.-მ ხელზე დანა დაარტყა:

„…ქობულეთის რაიონული სამმართველოს მ-ეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ჯ. კ. ნასვამ რ. მ.-ს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ქუჩაში პოლიციელების მისამართით წარმოთქმული ხმამაღალი გინება და ცდილობდნენ მის დამშვიდებას. მას წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობა და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები. აღნიშნულის საფუძველზე, რ. მ-მ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანის გამოყენებით მარჯვენა ხელზე მიაყენა ჭრილობა ჯ. კ.-ს, ხოლო მარჯვენა გვერდის არეში ძლიერად ჩაარტყა ფეხი გ. კ-ს, რამაც გამოიწვია ჯ. კ-სა და გ. კ-ის ჯანმრთელობის ხელყოფა,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რ.მ. დამნაშავედ მიიჩნიეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით [სსკ-ის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი], რისთვისაც მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა და განმარტა, რომ რ. მ-ის ჩადენილი ქმედება არა არის სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და გადააკვალიფიცირა უფრო მსუბუქ მუხლზე, შესაბამისად შეუმცირა სასჯელის ზომა 3 წელი და 8 თვემდე.

პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრით მოითხოვა რ.მ.-ს დამნაშავედ ცნობა ისევ „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით. ადვოკატმა კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება ითხოვა.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ „საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესი, ხოლო დამატებით – პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ, თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა.

იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული ქმედების კვალიფიკაცია, უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას შორის; უნდა გაიმიჯნოს ამ დანაშაულთა შემადგენლობებისთვის სავალდებულო ნიშნები და დადგინდეს, პოლიციელთა ჯანმრთელობის ხელყოფა იყო დანაშაულებრივი მიზნის მიღწევის საშუალება, თუ წარმოადგენდა ხელყოფის უშუალო ობიექტს; მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს, მსჯავრდებულთა ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას, რასაც თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, თუ მათი ქმედებები პირდაპირ იყო მიმართული, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის ხელყოფისაკენ,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: