მთავარი,სიახლეები

აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებასაც – საია თემურ ქათამაძეზე

05.02.2025
აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებასაც – საია თემურ ქათამაძეზე

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, რომელიც 20 დღეა შიმშილობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მნიშვნელოვნად დასუსტებულია.

თემურ ქათამაძის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 5 თებერვალს, საღამოს გამოაქვეყნა.

„იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო“ – აცხადებს საია.

მიუხედავად იმისა, რომ საიამ თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კვლევების შესახებ არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ აწვდიან.

ინფორმაცია არ მიუღია სახალხო დამცველსაც.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია, რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ – ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.

„ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი“ – აცხადებს საია.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. ის, დაკავების შემდეგ, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: