მთავარი,სიახლეები

„ერთის მხრივ გვყავს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანები, მეორეს მხრივ არსებობს მზია ამაღლობელის საქმე”

08.02.2025 •
„ერთის მხრივ გვყავს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანები, მეორეს მხრივ არსებობს მზია ამაღლობელის საქმე”

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს „ბათუმელებისა და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის 28 დღეა უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

„ამერიკის ხმამ“ რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რისი თქმა შეეძლო იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს, „ქართული ოცნების“ მთავრობიდან კი გვესმის განცხადებები, რომ მან „ბოდიში უნდა მოიხადოს“, რომ „უბრალოდ ჭამა უნდა დაიწყოს და ყველაფერი მოგვარდება“.

„ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება.

ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამის ვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა.

მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველა სამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასასჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს,“ – ამბობს რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“.

ჟურნალისტმა რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რას ფიქრობდა იმ საკითხზე, რომ ერთის მხრივ არსებობს სხვა ჟურნალისტების საქმეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში სცემეს, მაგრამ დღემდე არ ვიცით ვინ არიან მათზე თავდამსხმელები, მეორეს მხრივ კი არის მზიას საქმე, როდესაც პოლიციელისთვის სახეში გარტყმის გამო მას ისე ექცევიან.

„ნამდვილად, ეს მათი [ხელისუფლების] შეშფოთების მიზეზების სრულ უთანასწორობაზე და რესურსების სრულიად არასწორად გამოყენებაზე საუბრობს.

მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით, სრულიად არაფერს აკეთებენ.

მზია არ არის ერთადერთი, ვინც პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ადამიანები საპყრობილეში და მის გარეთ შიმშილობენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს, ან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ან ნებისმიერ სხვას მთავრობიდან მათდამი ინტერესი არ გამოუხატავს. ძალიან ცოტა ვიცით ციხის შიგნით მოშიმშილეებზე.

ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ მათ არ სურთ იმ ადამიანების მოსმენა, ვინც [არსებულ მდგომარეობას] აპროტესტებს. ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა ის, თუ რა გზით სურს ქვეყნის წაყვანა. ისინი რეალობას ამახინჯებენ და საქართველოს მოსახლეობის იმ უდიდესი ნაწილის იმედებს აცრუებენ და ამახინჯებენ, ვისაც ევროპული მომავალი სურს,“ – თქვა რეიჩელ დენბერმა.

„ამერიკის ხმის“ სრული ინტერვიუს ნახვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: