მთავარი,სიახლეები

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

15.01.2025
დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა.

ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა. ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს, 15 იანვარს, მოინახულა, რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო.

„მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საია უწყებას მოუწოდებს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: