მთავარი,სიახლეები

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

03.02.2025
ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძემ, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, შიმშილობა მეორედ დაკავების მომენტიდან, 16 იანვრიდან დაიწყო.

ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიისა და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.

„თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, ისე, სახალხო დამცველის აპარატი. მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით,“ – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. თემურ ქათამაძის ინტერესებს სწორედ საია იცავს.

„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

თემურ ქათამაძე მის დაკავებას ასაჩივრებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, დღეს, 3 თებერვალს, განიხილავს.

პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მეორე სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაიმართება თბილისში. თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საია სააპელაციო საჩივრებით ასაჩივრებს თემურ ქათამაძის დაკავებას და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: