პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და საჯარო სამსახურში პოლიტიკური კონტროლის გამყარებას ისახავს მიზნად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება და აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და განსხვავებული აზრის დევნის პროცესს.
„დაანონსებული ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემური, მათ შორის: საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმების მაკოორდინირებელი უწყებაა და მუშაობს საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის სათანადო სტანდარტიზებაზე. ამ მიზნით, ბიურო აყალიბებს ფუნქციური და ინსტიტუციური მოწყობის პრინციპებს, ახორციელებს საჯარო დაწესებულებების სტრუქტურებისა და ფუნქციების შესაბამისობის ანალიზს, მუშაობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთიანი პრაქტიკით აღსრულებასა და საჯარო სამსახურში ერთიანი სტანდარტების დანერგვაზე. ამასთან, ბიუროს მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარება. ის აანალიზებს არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს, ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს, სწავლობს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიმუშავებს სამოქმედო სტანდარტებს და რეკომენდაციებს. შესაბამისად, ბიუროს ამგვარი ფუნქციების გაბნევა და სხვადასხვა დეპარტამენტებზე გადანაწილება საფუძველშივე ეწინააღმდეგება თავად ამ ფუნქციების ერთი ორგანოს ქვეშ თავმოყრის იდეას,“ – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ცნობისათვის, საჯარო სამსახურის ბიუროში უკვე განხორციელდა რეორგანიზაცია 2022 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შემდეგ, ამ უკანასკნელთან საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების დუბლირების გამოსარიცხად. 2023 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს ინსტიტუციური მოწყობა ახლებურად ჩამოყალიბდა და შესაბამისობაში მოვიდა ახალ მოწესრიგებასთან.
„ცვლილებებით გაძლიერდა სტრატეგიული განვითარების მიმართულება, რომლის ძირითადი მიზანიც საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება, საჯარო სამსახურში პროცესების სისტემური და გრძელვადიანი დაგეგმვა და ანგარიშვალდებულების ზრდაა. ბიუროს ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში გაუქმდა უფროსის მოადგილის ერთი თანამდებობა და ცვლილება განიცადა რამდენიმე საშტატო პოზიციამ. ამდენად, დასახელებული ოფიციალური მიზეზით ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და მანიპულაციურია,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება ემთხვევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც მოხდა რეორგანიზაციის გამარტივება. ცვლილებებით იოლდება საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, უქმდება მისი ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა, იზღუდება დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობები და, საბოლოოდ, მკვეთრად უარესდება საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები და გარანტიები, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკუთარ შეფასებაში აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას წინ უძღოდა ევროინტეგრაციის შეჩერებით გამოწვეული საპროტესტო ტალღა საჯარო სექტორში, რამაც, მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიუროც მოიცვა.
„ბიუროს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას შეუერთდა, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საპასუხოდ მათ დამოუკიდებლად გაავრცელეს კრიტიკული განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
მსგავსი საჯარო აქტები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საჯარო სექტორის „თვითწმენდის პროცესად“ შეაფასა და „კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში“ შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დააანონსა. საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება სწორედ ამგვარი „საპასუხო ნაბიჯია“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქცენტს აკეთებს გენდერულ სურათზე.
„ბიურო შედგება 4 დეპარტამენტისგან, რომელთაგან თითოეულს ქალი ხელმძღვანელობს. ასევე, ბიუროში 4 სამმართველოა, რომელთა ხელმძღვანელებიც ასევე ქალები არიან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საპასუხოდ ბიუროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ყველა ხელმომწერი ქალია. ეს საკითხი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან “ქართული ოცნების” ავტორიტარული მართვის პრაქტიკებში გენდერულ ფაქტორებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.. „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ემყარება პატრიარქალურ ღერძებს, ასუსტებს პოლიტიკური ინკლუზიისა და თანასწორობის იდეებს და პოლიტიკურ დისკურსში სექსიზმის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
ასეთ პირობებში, სავარაუდოდ, მიღებული გადაწყვეტილება ასევე ემყარება რწმენას, რომ ქალებით დომინირებული არაძალოვანი უწყების გაუქმება და მისი თანამშრომლების გათავისუფლება რეჟიმისთვის პოლიტიკურად ნაკლებად საზიანო, [შედარებით] უმტკივნეულო და კრიტიკული განწყობების საჯარო სექტორიდან განდევნის სტრატეგიულად ეფექტიანი გადაწყვეტაა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. ოფიციალური პოზიციით, ეს გადაწყვეტილება „მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზანს“ ემსახურება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების მესამედი გამოაკლო, დარჩენილ ფუნქციებს კი „მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“.
მთავარი ფოტო: 2022 წელს გამართული საჯარო მოხელის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებიდან


