მთავარი,სიახლეები

„მზად ვარ შეგხვდეთ მზიას საკითხზე“ – ეთერ თურაძე ირაკლი კობახიძეს

07.02.2025
„მზად ვარ შეგხვდეთ მზიას საკითხზე“ – ეთერ თურაძე ირაკლი კობახიძეს

„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა და ირაკლი კობახიძეს მიმართა.

ჯერ კიდევ 29 იანვარს განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.

„ყოველ ჯერზე ვაფიქსირებთ მზაობას დიალოგისთვის.

თუ მოვლენ ადამიანები, ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა საჯაროდ იქნება თუ არასაჯაროდ, ნებისმიერ ფორმატში, თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, აი, ხვალვე მზად ვარ, რომ შემხვდნენ და განვიხილო ეს საკითხი,“ – თქვა 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 7 თებერვალს, უკანონო პატიმარ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა აქციაზე მისულ ჟურნალისტებს, რომლებიც 27 დღეა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ, მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თქვენი მუხლჩაუხრელი შრომისათვის მზიას გამო. მზია 27 დღეა შიმშილობს და როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა არის საგანგაშო. შესაბამისად, არ უნდა გავჩერდეთ, თუ გვინდა, რომ გადარჩეს ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, რომელიც დღეს განსაცდელშია.

მინდა ვუთხრა თანამდებობის პირებს, რომლებიც მზიას მისამართით საუბრობენ ცინიკურად ან კრიტიკულად – მზია არ შიმშილობს იმიტომ, რომ ის გაათავისუფლონ, არც ერთხელ არ უთქვამს მას ეს და მეორე – ჩვენ არ ვითხოვთ მზიას გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის ჟურნალისტი, ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი. ვამბობთ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი არის არაადეკვატური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, 6 საქმე შევისწავლეთ ჩვენ და შეიძლება თქვენც გაქვთ შესწავლილი, თავდასხმა არის აქტი, როდესაც არის დაგეგმილი და ქცევა აფექტის პირობებში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თავდასხმა. ამას წერენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის ძირითად მსგავს ქეისებზე ხელმომწერია შოთაძე.

ჩვენ ვიცით მზია ამაღლობელის ქეისის მსგავსი შემთხვევები, იდენტურ ბრალზე პირები გამოუშვეს 2000 ლარიანი გირაოთი. შევხვდი ასეთ ადამიანს, რომელიც 353-ე პრიმა მუხლით იყო დაკავებული და 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

თუ მზია ამაღლობელის მიმართ არ არის შერჩევითი სამართალი, გეკითხებით საჯაროდ, მაშინ ეს რა არის?

ანუ მზია ამაღლობელს შეუფარდეთ აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რომ ის უდანაშაულოდ ცნოთ (თუმცა მე ვფიქრობ, რომ უდანაშაულოა),  ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლომ შეისწავლოს არსებითად და აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

თუ შეიძლება ამის გაკეთება არაერთი ადამიანისათვის, რატომ არ შეიძლება მზია ამაღლობელისათვის? არსებობს ამის მაგალითები.

მე ვაპირებ, რომ მოგაწოდოთ ამის მაგალითები თქვენ პირადად. თუ სხვაზე შეიძლება 353-ე პრიმა მუხლის დროს გამოყენებული იყოს არასაპატიმრო ღონისძიება, რატომ არ ვიყენებთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით იგივე ღონისძიებას?

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი თავდასხმა, არც ქართული ეტიმოლოგიით და არც სისხლის სამართლის კოდექსით, არ არის ის ქმედება, რასაც მზიას ედავებიან. მან სილა მარცხენა ხელით გააწნა პოლიციელს და ეს არის ფაქტი. ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ამაზე მეტი მძიმე ბრალი მზიას არ აქვს და გადახედეთ ამ კადრსაც,“ – თქვა ეთერ თურაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

27-ე დღეა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა.  4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: