„წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა, ფაქტობრივად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.
არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ დღეს, 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია შეკრების და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისკენ მიმართულ რეპრესიულ წესებს აფასებს.
„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები შედის.
„აქციების მონაწილეთა დარბევის, უკანონო დაკავებების, წამებისა და უკანონოდ გასამართლების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე შეცვალა კანონი, რითაც აქციების მონაწილეების რეპრესიები გაამკაცრა. აღნიშნული ცვლილებების მთავარი მიზანი მიმდინარე აქციების ჩახშობა და ადამიანების დაშინებაა.
რეპრესიული წესები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას იმ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით. ისინი ასახავენ ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და რეჟიმისათვის არასასურველი პირების დასჯას,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TI ყურადღებას ამახვილებს ხულიგნობის დეფინიციის შეცვლაზე – ხულიგნობა სოციალურ ქსელებშიც დასჯადი გახდება.
„სოციალურ ქსელებში მთავრობის წევრების და საჯარო მოხელეების კრიტიკისთვის 60 დღიანი-პატიმრობა დაგემუქრებათ.
- ხულიგნობა საჯარო სივრცეში დასჯადი ხდება. არსებული პრაქტიკით საჯარო სივრცედ სოციალური მედიაც მოიაზრება. შესაბამისად, თუკი სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი წესრიგი ან მოქალაქეთა სიმშვიდე დაარღვიეთ, პატიმრობა გემუქრებათ. მოქმედი კანონით, ხულიგნობისთვის მხოლოდ მაშინ დაისჯებით, თუ ის საზოგადოებრივ ადგილზე [მაგალითად, ქუჩაში] ჩაიდინეთ;
- მკაცრდება პასუხისმგებლობა ხულიგნობისათვის. მაქსიმალური ჯარიმა 1000 ლარიდან 3000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 20 დღემდე იზრდება. ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2000-დან 5000 ლარამდე და პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
„ხულიგნობის დეფინიციის შეცვლა მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და დასჯას, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, სადაც ძალადობრივი რეჟიმის კრიტიკა განსაკუთრებით მასშტაბურია. გაუგებარია, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს გამოიწვია თუ არა ხულიგნობამ [მაგ. სოციალურ ქსელში გაკეთებულმა კომენტარმა] საზოგადოებრივი წესრიგის ან მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, რომელიც თანამდებობის პირების „სიმშვიდეს დაარღვევს“ ხულიგნობად შეფასდება,“- აღნიშნულია TI-ის შეფასებაში.
„ოცნების“ რეპრესიული კანონების შემდეგი წესი: „კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ – სასჯელი გამოხატვის თავისუფლებისთვის“
- პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 6000 ლარიანი ჯარიმით ან 60-დღიანი პატიმრობით დაისჯება. შეურაცხყოფა თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სამსახურებრივ საქმიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
- სამართალდამცავის „ლანძღვა-გინებისათვის” პატიმრობა 15-დან 60 დღემდე, ხოლო მაქსიმალური ჯარიმა 4500 ლარიდან 6000 ლარამდე იზრდება. მოქმედი კანონით, დასჯადია პოლიციელის შეურაცხყოფა მხოლოდ მის მიერ უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში. ცვლილებებით კი ნებისმიერი შეურაცხყოფა და „ლანძღვა-გინება“ სამართალდამცავის მისამართით, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, დასჯადი ხდება.
„ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და უკანონო დაპატიმრების გამო მოქალაქეები მწვავედ აკრიტიკებენ რეჟიმს, რაც არალეგიტიმურ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. პოლიტიკური შინაარსის კომენტარი და საჯარო კრიტიკა, რომელიც თანამდებობის პირების საქმიანობას უკავშირდება, შესაძლოა მმართველმა რეჟიმმა შეურაცხყოფად მიიჩნიოს და გამოხატვის თავისუფლებისათვის პატიმრობით დასაჯოს მოქალაქეები. ცვლილების მთავარი მიზანი მოქალაქეების გაჩუმება და დაშინებაა.
ამ ცვლილებით ფაქტობრივად უქმდება გამოხატვის თავისუფლება, რომლის მთავარი არსი სწორედ ისაა, რომ ადამიანებმა საჯარო მნიშვნელობის საკითხებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოხატონ აზრი,“ – მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება ძალადობისკენ საჯარო მოწოდებას ეხება:
„ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, იმ შემთხვევაშიც თუ მას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამ დანაშაულზე მოქმედი კანონი თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს.ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზება 2015 წელს „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოხდა, თუმცა ამ ქმედებისთვის ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იყო გათვალისწინებული.
შეიცავს თუ არა გამოხატვა ძალადობისკენ მოწოდებას ამას ის რეჟიმი შეაფასებს, რომელიც მოქალაქეებზე ძალადობს და აქციის მონაწილეებს მასობრივად უკანონოდ აკავებს კრიტიკული აზრისთვის. როგორც წესი, ავტოკრატიული რეჟიმები ძალადობრივი ქმედებისათვის საჯარო მოწოდებად მიიჩნევენ მათ წინააღმდეგ გამართულ ნებისმიერ აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდებას.
ამ შემთხვევაში არც ქართული ოცნება იქნება გამონაკლისი. ცხადია, აღნიშნულ ნორმა გამოყენებული იქნება პროტესტის ლიდერების დასასჯელად, აქტივისტების დასაშინებლად და ექნება მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე,“ – აღნიშნულია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TI-ის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს სივრცე, სადაც მოქალაქეები პროტესტის გამოხატვას შეძლებენ:
„სასჯელის გამკაცრება მიზნად ისახავს მშვიდობიანი დემონსტრანტების და პროტესტის შეზღუდვას, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებაზე.
არალეგიტიმური ხელისუფლება მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერი ტიპის კრეატიულ იდეას პროტესტთან დაკავშირებით და ცდილობს პროტესტის ფორმების შეზღუდვას. 2024 წლის დეკემბერში სწორედ აქციების შემდეგ აკრძალეს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება, რადგან ამ საშუალებებს იყენებდნენ პროტესტის მონაწილეები. ამჟამად, როდესაც აქციის მონაწილეები აქტიურად მიმართავენ პროტესტისათვის საუნივერსიტეტო სივრცეებს რეჟიმის მთავარი მიზანი შეკრების ადგილების შეზღუდვაა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.
გარდა ამისა, აქციებზე ვერც კარავს გაშლით, თუ, მაგალითად, ის „ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას“.
TI ყურადღებას ამახვილებს სხვა რეპრესიულ ცვლილებებზეც, მაგალითად:
- აქციის ორგანიზატორად არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ორგანიზებაში სხვაგვარად ჩართული პირიც ჩაითვლება
- გაფრთხილების გარეშე სპონტანურად შეკრება კანონის დარღვევად ჩაითვლება
- პოლიტიკური თანამდებობის პირზე მუქარისათვის შესაძლოა 6 წლით დაგაპატიმრონ [მოქმედი კანონით თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე მუქარა სისხლის სამართლის წესით დასჯადი არ არის. აღსანიშნავია, რომ რიგით მოქალაქეზე მუქარა მხოლოდ იმ შემთხვევაში ისჯება, თუ მუქარა სიცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანებას ან ქონების განადგურებას ეხება]
ამ თემაზე:
ამ ცვლილებებით ადამიანის ყველა უფლება განადგურებულია, დიქტატურა ფორმდება – იურისტი