26-ე დღეა მზია ამაღლობელი სრულად შიმშილობს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისთვის
„ვივამედის” კლინიკური დირექტორი დღეს, 6 თებერვალს, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დღეს და ხვალ მზია ამაღლობელი მათ კლინიკაში დარჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით. მისივე თქმით, ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გარკვეული გართულებები.
დღეს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა.
მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის 2025 წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა. მანამდე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.
კვალიფიციური იურისტების მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ტიპის ქმედება შეიძლება, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].
დაკავების შემდეგ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას, ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ – ის ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური კი, 12 იანვრიდან დღემდე არ პასუხობს შეკითხვას: რატომ არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს? რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მზია ამაღლობელს? რატომ დაიწყო გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს?
5 თებერვალი – მზია ამაღლობელს სოლიდარობას ევროპარლამენტარები უცხადებენ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს.
4 თებერვალი – 30-ზე მეტმა უცხოელმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა. ამ განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: ჯო უილსონი, კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე; ევროპარლამენტარები, პაველ ფიშერი, ჩეხეთის სენატის წევრი…
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა.
3 თებერვალი – „შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძემ ასევე თქვა, რომ მზია ამაღლობელის სიკვდილზე ოცნებობენ ის ადამიანები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის, მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“ – „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, მდინარაძემ უპასუხა, რომ “შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”.
2 თებერვალი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.
პირველი თებერვალი: „მზია ამაღლობელია დღეს საქართველო“ – განაცხადა ბათუმში მოქალაქეებთან შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის საქართველო. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
31 იანვარი: „არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი“ – აღნიშნა სახალხო დამცველის ეგიდით მზია ამაღლობელთან შესულმა ექიმმა. ამ დღეს მზია ამაღლობელს ადვოკატი მაია მწარიაშვილიც ესტუმრა: „თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წუხს შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ამავე დროს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გამახვილდეს და მისი პატიმრობა და შიმშილობა არ იყოს განხილვის „მთავარ თემა”, – უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ პირადად თვითონ და ასამბლეა ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
30 იანვარი: 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. კოალიციის წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს და მიუთითებენ ევროპის საბჭოს კომისრის განცხადებაზე, რომ ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის საჯარო განცხადებებს მზიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრის შესახებ. კობახიძემ დაადასტურა შეხვედრისთვის მზაობა, თუმცა მან ეს პირობა არ შეასრულა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა, გიორგი პერანიძემ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა. მას შემდეგ, რაც „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეკითხვები ამ უწყებამ უპასუხოდ დატოვა, „ბათუმელები“ გიორგი პერანიძეს ბათუმში, სამსახურის შესასვლელთან დახვდა.
„როგორც სამსახურმა გაავრცელა რელიზი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ქალბატონ მზიას საქმესთან დაკავშირებით. დაზარალებულად ცნობის საკითხი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას სცილდება, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს მოგახსენებთ. თუ სურვილი აქვთ ქალბატონ მზიას ადვოკატებს და უფლებადამცველებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ საქმის მასალების გასაცნობად“, – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.
ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით უერთდება 300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან. „ჩვენ, პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.
29 იანვარი – ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა პატიება არ უთხოვია.
28 იანვარი – საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღმაშფოთებელია.
„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბნელი დღეებია თავისუფალი მედიისთვის საქართველოში“, — განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში მარგე მარდისალუ-კაჰარმა. 28 იანვარს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მთავარ რედაქტორებს, ეთერ თურაძესა და ნესტან ცეცხლაძეს შეხვდნენ.
„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან ცუდია. წარდგენილი ბრალდება და მისი წინასწარი პატიმრობა გადაჭარბებული და გაუმართლებელი ჩანს. ყველამ ვნახეთ გარტყმის ვიდეო. სად არის ჰუმანურობა?“ — დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ რედაქტორებთან შეხვედრის შემდეგ
დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი, სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს.
მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით ბათუმში მედიკოსების ჯგუფმა განცხადება გააკეთა. „დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები,“ – თქვეს ექიმებმა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს.
27 იანვარი – ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი აწერს.
იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. მათ ეს გადაწყვეტილება „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.
25 იანვარი – ვატიკანის იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე მარია რესას წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ ხელში გამოჩნდა.
„ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: “იმიტომ, რომ არ შემიძლია გავჩუმდე“, – თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას.
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ – ამ თემაზე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, რომელიც უწყვეტად გრძელდება, საჯარო დისკუსია იმართება.
24 იანვარი – ბათუმში დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] ციხიდან „ბათუმელებს“ წერილს უგზავნის და იტყობინება, რომ მანაც დაიწყო შიმშილობა მას შემდეგ, როცა მზია ამაღლობელის პროტესტის შესახებ გაიგო. თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და წლებია საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს. ის ბათუმის საპროტესტო აქციებზე მუდმივად საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა და მას „მედროშე ბაბუ“ შეარქვეს.
თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ მასზე 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. თემურ ქათამაძე მზია ამაღლობელის მსგავსად 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მალხაზ ირემაძეც ამბობს, რომ მას ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სხვა პოლიციელების თვალწინ აგინა და კედელზე თავი არტყმევინა. ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ჩადენილი არც ერთი ეს შემთხვევა გამოძიებული არ არის.
22 იანვარი – ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ გამოსცა განგაშის სიგნალი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის მუხლით დაკავების შესახებ.
23 იანვარი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაშიც კი არ მიიღო „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის სარჩელი. ის „ბათუმელების“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, 12 იანვარს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს, როცა აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოს იღებდა. პოლიციელებმა მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გურამ მურვანიძეს 8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს საქმე საინტერესოა იმით, რომ თავად გურამ მურვანიძემ მოწმის სახით დაბარებული პოლიციელები სიცრუეში ამხილა: ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ დაკავებული პოლიციის ავტომანქანაში მარჯვენა მხრიდან ჩასვეს, მეორემ – მარცხნიდანო.
მოსამართლე ცრუ პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო და არ დაინტერესდა, მაგალითად, ვიდეოჩანაწერით, რომელსაც იგივე გურამ მურვანიძე იღებდა, ვიდრე მას დააკავებდნენ. იზოლატორიდან გამოსულ გურამ მურვანიძეს შსს-მ მობილური ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა იქ ბოლო ვიდეო და ყველა სხვა მასალა წაშლილია. გურამ მურვანიძემ ამ დანაშაულის გამოძიებისთვის 2025 წლის 22 იანვარს მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას და გენინსპექციას.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და მედიის უფლებადამცველი 12 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
21 იანვარი – ბათუმში 3 პოლიციელი ერთდროულად დანით დაჭრეს. დაჭრილი პოლიციელები ჰოსპიტალში გადაიყვანეს შსს-მ ამ შემთხვევის გამოძიებაც „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით დაიწყო, იმ მუხლით, რომლითაც მზია ამაღლობელს აქვს ბრალი წარდგენილი – სილის გაწვნისთვის.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
ამ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სარჩელი არც კი განიხილა.
პროევროპული აქციებისას დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით.
20 იანვარი – მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს აგზავნის: „არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი“. „…ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორიებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში, იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან,“ – წერდა წერილში მზია ამაღლობელი.
საია „მზია ამაღლობელის საქმეზე“ განცხადებას ავრცელებს: „მზია ამაღლობელის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიების სახეს“. საიას შეფასებით, მზია ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციული წესით – შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრა – თვითნებური დაკავებაა.
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, პროკურატურამ უნდა შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი თქმით, თავად ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.
18 იანვარი – „კანონის უზენაესობის ცენტრის”[RLC] შეფასებით, „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს. „კანონის უზენაესობის ცენტრი” დაუსაბუთებლად მიიჩნევს მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას. მათი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ქმედებებს აქვს რეპრესიული და სადამსჯელო ხასიათი, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, გურო იმნაძე.
17 იანვარი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ვრცელდება: „მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად…“
სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
„აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.
16 იანვარი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელს და დირექტროს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ის გამოსაცდელი 3-წლიანი ვადითაა დანიშნული და დაახლოებით 2 თვეში უვადოდ გამწესებას ელოდება.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) განცხადებას ავრცელებს: „ხანგრძლივი პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, არათანაბარზომიერია და ლეგიტიმურად იწვევს შეშფოთებას, რომ მის მიმართ ამ სამართლებრივი დევნის მიზანი იმ მედიასაშუალებების გაჩუმებაა, რომლებსაც ის მართავს. მზია ამაღლობელი და რეპორტიორი გურამ მურვანიძე უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება ამაღლობელის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით“.
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. ამ დრომდე თანამდებობის პირები არ დაუკავებიათ. არც მათი სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ.
15 იანვარი – პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„მზია ამაღლობელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პოპულარული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც აქტიურად ამხელს საჯარო მოხელეების კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მრავალი თავდასხმის, მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამაღლობელმა და „ბათუმელებმა“ შეინარჩუნეს ურყევი ერთგულება ჟურნალისტური დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების მიმართ. 2023 წელს „ბათუმელები“ წარდგენილი იყო IPI-IMS-ის თავისუფალი მედიის პიონერის ჯილდოზე დამოუკიდებელი ხარისხიანი ჟურნალისტიკისადმი ერთგულებისთვის,“ – აღნიშნული იყო „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ ნათქვამია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც„ ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ.
14 იანვარი – მზია ამაღლობელს საპატიმრო დაწესებულებაში ნონა ქურდოვანიძე ხვდება, საიას ხელმძღვანელი და მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი.
„…ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელის მიმართ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკის პასუხად 14 იანვარს, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიფიცა საქართველოში კრიტიკული მედიის სრული უმრავლესობა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით, „ნეტგაზეთი“/„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება სირცხვილია.
13 იანვარი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
„განზრახ თავდასხმა პოლიციელზე“ – ასეთი ფორმულირება მისცა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის ქმედებას პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, 13 იანვარს. მზია ამაღლობელი ამ დროს ბათუმის იზოლატორში იმყოფებოდა აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესს ელოდებოდა. მზია ამაღლობელის პროცესი 14 იანვარს გაიმართა.
12 იანვარი – დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ.
„დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს…,“ – აღნიშნული იყო მედიასაშუალებების ერთობლივ განცხადებაში.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით 12 იანვარს, 00:50 საათზე დააკავეს. მანამდე, 11 იანვარს, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დღეს შსს-მ 20 ადამიანი დააკავა საჯარო სივრცეებში სტიკერების – „იფიცება საქართველო“ გაკვრისთვის. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ გავიდა, როცა იქ აქციის მონაწილეებს თვითნებურად აკავებდნენ. დააკავეს მზია ამაღლობელის მეგობარი ციალა ქათამიძეც, რომელიც საჯარო სივრცეში, ასფალტის საფარზე აკრავდა სტიკერს „იფიცება საქართველო“.
„ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ აგინებს და ემუქრება მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. დაკავებულ მზია ამაღლობელთან სამართალდამცველები 3 საათის განმავლობაში ადვოკატებს არ უშვებდნენ…
———–
ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. კიდევ ერთი საქმის მიხედვით კი, სადაც უზენაესმა სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, აღნიშნულია: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“.
ამ თემაზე:
პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?