ბათუმში ხელოვნური კუნძულის განაშენიანების დეტალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით:
სგშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილია: 2025 წლის 20 მარტი, 15:00 საათი, ქალაქ ბათუმის მერიის შენობა [მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა 25]
„საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. წარმოდგენილ სგშ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცენტრის ინფორმაციით, საჯარო განხილვის ორგანიზატორია სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.
ბათუმში ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის აშენებას კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. კომპანიამ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე უნდა ააშენოს,დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.
- ამავე თემაზე: კუნძულის აშენების შემდეგ ბათუმის მოსახლეობა 70 000-ით გაიზრდება – რას სთხოვს სააგენტო „ამბასადორს“
„ამბასადორის“ განცხადებით, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა უკვე გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას“.
- ხელოვნური კუნძულის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე